რჩეულები: მაია ჩიბურდანიძე
ესეც მესამე ათწლეული – 80იანები.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია საუკეთესო ათლეტს 1964 წლიდან ავლენს.
მთელი იანვარი სრული სიის შედგენას მოვანდომე – ყველა რეფერენდუმის ათეული დავადგინე 2013 და 2015 წლების გარდა (ჯერჯერობით), შემდეგ კი, როცა მეტ-ნაკლებად სრული სურათი დაიხატა, ათწლეულების რჩეულთა გამოვლენაც დავიწყე.
წინა, 60იანი და 70იანი წლებისადმი მიძღვნილ წერილებშიც დავწერე და კიდევ შეგახსენებთ: საუკეთესოს გამოსავლენ ფორმულაზე დიდხანს არ მიფიქრია – ადგილებს ქულები შევუსაბამე (პირველს 15, მეორეს – 12, მესამეს – 10 და ასე შემდეგ მეათემდე – 1), შემდეგ წლების მიხედვით სპორტსმენთა შედეგები დავაჯამე და ეგაა, ათწეულის ზოგადი სურათიც დაიხატა.
პირველ, 60იან წლებში, (1964-70), საუკეთესო რომან რურუა გამოდგა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მართლა უნაკლო ფალავანი.
მეორე ათწლეულშიც (1971-80) სპორტის ამ უძველესი სახეობის წარმომადგენელი აღმოჩნდა პირველი – ლევან თედიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ლეგენდარული ჩემპიონი.
მესამე ათწლეულში (1981-1990) კი ყველაზე მეტი ქულა ქალმა, ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს 5გზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ დააგროვა!
სანამ 1981-90 წლების 3 გამორჩეულ სპორტსმენზე დავწერ, ორიოდ სიტყვას ვიტყვი საერთო შედეგებზე. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ამ წლებმა ერთადერთი ოლიმპიადა დაიტია – სეულის 1988 წლის თამაშები. რა თქმა უნდა ლოს ანჯელესმაც უმასპინძლა უდიდეს სპორტულ ფორუმს 4 წლით ადრე, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საბჭოთა გუნდს, ცენტრალური კომიტეტის პირველ პირთა გადაწყვეტილებით, არ უასპარეზია. საამისო მიზეზებზე ბევრი თქმულა და აქ არაფერს დავწერ გარდა იმისა, რომ ბოროტების იმპერიის ხელმძღვანელთა ხუშტურების გამო ჩვენმა სასიქადულო სპორტსმენებმა მხოლოდ იზარალეს.
საინტერესოა ისიც, რომ 1981-90 წლების ათეულებში 54 სპორტსმენი დასახელდა, რაც დროის ხსენებული პერიოდისთვის თავისებური რეკორდი გახლავთ.
რეკორდია ათწლეულის მოწინავე ათეულში სპორტის 9 სახეობის წარმომადგენელთა მოხვედრაც, ასევე 10 რეფერენდუმიდან 5ში ქალთა პირველობა.
ახლა კი 1981-90 წლების შედეგებით I, II და III ადგილზე გასული სპორტსმენები.
სპორტული მედიის რჩეულთა შორის ქალბატონი მაია პირველად 1977 წელს მოხვდა, 16 წლის ასაკში – მხოლოდ მოკრივე დავით კვაჭაძეს ჩამორჩა და II ადგილი დაიკავა.
1978 წელს მაია პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს ფინალური მატჩი 8,5:6:5 მოუგო და 17 წლისამ ყველა მოჭადრაკისთვის საოცნებო სადედოფლო გვირგვინიც დაიდგა!
თუმცა ეს, თუნდაც უდიდესი ტრიუმფი, იმ სეზონში ჩიბურდანიძის ერთადერთი წარმატება არ იყო: საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში, სადაც მის გარდა ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და ელენა ახმილოვსკაიაც თამაშობდნენ, ბუენოს აირესში საჭადრაკო ოლიმპიადას იგებს.
და ამის შემდეგ გასაკვირია რომ 1978 წლის შედეგებით ჟურნალისტებმა მაია დაასახელეს წლის რჩეულად?
