რჩეულები: რომან რურუა
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულების მოძიება იანვრის შუა რიცხვებიდან დავიწყე, როგორც კი ძველით ახალი წელი გადავაგორე.
სპორტზე მწერალმა ჟურნალისტებმა უძლიერესი პირველად 1964 წლის მიწურულს გამოავლინეს. მედიის რჩეული საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველად მომგები თბილისის დინამოს ერთ-ერთი ლიდერი სლავა მეტრეველი გახდა.
მას შემდეგ სპორტული ჟურნალისტები საუკეთესოს ყოველ წელს ასახელებენ.
ტრადიცია მხოლოდ 2ჯერ დაირღვა: პირველად 1991 წელს, როცა დეკემბრის ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო რჩეულთა დასახელებისთვის არავის ეცალა, მეორედ კი შარშან. კოვიდ 19ის და მისი თანამდევი ამბების გამოისობით წლის განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, ბევრი სახეობის წარმომადგენლებმა საერთოდ ვერ იასპარეზეს, ასეთ დროს კი ჩვენი მხრიდან უძლიერესის გამოვლენა უაზრობა იქნებოდა და სსჟამ ამიტომაც აღარ ჩაატარა რეფერენდუმი.
საუკეთესო ათეულების მოძიებით 2 მნიშვნელოვანი შეცდომაც გამოვასწორე. აქამდე მეც და, ალბათ, ყველა ჩემმა კოლეგამ შეცდომით ვიცოდით, რომ 1967 წელს სპორტულ ჟურნალისტთა რჩეული ლეგენდარული კალათბურთელი ზურაბ საკანდელიძე გახდა, ხოლო 1989 წელს საუკეთესო და ათეული არ დასახელდა.
არადა აღმოჩნდა, რომ 1967 წელს ნომერ პირველ სპორტსმენად საკანდელიძე არა და მასზე არანაკლებ სახელოვანი, ოღონდ ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა დაუსახელებიათ, 1989 წელს კი გამარჯვებულიც კოხტად გამოვლინდა და ათეულიც.
ორივე ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს და სპორტის ყველა მოყვარული მას მალე იხილავს. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ აქამდე ეს შეცდომები ვერავინ შევნიშნეთ და მცდარი სიაც არაერთ სქელტანიან გამოცემასა თუ გაზეთში გაიპარა, თან არაერთხელ.
დაახლოებით კი ვხვდები, თუ რამ გამოიწვია ასეთი უხეში შეცდომები და, შესაბამისად, მისი გადამღერება, მაგრამ ამაზე თავის დროზე, როცა ჟურნალისტთა ვერსიით წლის სპორტსმენთა ათეულებს ცალკე წერილს მივუძღვნი.
ახლა კი უფრო კონკრეტულად ამ წერილის, უფრო სწორად კი წერილების ციკლის შესახებ.
რჩეულები: რომან რურუა – პირველი ნაწილია იმ პროექტისა, რომელსაც პირობითად ათწლეულის ათლეტებს დავარქმევ.
საუკეთესოთა სრული სიის დადგენის შემდეგ გადავწყვიტე სსჟას ჩამონათვალით ათწლეულების ერთიანი სურათი შემექმნა და 60იანების, 70იანების, 80იანების და ასე შემდეგ უძლიერესები გამომევლინა ყოველწლიური რეფერენდუმის საბოლოო შედეგების დათვლა-დაჯამებით.
დავაკონკრეტებ: ათეულებში დასახელებული თითოეული სპორტსმენის ადგილი შესაბამისი ქულით შევაფასე, 15დან 1მდე პირველი ადგილიდან მეათის ჩათვლით, წლიდან წლამდე მათ მიერ ნაჩვენები შედეგები შევკრიბე და საინტერესო სურათიც მივიღე – 60იანი წლების უძლიერესი ქართველი სპორტსმენი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან რურუა აღმოჩნდა, რომელიც 1964 წლიდან 1970 წლის ჩათვლით გამართულ 7 რეფერენდუმში 6ჯერ მოხვდა საუკეთესო ათეულში, აქედან ზედიზედ 5ჯერ II ნომრად! შესაშური სტაბილურობაა როგორც ათეულში მოხვედრით, ასევე მეორეადგილოსნობით.
ბარემ აქვე დავწერ – სსჟას რეფერენდუმის ისტორიაში, სულ პირველი, 1964 წლის გამოკითხვიდან 2019 წლის ათეულის ჩათვლით, მხოლოდ ბატონი რომანი დასახელდა II ადგილზე ზედიზედ 5ჯერ!
ქართული სპორტის მოყვარულებმა, ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა და მკვლევარებმა მშვენივრად ვიცით თუ რაოდენ დიდი ფალავანი გახლდათ რომან რურუა. მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ათლეტმა 1966-70 წლებში ზედიზედ 5 უდიდესი ტურნირი მოიგო – მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადამდე და შემდეგ 2-2ჯერ გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატებში! საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის და საკავშირო პირველობების ოქროს მედლებზე არაფერს ვიტყვი: რურუა ყველგან ფავორიტი იყო და რა უფრო მნიშვნელოვანია – ყველგან ჩემპიონი!
