რიო 2016: 10 აგვისტო
რა დროც არ უნდა გავიდეს, რიოს ოლიმპიადაზე საუბრისას ყველაზე სევდიანად, ალბათ, 9 აგვისტოს მოვიგონებთ. გუშინ ჩვენი გუნდის მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი გავიდა ბრაზილიურ ტატამზე. და ისევე, როგორც 4 წლის წინ ლონდონში, კვლავაც უმედლოდ დარჩა. არადა მედალი, მინიმუმ ვერცხლისა, ხელის გაწვდენაზე იყო.
შეუძლებელია ამის გამო გული არ დაგწყდეს. თუნდაც იმიტომ, რომ XXX და XXXI ოლიმპიადებს შორის პერიოდში თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოისტმა ყველაფერი მოიგო, რის მოგებაც შეიძლებოდა. საერთაშორისო ტურნირებზე ბევრს არაფერს ვიტყვი – პარიზის და ტოკიოს გრან სლემებზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებულ დიდ პრიზებზე ის კარგა ხანია დაუმარცხებელია. განვლილ 4 წელიწადში ავთო მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა და ფინალიც იჭიდავა, 3-ჯერ მოიგო ევროპის უძლიერესი ფალავნის წოდება, შარშან ბაქოში გამართულ ევროპის I თამაშებშიც იპირველა, გუნდურ ტურნირებში არაერთი ოქროთი დაიმშვენა მკერდი, 2-ჯერ აღიარეს საქართველოს წლის სპორტსმენად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პირველ ნომრად დაასახელა, ლიდერობდა საერთაშორისო რეიტინგს…
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილს მსოფლიო-ევროპული ოქროსთვის მთავარი ტიტულიც უნდა მიემატებინა, ფავორიტად ითვლებოდა, წილისყრამაც გაუმართლა, მაგრამ…
აი, სწორედ ეს „მაგრამ“ არის ის, რასაც ვერასდროს მოინელებს თვითონ ავთო და ვერც მისი გულშემატკივრები. და ამ „მაგრამს“ კონკრეტული სახელი აქვს – ტრევის სტევენსი.
1/2-ფინალში ქართველი სწორედ ამ ამერიკელი ფალავნის პირისპირ დადგა, ძიუდოისტისა, ვისთანაც ლონდონის ოლიმპიადაზე დამარცხდა და რომელსაც მას შემდეგ ზედიზედ 5-ჯერ სძლია. ნახევარფინალი ავთომ კარგადაც დაიწყო, დაწინაურდა კიდეც, ერთი შეხედვით თავდაჯერებული იბრძოდა, მაგრამ ძიუდოში არათუ წუთი, 5 წამიც ძალიან დიდი დროა. ჰოდა, წამიერი უყურადღებობა და ოცნებაც დასრულდა – ამერიკელმა მტკივნეული ილეთით მოიგო.
ასეთი წაგების შემდეგ დაუმარცხებელი ფალავნებიც ტირიან. ავთოსაც ცრემლი მოერია, ბრინჯაოს მედლისთვის ტატამზე გასულს კი აშკარად ეტყობოდა, რომ ჯერაც ამერიკელთან განცდილ შოკზე ფიქრობდა, კვლავაც იქ იყო, სტევენსის პირისპირ. და ასეთ დროს შენც ხვდები, რომ ის სიტყვაძუნწი ბიჭი, რომელიც წლების მანძილზე აუღელვებლად ამარცხებდა სახელოვან მეტოქეებს და მედალს მედალზე იგებდა, ჩვეულებრივი მოკვდავია ადამიანური სისუსტეებით და პლუსებით.
დრო გავა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, ძიუდოს სპეციალისტები და რაც მთავარია თავად ავთოც კარგად გააანალიზებს მომხდარს. სათანადო ხალხი ცივი გონებით გაიხსენებს წაგებას, მე კი, როგორც ქართული სპორტის და პირდად ავთოს რიგით გულშემატკივარს, გულით მინდა, რომ გუშინდელმა წაგებამ 25 წლის ნიჭიერ ფალავანს მოტივაცია გაუღვივოს და მეტის მისაღწევად განაწყოს. და ვინ იცის, 4 წლის შემდეგ, ძიუდოს სამშობლოში თავის მესამე ოლიმპიადაზე ჩასულს, ეგებ, სანუკვარი ოქროს მოგებაშიც დაეხმაროს. მანამდე კი მოთმინება და შრომაა საჭირო. რა რა და ეს ავთანდილ ჭრიკიშვილს ნამდვილად არ ესწავლება.
