რჩეულები: ლევან თედიაშვილი

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულების მოძიება იანვრის შუა რიცხვებიდან დავიწყე, როგორც კი ძველით ახალი წელი გადავაგორე.
სპორტზე მწერალმა ჟურნალისტებმა უძლიერესი პირველად 1964 წლის მიწურულს დაასახელეს. მედიის რჩეული საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველად მომგები თბილისის დინამოს ერთ-ერთი ლიდერი სლავა მეტრეველი გახდა.
მას შემდეგ სპორტული ჟურნალისტები საუკეთესოს და მოწინავე ათეულს ყოველ წელს ადგენენ.

წინა წერილში 60იანი წლების საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გამოვავლინე სახალისო მეთოდით.

ყოველი შემთხვევისთვის წესებს შეგახსენებთ. ათეულებში მოხვედრილებს ქულები დავუწერე: გამარჯვებულს – 15, მეორეადგილოსანს – 12, მესამეს – 10, IV ადგილზე გასულს – 8, მეხუთეადგილოსანს 6 და ასე X ადგილამდე – 5, 4, 3, 2 და 1. შემდეგ ქულები დავაჯამე იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენჯერ მოხვდა სიაში და რომელ ადგილზე. და 60იანი წლების საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალიც მივიღე.

1964-70 წლებში, სპორტულ ჟურნალისტთა პირველი რეფერენდუმიდან ათწლეულის ბოლო სეზონის ჩათვლით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან რურუამ გაიმარჯვა. II ადგილზე XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებული ნონა გაფრინდაშვილი გავიდა, ყველა დროის უდიდესი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი კი მე3 გახლდათ.

ზემოსხენებული მეთოდით ამჯერად 70იანი წლების რჩეულები გამოვავლინე, თუმცა სანამ პირველ სამეულზე ვიტყოდე, ამასთანავე ქალთა სამეულს და უძლიერეს ფეხბურთელთა ჩამონათვალს გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ათწლეულმა, 1971-80 წლების რეფერენდუმმა, 3 ოლიმპიადის შედეგები დაიტია – მიუნხენის, მონრეალის და მოსკოვის თამაშებისა.

ახლა კი 70იანი წლების რჩეულები და მათ შორის უძლიერესი – ლევან თედიაშვილი!

ჭიდაობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფალავანზე იმდენი დაწერილა, მათ შორის წიგნებიც, რომ რაიმე ახლის თქმა გამიჭირდება. თან, სპორტის ამ სახეობის სიღრმისეული ცოდნითაც არ გამოვირჩევი და ამიტომ, ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელო რომ არ გამომივიდეს, მხოლოდ ფაქტებს შემოგთავაზებთ, რომელიც მხოლოდ ერთს ადასტურებს – თედიაშვილი მოვლენა იყო ჭიდაობის სამყაროში და ქართულ სპორტში!

მაშ ასე, საინტერესო ფაქტები 70იანი წლების უძლიერეს სპორტსმენზე და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავანზე:

სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით ლევან თედიაშვილი 1971-80 წლებში 7ჯერ მოხვდა საუკეთესო ქართველ ათლეტთა ათეულში, მათ შორის 3ჯერ I ნომრად და ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა რომ ამ სიაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. აქვე შევნიშნავ, რომ ის პირველია, რომელმაც 3ჯერ მოიგო სპორტულ ჟურნალისტთა რეფერენდუმი და ასევე პირველი, ვინც ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ფლობდა წლის სპორტსმენის ტიტულს!

მართალია მისი კარიერა ლამის 15 წელიწადს გაგრძელდა, მაგრამ 1971-80 წლები ის პერიოდია, როცა მან უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია.

წინა წერილში რომან რურუას შესახებ დავწერე, 5 უდიდესი ტურნირი – ოლიმპიადა და 4 მსოფლიო ჩემპიონატი, ზედიზედ მოიგო და ეს საოცარი მოვლენაა-მეთქი. დიახ, ასეცაა, აი თედიაშვილმა კი ბატონი რომანის საოცარი სერია ერთი გამარჯვებით გაზარდა: 1971-76 წლებში ბატონმა ლევანმა ზედიზედ 6 უდიდესი შეჯიბრის ოქროს მედალი მოიპოვა – 1972 და 1976 წლებში ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა, 1971, 1973, 1974 და 1975 წლებში კი მსოფლიო ჩემპიონატებში! 1974 და 1976 წლებში საგარეჯოელი ფალავანი ევროჩემპიონატის ოქროებსაც დაეუფლა!

