რეალის უდიდესი ცხრიანი

„თქვენ ევროპულ ფეხბურთს ტანგოს რიტმი შეუხამეთ, თქვენ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე ბრძანდებით! მეამაყება, რომ ამ სიტყვების თქმის საშუალება მაქვს“, – განაცხადა თავადაც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ 2010 წლის 18 თებერვალს, მადრიდში, დი სტეფანოსადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

რეალის საპატიო პრეზიდენტისადმი გამართულ ღონისძიებას, ფლორენტინო პერესის თაოსნობით რომ მოეწყო, პლატინის და ფიფას თავკაცის ზეპ ბლატერის გარდა კიდევ უამრავი სტუმარი დაესწრო, მათ შორის პელე, ფრანც ბეკენბაუერი, ბობი ჩარლტონი… დარბაზში იყო რეალის მთელი თანავარსკვლავედიც.

ყველამ ვიცით, რომ პელე ფეხბურთის მეფედაა აღიარებული, თუმცა 60იან წლებში, როცა დიდი ბრაზილიელი სხვადასხვა სტადიონებზე ბრწყინავდა, მას ჯერ კიდევ დი სტეფანოს ადარებდნენ და დიდი არგენტინელის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ.

60იან წლებში ალფრედო დი სტეფანო ყველა დროის უდიდეს მოთამაშედ ითვლებოდა: ძალიან შედეგიანი თამაში არგენტინასა და კოლუმბიაში, ზღაპრული წლები მადრიდის რეალში და ბრწყინვალე კარიერის საყოველთაო აღიარება – მსოფლიო ნაკრების კაპიტნის სამკლაური 1963 წელს, ლონდონში, უემბლიზე, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილ მატჩში!

1953 წელს, ესპანეთში რომ ჩავიდა, დი სტეფანო 32 წლის გახლდათ. სამხრეთ ამერიკაში ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა: არგენტინასა და კოლუმბიაში გატარებული 12 წლის განმავლობაში უამრავი გოლი გაიტანა და ბევრი ტიტული მოიგო.

თუმცა ასაკოვან სამხრეთამერიკელს პირენეის ნახევარკუნძული აჟიოტაჟის გარეშე შეხვდა. მხოლოდ რეალის პრეზიდენტს, დონ სანტიაგო ბერნაბეუს სწამდა, რომ ოცდაათს გადაცილებული ფორვარდი, რომელმაც არგენტინასა და კოლუმბიაში 350მდე გოლი გაიტანა, ევროპაშიც დაიქუხებდა.

ცნობილი ისტორიაა: რომ არა სამეფო კლუბის ლეგენდარული პრეზიდენტი, დი სტეფანოს ეგებ, ბარსელონაში ეთამაშა: კოლუმბიის მილიონარიოსში ასპარეზობის მიუხედავად, მისი მფლობელი ბუენოს აირესის რივერ პლეიტი იყო. ამ კლუბსა და ბარსელონას შორის ხელშეკრულება 1953 წლის დასაწყისში გაფორმდა, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დოკუმენტები ოფიციალურად არ სცნო. იმავე წლის მაისში დი სტეფანო ესპანეთში ჩავიდა დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად და სწორედ მაშინ შეხვდა მას დონ სანტიაგო, რომელმაც ალფრედო რეალთან კონტრაქტის გაფორმებაზე დაიყოლია.

ბარსელონამ მადრიდელთა ნაბიჯი გააპროტესტა, 1953 წლის 15 სექტემბერს კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: მადრიდელებთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4 წლიდან დი სტეფანოს საწყისი 2 რეალში უნდა გაეტარებინა, ბოლო 3 კი ბარსელონაში.

სამეფო კლუბში ჩატარებულ პირველ შეხვედრებში დი სტეფანო იმდენად უსუსურად გამოიყურებოდა, რომ კატალონიელებმა მასზე საბოლოოდ თქვეს უარი. არგენტინელის ასაკი ხომ თავისთავად არ მოსწონდათ, იმ თამაშების შემდეგ კი ბარსელონას მწვრთნელმა ფერნანდო დანჩიკმა გუნდის მესვეურებს დი სტეფანოს ნაცვლად მადრიდელებისგან საკომპენსაციო თანხის მიღება ურჩია. ბარსელონამ დაახლოებით 4 მილიონი პესეტა მიითვალა, ხოლო რეალმა სრულფასოვანი კონტრაქტი მიიღო.