სანამ ჩვენი ძიუდოისტებისგან ოქროს ველით, კარიოკა არენა 2-ში შესანიშნავად ასპარეზობს რუსეთის ნაკრები. იტალიელი სპეციალისტის ეძიო გამბას გაწვრთნილი გუნდი მედალს მედალზე აგროვებს და შესაძლოა, ლონდონში ნაჩვენები ფანტასტიკური შედეგიც გაიმეოროს. 4 წლის წინ, გაერთიანებულ სამეფოში გამბას გუნდმა 3 ოქროს მედალი მოიგო, რიო დე ჟანეიროში კი რუს ძიუდოისტთა ნაკრები უკვე 2 ჩემპიონს ითვლის – 6 აგვისტოს ბესლან მუდრანოვმა იპირველა, გუშინ კი ხასან ხალმურზაევმა, ევროპის მოქმედმა და შარშანდელი უნივერსიადის ჩემპიონმა.
ასეთი შედეგების შემდეგ სულაც არაა გასაკვირი, რომ თავის დროზე წარმატებულ იტალიელ ძიუდოკას (გამბა მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია) და უფრო წარმატებულ მწვრთნელს რუსეთში დიდი პატივისცემით ეპყრობიან. ამაზე 3 ფაქტიც მეტყველებს – ეძიო გამბა 2013 წელს პირადად ვლადიმერ პუტინმა დააჯილდოვა მეგობრობის ორდენით, შარშან იტალიელს ქვეყნის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა, წლეულს კი რუსეთის მოქალაქეობაც.
სხვათა შორის, ხასან ხალმურზაევისა და ტრევის სტევენსის გუშინდელი ფინალი ქართველმა ვლადიმერ ნუცუბიძემ იმსაჯა. ნუცუბიძე პირველ საშეჯიბრო დღეს ქალთა ფინალსაც მოემსახურა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის პირველი არბიტრია ძიუდოში, რომელიც ოლიმპიადაზე მსაჯობს. ვერაფერს იტყვი – ეს, პირველ რიგში თავად ნუცუბიძის აღიარება და ზოგადად კი, ქართული სამსაჯო სკოლის ძალიან დიდი წარმატებაა!
ძიუდოზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, მით უმეტეს, რომ დღესაც დიდი ნერვიულობა გველის – ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ლიდერს ვარლამ ლიპარტელიანს ვიხილავთ. ის ასპარეზობას 1/16-ფინალიდან იწყებს. მეტოქე ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიუნია. ლიპარტელიანი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ოქროსმედალოსანია პირადსა და გუნდურში, ასე რომ, მისგანაც მედალს ველით და იმედია მოლოდინი დღეს მაინც გამართლდება.
დღესვე იჭიდავებს ქალთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი (70კგ). პირველ წრეში მისი მეტოქე მონღოლი ნარანჯარგალ ცენდ-აუუშიინია. რა როგორ დასრულდება, რამდენიმე საათში ვნახავთ.
ავთანდილ ჭრიკიშვილს გარდა 9 აგვისტოს რიოში საქართველოს ოლიმპიური გუნდის კიდევ ორი წევრი ვიხილეთ.
მე-8 ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძემ პისტოლეტით (25 მეტრი) გაისროლა და… ნახევარფინალშიც გავიდა! ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს სულ ცოტა დააკლდა ფინალში გასვლამდე – 14 ქულა დააგროვა, ბრინჯაოს მედლისთვის კი კონკურენტებმა 17 ქულით გააგრძელეს ბრძოლა. რაც შეეხება საკვალიფიკაციოს, იქ ნინო 584 ქულით მესამე იყო.
