რეზო გაბრიაძე – 1936-2021

…გადაუფრინეს ხუხულებს, ბაღნარებს, ძველსა და ახალ მკვდრებს, დაბლებს, მაღლებს, ჩიქოვანების საძვალეს, თამარ მეფის საფლავს, ნაფურნევს, დუშეთს, კულაშის სინაგოგას, დათიას თელას, ქობულეთის ზღვას, მცხეთას, ალავერდს, თათრის შარას, ხატის მიწებს, ნასახლარს, გატეხილ ციხეებს, გელათს, ლეღვნარს, მიტოვებულ საყდრებს, ბოლნისს დიდებულს, დათვის ტანსაბანს, ბოგვერაძეებს, ციციშვილებს, ღულაძეებს, ტიკარიძეებს, დადიანებს, გურიელის საკურდღლეს, შველის ნაწოლს, ონს, ხონს, ობოლ მსხალს, ვარძიას, ვასილას ნალიებს…

გადაუფრინეს მღვდლის ვენახს, ქლიავბარდებს, ანდროებს, პატარა მაღაროს, ტატიას ქოხს, ფაციას კაკალს, ერთი სიტყვით, რასაც ჩვენ საქართველოს ვუწოდებთ.

შემდეგ, როდესაც ყველაფერი მოიფრინეს, ზევით-ზევით იწყეს ასვლა და უცნაური რამ შეამჩნიეს: მაღლები და დაბლები, თაგვისარა და ჭადრები ერთი სიმაღლისა გახდნენ.

ლამაზს და სულელს, ჭკვიანს, მდიდარს, ღარიბს – ვინ გაარჩევდა აქედან რამეს?!

შემდეგ ზღვა, მთა, მდინარე, ვაკე – ყველაფერი ერთ მრგვალ ლურჯ ბურთად გადაიქცა.

ეს ბურთიც რომ დაპატარავდა და სილურჯე რომ დაეკარგა, ერთ პატარა, ბრჭყვიალა თვლად იქცა, უფრო ლამაზ და ბრჭყვიალა თვლებს შორის.

-რა სუფთა იყო ცა უჩვენოდ, რა უმანკო, რა სპეტაკი!.. – მწარედ ჩაილაპარაკა მოხუცმა და დადუმდა მარტოხელა ქვასავით.

ქრისტეფორე აღარ იყო.

გაქრა.

მის მაგიერ მოღუნული სანთელი კანკალებდა ოდნავ ციმციმით უსასრულო ვარსკვლავეთში…

* * *

შერეკილები, ოღონდ მოთხრობა, ასე მთავრდება. ფილმის ბოლო კადრები სხვანაირია – ლამაზი, ეფექტური, მაგრამ მაინც, წიგნამდე ვერ მოვა.

ასეთი დასასრულები, ერთდროულად სუფთა, ლამაზი და ნაღვლიანი კიდე მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ და რეზო გაბრიაძე სწორედ რომ გენიოსი იყო.

განუმეორებელი იუმორით და სევდით წერდა და ქმნიდა იმ პატარა სამყაროებს, რომლებიც ჩემთვის ძალიან ახლობელი და უბრალოდ შეუფასებელია. და რომლებმაც, დაუფარავად ვიტყვი – ბევრი, ძალიან ბევრი შემმატა და უკეთესობისკენ შემცვალა.

ფეოლა, სერენადა, არაჩვეულებრივი გამოფენა, არ დაიდარდო, ქვევრი, მიმინო, პასპორტი, მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი, კოჯრის ტყის სიზმარი, რამონა, ჩემი გაზაფხულის შემოდგომა, სტალინგრადი…

ჩემთვის ეს მოთხრობები, ფილმები, რადიოსპექტაკლები და მარიონეტების თეატრის წარმოდგენები შედევრებია.

შედევრი მგონია მისი ბოლო ფილმიც – „ჰარი-ჰარალე დედაო“, მულტფილმად ქცეული ავტობიოგრაფია, რომელიც ჩემთვის დღეიდან ბატონი რეზოს ნათქვამი „მშვიდობით“ იქნება.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 6 ივნისი)

ka_GEGeorgian