აუცილებლად უნდა დავწერო ისიც, რომ 1971 წლიდან დაწყებული მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის ფინალამდე, სადაც თედიაშვილი მოულოდნელად ვერცხლს დასჯერდა, ის დაუმარცხებელი გახლდათ საერთაშორისო ასპარეზზე! მთელი 8 წელიწადი!

1973 წელს ლევან თედიაშვილი საბჭოთა კავშირის წლის სპორტსმენთა ათეულშიც დასახელდა და ეს ერთი საინტერესო მიზეზითაა განპირობებული – იმ წელს 2 ოქროს მედალი მოიგო მსოფლიო ჩემპიონატზე! თავისუფალი ჭიდაობა უკვე ვახსენე, მეორე გამარჯვება კი მან სამბოში იზეიმა – ჭიდაობის მსგავსად, სამბოს მსოფლიო პირველობასაც ირანის დედაქალაქმა უმასპინძლა. 90კგ წონით კატეგორიაში, სადაც თედიაშვილი ჭიდაობდა, საბჭოთა ნაკრების ნომერ პირველი სამბისტი ზედ შეჯიბრის წინ ავად შეიქნა და მწვრთნელებმა დახმარება თედიაშვილს სთხოვეს. მანაც ტურნირის წინა დღეებში რამდენჯერმე სამბისტთა ნაკრების წევრებთან ერთად ივარჯიშა, შემდეგ კი თეირანში გაშლილ ხალიჩაზე გავიდა და… ოქრო მოიგო!

რომან რურუას დარად, ლევან თედიაშვილიც არაერთი სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორდენის კავალერია: ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის, საპრეზიდენტო ბრწყინვალების და ღირსების ორდენები, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) უმაღლესი ჯილდოები…

თედიაშვილი ძალიან დიდი სპორტსმენი იყო და XX საუკუნის მიწურულს, როცა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ასწლეულის ათლეტები დაასახელა, ის ვაჟთა შორის ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა. მხოლოდ 3გზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მძლეოსან ვიქტორ სანეევს და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიადის და მსოფლიოს 3 ჩემპიონატის მომგებს, ოლიმპიურ სახეობებში ქართველთაგან პირველ მსოფლიოს ჩემპიონს, მასავით ლეგენდარულ ფალავანს გივი კარტოზიას ჩამორჩა.

70იანი წლების მეორე საუკეთესო ათლეტი მძლეოსანი, ლეგენდარული სამმხტომელი ვიქტორ სანეევი გახლავთ.

თედიაშვილის დარად, 1971-80 წლების ათეულებში სანეევიც 7ჯერ მოხვდა, მათ შორის 1972 და 1976 წლებში I ნომრად. ამ ბოლო ტრიუმფის შემდეგ სანეევი თედიაშვილის შემდეგ გახდა მეორე, ვინც 3ჯერ აღიარეს წლის სპორტსმენად!

ბატონი ლევანის არ იყოს, ვიქტორ სანეევზეც ძალიან ბევრი დაწერილა და ქართული სპორტის მოყვარულებმა მის შესახებ ლამის ყველაფერი ვიცით.

ამიტომ კვლავ ფაქტებს შეგახსენებთ და ყველაზე მთავარით დავიწყებ: 1999 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ვიქტორ სანეევი XX საუკუნის უდიდეს ქართველ სპორტსმენად აღიარა!

ამის შემდეგ თითქოს რაღა უნდა ვთქვა მეტი, მაგრამ მაინც:

სანეევი პირველი და ერთადერთი ქართველია, რომელმაც ზედიზედ 3 ოლიმპიადა მოიგო (მეხიკო, მიუნხენი, მონრეალი) და ზედიზედ 4 ოლიმპიადაზე მოიპოვა მედალი (ვერცხლი მოსკოვში)!

სანეევი ერთადერთი სამმხტომელია მძლეოსნობის ამ ურთულესი დისციპლინის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 3 ოლიმპიადაზე გაიმარჯვა!

