რჩეულები: ლუკა კურტანიძე

ესეც მეოთხე ათწლეული, 90ები და მისი რჩეული – ლუკა კურტანიძე.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია საუკეთესო ათლეტს 1964 წლიდან ავლენს.
2021 წლის იანვარი სრული სიის შედგენას მოვანდომე – ყველა რეფერენდუმის ათეული დავადგინე, შემდეგ კი, როცა მეტ-ნაკლებად სრული სურათი დაიხატა, სახალისო მეთოდით ათწლეულების რჩეულთა გამოვლენა დავიწყე.
წინა სამ წერილშიც დავწერე და აქაც შეგახსენებთ: ფორმულაზე დიდხანს არ მიფიქრია – რეფერენდუმის ათეულების ადგილებს ქულები შევუსაბამე (პირველს – 15, მეორეს – 12, მესამეს – 10 და ასე შემდეგ მეათემდე – 1), შემდეგ სპორტსმენთა შედეგები დავაჯამე და ეგაა, ათწეულის ზოგადი სურათიც დაიხატა.
პირველ, 60იან წლებში (1964-70), საუკეთესო რომან რურუა გამოდგა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ლეგენდა.
მეორე ათწლეულშიც (1971-80) სპორტის ამ უძველესი სახეობის წარმომადგენელი აღმოჩნდა პირველი – ლევან თედიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ლეგენდარული ჩემპიონი.
მესამე ათწლეულში (1981-90) კი ყველაზე მეტი ქულა ქალმა, ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს 5გზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ დააგროვა.

და ახლა კიდევ ერთი მოჭიდავე – XX საუკუნის ბოლო ათწლეულის ალბათ ყველაზე სტაბილური ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, რომელიც კარიერის საუკეთესო წლებში ელდარად იწოდებოდა.

სანამ საუკეთესო სამეულზე დავწერ, რამდენიმე აბზაცით 90იან წლებს მიმოვიხილავ. სათქმელი ძალიან ბევრია თუნდაც იმიტომ, რომ ქართულმა სპორტმა დამოუკიდებლად შეაბიჯა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში.

1989 წლის 6 აპრილს, თბილისში, ჭადრაკის სასახლეში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა. დამფუძნებელ კონფერენციაზე, რომელსაც 377 დელეგატი დაესწრო, სეოკის პირველ პრეზიდენტად ლეგენდარული მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი აირჩიეს. კვლავ ქალბატონი ნონა იდგა ორგანიზაციის სათავეში 1992 წლის 9 მარტს და 1993 წლის 23 სექტემბერს, როცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სეოკი ჯერ დროებით, შემდეგ კი სრულუფლებიან წევრად მიიღო.

90იან წლებში ქართველი სპორტსმენები სამჯერ ჩაერთვნენ ოლიმპიურ თამაშებში: 1992 წელს ბარსელონაში, გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში, ხოლო ატლანტის (1996) და სიდნეის (2000) თამაშებში დამოუკიდებელ გუნდად.

სათქმელია ისიც, რომ საქართველოს ოლიმპიური გუნდი პირველად ატლანტაში კი არა, 1994 წელს, ნორვეგიის ლილეჰამერში გამოჩნდა, ეგრეთ წოდებულ თეთრ ოლიმპიადაზე.

რაც შეეხება ამ წერილის მთავარ თემას: 1991 წლის მიწურულს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური სიტუაცია იყო – თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და სპორტისთვის არავის ეცალა. ალბათ ამიტომაც სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის ათლეტი ვერ გამოავლინეს. ასეთი რამ რეფერენდუმის ისტორიაში პირველად მოხდა.

ერთწლიანი შესვენების შემდეგ კი, 1992 წლის 30 დეკემბერს გაზეთმა ლელომ გულშემატკივრებს სპორტული მედიის რჩეულები გააცნო – პირველი ადგილი ბარსელონა 92ის გმირმა, ძალოსანმა კახი კახიაშვილმა დაიკავა, მეორე-მესამე ადგილები კი იმ ოლიმპიადის კიდევ ორმა ჩემპიონმა, ლერი ხაბელოვმა და დავით ხახალეიშვილმა გაინაწილეს.

