რაჭა: ჩემი სიყვარული

ბავშვობის ძმაკაცი მყავს რაჭველი.

ონელია.

რო ჰკითხო ონი, რაჭა და საერთოდ, იქაურობა ყველაფერს ურჩევნია, მაგრამ რა გინდა რო ქნა? ზანტია – დაერჭობა ამ თბილისში, განსაკუთრებით ზაფხულში და ფეხს ვერ მოაცვლევინებ!

მესმის, რომ საპასუხისმგებლო საქმე აკისრია, პატიოსანი მოქალაქეების მშვიდ ძილს დარაჯობს, მაგრამ ეს დალოცვილი, ხომ შეიძლება ერთხელ 2-3 კვირა გამონახო, გადაიკარგო რაჭაში და რაც მთავარია, კეთილისმსურველიც მიიპატიჟო?!

დალევს ორ ჭიქას და ხან ერთი რაჭველი პოეტის ლექსს მოიშველიებს, გაიხედავ და განსხვავებულით მიირთმევს ნიკორწმინდის სადღეგრძელოს…

მოკლედ, უცნაური კაცია ეს ჩემი გვარს და სახელს არ დავასახელებ ბავშვობის მეგობარი. კაი, მე ჯანდაბას, ნათლულმა რა დაუშავა? არა, მეეჭვება ოდესმე გონს მოეგოს!

ხანდახან იცით ვის ვამსგავსებ? აი დათა თუთაშხიაში რომ პირშავი ასტიონაა, იმას…

კარგით, შევეშვათ იმ ჩემი ცოდვით სავსეს.

რაჭაში ორჯერ ვარ ნამყოფი: 1998 წელს ჯიპების ტური მოეწყო შაორზე და მამაჩემის მეგობრებს გავყევი – ცხრაჯვარზე ავედით და იქიდან იმერეთში დავეშვით.

ეს ფოტოები კი 20 წლის შემდეგ, 2018 წლის ზაფხულში გადავიღე, როცა ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტში ვმუშაობდი და ამბროლაურს ვესტუმრეთ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის გამოსაფენად.

უჰ! დაუვიწყარი ამბები გადამხდა: ცალკე ამბროლაური და იქაურების პატივისცემა, აქეთ საჭადრაკო ტურნირი და პატარების ჟრიამული…

ნიკორწმინდაზე, ბარაკონზე და შაორის წყალსატევზე კი, აბა რა გითხრათ? ჩემი ნება რომ იყოს, ყველას დავავალებდი ამ ულამაზესი ტაძრების და ადგილების მონახულებას!

ნიკორწმინდა, იქ მისვლის პერიოდში, ჯერ კიდევ ხარაჩოებში იყო – სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდებოდა, აი ბარაკონით კი უბრალოდ მოვიხიბლე! ასეთი ლამაზი ტაძარი საქართველოში, მგონი, ბევრი არ არის.

არა რა, ადამიანმა რაც შეიძლება ბევრი უნდა იმოგზაუროს!

და არ აქვს მნიშვნელობა უცხოეთში თუ ისეთ ლამაზ და ათასფერ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. აი, თითქოს ბევრს დავდივარ, თითქოს ბევრი ვნახე, მაგრამ დავხედავ ჩემს პაწაწინა სამშობლოს და:

ზემო აჭარაში ჯერ არ ვყოფილვარ…

თუშეთში გამგზავრებას საშველი ვერ დავადგი…

ტობა ვარჩხილზე წავედი და ისეთი ამბავი შემემთხვა, ცოცხალი როგორ დავბრუნდი, მიკვირს, ტბები კი ვერ ვნახე…

სამცხე-ჯავახეთის მოვლა მსურს…

ბოლოს როდის ვიყავი დავით გარეჯში, სვანეთში ან ვარძიაში, აღარც მახსოვს…

ლაგოდეხის და ვაშლოვნის ნაკრძალი არასდროს მინახავს…

არადა უკეთესი რა უნდა ქნა კაცმა?

ბარაკონი მხოლოდ ფოტოალბომიდან ვიცოდი. არადა რა შორს ისაა? ჩადი დალოცვილო და… ზღაპარში ხარ!

მოკლედ, რაჭაში კიდევ უნდა წავიდე.

და თუ იმ დალოცვილმაც საშველი დაადგა, კიდევ ერთი დაუვიწყარი თავგადასავალიც გარანტირებულია.

ახლა კი ეს ფოტოები იყოს. იმედია ზოგიერთი მაინც მოგეწონებათ და რაჭის მონახულებას გაფიქრებინებთ.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ნიკორწმინდა-ამბროლაური-ბარაკონი-შაორი; 2018 წლის 6 აგვისტო

ka_GEGeorgian