შეჯიბრება ბერძენი ანა კორაკაკის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც XXXI ოლიმპიადაზე მეორე მედალი მოიპოვა – პნევმატურით (10მ) ის მესამე იყო.
რიოს სასროლეთზე დღეს ნინო სალუქვაძის ვაჟს, ცოტნე ვიხილავთ, რომელიც ასევე სპორტული პისტოლეტით იასპარეზებს.
გუშინ დაიწყო და სამწუხაროდ, იქვე დაასრულა პირად პირველობაში ასპარეზობა ჩვენი მშვილდოსნების ლიდერმა ხათუნა ნარიმანიძემ. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 625 ქულით 34-ე ადგილი დაიკავა და 1/32-ფინალში უკრაინელ ლიდია სიჩენიკოვას (31-ე ადგილი საკვალიფიკაციოში) დაუპირისპირდა. მეტოქემ 7:1 მოიგო.
ნარიმანიძის თანაგუნდელები ქრისტინე ესებუა (612 ქულა; 45-ე ადგილი) და იულია ლობჟანიძე (594; 57-ე) 1/32-ფინალში შესაბამისად დეეპიკა კუმარის (ინდოეთი) და ალეხანდრა ვალენსიას (მექსიკა) გაეჯიბრებიან.
დღესვე ვიხილავთ მოფარიკავეთა შორის ჩვენს ერთადერთ იმედს, ასაკობრივებში ევროპის 3-გზის ჩემპიონს სანდრო ბაზაძეს. ხმლით მოფარიკავეთა ტურნირში სანდრო 1/32-ფინალში ბრაზილიელ რენცო აგრესტას შეხვდება.
რაც შეეხება სხვა ოლიმპიურ ამბებს, გუშინ უამრავი საინტერესო რამ მოხდა. თუნდაც ის, რომ 2-2 ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დამყარდა.
სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა დაგეგმილზე ადრე დაასრულა. ოქროს მედლის ნომერ პირველი პრეტენდენტი ერთეულთა შორის არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან დამარცხდა, წყვილთა შორის კი მას და ნენად სიმონიჩს გუშინ ბრაზილიელებმა მარსელო მელუმ და ბრუნო სუარეშმა სძლიეს – 4:6, 4:6. ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ შერეულ წყვილებს შორის ასპარეზობას თავიდანვე არ გეგმავდა, ამიტომ ბრაზილიიდან პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც დიდი სლემის სერიის მეოთხე ტურნირისთვის, ამერიკის ღია პირველობისთვის მოემზადება…
რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ნიდერლანდელი ველომრბოლი ანემიეკ ვან ველტენი. შეგახსენებთ: ორი დღის წინ ის ქალთა ინდივიდუალური საგზატკეცილო რბოლის ლიდერობისას, ფინიშამდე 11 კილომეტრით ადრე, დაღმართზე დიდი სისწრაფით დაშვებისას მოსრიალდა, ველოსიპედს გადაევლო და ბორდიურს დაენარცხა. ნიდერლანდების ველოსპორტის ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით, ვან ველტენს ტვინის უმძიმესი შერყევა დაუდგინდა, ასევე ხერხემლის 3 მალის მოტეხილობა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი გონზეა, დროებით კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება.
ნამიბიის ოლიმპიური გუნდის მედროშე იონას ჯუნიუსი ზუსტად იგივე ბრალდებით მოკვეთეს ოლიმპიური სოფლიდან, როგორც მაროკოელი მოკრივე ჰასან საადა – ნამიბიელმაც სოფლის მომსახურე ერთ-ერთი ქალბატონის გაუპატიურება სცადა. რაც ყველაზე უცნაურია, საადას დარად ჯუნიუსიც მოკრივეა. გამოძიების დასრულებამდე ნამიბიელიც ციხეში იყურყუტებს.
ბრაზილიელ ქალ მორაგბეთა ნაკრების წევრმა ისადორა ჩერულომ ტელეკამერების წინ განაცხადა თანხმობა ქორწინებაზე. მას ხელი მეგობარმა გოგონამ, დეოდოროს სარაგბო არენის მენეჯერმა მერჯორი ენიამ სთხოვა. 25 წლის ჩერულო და 28 წლის ენია რამდენიმე წელიწადია ერთად არიან, ქორწინება კი ოლიმპიადის დაწყების წინ გადაწყვიტეს.