70იანი წლების მიწურულს მოპოვებულ დაუვიწყარ გამარჯვებებს 80იან წლებში ერთმანეთის მიყოლებით დაპყრობილი მწვერვალები მოჰყვა – 1981, 1984, 1986 და 1988 წლებში, შესაბამისად ნანა ალექსანდრიასთან, ირინა ლევიტინასთან, ელენა ახმილოვსკაიასთან და ნანა იოსელიანთან მატჩებში 4ჯერ დაცული მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინი!
ოქროს მედლები 3 საჭადრაკო ოლიმპიადაზე ლუცერნში (1982 წელს), სალონიკსა (1984) და დუბაიში (1986)!
ზედიზედ 4 საჭადაკო ოსკარი 1984, 1985, 1986 და 1987 წლებში!
„მსოფლიოს ჩემპიონობა გამორჩეულთა ხვედრია. დიდი ნიჭი, უტეხი ნებისყოფა, ყოველდღიური და ხანგრძლივი შრომის უნარი, რკინის ნერვები და კიდევ ბევრი რამ არის საჭირო საიმისოდ, რომ საჭადრაკო ოლიმპზე ახვიდე. მსოფლიოს ქალთა ჭადრაკში მაია ჩიბურდანიძის გამოჩენა თავის დროზე შეფასდა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ამბავი და დასტური იმისა, რომ ქართული საჭადრაკო სკოლა პლანეტარული მასშტაბის ფენომენად იქცა“ – ამ სიტყვებს ქართული სპორტის ოქროს წიგნში ამოიკითხავთ.
1986 წელს, როცა მაია სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით კვლავ გახდა საქართველოს წლის სპორტსმენი, ის მე3, მაგრამ პირველი ქალი შეიქნა, ვინც ეს წოდება მესამედ მოიგო! ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ: ლევან თედიაშვილმა 1971, 1973 და 1974, ვიქტორ სანეევმა კი 1968, 1972 და 1976 წლებში იპირველა.
80იანი წლების მეორეადგილოსანი ასევე ქალი, ტყვიის მსროლელი და დღეს უკვე სამართლიანი იქნება ამის თქმაც – ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე გახლავთ.
1987 წელს ის ზედიზედ მეორედ ეუფლება მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ოქროს მედალს, სეულის ოლიმპიადის ლიცენზიასაც ინაღდებს და ჟურნალისტთა ათეულში პირველად ხვდება – II ადგილზე გადის ლერი ხაბელოვის შემდეგ.
1988 წელს კი ნინო სალუქვაძე სეულის ოლიმპიურ თამაშებზე ერთბაშად 2 მედალს ეუფლება: სპორტული პისტოლეტით ოქროს იგებს, პნევმატურით – ვერცხლს! და პირველად ხდება საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი.
1989 წლის სეზონის შედეგებიც არანაკლებ შთამბეჭდავია: მსოფლიოს და ევროპის პირადი პირველობის ოქროს მედლები და მსოფლიოს სუპერთასი! ჩემპიონის 3 ტიტული წლის მთავარ შეჯიბრებზე!
1989 წლის 31 დეკემბრის საახალწლო ნომერში გაზეთი ლელო მკითხველს წლის სპორტსმენთა ჩამონათვალს ამცნობს, რომელსაც ცხადია, ნინო სალუქვაძე უდგას სათავეში.
ლევან თედიაშვილის შემდეგ, რომელმაც 1973 და 1974 წლებში ზედიზედ მოიგო რეფერენდუმი, სალუქვაძე პირველია, ვინც 2 წლის განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს ნომერ პირველი სპორტსმენის საპატიო წოდება.
აქვე აუცილებლად, მაგრამ გულისტკივილით უნდა აღვნიშნო: ჩემთვის გაუგებარ მიზეზთა გამო, სსჟას 1989 წლის ათეულის შედეგები ქართული სპორტის ოქროს წიგნში, ასევე ჟურნალ-გაზეთებსა თუ სხვადასხვა გამოცემებში გათვალისწინებული არ არის. ყველგან შეცდომით მითითებულია, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდა, არადა 1989 წლის 31 დეკემბრის ლელოს პირველი გვერდი საპირისპიროს ადასტურებს.