ამიტომაც ნუ გიკვირთ, რომ 1964-70 წლებში ის მუდმივად ხვდებოდა სპორტულ ჟურნალისტთა რჩეულთა შორის და ამ ცხრილში დიდი უპირატესობით დაიკავა I ადგილი.
ბატონ რომანზე ერთსაც დავწერ: 2010 წელს ის ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრი გახდა, სხვადასხვა დროს კი ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ღირსების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ორდენებით დაჯილდოვდა.
60იანების ათეულში II ადგილზე ნონა გაფრინდაშვილია.
1961 წლიდან რომ დაეწყოთ ჟურნალისტებს საქართველოს წლის სპორტსმენის გამოვლენა, დარწმუნებული ვარ ქალბატონი ნონას შედეგი გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა, მაგრამ რაც არის, არის – 7 წელიწადში 5 ათეულს, მათ შორის ერთხელ წლის სპორტსმენობას, 2ჯერ კი II ადგილს, დარწმუნებული ვარ თქვენც შესაშურ შედეგად მიიჩნევთ.
მეორე მხრივ, რომან რურუას შემდეგ ქალბატონი ნონას მეორეადგილოსნობა, ქალთა შორის პირველობაზე მიუთითებს, რაც არანაკლებ დასაფასებელია.
1964-70 წლებში, ანუ იმ პერიოდში, როცა პირველი ათწლეულის რჩეულთა შედეგებს ვითვალისწინებ და ვაჯამებ, ქალბატონმა ნონამ 2ჯერ დაიცვა 1962 წლის ფინალში ელიზავეტა ბიკოვასთან ტრიუმფით მოგებული (9:2) მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინი. და ორივე შემთხვევაში ნონამ ალა კუშნირი დაამარცხა – ერთნაირი ანგარიშით 8,5:4,5!
იმავე პერიოდში ნონა გაფრინდაშვილის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი გამარჯვებების ჩამოთვლაც აუცილებელი მგონია – ოქროს მედლები 1966 და 1969 წლების საჭადრაკო ოლიმპიადებზე (საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი ქალთა შორის 1969 წელს და 4 ტრიუმფი უმაღლესი რანგის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირებზე.
ნონა გაფრინდაშვილის საპატიო წოდებების და ჯილდოების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ერთადერთით და, ჩემი აზრით, ყველაზე პრესტიჟულით შემოვიფარგლები, რომელიც ლეგენდარულ სპორტსმენს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ისტორიული, 1999 წლის რეფერენდუმით ერგო – საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენი!
60იანების მე3 საუკეთესო სპორტსმენი უდიდესი ჩოგბურთელი, 60-70იანი წლების საბჭოთა სპორტის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ალექსანდრე მეტრეველია.
ჩვენი ქვეყნის ყველა დროის ნომერ პირველი ჩოგანი სსჟას 1964-70 წლების ათეულში 6ჯერ მოხვდა, რაც საუკეთესო შედეგია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მსგავსი სტაბილურობით გამოირჩეოდა რომან რურუა და კიდევ ერთი დიდებული ქართველი სპორტსმენი, ველომრბოლი ომარ ფხაკაძე, ვისაც ათწლეულის სამეულამდე სულ ცოტა დააკლდა.
მეტრეველმა უდიდეს წარმატებებს 70იან წლებში მიაღწია, თუნდაც უიმბლდონის ფინალისტობა რად ღირს 1973 წელს ან ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობების ნახევარფინალში გასვლა!
60იანი წლების მეორე ნახევრიდან კი, მან მწვერვალებისკენ სვლა დაიწყო – 4ჯერ მოიგო საკავშირო პირველობა, 1970 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა (იმ დროს ასეთი ტურნირიც ტარდებოდა), 1966-70 წლებში კი 4ჯერ დასახელდა საბჭოთა კავშირის ნომერ პირველ ჩოგნად! ამას გარდა, 1968 და 1970 წლებში, ოლგა მოროზოვასთან ერთად, უიმბლდონზე შერეულ წყვილთა ფინალშიც ითამაშა!
ასეთი წარმატებების შემდეგ გასაკვირი არაა, რომ მეტრეველი სტაბილურად ხვდებოდა წლის რჩეულ სპორტსმენთა შორის.
60იანი წლების საუკეთესოთა ჩამონათვალს აქვე გთავაზობთ, ბოლოსთვის კი 2 საინტერესო ფაქტზე გავამახვილებ თქვენ ყურადღებას:
პირველი – ფეხბურთი ჩემი საყვარელი სპორტია, ათწლეულის საუკეთესო მოთამაშე კი, ამ სიით, სლავა მეტრეველი გამოდის, სსჟას ისტორიული, I რეფერენდუმის ტრიუმფატორი. ლეგენდარული გარემარბი 4ჯერ მოხვდა ჟურნალისტთა ათეულში, რაც ჩინებული შედეგია ფეხბურთელთა შორის.