სანეევი ევროპის და საბჭოთა კავშირის 8-8 გზის ჩემპიონი გახლავთ! და დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულსაც არაერთხელ მოიგებდა, უბრალოდ მის დროს მძლეოსანთა შორის პლანეტის პირველობა არ ტარდებოდა.

სანეევმა 5ჯერ დაასრულა სეზონი მსოფლიოს საუკეთესო შედეგით და ეს რეკორდი მხოლოდ ორმა სამმხტომელმა გაიმეორა – ჯონათან ედვარდსმა დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკელმა ქრისტიან ტეილორმა.

სანეევმა 3ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი და ყველა შემთხვევაში 17 ოქტომბერს – 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადის ფინალში 2ჯერ, 1972 წელს კი მშობლიურ სოხუმში.

სანეევი პირველი ქართველია, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით დაჯილდოვდა!
და კიდევ: 2012 წელს, სპეციალურად ოლიმპიური თამაშების პერიოდში, ლონდონის მეტროსადგურებს რამდენიმე თვით გამორჩეული ოლიმპიონიკების სახელი დაერქვა და ერთ-ერთს ვიქტორ სანეევი ეწოდა!

1992 წლიდან ბატონი ვიქტორი ავსტრალიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. 2005 წელს მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, 2013 წლიდან კი სანეევი მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციების (IAAF) დიდების დარბაზის წევრია!

ათწლეულის მე3 საუკეთესო სპორტსმენი კი კვლავ ალექსანდრე მეტრეველია, წინა, 60იანი წლების „ბრინჯაოს პრიზიორი“ – 1971-80 წლების 10 რეფერენდუმიდან ის ყველაზე მეტჯერ – 8ჯერ მოხვდა საუკეთესო ათეულში და ეს რეკორდია! აქვე ისიც უნდა გავითვალისწინებთ, რომ 1964-70 წლების რჩეულთა შორის ბატონი ალექსანდრე 5ჯერ დასახელდა, ანუ 1964-80 წლებში გამართული 17 რეფერენდუმიდან 13ში! ამ მშრალი ფაქტით ძალიან კარგად ვხვდებით, თუ რაოდენ მაღალი კლასის და სტაბილური სპორტსმენი გახლდათ მეტრეველი.

70იან წლებში ის არათუ საქართველოს, საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი ჩოგანი იყო: 1971, 1973, 1975, 1977 და 1978 წლებში ევროპის პირადი პირველობა მოიგო, ხოლო კარიერის განმავლობაში კონტინენტის ჩემპიონატში, წყვილების და მიქსის ჩათვლით, 16ჯერ გაიმარჯვა!

1971-76, 1978 და 1980 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონია ერთეულთა შორის (წყვილის და მიქსის ჩათვლით – 29გზის)!
1969-1979 წლებში, ზედიზედ 11 წელიწადი, ოფიციალურად საბჭოეთის ნომერ პირველი ჩოგანია!

1971-74 წლებში ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 საერთაშორისო ტურნირს იგებს, 1973 წელს კი უიმბლდონის ფინალში გადის, სადაც სამწუხაროდ, ჩეხოსლოვაკიელ იან კოდეშთან მარცხდება.

1974 წლის 3 ივნისს ალექსანდრე მეტრეველი მსოფლიოს მე9 ჩოგანი ხდება და ეს ჩვენი ჩოგბურთის მწვერვალია! არც მანამდე და არც მას შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი, გნებავთ ვაჟი ან გოგონა, რეიტინგის ათეულში არ შესულა!

სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, აქ დავასრულებ: 70იანი წლების (1971-80) უდიდეს ქართველ სპორტსმენთა ჩამონათვალს მართლაც რომ გამორჩეულად დიდი და სტაბილური ათლეტები ლიდერობენ.

60იან წლებისადმი მიძღვნილი წერილი ქალთა შორის საუკეთესოების და რჩეული ფეხბურთელების სამეულით დავასრულე და ახლაც იგივეს გავაკეთებ.

1971-80 წლების რეფერენდუმებში სხვადასხვა დროს 11 ქალი დასახელდა, მათ შორის ნონა გაფრინდაშვილი (1975), მაია ჩიბურდანიძე (1978) და ქეთევან ლოსაბერიძე (1980) – I ნომრად.

