ქინქის ბუცები (I)

რამდენიმე საფეხბურთო ჟურნალი გამორჩეულად მიყვარს და ინგლისური FourFourTwo ასეთთა შორისაა. ჩვენთან, სამწუხაროდ, არ შემოდის. ამიტომ მის ხელში ჩასაგდებად საკმაო წვალება და ერთი ძვირფასი ადამიანის თვეში ერთხელ შეწუხება მიწევს. ასე ვაგროვებ FFTს ყველა ნომერს.
საინტერესო ინტერვიუები, ჩანახატები, რუბრიკები, ძველი ამბების კოხტად გახსენება, ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები გუნდები – FFT ამ და სხვა წერილების გამო ძალიან მიყვარს, ხოლო თუ მის ფურცლებზე ქართველებსაც ვხვდები, ჩემზე ბედნიერი მგონი, არავინაა.
სექტემბრის ნომერში მთელი რვა გვერდი დაეთმო გიორგი ქინქლაძეს – ჩანახატია, რომელსაც თავად ფეხბურთელის მოგონებები ალამაზებს. ამ დღეებში ვთარგმნიდი და აგერ, პირველი ნაწილი დღეს ჩემთან გამოვფინე. ვფიქრობ დაგაინტერესებთ.

ყველაფერი სტივ ლომასის არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი პასით დაიწყო: ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა მარჯვნივ მდგარ ცაციას დაუგორა ბურთი. რაც მომდევნო რამდენიმე წამში მოხდა, ეს საოცრება იყო:

სხეულის სწრაფი მოძრაობა და პირველი მეტოქე – საიმონ ჩარლტონი, უკან დარჩა. დევიდ ჰიუზიც ამაოდ გაისარჯა, კენ მონკუს ჩამოსაშორებლად კი ტერფის ერთი მოქნევაც საკმარისი გამოდგა. მობრუნებული ჰიუზის ამაო ვარდნა, ორი-სამი მოკლე ნაბიჯი, მუხლებზე დაცემული დეივ ბისენტი და განიარაღებული მეკარის თავზე გადაგდებული ბურთი!

პრემიერლიგის ხანგრძლივ ისტორიაში უამრავი ლამაზი გოლი გვინახავს, მაგრამ საუკეთესო წლებში მყოფ ლეო მესის, პირველ რიგში, ეს ბურთი გაგახსენებთ. არადა იმ დროს, როცა ატომურმა რწყილმა – გიორგი ქინქლაძემ საუთჰემპტონთან შედევრი დახატა, ლეო მხოლოდ რვა წლის იყო.

„დაუვიწყარი გოლია“, – FourFourTwoსთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ღიმილით იხსენებს 1996 წელს, მეინ როუდზე, საუთჰემპტონის კარში შეგდებული ბურთს – „არც კი მჯერა, რომ მას შემდეგ ოცდახუთი წელიწადი გავიდა… ასე მგონია ოცდახუთი მეტოქე მოვატყუე“.

უცნაური დრო იყო 90იანები. გაგიკვირდებათ, მაგრამ ქინქლაძის ამ შედევრს BBCმ ტონი იებოას გასროლა ამჯობინა და სეზონის რჩეულად განელის გოლი აღიარა. რა, ეს უცნაურობა არ არის? ამით ქინქის საოცრებას, ცხადია, არაფერი დააკლდა – გიორგიმ მანჩესტერ სიტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოლი შეაგდო და სამუდამოდ დაიმკვიდრა მეინ როუდის გმირის სახელი.

სულაც არ მიკვირს, რომ გიორგის კერპი დიეგო მარადონა იყო. ძალიან მოკლე პერიოდში ისინი ერთი გასახდელითაც სარგებლობდნენ. იმ პერიოდში ქინქლაძე ბოკა ხუნიორსში ისინჯებოდა.

თბილისიდან ბუენოს აირესამდე კი გიორგიმ უცნაურად იარა. ყველაფერი საბჭოთა საქართველოში დაიწყო, სადაც დაიბადა და გაიზარდა სიტის მომავალი ლეგენდა. თუ მისი თამაში ცეკვას მოგაგონებთ, არაფერი გეშლებათ – ფეხბურთამდე გიორგი ცეკვაზე დადიოდა.

„მთიულური ქართული ხალხური ცეკვაა, რომელიც ბალეტის და ტანვარჯიშის ელემენტებს აერთიანებს“, – გვიხსნის გიორგი – „ამ ცეკვის დახმარებით ფეხმარდი გავხდი, კოჭები მომიღონიერდა და რიტმის და ტემპის გრძნობაც განმივითარდა. ჩვენი მასწავლებელი დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ცოტა ხანში მამამ საფეხბურთო გუნდში შემიყვანა და ამით დამთავრდა ყველაფერი – საცეკვაო დარბაზისკენ აღარ გამიხედია“.

