ქათქათა ათენი

ერთი უფროსი მეგობარი, სამსახურიდან გამომდინარე, ყოველ წელს ლამის მთელ დედამიწას გარშემო უვლის, მაგრამ შვებულებას ჯიუტად საბერძნეთში და ხშირად ათენში ატარებს.

ფეხბურთს ვთამაშობთ ხოლმე ერთად და დროდადრო სხვადასხვა ქვეყნებზე ვეკითხები, უფრო ხშირად ეგრეთ წოდებულ „ეგზოტიკურებზე“ – მალდივის კუნძულები, პაპუა ახალი გვინეა, ფიჯი, ტონგა…

ის კი ორ სიტყვას მეტყვის და მერე: აი საბერძნეთში რომ ვიყავი… აუ, ათენზე გამახსენდა… რა კარგი იყო ათენში… ათენი ულამაზესია…

რამდენადაც ვიცი არც ზევსის შვილია და ოლიმპოს მთიდანაც არ გამოუგდიათ, მაგრამ მაინც: ათენი, ათენში, ათენმა, ათენის…

მოკლედ, შეყვარებულია კაცი ათენზე და საბერძნეთზე!

მისი აზრით, ყველაზე კარგი ზღვა ამ ქვეყანაშია…

ათენი ყველაზე ქათქათა ქალაქია…

ყველაზე გემრიელი თევზის კერძები საბერძნეთშია…

სანტორინიზე, კორფუზე და სხვა უამრავ ულამაზეს კუნძულზე ხეტიალი საუკეთესო დასვენებაა…

და რა ვიცი კიდევ რა აღარ!

ათენი მართლა კარგი და გემრიელი ქალაქია.

პრინციპში, ქათქათაც ეთქმის – აკროპოლისიდან და ლიკაბიტოს მთიდან რომ გადმოიხედავ, ეს უძველესი დასახლება თეთრზე თეთრია.

თევზეულობაც ეხერხებათ – ესმით საგანი.

და ამის შემდეგ რატომ უნდა ვეკამათო იმ ჩემ პატივცემულ მეგობარს?

ათენში მეორე ბერძნული მოგზაურობისას მოვხვდი და იქ გატარებული ერთი კვირიდან 6 დღე დედაქალაქში გავჩერდი. ათენური გაგებით გარეუბანში ვცხოვრობდი, წყნარ კვარტალში, მაგრამ დაილოცოს მანქანა: რამდენიმე წუთში აკროპოლისის ძირში ვსეირნობდი, აკროპოლისი კი, მოგეხსენებათ, ათენის გულის გულია.

იმდენი ტურისტი, რაც მაშინ ვნახე, მხოლოდ იტალიიდან და ესპანეთიდან მახსოვს. ჩემი დაკვირვებით, ბერძნები სტუმართმოყვარე ხალხია, ათენში და საბერძნეთში დასვენება კი ყველაზე მეტად ჩრდილოელებს ხიბლავთ. მასპინძელმა მითხრა, რომ კუნძულებზე, მეტწილად, ბრიტანელები, გერმანელები და ნიდერლანდელები ერთობიან…

ახლა გული მწყდება, რომ მაშინდელი ფოტოების უდიდესი ნაწილი დავკარგე. უფრო სწორად, გარე ვინჩესტერში გამიფუჭდა, ალბომები კი, არამარტო საბერძნეთისა, სხვაგან არ მქონდა შენახული და წამეშალა.

არადა რამდენი ფოტო გადავიღე! ცალკე აკროპოლისზე, უამრავი – პანათენაიკის ანტიკურ სტადიონზე – 1896 წელს, ბარონმა პიერ დე კუბერტენმა თანამედროვე ოლიმპიური თამაშები რომ აღადგინა, პირველ ოლიმპიადას იქაურობამ უმასპინძლა… ათენის ეროვნული მუზეუმი საერთოდ საოცრება იყო!..

დაილოცოს ფეისბუქი – რაც მაშინ იქ ავტვირთე, მხოლოდ ის გადამირჩა. ფოტოები რომ არ დამეკარგა, ათენზე კიდევ რამდენიმე ალბომს შემოგთავაზებდით, მაგრამ იყოს რაცაა. მთავარია ესენი მაინც შემოვინახე.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ათენი, საბერძნეთი; 2016 წლის 5-11 ნოემბერი

ka_GEGeorgian