მეტრეველის შემდეგ დგას მურთაზ ხურცილავა, ვისი პირველობაც 1967 წელს ძალიან დიდხანს არავინ იცოდა. ხურცილავა მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ჟურნალისტთა ვერსიით წლის სპორტსმენის წოდება მოიგო. აქვე გეტყვით, რომ ასეთი სულ სამია – 1981 წელს რამაზ შენგელია დასახელდა საუკეთესოდ.
ფეხბურთელთა სამეულს მტკვრისპირელი გარინჩა – მიხეილ მესხი აგვირგვინებს. 1964 წელს, როცა თბილისის დინამოელებმა დიდი ხნის ოცნება აისრულეს და პირველად ჩაიბარეს საკავშირო ჩემპიონის თასი, ჟურნალისტთა ათეულში 4 ფეხბურთელი მოხვდა და მათ შორის მესხი IV ნომრად…
მეორე ფაქტი კი სტატისტიკის მოყვარულებს დაგაინტერესებთ: 1964-70 წლებში ჟურნალისტთა ათეულში 31 სპორტსმენი დასახელდა, მათგან 6 ქალია.
და ბოლოს: 1964-70 წლების ათეულებს თუ დავაჯამებთ, დავინახავთ, რომ 7 წლის მანძილზე სპორტის 17 სახეობის წარმომადგენელმა მიიქციეს მედიის ყურადღება.
დღეისთვის სულ ეს იყო. მომდევნო წერილში 70იან წლებს მიმოვიხილავ და გარწმუნებთ, იქაც არანაკლებ საინტერესო სურათი გელით.
60იანი წლები:
1.რომან რურუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 68 ქულა (VI, II, II, II, II, II)
2.ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი) – 46 (II, II, VI, IX, I)
3.ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი) – 41 (VI, I, IV, VIII, III)
* * *
4.ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი) – 38 (I, V, VI, X, V, VI)
5.ნანა ალექსანდრია (ჭადრაკი) – 32 (III, V, IV, IV)
6.სლავა მეტრეველი (ფეხბურთი) – 27 (I, IV, X, VIII)
7.ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა) – 24 (I, VI, VII)
8.შოთა ლომიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – 21 (X, III, III)
9.მურთაზ ხურცილავა (ფეხბურთი) – 20 (I, VI)
10.გურამ საღარაძე (თავისუფალი ჭიდაობა) – 18 (VII, III, VII)
* * *
11.თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა) – 17 (IX, I)
12.ზურაბ საკანდელიძე (კალათბურთი) – 17 (VIII, III, VII)
13.დიტო შანიძე (ძალოსნობა) – 14 (V, IV)
14.ნუგზარ ასათიანი (ფარიკაობა) – 12 (III, IX)
15.იური დიაჩკოვი (მძლეოსნობა) – 12 (VI, IV)
16.მიხეილ მესხი (ფეხბურთი) – 8
17.ზარიბეგ ბერიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – 7 (IX, IX, VIII)
18.შოთა ქველიაშვილი (ტყვიის სროლა), დონარა ჯანუყაშვილი (სპორტული ტანვარჯიში), გივი ნოდია (ფეხბურთი) – 6
21.ლუდმილა იევლევა (მძლეოსნობა), კახი ასათიანი (ფეხბურთი) – 4
23.გიორგი სიჭინავა (ფეხბურთი), ანზორ კიკნაძე (ძიუდო), მიხეილ ხერგიანი (მთამსვლელობა) – 3
26.შოთა იამანიძე (ფეხბურთი), ალექსი ჯეჯელავა (ძალოსნობა) – 2
28.ჯემალ ცერცვაძე (ხელბურთი), ბუხუტი გურგენიძე (ჭადრაკი), რევაზ ძოძუაშვილი (ფეხბურთი), ნინა დრონოვა (სპორტული ტანვარჯიში) – 1
60იანები: საუკეთესო ქალი სპორტსმენი
1.ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი) – 46 ქულა (II, II, VI, IX, I)
2.ნანა ალექსანდრია (ჭადრაკი) – 32 (III, V, IV, IV)
3.თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა) – 17 (IX, I)
60იანები: საუკეთესო ფეხბურთელი
1.სლავა მეტრეველი – 27 ქულა (I, IV, X, VIII)
2.მურთაზ ხურცილავა – 20 (I, VI)
3.მიხეილ მესხი – 8
60იანები: ჟურნალისტთა რჩეულები
1970 თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა)
1969 ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
1968 ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1967 მურთაზ ხურცილავა (ფეხბურთი)
1966 ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი)
1965 ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი)
1964 სლავა მეტრეველი (ფეხბურთი)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 26 იანვარი)
ფოტო: sport.gov.ge
შენიშვნა:
1: I ადგილი – 15 ქულა; II – 12; III – 10; IV – 8; V – 6; VI – 5; VII – 4; VIII – 3; IX – 2; X – 1;
2: თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭა რეფერენდუმში მაღალი ადგილის მქონეს.