რეფორმატორი

4 ივნისს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო მოღვაწე, უეფას მეხუთე პრეზიდენტი ლენარტ იოჰანსონი გარდაიცვალა. ის 89 წლის გახლდათ.

„ლენარტ იოჰანსონი შვედეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა და მისი გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია. შვედეთის ფეხბურთი დაობლდა“, – განაცხადა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კარლ-ერიკ ნილსონმა.

შვედმა მაღალჩინოსანმა უეფას პრეზიდენტის თანამდებობამდე მიმავალი ყველა საფეხური გაიარა: იყო მოთამაშე, შემდეგ სტოკჰოლმის აიკ-ის ხელმძღვანელი, 1984 წელს შვედეთის ფეხბურთის ასოციაციის თავკაცად აირჩიეს, 1990 წელს კი, კუნძულ მალტაზე გამართულ კონგრესზე უეფას პრეზიდენტიც გახდა. ამ ორგანიზაციას ის 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა და მორიგ არჩევნებში მიშელ პლატინისთან წაგების შემდეგ თანამდებობა დატოვა.

1998 წელს ლენარტ იოჰანსონი ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატი გახლდათ, თუმცა ზეპ ბლატერთან კონკურენციაში დამარცხდა.

იოჰანსონის გარდაცვალებას ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოც გამოეხმაურა: „მეამაყება, რომ მისი ხელმძღვანელობით მიმუშავია. 2000 წელს, როცა უეფას გუნდს შევუერთდი, ლენარტ იოჰანსონი პრეზიდენტი გახლდათ. ის იყო მისაბაძი ადამიანი, ნამდვილი პროფესიონალი და უბრალოდ სამაგალითო“.

იოჰანსონმა ძალიან რთულ და ამავდროულად, საინტერესო პერიოდში უხელმძღვანელა უეფას. მხოლოდ ის რად ღირს, რომ 1990 წელს, როცა ის ევროპის საფეხბურთო ოჯახის თავკაცად აირჩიეს, უეფა 32 წევრ ქვეყანას ითვლიდა, 2007 წელს კი, როცა დიდმა შვედმა უფლებამოსილება მიშელ პლატინის გადააბარა, მათი რაოდენობა 53 იყო.

90-იანი წლები, მოგეხსენებათ, დიდი პოლიტიკური ცვლილებების ეპოქა გახლდათ. საქართველოც სწორედ მაშინ შეუერთდა უეფას.

ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია პირველი სპორტული ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის იურისდიქციის ქვეშ ყოფნა იუარა და დამოუკიდებელ გზაზე სიარული არჩია. მაშინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ნოდარ ახალკაცის და მისი გუნდის ნაბიჯი დიდი გამოწვევა იყო, ბევრი ამბობდა, რომ ინიციატივა კრახით დასრულდებოდა, მაგრამ 1992 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ წელიწადში საქართველო ფიფამ და უეფამ აღიარა. ქართველები (ისევე, როგორც სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნები) რომ დიდ საერთაშორისო საფეხბურთო ოჯახში ასე მალე მიიღეს, გარკვეულწილად იოჰანსონის პირადი დამსახურებაც გახლდათ.

შვედი ფუნქციონერის მთავარ მიღწევად კი ჩემპიონთა თასის მოდერნიზაცია ითვლება. ჩემპიონთა ლიგის დაარსებით – 1992 წელს – და განვითარებით ევროპული ფეხბურთი კომერციულ რელსებზე შედგა, რამაც მას უდიდესი ავტორიტეტი და ძალაუფლება შესძინა.

2001 წლიდან შვედეთის ჩემპიონს ლენარტ იოჰანსონის სახელობის თასი გადაეცემა.

კაცს, ვინც ყველაზე დიდხანს ხელმძღვანელობდა უეფას, შაბათს დაკრძალავენ. უეფას გადაწყვეტილებით, ერთა ლიგის დღევანდელი და ხვალინდელი ნახევარფინალები ლენარტ იოჰანსონის ხსოვნის უკვდავსაყოფად წუთიერი დუმილით დაიწყება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 ივნისი)

ka_GEGeorgian