ამას გარდა, ათეულში ერთხელ III ნომრად მოხვდა საბჭოთა კავშირის ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ალექსანდრიას და ნანა იოსელიანის შემადგენლობით, ასევე მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს ნაკრები – კიკილაშვილი-მნათობიშვილი-შილაკაძის სამეული.

მოჭადრაკეთა ნაკრების III ადგილისთვის განკუთვნილი 10 ქულა რომ ოთხეულის ყველა წევრისთვის ინდივიდუალურად დამემატებინა, 70იანი წლების საერთო სიაში „დედოფლები“ გაცილებით მაღალ ადგილებს დაიჭერდნენ, ნონა გაფრინდაშვილი კი კვლავ სამეულში იქნებოდა. მაგრამ რადგან თავის დროზე ჩემმა უფროსმა კოლეგებმა მათგან არავინ გამოარჩიეს და ერთიანად, გუნდურად მიაკუთვნეს III ადგილი, მეც იგივე გავაკეთე.

ათწლეულის სამეული კი ასეთია: პირველ ადგილზე კვლავ ნონა; მშვილდოსნობაში მოსკოვის ოლიმპიადის გამარჯვებული, დღემდე ერთადერთი ევროპელი ქალი ვინც სპორტის ამ სახეობაში მოიგო ოლიმპიური ოქრო – ქეთევან ლოსაბერიძე მეორე ადგილზე და ქალბატონი ნონას მემკვიდრე ჭადრაკის დედოფლის ტახტზე – მაია ჩიბურდანიძე – მესამე.

და ბოლოს, მისი უდიდებულესობა – ფეხბურთი.

1964-70 წლების რჩეულთა შორის 8 დინამოელი მოხვდა, მათ შორის სლავა მეტრეველი მე6, ხოლო მურთაზ ხურცილავა მე8 ნომრად. ორივე მათგანი წლის სპორტსმენად დასახელდა.

1971-80 წლების რეფერენდუმების გამარჯვებულთა შორის ფეხბურთელი არ არის, მაგრამ ათწლეულის ათეულში კვლავ 2 მოთამაშეა, საერთო სიაში კი მათი რაოდენობა 5ს უტოლდება.

ფეხბურთელთა რაოდენობის შემცირება მარტივად აიხსნება – 70იანი წლების პირველ ნახევარში თბილისის დინამო ნაღდად ვერ იყო წარმატებული, 1974-75 წლებში მცირე კრიზისიც გადაიტანა, 1976 წლიდან კი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ხუთწლეული დაიწყო და ფეხბურთელებიც ჟურნალისტების რჩეულთა შორის დაბრუნდნენ.

ათწლეულის საუკეთესო მოთამაშე 1976 და 1977 წლებში დაკავებული III ადგილის წყალობით დავით ყიფიანი გახდა. ყოველი შემთხვევისთვის ამასაც შეგახსენებთ: 1977 წელს ყიფიანი საბჭოეთის წლის მოთამაშედ აღიარეს.

ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდმა ათიანმა მცირედით გაუსწრო დინამოს ყველაზე ტიტულიან კაპიტან მანუჩარ მაჩაიძეს, ვინც 10 წელიწადში 6ჯერ მოხვდა წლის ათეულში, III ადგილი კი ოთარ გაბელიას ხვდა წილად – 1979 წელს დინამომ რომ საკავშირო თასი მოიგო (ისტორიაში მეორედ), ეს, დიდწილად, ბატონი ოთარის დამსახურებაა – მოსკოვის დინამოსთან მოსკოვში, ლუჟნიკებზე გამართულ ფინალში მან მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია!

მომდევნო წერილში საბჭოთა ეპოქის ბოლო ათწლეულს შევაჯამებ, 1981-90 წლების რეფერენდუმებს.