90იანი წლების დასაწყისში კახი კახიაშვილი უბრალოდ შეუდარებელი იყო და სამართლიანად მოიგო სსჟას 1993 წლის რეფერენდუმიც. სამწუხაროდ, გაუსაძლისი პირობების გამო მან მალე მიაშურა უცხოეთს, კერძოდ კი საბერძნეთს და მომდევნო წარმატებებს უკვე ამ ქვეყნის სახელით მიაღწია. რომ არა ეს, ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენი, დიდი ალბათობით, სწორედ კახი გახდებოდა.

მაგრამ თავი დავანებოთ შესაძლო ამბებს და 90იანი წლების საუკეთესო სამეულზე ვისაუბროთ.

წერილის დასაწყისში ლუკა კურტანიძე XX საუკუნის მიწურულის საქართველოს ყველაზე სტაბილურ ათლეტად მოვიხსენიე და სრულიად სამართლიანად: მძიმე წონის ფალავანმა ორივე, ატლანტის და სიდნეის ოლიმპიადა ბრინჯაოს მედლით დაასრულა, მსოფლიო ჩემპიონატებზე 1993 წელს მეორე, ხოლო 1997 წელს მესამე ადგილი დაიკავა, ევროპირველობა კი 1996, 1997 და 1998 წლებში მიჯრით მოიგო! ამას გარდა 1993 და 1995 წლებში ფინალში დამარცხდა, 1999 წელს კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე შედგა.

ამ და სხვა, არანაკლებ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებში მოგებული ოქრო-ვერცხლის წყალობით ლუკა ხუთჯერ მოხვდა ჟურნალისტთა საუკეთესო ათეულში და ამ სახალისო ცხრილში ყველაზე მეტი ქულაც დააგროვა.

ჩვენი ჭიდაობის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ათლეტზე იმასაც ვიტყვი, რომ ის ატლანტის და სიდნეის თამაშების ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ორივე შემთხვევაში დასანანად დაუცდა ფეხი და ბრინჯაოს მეტს ვერ შეწვდა.

კიდე ორი საინტერესო ცნობა: თავისუფალი სტილით მოჭიდავ ქართველთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ოქროს მედალი სწორედ ლუკა კურტანიძეს აქვს მოგებული – 5. 1996, 1997 და 1998 წლების ტრიუმფებს 2001 და 2005 წლებში კიდევ ორი ოქროს დაუმატა.

მეორე: კურტანიძემ კარიერა 10 ევრომედლით დაასრულა, რაც ჩვენი სპორტის აბსოლუტური რეკორდია! მისი შედეგი მხოლოდ წელს გაიმეორა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა…

პირველადგილოსანს სულ რაღაც 7 ქულით ჩამორჩა ძიუდოისტი გიორგი ვაზაგაშვილი. კურტანიძის მსგავსად, დიდ ტურნირებზე ისიც სტაბილური იყო და რეფერენდუმის მონაწილე ჟურნალისტები ამას ყოველთვის უფასებდნენ.

ლუკასგან განსხვავებით გიორგი ოთხჯერ მოხვდა სსჟას საუკეთეს ათეულში – 1995 წელს, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის გამო წლის სპორტსმენი გახდა, თითოჯერ კი მეორე, მესამე და მეხუთე ადგილები დაიკავა.

იმ წლების ოლიმპიადა-მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებზე გიორგი ვაზაგაშვილმა 9(!) მედალი მოიგო: ბრინჯაო 2000 წელს, სიდნეიში, ზემოხსენებული ვერცხლის გარდა ორი ბრინჯაო მსოფლიოს 1993 და 1997 წლების ჩემპიონატებზე და კიდევ 4 მედალი ევროპაზე: 1996 და 1997 წლებში ოქრო, 1999 და 2000 წლებში კი ბრინჯაო. ბარემ იმასაც დავწერ, რომ გიორგიმ რვა საერთაშორისო ტურნირიც მოიგო, მათ შორის 1992-93 წლებში თბილისის თასი, რომელიც 80იან წლებში არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატად ითვლებოდა, თუმცა 90ებში, გასაგები მიზეზების გამო, გვარიანად დაკნინდა.