ჟურნალისტთა ვერსიით მე3 აღიარება ქალბატონმა ნინომ 1999 წელს მოიპოვა, როცა კარიერაში მეოთხედ მოიგო მსოფლიოს სუპერთასი, სპორტული პისტოლეტით სროლაში კი კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
1999 წლის პირველობით ის გახდა მხოლოდ მე4, ქალთა შორის კი მე2, რომელმაც 3ჯერ მოიგო სპორტულ ჟურნალისტთა რეფერენდუმი – თედიაშვილის, სანეევის და ჩიბურდანიძის შემდეგ.
ხოლო ის, რომ მან პირველი აღიარებიან 11 წლის შემდეგ (1988-1999) კვლავ მოახერხა გამარჯვება, ჩვენი, სპორტულ ჟურნალისტთა რეფერენდუმის თავისებური რეკორდია. ამდენი წლის ინტერვალით არავის გაუმარჯვია!
80იანი წლების მე3 საუკეთესო ათლეტი კი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფალავანი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით გობეჯიშვილი გახლავთ.
სპორტის ამ სახეობის მოყვარულებმა ონელი მოჭიდავე 1982 წელს გაიცნეს, როცა 19 წლისამ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.
1986 წლის ჩათვლით გობეჯიშვილმა კიდევ 4ჯერ დაისაკუთრა ეს ტიტული, მაგრამ მე5 ტრიუმფის დროს ის უკვე მთელ მსოფლიოში აღიარებული ფალავანი გახლდათ: საბჭოთა კავშირის, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, საკავშირო სპარტაკიადის ოქროს მედლის მფლობელი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და… სპორტულ ჟურნალისტთა 1985 წლის რჩეულიც!
1988 წელს, სეულში, თავის პირველ ოლიმპიადაზე, გობეჯიშვილმა ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო, ფინალში კი მთავარ მეტოქეს, ამერიკელ ბრიუს ბაუმგარტნერსაც სძლია. თუმცა ეს გამარჯვება ჟურნალისტთა რეფერენდუმში მხოლოდ მე3 ადგილს ეყო, 2 წლის შემდეგ კი, 1990ში, გობეჯიშვილი სპორტული მედიის წარმომადგენლებმა მეორედ აღიარეს საქართველოს წლის ათლეტად. იმ სეზონში მან 2 მთავარი ტიტული მოიგო – იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მოსკოვში კი კეთილი ნების თამაშებში გაიმარჯვა…
1991 წლის მიწურულს საბჭოთა კავშირი დაიშალა. დედამიწის უდიდესი სახელმწიფოს რღვევას ჩვენში ისეთი ამბები მოჰყვა, მტერს არ უსურვებს კაცი – დეკემბერ-იანვრის ცივ დღეებში, როცა თბილისის გული სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში იწვოდა, წლის საუკეთესო სპორტსმენთათვის არავის ეცალა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა რეფერენდუმი 1991 წელს პირველად არ გაიმართა.
ასე დასრულდა ქართული, უფრო სწორად კი საბჭოთა საქართველოს სპორტის დროებაც.
1992 წელს, როცა ჩვენმა სპორტულმა მედიამ მორიგი რჩეული დაასახელა, ჩვენი სპორტი საერთაშორისო სარბიელზე რამდენიმე თვის გასული იყო.