ასე უცნაურად იქცა ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ქართული ცეკვის მთავარ დანაკარგად.

მალე გიორგი თბილისის დინამოს ასაკობრივ გუნდში ჩაირიცხა, მაგრამ თექვსმეტი წლისამ დედაქალაქის მეორე კლუბს, მრეტებს მიაშურა და უმაღლესი ლიგის საგზურის მოგებაში დაეხმარა.

დინამოში უმალ მიხვდნენ შეცდომას და ტალანტი მილიონ რუბლად დაიბრუნეს. შედეგად, 1993 წელს გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი და თასი მოიგო, ქინქლაძე კი წლის მოთამაშედ აღიარეს.

იმ დროს ქვეყანაში სრული ქაოსი სუფევდა, სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ჩემპიონთა თასზე დინამოს დებიუტიც ქვეყანაში გამეფებული არეულობის ერთგვარ გაგრძელებად იქცა – ჩრდილოირლანდიის ლინფილდთან გამარჯვების შემდეგ უეფამ დინამო გათამაშებიდან მოკვეთა. მიზეზად გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ მსაჯების მოსყიდვის მცდელობა დასახელდა.

ქინქლაძემ მაინც ითამაშა ევროპაში – დინამომ ნახევარი წლით გერმანიაში, მეორე ბუნდესლიგის ზაარბრიუკენში გაანათხოვრა.

„გულდასაწყვეტი ამბავი იყო, რომელმაც ყველა გაგვანადგურა. იმ დინამოში არაერთი ნიჭიერი ბიჭი თამაშობდა, მართლა შეგვეძლო წარმატების მიღწევა, მაგრამ სიხარულის ნაცვლად დისკვალიფიკაციით დავისაჯეთ“, – ამბობს გიორგი – „ფორმა რომ შეგვენარჩუნებინა, ჩვენმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ რამდენიმე ფეხბურთელი ექვსი თვით უცხოეთში გაგვიშვა. ამის გამო დღემდე მისი მადლიერი ვარ. წარმოდგენა არ მაქვს სად ვიქნებოდი ახლა, მაშინ უცხოეთში რომ არ წავსულიყავი. ისიც არ ვიცი საერთოდ დავრჩებოდი თუ არა ფეხბურთში… ზაარბრიუკენში ერთადერთი ქართველი არ ვიყავი. იქ მურთაზ შელია დამხვდა, რომელმაც ახალ გარემოსთან შეგუება გამიადვილა. რაც შეეხება მეორე ბუნდესლიგას, რთული ასპარეზი გამოდგა – ისეთ ფიზიკურ ორთაბრძოლებს, რაც იქ ვნახე, საქართველოში მიჩვეული არ ვიყავი“.

როცა იჯარა ამოიწურა, დინამომ ქინქლაძე ესპანურ კლუბებს შესთავაზა. გიორგი ორ თანაგუნდელთან ერთად მადრიდის ატლეტიკოში სინჯებზე გაემგზავრა. ბოკა ხუნიორსთან ამხანაგური მატჩის შემდეგ მას არგენტინაში ჩასვლა სთხოვეს.

„დაუფიქრებლად დავთანხმდი! ბოკა დიეგო მარადონას კლუბი იყო და ამ შანსზე უარს ვერ ვიტყოდი“, – იხსენებს ქინქლაძე – „ახლა ბევრს კამათობენ მესი უკეთესია თუ რონალდუ, ჩემთვის კი ყველაფერი დიდი ხანია ნათელია: ყველა დროის საუკეთესო დიეგო მარადონაა! ჩემი ბავშვობა ალბათ მაშინ დასრულდა, როცა დიეგო გარდაიცვალა – ცხოვრების საუკეთესო წლები მის ცქერაში გავლიე“.

21 წლის იყო გიორგი, როცა ბუენოს აირესში ჩავიდა. იმ დროს დიეგო ბოკა ხუნიორსის წევრი არ იყო, კლუბში მხოლოდ სავარჯიშოდ მიდიოდა, ისიც დროგამოშვებით – მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე მიღებულ დისკვალიფიკაციას იხდიდა.