„ვფიქრობ, თანაცხოვრების დასაწყებად ქალ მორაგბეთა ტურნირის ფინალური დღე შესანიშნავი მომენტია“, – განაცხადა მერჯორი ენიამ, რომელმაც გულისსწორს ბეჭედი სპორტსმენების, მაყურებლების და ოფიციალური პირების თანდასწრებით გაუკეთა.
ჩინელმა წყალში მხტომელმა რუოლინ ჩენმა მე-5 ოლიმპიური ოქრო მოიგო! გუშინ მან მეწყვილე უიშია ლიუსთან ერთად 10-მეტრიანი კოშკურიდან სინქრონულ ხტომაში იმარჯვა. საერთოდ, ჩენი საოცარი მეწყვილეა – წყვილებში 3 ოლიმპიური ოქროს გარდა მის აქტივშია 4 ოქრო მსოფლიო ჩემპიონატზე და 5 მსოფლიო თასი! ამავდროულად, პირადში ის 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.
მაგრამ მაიკლ ფელპსამდე ჩენი და კიდევ ათობით ტიტულიანი ოლიმპიონიკები ვერასდროს მიაღწევენ – უბერებელმა ამერიკელმა „ზვიგენმა“ რიოს საწყლოსნო კომპლექსში გუშინ კიდევ 2 ოქროს მედალი მოიგო!
აწ უკვე 21-გზის(!) ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯერ ბატერფლაით 200 მეტრზე ცურვაში აჯობა ყველას, რამდენიმე წუთში კი თანაგუნდელებთან ერთად თავისუფალი სტილით 200-მეტრიანი ესტაფეტა მოიგო!
ფელპსის ზღაპრული რეკორდების შემხედვარე, ძნელია რამე თქვა. მხოლოდ თუ იხუმრებ: ოლიმპიადების ისტორიაში მაიკლი ოქროს მედლებით გუნდურ ჩათვლაში 37-ე ადგილს გაიყოფდა… ეთიოპიასთან ერთად!
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 10 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – www.olympic.org/rio-2016
მედალოსნები: 9 აგვისტო
კაიაკი და კანოე
ვაჟები – კანოე, სლალომი
1.დენის გარგო შანუ (საფრანგეთი) – 94.17წმ
2.მატეი ბენუში (სლოვაკეთი) – 95.02წმ
3.ტაკუია ჰანედა (იაპონია) – 97.44წმ
სპორტული ტანვარჯიში
გოგონები – გუნდური პირველობა
1.აშშ (გებრიელ დუგლასი, სიმონე ბაილსი, ალექსანდრა რაისმანი, ლორი ერნანდესი, მედისონ კოსიენი) – 184.897 ქულა
2.რუსეთი (ალია მუსტაფინა, ანგელინა მელნიკოვა, სედა ტუტხალიანი, მარია პასეკა, დარია სპირიდონოვა) – 176.688 ქულა
3.ჩინეთი (შან ჩუნსონი, ვან იანი, ფან იუილინი, ტან ჟიანშინი, მაო იუი) – 176.003 ქულა
ტყვიის სროლა
გოგონები – პისტოლეტი (25მ)
1.ანა კორაკაკი (საბერძნეთი)
2.მონიკა კარში (გერმანია)
3.ჰაიდი დითელმ გერბერი (შვეიცარია)
*-ნინო სალუქვაძე
584 ქულა საკვალიფიკაციოში, მე-3 შედეგი
14 ქულა ნახევარფინალში, მე-6 ადგილი
ფარიკაობა
ვაჟები – დაშნა
1.პარკ სანგ-იონგი (სამხრეთი კორეა)
2.გეზა იმრე (უნგრეთი)
3.გოტიე გრუმიე (საფრანგეთი)
ცურვა
ვაჟები – ბატერფლაი, 200მ
1.მაიკლ ფელპსი (აშშ) – 1:53.36წთ
2.მასატო საკაი (იაპონია) – 1:53.40წთ