ამით მხოლოდ მადრიდელებმა რომ მოიგეს, თან ძალიან, რამდენიმე დღეში გამოჩნდა: რეალმა ბარსელონა გაანადგურა, კატალონიელთაგან დაწუნებულმა დი სტეფანომ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა!

და დაიწყო: სადებიუტო სეზონში რეალი ესპანეთის ჩემპიონი ხდება, დი სტეფანოს კი 27 გოლი გააქვს და არავის უთმობს საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს.

სამეფო კლუბმა მომდევნო სეზონშიც ჩემპიონობა იზეიმა, 1956 წლიდან კი ჩემპიონთა თასზე ტრიუმფის დროც დადგა, თუმცა ეს სხვა და ძალიან ფერადი ისტორიაა: ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გათამაშების სათავეებთან თუ რომელიმე კლუბი ან ფეხბურთელი ასოცირდება, უპირველესად რეალი და დი სტეფანო – რეალმა ზედიზედ 5ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, ვეტერანმა ფორვარდმა კი ყველა ფინალში გაიტანა გოლი!

ეს რეკორდია, რეკორდები კი ამ გენიალური ფეხბურთელის თანამდევი იყო:

ყველაზე მეტი გოლი მადრიდის რეალის მაისურით…

ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა თასის ფინალებში…

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ყველაზე მეტი ტიტული…

სარეკორდო იყო მის მიერ ჩემპიონთა თასზე გატანილი 49 გოლიც…

ამ მიღწევებმა თითქმის ნახევარი საუკუნე გაძლო!

ის გენიოსი იყო, თავისი დროის უპირველესი სუპერვარსკვლავი, ფეხბურთელი, რომელსაც თანაბარი სიძლიერით ხელეწიფებოდა ნახევარდაცვასა და თავდასხმაში თამაში. ბედნიერი ვარ, რომ ის მინახავს, – ფრანც ბეკენბაუერი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მოთამაშე.

1963 წლის აგვისტოში, ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდედ მოგების შემდეგ, რეალი ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად სამხრეთ ამერიკას ესტუმრა. ვენესუელაში თამაშის შემდეგ ალფრედო დი სტეფანო… ადგილობრივმა რევოლუციონერებმა გაიტაცეს! დაუჯერებელი ცნობა ელვის სისწრაფით მოედო მთელ მსოფლიოს.

კარაკასში, სასტუმრო პოტომაკში დაბრუნებულს, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ახალგაზრდა მომიახლოვდა და მითხრა, რომ საბუთებში აღმოჩენილი ხარვეზების გამო სპეციალურ განყოფილებაში უნდა წავსულიყავი. იმ იმედით, რომ სიმართლე მალე გაირკვეოდა, მანქანაში ჩავჯექი, თუმცა დანგრეულ ქოხში რომ მიმიყვანეს, მივხვდირაღაც ვერ იყო რიგზე. მოგვიანებით ამიხსნეს, რომ ვენესუელის გათავისუფლების არმიის წევრები იყვნენ და ამ ნაბიჯით სურდათ ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებისადმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ“, – იმ ამბავს ალფრედო ყოველთვის ღიმილით იხსენებდა. სხვათა შორის, გამტაცებლებს თავდაპირველად რუსი კომპოზიტორის იგორ სტრავინსკის აყვანა სურდათ, თუმცა ამ უკანასკნელის ხანდაზმულობის გამო განზრახვაზე ხელი აიღეს.

კარაკასის ამბიდან ერთ წელიწადში დი სტეფანომ რეალი დატოვა, 1966-67 წლების სეზონში კი მოკრძალებულ ელჩეში დაასრულა კარიერა.

სტატისტიკოსები გვამცნობენ, რომ დი სტეფანომ 1126 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 893 გოლი გაიტანა, არგენტინის, კოლუმბიის და ესპანეთის ჩემპიონატები კი 14ჯერ მოიგო!

