რჩეული: გიორგი მამარდაშვილი
ყველაზე ძველ და ავტორიტეტულ გამოკითხვაში, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმში, ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ფეხბურთელმა: ეროვნული ნაკრების და ესპანეთის ვალენსიის გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენია!
75 ჟურნალისტის გამოკითხვით მამარდაშვილმა (ის ჩემი სამეულის პირველი ნომერი იყო) 107 ქულა მოაგროვა, მეორე-მესამე ადგილები კი პარიზის ოლიმპიადის ჩემპიონებმა, ლაშა ბექაურმა (88) და ლაშა ტალახაძემ (69) დაიკავეს.
გიორგის ჯილდო რამდენიმე საათის წინ გადასცეს სსჟა-ს პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა, რომლებიც ვალენსიაში იმყოფებიან. სხვათა შორის, ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა.
გიორგი მამარდაშვილი მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით მოიგო საუკეთესოს წოდება. პირველ, 1964 წლის რეფერენდუმში „ოქროს ბიჭმა“ – სლავა მეტრეველმა გაიმარჯვა, 1967 წელს მურთაზ ხურცილავა გახდა საუკეთესო, 1981 წელს კი თასების მფლობელთა თასის გათამაშების ერთ-ერთი ტრიუმფატორი რამაზ შენგელია. მეოთხე, ვისაც ასეთი პატივი ხვდა წილად, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 2023 წელს გაიმარჯვა. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ 2018 წლიდან ჩვენი ასოციაცია საუკეთესოებს მამაკაცთა და ქალთა შორის ავლენს.
2024 წელი ეროვნული ნაკრებისთვის ზღაპრული გამოდგა და გიორგი მამარდაშვილმა იმ დაუვიწყარ თავგადასავალში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა: შეუცვლელად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და იმდენი შეძლო, რომ ერთხელ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რამდენიმე ვერსიით კი ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ შარშან მან სარბიელის ტრადიციულ გამოკითხვაშიც გაიმარჯვა (ასევე ჟურნალისტების ვერსიით) და 2023-2024 წლების საქართველოს ნომერი პირველ მოთამაშედ დასახელდა.
სსჟა-ს რეფერენდუმის ათეულებს თუ გადახედავთ, იოლად შეამჩნევთ, რომ ჩვენი ნაკრების გოლკიპერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ამ აღიარებისკენ: 2022 წელს მეშვიდე ადგილზე გავიდა, 2023 წლის შედეგებით კი მეექვსე იყო.
ამ ზაფხულიდან გიორგის ახალი სარბიელი ელის. იმედია ინგლისის ჩემპიონის რიგებშიც შეძლებს დამკვიდრებას. მის პრემიერლიგურ წარმატებებზე თავის დროზე იყოს, ახლა კი იმ ხუთ ფეხბურთელს შეგახსენებთ, რომლებიც ჩვენი ასოციაციის რეფერენდუმის სამეულში მოხვდნენ, ყველა შემთხვევაში მესამე ადგილით: 2022 – ხვიჩა კვარაცხელია; 2003 – კახი კალაძე; 1994 – გიორგი ქინქლაძე; 1979 – ოთარ გაბელია; 1977-1976 – დავით ყიფიანი
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყველა რჩეული
2023 – ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი) და ანასტასია გუბანოვა (ფიგურული ციგურაობა); 2022-2021 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო); 2020 – არ ჩატარდა; 2019 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო); 2018 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ნინო ოძელაშვილი (სამბო); 2017-2016 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა); 2015 – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 2014-2013 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო); 2012 – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო); 2011 – მამუკა გორგოძე (რაგბი); 2010 – დავით ზირაქაშვილი (რაგბი); 2009 – მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); 2008 – ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო); 2007 – რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); 2006 – ზაზა კედელაშვილი (ძიუდო); 2005 – რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 2004 – ზურაბ ზვიადაური (ძიუდო); 2003-2002 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა); 2001-2000 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა); 1999 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა); 1998 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა); 1997 – გიორგი კანდელაკი (კრივი); 1996 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა); 1995 – გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო); 1994 – ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები (მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია, ნინო გურიელი); 1993-1992 – კახი კახიაშვილი (ძალოსნობა); 1991 – არ ჩატარდა; 1990 – დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 1989-1988 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა); 1987 – ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა); 1986 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი); 1985 – დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 1984 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი); 1983 – თემურ აფხაზავა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); 1982 – ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი); 1981 – რამაზ შენგელია (ფეხბურთი); 1980 – ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა); 1979 – თემურ ხუბულური (ძიუდო); 1978 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი); 1977 – დავით კვაჭაძე (კრივი); 1976 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა); 1975 – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი); 1974-1973 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 1972 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა); 1971 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 1970 – თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა); 1969 – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი); 1968 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა); 1967 – მურთაზ ხურცილავა (ფეხბურთი); 1966 – ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი); 1965 – ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი); 1964 – სლავა მეტრეველი (ფეხბურთი)
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 20 მაისი
ფოტო: UEFA.com