რამაზ შენგელია: 11 ფაქტი
1 იანვარი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის დაბადების დღეა – რამაზ შენგელია 67 წლის გახდებოდა. ის 1957 წლის 1 იანვარს ქუთაისში დაიბადა, 2012 წლის 21 ივნისს კი, 55 წლისა, გულის შეტევით გარდაიცვალა.
კარიერის საუკეთესო წლები მან თბილისის დინამოში გაატარა (1977-1988), დინამოელთა თავკაცის ნოდარ ახალკაცის ყურადღება კი ტორპედოში (1973-1976) კარგი თამაშით მიიქცია. გოლეადორმა ფეხბურთელის კარიერა 1989 წელს დაასრულა შვედეთში, სადაც დაბალი ლიგის კლუბებში ითამაშა – ჯერ ესტერსში, შემდეგ ჰოლმსუნდში.
დინამოს მაისურით მან თითოჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი (1978), თასი (1979) და თასების მფლობელთა თასი (1981), ასევე ჩემპიონატის ვერცხლის (1977) და ბრინჯაოს (1981) მედლები. 1979 წელს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ის საკავშირო სპარტაკიადის ვერცხლის მედალს დაეუფლა, 1981 წელს კი საკავშირო პირველობის ბომბარდირი გახდა 23 გოლით.
რამაზ შენგელია მე-11 ნომრით თამაშობდა დინამოში და მეც 11 ფაქტით მოვიგონებ მას.
01: ის ერთადერთი ქართველია, რომელიც ორჯერ დაასახელეს საბჭოეთის საუკეთესო მოთამაშედ – 1978 და 1981 წლებში. საბჭოთა კავშირი რომ უცნაური ქვეყანა იყო, ერთი ფაქტითაც ნათლად ჩანს: 1978 წელს ქვეყნის უძლიერეს მოთამაშედ კი აღიარეს, მაგრამ ჩემპიონატის „33 საუკეთესო ფეხბურთელის“ სიაში… მეორე ნომრად შევიდა (ოლეგ ბლოხინის შემდეგ)! საბედნიეროდ, 1981 წელს მსგავსი აბსურდი აღარ განმეორდა.
02: ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ რეფერენდუმში ქართველებიდან ყველაზე მაღალი ადგილი სწორედ შენგელიამ დაიკავა. ევროპის საუკეთესო მოთამაშეთა ჩამონათვალში, 1981 წლის შედეგებით, ის მე-7 ადგილზე გავიდა (დინამოს კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე იმავე წელს მე-8 იყო).
03: საბჭოთა ფეხბურთის ბომბარდირთა სიმბოლურ კლუბში, რომელიც გრიგორი ფედოტოვის სახელს ატარებს, შენგელია საუკეთესოა ქართველთაგან – 161 გოლი (120 – ჩემპიონატში, 12 – საკავშირო თასზე, 19 – ევროპის საკლუბო ტურნირებში, 10 – ნაკრებში).
04: შენგელია ერთადერთი ქართველია, რომელმაც ევროპის საკლუბო ტურნირის ბომბარდირის წოდება მოიპოვა – 1981-1982 წლების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში 6 გოლი შეაგდო. 1977-1987 წლებში ევროთასებზე გატანილი 19 ბურთით ის დინამოს საუკეთესო ევრომეგოლეა.
05: შენგელია ერთადერთი ქართველია, რომელიც ევროპის ახალგაზრდული (21-წლამდელთა) ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 1980 წელს 3 გოლით. ის ტურნირი საკავშირო ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. იმ ჩემპიონატის ოქროს მედალი, დინამოს მაისურთან ერთად, ოჯახმა 2014 წელს ქართული სპორტის მუზეუმს უსახსოვრა.
06: შენგელია საბჭოთა ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია ქართველთა შორის – 10 ბურთი 28 თამაშში (ასევე 10 გოლი გაიტანა სლავა მეტრეველმა, თუმცა 49 მატჩში). ამ 10 გოლიდან 1 შენგელიამ მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე გაიტანა, შოტლანდიელთა კარში. იმავე ტურნირზე მან ბრაზილიის ნაკრების კარიც დალაშქრა, თუმცა ის ბურთი არ ჩაითვალა.
07: სლავა მეტრეველის (1964) და მურთაზ ხურცილავას (1967) შემდეგ, რამაზ შენგელია მესამე და ბოლო ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება მოიპოვა. 1981 წლის რეფერენდუმში მან მაია ჩიბურდანიძეს (ჭადრაკი) და თამაზ იმნაიშვილს (სასტენდო სროლა) აჯობა. იმავე წელს შენგელია „სავეცკი სპორტმა“ საბჭოთა კავშირის მესამე საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.
08: 1998 წელს, გაზეთ სარბიელის ინიციატივით, გულშემატკივრებმა XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელები, მწვრთნელები და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. რამაზ შენგელია საუკუნის მოთამაშეთა შორის IX ადგილზე გავიდა.
09: 2011 წლის 17 მაისს, თბილისის დინამოს მიერ თასების მფლობელთა თასის მოგების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დინამოს სამწვრთნელო შტაბს და სრულ შემადგენლობას ქართული სპორტის უმაღლესი წოდება მიანიჭა – სპორტის რაინდი.
10: ქუთაისის მთავარი სტადიონი 2015 წლიდან რამაზ შენგელიას სახელს ატარებს.
11: მის შესახებ ორი წიგნია გამოცემული: მინდია მოსაშვილის „#1 ფეხბურთელი“ (1979) და ჩემს მიერ შედგენილი წერილების კრებული „რამაზ შენგელია“ (2014).
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 1 იანვარი
ფოტო: sport.gov.ge