ვჯობდი თუ არა პელეს? ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ალფრედო დი სტეფანო პელეზე ძლიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი გახლდათ, მისი გავლენა მთელ მოედანზე იგრძნობოდა! შესაძლოა პელესთან შედარებით სუსტი ვარამაზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ პელე რომ დი სტეფანოზე სუსტი იყო, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება“, – დიეგო არმანდო მარადონა, 1997 წელი, იტალიის ტელევიზიისთვის მიცემული ინტევიუდან…

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ დი სტეფანო სხვადასხვა კლუბებს წვრთნიდა და როგორც ნამდვილი ჩემპიონი, არც ამ ასპარეზზე დარჩა უტიტულოდ: მოიგო არგენტინის და ესპანეთის ჩემპიონატები, ესპანეთის სუპერ და თასების მფლობელთა თასები…

2000 წლიდან გარდაცვალებამდე ალფრედო დი სტეფანო მადრიდის რეალის საპატიო პრეზიდენტი გახლდათ.

წლების წინ ფიფამ რეალი XX საუკუნის საუკეთესო კლუბად აღიარა, სამეფო გუნდმა კი, თავის მხრივ, ალფრედო დი სტეფანო დაასახელა ნომერ პირველ მოთამაშედ. სხვათა შორის, იმდროინდელი რეალის რა ფოტოც უნდა ნახოთ, დი სტეფანო ყოველთვის პირველ რიგში, თანაგუნდელთა შუაშია გადაღებული. ამბობდა კიდეც: ცენტრალური თავდამსხმელი ყოველთვის ცენტრში უნდა იყოსო:

რეალის ყველა გამარჯვების შემდეგ ვხვდები, რომ ბედნიერი ვარ. ცხოვრებაში უამრავი რამ ვნახე, ბევრი გადავიტანე, მაგრამ მთავარია, რომ ჩემი ოჯახი ისევ ჩემთანაა. სწორედ ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება! ფეხბურთი კი კვლავ რჩება უსაყვარლეს საქმედ, რომელიც ჩემ წარმოსახვაში კეთილი მეგობარია, რომელმაც ბევრი რამ მიბოძა.

ლეგენდარული ფეხბურთელის ყველა ჯილდო დღეს ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე, რეალის საკლუბო მუზეუმშია გამოფენილი, მადრიდში, დი სტეფანოს სახლის ეზოში კი ერთადერთი ძეგლი დგას, რომელსაც მხოლოდ ორი სიტყვა ამშვენებს: მადლობა მეგობარო!

ძეგლი ფეხბურთის ბურთია.

ალფრედო დი სტეფანომ სწორედ ასე გადაუხადა მადლობა ფეხბურთს.

ალფრედო დი სტეფანო
დაიბადა 1926 წლის 4 ივლისს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში. გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში
თავდამსხმელი
კლუბები: რივერ პლეიტი (ბუენოს აირესი, არგენტინა; 1944-45), ურაკანი (სანტა ფე, არგენტინა; 1946), რივერ პლეიტი (ბუენოს აირესი, არგენტინა; 1947-49), მილიონარიოსი (ბოგოტა, კოლუმბია; 1949-53), რეალი (მადრიდი, ესპანეთი; 1953-64), ესპანიოლი (ბარსელონა, ესპანეთი; 1964-66), ელჩე (ესპანეთი; 1966-67)
გუნდური ტიტულები: არგენტინის ჩემპიონი – 1945, 1947; კოლუმბიის ჩემპიონი – 1949, 1951, 1952, 1953; ესპანეთის ჩემპიონი – 1954, 1955, 1957, 1958, 1961, 1962, 1963, 1964; კოლუმბიის თასი – 1953; ესპანეთის თასი – 1962; ჩემპიონთა თასი – 1956, 1957, 1958, 1959, 1960; საკონტინენტთაშორისო თასი – 1960; ლათინთა თასი – 1955, 1957; სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი – 1947
ინდივიდუალური ტიტულები: არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1947 (27 გოლი); კოლუმბიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1951 (31), 1952 (19); ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1954 (27), 1956 (24), 1957 (31), 1958 (19), 1959 (23); ჩემპიონთა თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი – 1958 (10); ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელი – 1957, 1959, 1960, 1962, 1964; ესპანეთის საუკეთესო სპორტსმენი – 1957, 1959, 1960; სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 1947; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ფრანს ფუტბოლი, საფრანგეთი) – 1957, 1959
არგენტინის ნაკრებში: 6 მატჩში 6 გოლი (1947)
კოლუმბიის ნაკრებში: 4 მატჩი (1949)
ესპანეთის ნაკრებში: 31 მატჩში 23 გოლი (1956-1963)

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 ივლისი)

ka_GEGeorgian