ქინქლაძე მანჩესტერში დაბრუნდა: ახლა ღვინის დროა
გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ღვინის ბარის გახსნას გეგმავს. ეს ინფორმაცია მანჩესტერულმა გამოცემა ივნინგ სტანდარდმა გაავრცელა.
რატომ მანჩესტერი? ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოთამაშე ევროპელებმა მანჩესტერ სიტიში გადასვლით გაიცნეს. მეინ როუდზე ქინქლაძემ რამდენიმე წლის მანძილზე ითამაშა. პრემიერლიგის კლუბმა ქართველი ნახევარმცველი 1995-ის ზაფხულში შეიძინა 2 მილიონი გირვანქა სტერლინგად.
„გიოს დიდი ხანია ვიცნობ, მასთან ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა, თუმცა წარმოდგენაც კი არ მქონდა, ღვინო ასე თუ აინტერესებდა. არც ის ვიცოდი საქართველო ღვინის სამშობლო თუ იყო“, – განაცხადა 52 წლის პოლ ეშბიმ, ვინც ქინქლაძის მეგობარი და საქმიანი პარტნიორი გახლავთ. ეშბის თქმით, მას და მის მეგობრებს ერთი სული აქვთ, როდის გაიხსნება ბარი.
„მანჩესტერს ხშირად ვსტუმრობ. აქაურობა ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს, რომ გულშემატკივრები კვლავ მცნობენ და პატივს მცემენ. ეგეც არ იყოს, ჩემი უფრო ვაჟი აქ ცხოვრობს, ასე რომ, მანჩესტერში ჩამოსვლა ყოველთვის მახარებს. რაც შეეხება ღვინის ბარს, იდეა წლების წინ დაიბადა და მალე მას საზეიმოდ გავხსნით“, – ამბობს ქინქლაძე.
მანჩესტერ ივნინგ სტანდარდის ცნობით, ქინქლაძის მეღვინეობაში ჩამოსხმული ღვინის თითო ბოთლი საჩუქრად გადაეცათ მანჩესტერ სიტის ლეგენდარულ ფეხბურთელს მაიკ სამერბის და გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 მარტი)