ძიუდოისტია მესამეადგილოსანიც – დავით ხახალეიშვილი, ბარსელონის ოლიმპიადის ტრიუმფატორი და იმ თამაშების ერთ-ერთი სენსაციის ავტორი. და, რა თქმა უნდა ატლანტა 1996ის ყველაზე დიდი გულისტკივილი.

ამერიკაში მომხდარზე – როცა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აწონვაზე დაიგვიანა და ასე დასანანად ვერ დაიცვა ტიტული, ბევრი დაიწერა, მართალიც და ტყუილიც. ამიტომ ამ თემას აღარ განვავრცობ, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ 1996 წელს ის პირადად ჩემი ფავორიტი იყო და ამდენად, ის გაუგებრობა და მისი თანამდევი ამბები ძალიან განვიცადე.

მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში დათომ დანანებით განაცხადა, რომ ატლანტური კოშმარის შემდეგ მოტივაცია დაკარგა, რის გამოც ჯერ სამბოში გადაინაცვლა, მალე კი საერთოდ წავიდა სპორტიდან.

არადა ატლანტის თამაშებამდე მან საოცრად იარა. თავად განსაჯეთ: ოლიმპიური ოქროს გარდა ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატებზე, სამი ოქროევროპაზე, მოიგო ცხრა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი, მათ შორის მიუნხენში გათამაშებული მსოფლიო მასტერსი, აღარაფერს ვამბობ მიჯრით მოგებულ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე, სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე და დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის პირველ პირველობაზე.

ორი აზრი არ არის – მისი სახით ჩვენმა ძიუდომ სუპერვარსკვლავი დაკარგა. ეს სამბოში გადასულმა ხახალეიშვილმა მალევე დაამტკიცა: 1996 წელს ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი წელს, 11 იანვარს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ქართული ძიუდოს მშვენება 49 წლის გახლდათ…

სხვა რა შეიძლება ითქვას 90იანი წლების ქართულ სპორტზე? ალბათ ის, რომ ეს იყო ურთულესი წლები და სპორტსმენებს მეტოქეებთან გამკლავებამდე ჯერ ყოფითი პრობლემების დამარცხება უწევდათ.

მაგალითად საკუთარი თვალით მინახავს ბარსელონის ოლიმპიადის შემდეგ სავარჯიშოდ მეტროთი მიმავალი კახი კახიაშვილი, ხოლო ის, რომ მოჭიდავეები და ძიუდოისტები ჯერ შეშას აგროვებდნენ და შემდეგ, ოდნავ შემთბარ დარბაზში იწყებდნენ ვარჯიშს, უჩემოდაც გაგონილი გექნებათ. სხვა სპორტის წარმომადგენლებსაც არ ულხინდათ – უჭირდა ქვეყანას და უჭირდა სპორტსაც.

რთული წლები კი იყო, მაგრამ სიხარულიც ხომ გვახსოვს? მაგალითად ვარიანელი მოკრივის, გიორგი კანდელაკის მსოფლიო ტრიუმფი 1997 წელს – დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში სწორედ კანდელაკი გახდა პირველად მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში!

დიდი სიხარულის მომტანი იყო ქალ მოჭადრაკეთა ზედიზედ სამი ტრიუმფი საჭადრაკო ოლიმპიადებზეც, ყველაზე დიდი ინტერესით კი ჩვენი ქომაგები, ალბათ, გიორგი ქინქლაძის ინგლისურ თავგადასავალს ადევნებდნენ თვალს – ხუმრობა საქმე ხომ არაა? ქინქი პირდაპირ ეროვნული ჩემპიონატიდან, თბილისის დინამოდან გადავიდა პრემიერლიგაში, მანჩესტერ სიტიში!

მომდევნო წერილში 2001-10 წლების ამბებს მიმოვიხილავ. იქ კი მეტი სიხარული იყო. სხვა თუ არაფერი, პირველად გავიხარეთ ოლიმპიური ოქროებით.

