რაბათში საფარაზე ოცნებით
წლების წინ საფარის მონასტერში მოვხვდი მეგობრებთან ერთად, კორპორატიული ტური იყო ასე ვთქვათ, თუმცა იმხანად, 2000ების გარიჟრაჟზე „კორპორატიული“ და ეგეთი ამბები ცოტამ თუ იცოდა.
მაგრამ რაც იყო, მშვენიერი იყო და თიმბილდინგსაც (ეს ტერმინიც მერე დამკვიდრდა), რა დასამალია, ძალიან შეუწყო ხელი. მოკლედ რომ ვთქვა, არავინ დარჩა ფრუსტრირებული – ტარგეტირებულმა მოქმედებამ და ულამაზესი ლოკაციის მონახულებამ სასურველი შედეგი გამოიღო.
მას შემდეგ არაერთხელ დავაპირე საფარისკენ გამგზავრება, მაგრამ არაფერი გამომივიდა: 2008ის ზაფხულში იმ ცნობილი ამბების გამო საფარა კი არა, ელემენტარულად თავის გადარჩენაზე ვფიქრობდით, წლების შემდეგ სხვა ამბებმა შემიშალა ხელი, მერე ის, მერე ეს, გაუთავებელი შეხვედრები და სიმპოზიუმები და…
მოკლედ, საფარა დღემდე ჩემი ოცნებაა. რა დიდი ეს ჩვენი საქართველოა, 5 საათში ერთი ბოლოდან მეორეში გახვალ, მაგრამ…
ეჰ, არ თქვათ, არ თქვათ…
როგორც ერთი ჩემი ენაკვიმატი მეგობარი იტყოდა: სტალინი გვინდა ჩვენ, სტალინი!
2017 წლის აგვისტოში ჩემ საყვარელ ბორჯომში და მის შემოგარენში ვისვენებდით და უფროსი შვილის დაბადების დღე რომ აღვნიშნეთ, გადავწყვიტეთ მხოლოდ დიდად შესარგი სმა-ჭამით არ შემოვფარგლულიყავით და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებაც მოვაწყვეთ.
განათლებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ სადგერი-ლიკანი-მწვანე მონასტერი-ახალციხის ტურით ფრიად ვისიამოვნეთ.
ბავშვებს განსაკუთრებით ახალციხის რაბათი მოეწონათ, პატარებს ზღაპრულ ციხესიმაგრეში ეგონათ თავი და იყო ერთი კიბეებზე ხტუნვა, ჟივილ-ხივილით სირბილი, გალავანზე აძრომა და მთელი ამბები!
რაბათში მანამდეც ვიყავი, რეკონსტრუქცია რომ დაიწყეს, დაახლოებით იმ პერიოდში. მაშინ კი ვიფიქრე, ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს-მეთქი, მაგრამ ნანახით მაინც გაოცებული დავრჩი – ყველაფერი ლამაზი და შთამბეჭდავი იყო, ცოტა ცუდი სათქმელი კია, მაგრამ არაქართულად კარგი. იმედია მიხვდით რასაც ვგულისხმობ – ჩვენების რეკონსტრუირებული რამდენიმე ძეგლი რომ ვნახე, გულზე შემომეყარა, რაბათი კი ძალიან მომეწონა.
ისე, ეს ციხე ქალაქიდან ამოვარდნილი კი ჩანს. ყოველ შემთხვევაში მე ასეთად მეჩვენა. თვითონ ახალციხე აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს, მინიმუმ სისუფთავის, რაბათი კი ნამეტანი დავარცხნილია.
არა, ეს ცუდი კი არა, დიდებულია! მთელი საქართველო ასეთი უნდა იყოს, მარტო ის ადგილები კი არა, „ტურისტულს“ რომ უწოდებენ.
იმედია მომავალ ზაფხულს საფარაშიც ჩავალ. იქაურობა ტურისტებით განებივრებული არაა, მაგრამ რაბათზე ლამაზი თუ არა, ნაკლები ნაღდად არ არის.
ცხოვრების ოცნებებში გალევა არ ღირს. მგონი დამეთანხმებით.
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
რაბათი, ახალციხე; 2017 წლის 1 აგვისტო