„და აი, ერთ მშვენიერ დილით დიეგო მარადონასთან ერთად ვვარჯიშობ! სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რას ვგრძნობდი იმ წუთებში“! – იღიმის თვალებგაბრწყინებული – „პრინციპში, მარადონა არც ვარჯიშობდა. თავისთვის ძუნძულებდა, კარში ურტყამდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა – მასთან ერთად ერთ მინდორზე ვიდექი! ბედნიერება მალე დამთავრდა – ბუენოს აირესიდან მადრიდში დავბრუნდი, თუმცა ამჯერად რეალში. იქ უკვე მიქაელ ლაუდრუპთან, ფერნანდო რედონდოსთან, რაულთან, ლუის ენრიკესთან და ემილიო ბუტრაგენიოსთან ერთად ვვარჯიშობდი. დიდებული რეალი იყო! მეორე გუნდში თამაში შემომთავაზეს. დარჩენა მინდოდა, მაგრამ უეფამ დინამო ევროთასებზე დაუშვა და თბილისში დავბრუნდი. ჩვენ ევროპის გაოცება გვსურდა“.

არ გამოვიდა. ქინქლაძის და მისი თანაკლუბელების ევროამბიციებს ინსბრუკის ტიროლმა ცივი წყალი გადაასხა. მიუხედავად ამისა, მანჩესტერ სიტის თავმჯდომარემ, ფრენსის ლიმ იმ დროისთვის ქინქლაძის შესახებ უკვე იცოდა – ევრო 96ის საკვალიფიკაციოში მოლდოვის ნაკრებთან თამაშით გიორგიმ პრემიერლიგის კლუბის ყურადღება მიიპყრო.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში მოლდოვასთან 0:1 დამარცხდა, მაგრამ ორ თვეში ქართველებმა უელსს თბილისში უმასპინძლეს და 5:0 გაიმარჯვეს. ერთი გოლი გიორგიმ შეაგდო.

„უელსს კარგი გუნდი ჰყავდა, არაერთი ფეხბურთელი პრემიერლიგაში თამაშობდა, მაგრამ ის ჩვენი დღე იყო – ყველაფერი გამოგვივიდა, რაც ჩავიფიქრეთ! წარმოუდგენელი პასები, ფინტები, დრიბლინგი, მოჭრილი დარტყმები… მეტოქე გავადანდგურეთ“! – იხსენებს ქინქლაძე.

1995 წლის ივნისში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამარცხა უელსი, ამჯერად კარდიფში და ერთადერთი გოლი დიდებული დარტყმით ქინქლაძემ შეაგდო – ნევილ საუთჰოლს საჯარიმოს გარედან გადაუგდო ბურთი!

„უელსს რევანში სწყუროდა და უხეშად დაიწყეს… ვინი ჯონსიც ჩვეულ ფორმაში იყო – მიხეილ ყაველაშვილს წიხლი ჩააზილა და მსაჯმა მინდვრიდან გააგდო… გოლზე კი რა გითხრათ? ქედმაღლობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ მართლა ლამაზად გავიტანე! უელსში გამარჯვების შემდეგ სიტიში გადასვლა უკვე დროის ამბავი იყო… ბაზაზე რომ მივედი, კიტ საიმონსიც გავიცანი. ევროშესარჩევის ორივე შეხვედრაში ითამაშა ჩვენ წინააღმდეგ… დიდხანს ვაშაყირებდი იმ მატჩების გამო და მაგრად ცოფდებოდა“, – ამბობს გიორგი.

ქინქლაძე 1995-96 წლების სეზონის დაწყებამდე მივიდა მეინ როუდზე. მანჩესტერ სიტიმ მის სანაცვლოდ დაახლოებით ორი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

„პირველი ორი-სამი თვე ძალიან გამიჭირდა – ზოგი იოლად ეგუება ახალ გარემოს, სხვებს უჭირთ… მე ამ უკანასკნელთა შორის აღმოვჩნდი. ყველაზე ძალიან სათამაშო ტემპმა გამაოცა – ორ-სამჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ოდესმე მითამაშია.
მსაჯებიც მაკვირვებდნენ: თუ ვინმე არ დამკლავდა, მანამდე არავის აფრთხილებდნენ! კი, იყო ზოგიერთი, რომლებიც ტექნიკურ მოთამაშეებს უფრთხილდებოდნენ, მაგრამ უმეტესობა თამაშს იშვიათად აჩერებდა…
ენის პრობლემაც მქონდა. ბურთი მომეცი და გამეხსენი – ეს ორი ფრაზა ვისწავლე პირველად.
რთული პერიოდის მიუხედავად, ერთი რამ ვიცოდი – თუ მთელი ძალით ვითამაშებდი, ამას ყველა დაინახავდა და ფანები აუცილებლად დამაფასებდნენ. სხვათა შორის, გულშემატკივრები ჩემს მიმართ თავიდანვე ძალიან კარგად განეწყვნენ, მათ მხარდაჭერას პირველი მატჩებიდანვე ვგრძნობდი“.