80იანი წლები:
1.მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი) – 62 (II, IV, I, I, II)
2.ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) – 54 (II, I, I, II)
3.დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – 50 (I, III, III, I)
* * *
4.ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა) – 37 (II, I, III)
5.თემურ აფხაზავა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 33 (IV, I, III)
6.ვახტანგ იაგორაშვილი (თანამედროვე ხუთჭიდი) – 23 (X, IV, IV, VII, IX)
7.ამირან ტოტიკაშვილი (ძიუდო) – 20 (VIII, II, VI)
8.ჯემალ მჭედლიშვილი (ქართული ჭიდაობა, სამბო) – 20 (X, X, III, IV)
9.ვლადიმერ აფციაური (ფარიკაობა) – 20 (V, IV, V)
10.ლელა მესხი (ჩოგბურთი) – 18 (VI, V, IV)
* * *
11.თამაზ იმნაიშვილი (სასტენდო სროლა) – 16 (III, VIII, VIII)
12.ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი) – 16 (V, VI, VI)
13.რამაზ შენგელია (ფეხბურთი) და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი) – 15
15.თამაზ ნამგალაური (ძიუდო) – 15 (VI, V, VII)
16.მაია აზარაშვილი (მძლეოსნობა, სპრინტი) – 13 (II, X)
17.ვლადიმერ გოგოლაძე (ტანვარჯიში) – 13 (VI, IV)
18.გიორგი ჩოგოვაძე (წყალში ხტომა) – 13 (IX, V, VI)
19.თემურ ყაზარაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ხარლამ სიმონია (ცხენოსნობა, დაბრკოლებათა გადალახვა), გურამ ბიგანიშვილი (აფროსნობა) – 12
22.ქეთევან არახამია (ჭადრაკი) – 12 (III, IX)
23.მალხაზ ბერუაშვილი (ქართული ჭიდაობა, სამბო) – 12 (X, VIII, VII, X, VIII)
24.ალექსანდრე ჩივაძე (ფეხბურთი) – 11 (V, VI)
25.ირინე გერასიმოვა (ცურვა), ოთარ მჭედლიშვილი (ველოსპორტი), კობა კურტანიძე (ძიუდო) – 10
28.სერგეი ტერნოვიხი (სამბო) – 9 (VIII, V)
29.მიხეილ სალაძე, გურამ გედეხაური (ორივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 8
31.აკაკი კიბორძალიძე (ძიუდო), ნატო ნასარიძე (მშვილდოსნობა) – 6
33.დავით ყიფიანი, გელა კეტაშვილი (ორივე ფეხბურთი), ნანა იოსელიანი (ჭადრაკი) – 5
36.ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა), ალექსანდრე ანპილოგოვი (ხელბურთი), შოთა ხაბარელი (ძიუდო), ქრისტინა ფალასინიდი (სინქრონული ცურვა), ოლეგ სტრიჟაკოვი (მძლეოსნობა), თემურ ქეცბაია (ფეხბურთი) – 4
42.ნიკოლოზ დერიუგინი (კალათბურთი) – 4 (IX, IX)
43.ვახტანგ ბლაგიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რაშ ხუტაბა (თავისუფალი ჭიდაობა), ალბერტ კაზანჯიანი (კრივი), ქეთევან კახიანი (ჭადრაკი) – 3
47.იგორ ბრიზგალოვი (თანამედროვე ხუთჭიდი) – 3 (X, IX)
48.თემურ ხუბულური (ძიუდო), გელა დარსაძე (კალათბურთი), გია თენაძე (ძიუდო), ხათუნა კორკელია (წყლის თხილამურები) – 2
52.დავით დავითაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე (ორივე ქართული ჭიდაობა), რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა) – 1
80იანები: საუკეთესო ქალი სპორტსმენი
1.მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი) – 62 (II, IV, I, I, II)
2.ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) – 54 (II, I, I, II)
3.ლელა მესხი (ჩოგბურთი) – 18 (VI, V, IV)
80იანები: საუკეთესო ფეხბურთელი
1.რამაზ შენგელია – 15
2.ალექსანდრე ჩივაძე – 11 (V, VI)
დავით ყიფიანი და გელა კეტაშვილი – 5
80იანები: ჟურნალისტთა რჩეულები
1990 დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1989 ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1988 ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1987 ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა)
1986 მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1985 დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1984 მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1983 თემურ აფხაზავა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
1982 ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი)
1981 რამაზ შენგელია (ფეხბურთი)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 9 თებერვალი)
ფოტო: sport.gov.ge; ლაშა გოდუაძე
შენიშვნა:
1: I ადგილი – 15 ქულა; II – 12; III – 10; IV – 8; V – 6; VI – 5; VII – 4; VIII – 3; IX – 2; X – 1;
2: თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭა რეფერენდუმში მაღალი ადგილის მქონეს.