რამდენიმე საათში სამუდამოდ შეყვარებული სან სებასტიანი

სან სებასტიანში ბასკეთში მოგზაურობის დროს მოვხვდი.

მეუღლესთან ერთად ბილბაოში ვცხოვრობდი და თავისუფალი დრო რომ გამოგვიჩნდებოდა, ახლომდებარე ქალაქებს ვსტუმრობდით. სან სებასტიანიც იქვეა, ბილბაოდან მაქსიმუმ საათის სავალზე.

ბასკები, მოგეხსენებათ, უძველესი ხალხია და საფრანგეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ამ მშვენიერ ადგილს თავისებურად მოიხსენიებენ – დონოსტია.

შეიძლება თუ არა ქალაქის მოწონება, უფრო ზუსტად კი შეყვარება, თუ იქ ერთ სრულ დღეს კი არა, მხოლოდ რამდენიმე საათს გაატარებ?

გეტყვით, რომ შეიძლება. თან თავისუფლად.

სან სებასტიანშიც სწორედ ასე დამემართა: სიამოვნებით გავატარებდი იქ რამდენიმე თვეს, აი სერფინგის, თევზეულის და გემრიელი ღვინის მოყვარულები კი, მგონი, კიდევ უფრო დიდხანს დარჩებოდნენ დონოსტიაში.

სან სებასტიანი პატარა ზღვისპირა ქალაქია მშვენიერი ძველი უბნით (პარტე ვიეხა), ულამაზესი სანაპიროთი (ლა კონჩა), პოპულარული საფეხბურთო კლუბით და კიდევ ბევრი საინტერესო ამბით.

ანოეტაზე, სადაც ადგილობრივი რეალ სოსიედადი თამაშობს, სამწუხაროდ დროის სიმცირის გამო ვერ წავედი – ზევითაა, ზღვისპირიდან მოშორებით. რეალ სოსიედადი პრიმერადივიზიონის მასშტაბებით საშუალო, მაგრამ ისტორიული კლუბია – ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. ამ გუნდის ოქროს წლებად გასული საუკუნის 80-ების დასაწყისი ითვლება, როცა სანსებასტიანელებმა ზედიზედ ორჯერ მოიგეს ლა ლიგა…

კარგით, ფეხბურთს შევეშვები.

რადგან ცოტა დრო გვქონდა, ამიტომ ავტოსადგურიდან სანაპიროსკენ გავლა ვამჯობინეთ, სადაც ტურისტების უმრავლესობას მიუწევს გული. ავტოსადგური კი, ერთი მიზეზით, ძალიან მომეწონა – ვრცელი კონსტრუქცია, რომელიც ათობით საქალაქთაშორისო ავტობუსს მასპინძლობს დამხმარე ნაგებობებით, ქუჩების ქვეშაა მოქცეული და იოტისოდენაზეც არ ამახინჯებს საერთო ხედს…

ძველი ქალაქი ანუ პარტე ვიეხა მშვენიერია, ხოლო გურმანებისთვის ნამდვილი სამოთხეა – ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ოჯახური რესტორანი, სადაც უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. ვიწრო ქუჩებში სეირნობის დროს სხვადასხვა კერძის მადისაღმძვრელი სუნი თავისკენ გექაჩება, ღვინო კი, მოგეხსენებათ, ესპანელებს არ ეშლებათ – ესმით საკითხი და ერთი ჭიქაც საკმარისია, რომ სიარულით დაღლილი სიამოვნების მორევში ჩაეფლო.

ძველ ქალაქზე არანაკლებ მომეწონა ქალაქის მთავარი სანაპირო – რკალისებური ლა კონჩა. ზაფხულში იქაურობა მცირე ნავებით ან პატარა იახტებითაა სავსე. იქ ყოფნის პერიოდში კი მხოლოდ რამდენიმე გაბედული შევიდა წყალში, ცურვით დაღლილი კი იქვე, ქვიშიან პლაჟზე მიწვა და შემოდგომის ჯერ კიდევ თბილ მზეს მიეფიცხა…

ლა კონჩა ფართო ქუჩით, უამრავი სასტუმროთი და დიდი სკვერით გრძელდება. იქ სეირნობას, მუსიკით და უგემრიელესი ნაყინით ტკბობას კი არაფერი სჯობს! იმავე სკვერშია საქვეყნოდ ცნობილი ორი ლამანჩელის ძეგლიც…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, სან სებასტიანი მშვენიერი და კოხტა ქალაქია, სადაც ხალხი მშვიდად ცხოვრობს. თუმცა სექტემბერში იქაურობას ასობით სინემანი სტუმრობს და ყოველდღიური რიტმიც რამდენადმე იცვლება – 1953 წლიდან მოყოლებული, სან სებასტიანი საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, ერთ-ერთს, წლის მანძილზე გამართული 14 უმაღლესი, A კატეგორიის ღონისძიებიდან.

კინომოყვარულებს კი გეცოდინებათ, მაგრამ მაინც დავწერ: სან სებასტიანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის, ოქროს ნიჟარის ლაურეატთა შორის გიორგი დანელიაცაა – 1979 წელს ამ გენიალური შემოქმედის ლირიული კომედია „შემოდგომის მარათონი“ ჟიურიმ საუკეთესოდ აღიარა.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
სან სებასტიანი, ესპანეთი; 2017 წლის 24 ნოემბერი

ka_GEGeorgian