90იანი წლები:
1.ელდარ (ლუკა) კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – 50 (VI, I, II, III, IV)
2.გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო) – 43 (I, V, III, II)
3.დავით ხახალეიშვილი (ძიუდო, სამბო) – 42 (II, IV, II, III)
* * *
4.გიორგი კანდელაკი (კრივი) – 40 (II, I, V, IV)
5.კახი კახიაშვილი (ძალოსნობა), გიორგი ასანიძე (ძალოსნობა) – 30 (I, I)
7.გიორგი რევაზიშვილი (ძიუდო) – 28 (VII, VI, IV, X, III)
8.ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) – 23 (IV, I)
9.კობა გოგოლაძე
(კრივი) – 21 (VIII, II, VI)
10.ნესტორ ხერგიანი (ძიუდო) – 20 (II, IV)
* * *
11.გიორგი ქინქლაძე (ფეხბურთი) – 18 (III, IV)
12.ზაურ ცხადაძე (მკლავჭიდი) – 17 (IX, III, VI)
13.მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი) – 16 (II, VII)
14.ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები (მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია, ნინო გურიელი) – 15
15.აკაკი ჩაჩუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 15 (III, VI)
16.ჯონდო მუზაშვილი (სამბო) – 15 (IX, III, VIII)
17.ნანა იოსელიანი (ჭადრაკი) – 14 (V, IV)
18.სოსო ლიპარტელიანი (ძიუდო) – 12
19.დავით პოღოსიანი (თავისუფალი ჭიდაობა) – 11 (VI, V)
20.ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა) – 10
21.შოთა არველაძე (ფეხბურთი) – 10 (VII, V)
22.რამაზ ფალიანი (კრივი), ბაკურ გოგიტიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 8
24.მუხრან გოგია (ძალოსნობა) – 7 (X, V)
25.არჩილ ჩოხელი (სამბო) – 7 (VI, IX)
26.თემურ ქეცბაია (ფეხბურთი), ვლადიმერ სტეფანია (კალათბურთი) – 7 (VIII, VII)
28.მუხრან ვახტანგაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გელა პაპაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 6
30.ემზარ ბედინეიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – 6 (VII, IX)
31.ვლადიმერ ჭანტურია (კრივი), გოგი კოღუაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 5
33.კახა კალაძე (ფეხბურთი) – 5 (VIII, VII)
34. ლეილა მესხი (ჩოგბურთი), თამაზ იმნაიშვილი (სასტენდო სროლა), ჰიმალაის ექსპედიცია (მთამსვლელობა) – 4 37.ნინო ხურციძე (ჭადრაკი) – 4 (IX, X, X)
38.დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), კახი ცხადაძე (ფეხბურთი), ხვიჩა ბიჩინაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 3
41.ივერი ჯიქურაული (ძიუდო), გია თორთლაძე (მთამსვლელობა), ლევან კობიაშვილი (ფეხბურთი), ალექსანდრე იაშვილი (ფეხბურთი) – 2
45.ხათუნა ქვრივიშვილი (მშვილდოსნობა), დავით ჭელიძე (მკლავჭიდი), დიმიტრი ობოლაძე (რაგბი), ერეკლე გურჩიანი (მკლავჭიდი), ივანე გამხიტაშვილი (სამბო; გარდაცვალების შემდეგ) – 1

90ები: საუკეთესო ქალი სპორტსმენი
1.ინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) – 23 (IV, I)
2.მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი) – 16 (II, VII)
3.ნანა იოსელიანი (ჭადრაკი) – 14 (V, IV)

90ები: საუკეთესო ფეხბურთელი
1.გიორგი ქინქლაძე – 18 (III, IV)
2.შოთა არველაძე – 10 (VII, V)
3.თემურ ქეცბაია – 7 (VIII, VII)

90ები: ჟურნალისტთა რჩეულები
2000 გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
1999 ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1998 გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
1997 გიორგი კანდელაკი (კრივი)
1996 ელდარ (ლუკა) კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
1995 გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო)
1994 ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები (მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია, ნინო გურიელი)
1993 კახი კახიაშვილი (ძალოსნობა)
1992 კახი კახიაშვილი (ძალოსნობა)
1991 არ ჩატარდა

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 22 ოქტომბერი)
ფოტო: sport.gov.ge

შენიშვნა:
1: I ადგილი – 15 ქულა; II – 12; III – 10; IV – 8; V – 6; VI – 5; VII – 4; VIII – 3; IX – 2; X – 1
2: თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭა რეფერენდუმში მაღალი ადგილის მქონეს

ka_GEGeorgian