კატარი 2022: პირველი სათამაშო დღის საინტერესო ამბები

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გუშინ, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა, დღეს კატარელიც ვარ, არაბიც, აფრიკელიც, თავი გეიც მგონია, შეზღუდული შესაძლებლობების პირიც და მშრომელი მიგრანტიცო.
კატარული ამბები მოგეხსენებათ, სტადიონების ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აკრძალულია და არც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებს წყალობენ. ამის და სხვა არცთუ კარგი ამბების შესახებ დიდი ხანია იწერება და ინფანტინომაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – კვაჭი კვაჭანტირაძის არ იყოს, ყოლიფერი გააიმასქნა, რავარც საფეხბურთო სამყაროს ეკადრება. ამის გამო მას მასპინძელი ქვეყნის მმართველი ოჯახი, ალბათ, არ უსაყვედურებს.

ინფანტინო კარგად იყოს და XXII ჩემპიონატის პირველი სათამაშო დღის შესახებ კიდევ ერთი ბრიტანული ვებ-გვერდის ხუმრობა დამამახსოვრდა: 2014 წლიდან დაწყებული მორგან ფრიმენმა უფრო მეტ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწინელობა, ვიდრე იტალიის ნაკრებმაო. რატომღაც ინგლისელებს სკუადრას არყოფნა უყურადღებოდ რომ გაეტარებინათ…

გახსნის თამაში კი, კატარი-ეკვადორი, დიდი ვერაფერი გამოდგა და ამას ველოდი კიდეც. მსოფლიო ჩემპიონატის კი არა, ამაზე უკეთესი ამხანაგურებიც მინახავს. თუმცა საინტერესო ამბები მაინც მოხდა და მათგანი ხუთი აქვე ჩამოვწერე:

1: პირველი ორი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლების შემდეგ – ურუგვაი 1930, იტალია 1934 – კატარის ნაკრები მესამეა, რომელმაც ფინალურ ეტაპზე პირველად მასპინძლის სტატუსით ითამაშა.

2: კატარი ფიფას ოქროს თასის გათამაშების პირველი მასპინძელია, რომელიც გახსნის მატჩში დამარცხდა.

3: კატარი 2022 პირველი მსოფლიო ჩემპიონატია, რომლის პირველი გოლი პენალტის ნიშნულიდან გავიდა.

4: ენერ ვალენსიამ მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ეკვადორის ნაკრების ბოლო ხუთი გოლი გაიტანა (სამი 2014 წელს) და პორტუგალიელი ეუსებიოს (ინგლისი 1966), იტალიელი პაოლო როსის (ესპანეთი 1982) და რუსი ოლეგ სალენკოს (აშშ 1994) რეკორდს მიუახლოვდა, სამეულმა ზედიზედ 6 გოლი შეაგდო.

5: მეტოქეებმა ერთმანეთის კარისკენ მხოლოდ 11-ჯერ დაარტყეს (კატარი – 5, ეკვადორი – 6), რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1966 წლიდან, რაც ფიფა ამ სახის სტატისტიკას აწარმოებს.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 21 ნოემბერი)
ფოტო:
FIFA.com

ka_GEGeorgian