3.ტამაშ კენდერეში (უნგრეთი) – 1:53.62წთ
ვაჟები – თავისუფალი, 4X200
1.აშშ (რაიან ლოხტე, კონორ დუაიერი, თაუნლი ჰაასი, მაიკლ ფელპსი, კლარკ სმიტი, ჯეკ კონგერი, გუნარ ბენცი) – 7:00.66წთ
2.დიდი ბრიტანეთი (სტეფენ მილნი, დანკან სკოტი, დენიელ უოლესი, ჯეიმს გაი, რობი რენვიკი) – 7:03.13წთ
3.იაპონია (კოსუკე ჰაგინო, ნაიტო ეჰარა, იუკი კობორი, ტაკეში მაცუდა) – 7:03.50წთ
გოგონები – თავისუფალი, 200მ
1.კეტი ლედეკი (აშშ) – 1:53.73წთ
2.სარა სიოსტრიომი (შვედეთი) – 1:54.08წთ
3.ემა მაკეონი (ავსტრალია) – 1:54.92წთ
გოგონები – კომპლექსური, 200მ
1.კატინკა ჰოშუ (უნგრეთი) – 2:06.58წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.სიობენ-მერი ო’კონორი (დიდი ბრიტანეთი) – 2:06.88წთ
3.მაია დირადო (აშშ) – 2:08.79წთ
ცხენოსნობა
სამჭიდი
1.მიხაელ იუნგი (გერმანია) – 40.90 საჯარიმო ქულა
2.ასტიერ ნიკოლასი (საფრანგეთი) – 48.00 საჯარიმო ქულა
3.ფილიპ დატონი (აშშ) – 51.80 საჯარიმო ქულა
გუნდური სამჭიდი
1.საფრანგეთი (ასტიერ ნიკოლასი, მატიუ ლემოინი, ტიბო ვალეტე, კარიმ ლაგუაგი) – 169.00 საჯარიმო ქულა
2.გერმანია (ჯულია კრაიევსკი, ინგრიდ კლიმკე, სანდრა აუფარტი, მიხაელ იუნგი) – 172.80 საჯარიმო ქულა
3.ავსტრალია (კრის ბარტონი, სემ გრიფიტსი, სტიუარტ ტინი, შეინ როუზი) – 175.30 საჯარიმო ქულა
ძალოსნობა
ვაჟები – 69კგ
1.ში ჟიონი (ჩინეთი) – 352კგ (162+190)
2.დანიარ ისმაილოვი (თურქეთი) – 351კგ (163+188)
3.ლუის ხავიერ მოსკუერა (რუმინეთი) – 338კგ (155+183)
გოგონები – 63კგ
1.დენ ვეი (ჩინეთი) – 262კგ (115+147 მრ) (მსოფლიო რეკორდი)
2.ჩოე ჰუო სიმი (ჩრდილოეთი კორეა) – 248კგ (105+143)
3.კარინა გორიჩევა (ყაზახეთი) – 243კგ (111+123)
ძიუდო
ვაჟები – 81კგ
1.ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)
2.ტრევის სტევენსი (აშშ)
3.სერგიუ ტომა (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
*-ავთანდილ ჭრიკიშვილი
1/16 – ივან ფელიპე სილვა (კუბა) – მოგება
1/8 – ხუან დიეგო ტურსიოსი (სალვადორი) – მოგება
1/4 – მატეო მარკონჩინი (იტალია) – მოგება
1/2 – ტრევის სტევენსი (აშშ) – მარცხი
III – ტაკანორი ნაგასე (იაპონია) – მარცხი
გოგონები – 63კგ
1.ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)
2.კლარისე აგბენენუ (საფრანგეთი)
3.იარდენ გერბი (ისრაელი) და ანიკა ვან ემდენი (ნიდერლანდები)
წყალში ხტომა
გოგონები – კოშკი (10მ), სინქრონული
1.ჩენ რუოლინი და ლიუ ჰუიშია (ჩინეთი) – 354.00 ქულა
2.ჩეონგ ჯუნ ჰოონგი (მალაიზია) – 344.34 ქულა
3.მეგან ბენფეიტო და როსელინ ფილიონი (კანადა) – 336.18 ქულა