რა გუნდი იყო იმ დროის სიტი? 1994-95 წლების სეზონში კლუბი ძლივს გადაურჩა დაქვეითებას – გასავარდნი ზონიდან ორი ადგილით მაღლა დაასრულა ჩემპიონატი. ქინქლაძის მისვლის შემდეგ კი, პრემიერლიგის სტარტზე, სიტიმ თერთმეტ მატჩში მხოლოდ ორი ქულა აიღო! ლივერპულში სულაც 0:6 განადგურდა…

გაცემული ავანსების გამართლება გიორგიმ ნელ-ნელა დაიწყო, რაც გუნდის შედეგებზეც აისახა: სეზონში პირველ მოგებულ მატჩში, ბოლტონთან, ერთადერთი გოლი მისი გადაცემით გავიდა, ასტონ ვილასთან კი სიტიმ მისი ზუსტი დარტყმით გაიმარჯვა. მომდევნო ხუთ ტურში მეინროუდელებმა ცამეტი ქულა მოიპოვეს და ცხრილის ფსკერს თავი დააღწიეს.

მარტში, როცა ქალაქს საუთჰემპტონი ესტუმრა, სიტი მე17 ადგილზე იყო და სწორედ მეტოქეს უსწრებდა. იმ ზღაპრულ გოლამდე გიორგიმ ანგარიში გახსნა, ალან ბოლის გუნდმა კი საბოლოოდ 2:1 მოიგო.

„გარდა იმისა, რომ გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა, მან ექვსქულიანი მატჩის ბედი გადაწყვიტა – საუთჰემპტონს ხუთი ქულით გავასწარით! იმ დროს ისინიც დასარჩენად იბრძოდნენ. შეხვედრის შემდეგ ფრენსის ლიმ მითხრა, ათწლეულებია ფეხბურთში ვარ და ფანების ასეთი ხანგრძლივი აპლოდისმენტები არასდროს მინახავსო“, – იხსენებს ქინქლაძე.

ამ გამარჯვების შემდეგ გიორგიმ მანჩესტერ სიტიში 2003 წლამდე დარჩენა გადაწყვიტა: „საოცარი გარემო იყო, ფანების უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი და ასე მეგონა შინ ვთამაშობდი“.

სამწუხაროდ, საუთჰემპტონთან გამარჯვებით გამოწვეული ეიფორია მალე დასრულდა – მომდევნო ოთხ ტურში სიტიმ ერთადერთი ქულა აიღო და ისევ სახიფათო ზონაში დაქვეითდა. ლივერპულთან სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში ყველას ეგონა, რომ ფრე ელიტაში დასარჩენად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ყველა მწარედ შეცდა.

სიტის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ხელში ჩაგდება არაერთ კლუბს სურდა და მათ შორის ლივერპულსაც.

„კი, ვიცოდი მათი ინტერესის შესახებ… კიდევ ორი-სამი გუნდი ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას, მაგრამ ჯერ ერთი რომ სიტიმ ჩემი დატოვება გადაწყვიტა, მეორეც – ვფიქრობდი, რომ კლუბთან ვალში ვიყავი და მსურდა მათთვის კარგი თამაშით მადლობა გადამეხადა“, – იხსენებს გიორგი.

ერთადერთი, რაც მან ვერ გაითვალისწინა იყო ის, რომ გემი სახელად მანჩესტერ სიტი უმოწყალოდ იძირებოდა და მას ვერავინ გადაარჩენდა, თვით გიორგის მონდომებაც კი, რომელმაც 1996-97 წლების სეზონში თორმეტი გოლი შეაგდო.

ალან ბოლი სტივ კოპელმა შეცვალა, რომელიც ზუსტად ოცდაცამეტ დღეში ფრენკ კლარკმა ჩაანაცვლა. ერთი სეზონის შემდეგ ახალი კაცი მოვიდა – ჯო როილი. შედეგი? ისტორიაში პირველად მანჩესტერ სიტი რანგით მესამე ლიგაში, მეორე დივიზიონში დაქვეითდა!

„კრიზისი გუნდის ხელმძღვანელების შეცდომებით იყო გამოწვეული – მათ ყველა, მეტ-ნაკლებად კარგი მოთამაშე გაყიდეს. ჩემი მაშინდელი თანაგუნდელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ ახალმოსულებმა იმ ბიჭების შეცვლა ვერ მოახერხეს. ვერაფერს მოიგებ თუ გუნდში მხოლოდ ერთი კარგი ფეხბურთელია. შედეგისთვის მინიმუმ შვიდი-რვა მაღალი დონის მოთამაშე გჭირდება“, – ამბობს ქინქლაძე.

(I ნაწილის დასასრული)

FourFourTwo (#330; 2021 წლის სექტემბერი)
თარგმნა ლაშა
გოდუაძემ (2021 წლის 1 ნოემბერი)
ფოტო:
Georgian Football Archive

ka_GEGeorgian