70იანი წლები:
1.ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – 80 (I, VIII, I, I, II, II, VIII)
2.ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა, სამხტომი) – 68 (VIII, I, II, III, I, X, II)
3.ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი) – 46 (II, VI, III, VII, VI, VI, X, VII)
* * *
4.ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
41 (II, V, I, VIII, V)
5.ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა) – 38 (X, V, III, V, I)
6.მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)29 (II, I, IX)
7.დავით ყიფიანი (ფეხბურთი) – 24 (III, III, VII)
8.მანუჩარ მაჩაიძე (ფეხბურთი)22 (IX, IX, VI, IV, VI)
9.დავით კვაჭაძე (კრივი)21 (V, I)
10.ვახტანგ ბლაგიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)18 (II, V)
* * *
11.დიტო შანიძე (ძალოსნობა)
– 18 (X, VIII, II, IX)
12.თემურ ხუბულური (ძიუდო) – 15
13.ნინა დრონოვა (სპორტული ტანვარჯიში) 13 (IV, VI)
14.ირინე გაბაშვილი (მხატვრული ტანვარჯიში) – 12
15.იგორ ომელჩენკო (ცურვა)12 (IV, VII), საიდა გუმბა (მძლეოსნობა, შუბის ტყორცნა)12 (IV, VII)
16.შოთა ჩოჩიშვილი (ძიუდო), რუსუდან სიხარულიძე (ტანვარჯიში), შოთა ლომიძე (თავისუფალი ჭიდაობა), ოთარ გაბელია (ფეხბურთი), ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი) – 10
21.ნანა ალექსანდრია (ჭადრაკი)9 (VIII, V)
22.ანატოლი მოშიაშვილი (მძლეოსნობა, თარჯრბენი)8 (VII, VII)
23.მიხეილ ქორქია (კალათბურთი)8 (VII, IX, IX)
24.ტარიელ ჟღენტი (სასტენდო სროლა), მიხეილ გავა (ტრამპლინიდან ხტომა), ალექსანდრე ანპილოგოვი (ხელბურთი), შოთა მორჩილაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), შოთა ხაბარელი (ძიუდო) – 8
29.ლუბა ასატუროვა (მშვილდოსნობა), ნოდარ მოდებაძე (თავისუფალი ჭიდაობა) – 6
31.პაატა შამუგია (ტანვარჯიში)6 (VIII, VIII)
32.თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა), გენადი გიორგაძე (სამბო), რამაზ შენგელია (ფეხბურთი), ალექსანდრე ჩივაძე (ფეხბურთი) – 5
36.თემურ კაკულია (ჩოგბურთი)5 (X, VII)
37.ჯიბილო ნიჟარაძე (ძიუდო) – 4
38.ლიანა ცოტაძე (წყალში ხტომა)4 (X, VIII)
39.რამაზ ხარშილაძე (ძიუდო), პეტრე ჩევარდოვი (ველოსპორტი) – 3
41.ზურაბ საკანდელიძე (კალათბურთი), ვიქტორ კრატასიუკი (ნიჩბოსნობა), ამირან ხიზანიშვილი (კრივი), ნიკოლოზ დერიუგინი (კალათბურთი) – 2
45.იოსებ მაღალაშვილი (სამბო), თამაზ იმნაიშვილი (სასტენდო სროლა), ავთანდილ მაისურაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრები (ნ.კიკილაშვილი, მ.მნათობიშვილი, მ.შილაკაძე) – 1

70იანები: საუკეთესო ქალი სპორტსმენი
1.ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი) – 41 (II, V, I, VIII, V)
2.ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა) – 38 (X, V, III, V, I)
3.მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)29 (II, I, IX)

70იანები: საუკეთესო ფეხბურთელი
1.დავით ყიფიანი – 24 (III, III, VII)
2.მანუჩარ მაჩაიძე 22 (IX, IX, VI, IV, VI)
3.ოთარ გაბელია – 10

70იანები: ჟურნალისტთა რჩეულები
1980 ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა)
1979 თემურ ხუბულური (ძიუდო)
1978 მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1977 დავით კვაჭაძე (კრივი)
1976 ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1975 ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
1974 ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1973 ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1972 ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1971 ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 29 იანვარი)
ფოტო: sport.gov.ge 

შენიშვნა:
1: I ადგილი – 15 ქულა; II – 12; III – 10; IV – 8; V – 6; VI – 5; VII – 4; VIII – 3; IX – 2; X – 1;
2: თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭა რეფერენდუმში მაღალი ადგილის მქონეს.

ka_GEGeorgian