რიო 2016: 11 აგვისტო
ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია! ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა გუშინ ჩვენს ოლიმპიურ გუნდს მეორე მედალი მოუტანა და ამ ვერცხლის წყალობით საქართველო თამაშების საერთო გუნდურ ჩათვლაში 207 ქვეყანას შორის 35-ეა!
მედალოსანთა დაჯილდოებისას, კვარცხლბეკზე, ქართველი ფალავანი თავჩაქინდრული იდგა და გულშემატკივრებს ერთადერთხელ ამოგვხედა, ისიც რამდენიმე წამით. მისი ცრემლები და გულისტკივილი სავსებით გასაგებია. როცა ოლიმპიურ ოქროსთან ძალიან ახლოს ხარ და სანატრელ ჯილდოს მაინც ვერ მისწვდები, რა გასაკვირია რომ გაბრაზდე, გული დაგწყდეს და ცრემლი მოგერიოს?!
კაპიტნის ასპარეზობიდან ჯერ ერთი დღეც არ გასულა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა მისი ჭიდაობის დეტალური გარჩევის და ანალიზის დრო არაა. საამისოდ საქართველოს ნაკრების მესვეურები აუცილებლად მოიცლიან, ჩემზე გაცილებით კომპეტენტური ხალხიც ისაუბრებს, ამ წუთას კი იმას ვიტყვი, რასაც ცხელი გული და გონება მკარნახობს – ლიპარტელიანის ვერცხლი დიახაც რომ წარმატება იყო!
იაპონელ მაშუ ბეიკერთან იუკოთი წაგებული ფინალიდან ერთ საათში ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე აკრედიტებულ ქართველ ჟურნალისტს ოთარ მაღლაკელიძეს უთხრა: „ძალიან მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა… ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევად ყველაფერი გავიღე. ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი“.
მესმის, რომ დღეს ნაკრების კაპიტანი გულგატეხილია. ისიც ვიცი, რომ კიდევ დიდხანს ინანებს იმ ილეთზე, რომელმაც სანატრელი ჯილდო დააკარგვინა, ბევრჯერ გაიხსენებს ფინალურ პაექრობას, მაგრამ მაინც: დარწმუნებული ვარ ნელ-ნელა მოინელებს წაგებას, ცოტა ხანში კვლავ ძველებური შემართებით გავა ტატამზე და არაერთი პრესტიჟული ტურნირის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოქროს მედლით მდგარი ამაყად ახედავს მისი გამარჯვების პატივსაცემად აფრიალებულ საქართველოს სახელმწიფო დროშას.
დრო ყველაფრის მკურნალია და ის, რაც დღეს ლიპარტელიანს წაგებად უჩანს, მალე გამარჯვებად გარდაესახება. ამაში დარწმუნებული ვარ! ოლიმპიური მედალი, რა სინჯისაც უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი: გამარჯვებაა და სხვა არაფერი! ოლიმპიადაზე 12 ათასამდე სპორტსმენი ასპარეზობს, მედალს კი ათასამდე მათგანი ეუფლება. ვერცხლს – კიდევ უფრო ნაკლები. ამიტომ: ოლიმპიური ვერცხლი სხვა სიმაღლეა და გაცვეთილი ფრაზა რომ მოვიშველიო, ის მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
ვარლამ ლიპარტელიანსაც სწორედ ამიტომ ვთვლი სხვათაგან გამორჩეულ, სულ სხვა სიმაღლეზე მდგარ ძიუდოკად. 27 წლის ასაკში მან შეძლო და ყველა უდიდესი ტურნირის მედალი მოიპოვა: ევროჩემპიონატებზე, პირადსა თუ გუნდურში მის ოქრო-ვერცხლს თვლა არ აქვს; არის მსოფლიო პირველობის რამდენიმეგზის პრიზიორი, გუშინ კი ოლიმპიური მედლითაც „შეივერცხლა“. გულზე ხელი დავიდოთ და ალალად ვთქვათ: განა ბევრ 27 წლის სპორტსმენს იცნობთ, ამ ასაკში ევროპა-მსოფლიო-ოლიმპიადაზე მოგებული 20-მდე მედლით რომ გაგვახარა?
ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ლიპარტელიანი გუშინ ერთადერთი ევროპელი ფალავანი იყო, რომელმაც აზიელთა ძლევამოსილი სვლა შეაჩერა. კვარცხლბეკი გაიხსენეთ: იაპონელი მაშუ ბეიკერი, სამხრეთკორეელი გვაკ დონგ-ჰანი, ჩინელი შუნჟაო ჩენი და… საქართველოს ნაკრების კაპიტანი!
და როგორ მივიდა ლიპარტელიანი ფინალამდე? 1/16-ფინალში ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიუნი შებოჭა, 1/8-ფინალში ნაურუელ ოვინი უერასაც იგივე დღე აყარა, 1/4-ფინალში კი მონღოლ ლხაგვასიურენგიინ ოტგონბაატარს გაფრთხილებით აჯობა.
რაც შეეხება ნახევარფინალურ პაექრობას მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სამხრეთ კორეელ გვაკ დონგ-ჰან თან, მე თუ მკითხავთ იქ ქართველი სრულყოფილ, უნაკლო ფალავნად წარმოჩინდა: ორი ეფექტური გდება, ორი ვაზა-არი და იპონი!
„ემოციური ფინალი იყო და ყველამ ვნახეთ როგორ განიცადა ვარლამმა მომხდარი. თუმცა, ის ახალგაზრდა კაცია და დარწმუნებული ვარ დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ ელის. რაც შეეხება ვერცხლის მედალს, ეს წარმატებაა! მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა ინატრებდა ოლიმპიადის ვერცხლს, ამიტომ ვთვლი, რომ ლიპარტელიანის მიღწევა დიდი გამარჯვებაა! ჩვენ უკვე ორი სინჯის მედალი გვაქვს და ვთვლი, რომ წინა ოლიმპიადასთან შედარებით ძიუდოს ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა. რაც შეეხება ოქროს, ვიმედოვნებ ძიუდოისტები უმაღლესი სინჯის მედლითაც გაგვახარებენ. აქვე მსურს ჩვენს დარჩენილ ორ ფალავანს, ბექა ღვინიაშვილს და ადამ ოქრუაშვილს წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რომელიც ლიპარტელიანს სხვებთან ერთად გულშემატკივრობდა.
ლიპარტელიანის გარდა გუშინ ქალებში ჩვენმა ერთადერთმა წარმომადგენელმა ესტერ სტამმაც იჭიდავა. ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტი ოლიმპიადას II წრეში, კანადელ კელიტა ზუპანჩიჩთან მარცხით დაემშვიდობა.
ამირან პაპინაშვილის, ვაჟა მარგველაშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ავთანდილ ჭრიკიშვილის და ვარლამ ლიპარტელიანის შემდეგ ოლიმპიურ ტატამზე დღეს ბექა ღვინიაშვილს ვიხილავთ. ის 100კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
ახალგაზრდებში ყველაფრის მომგები ბექა 1/16-ფინალში ბრიტანელ ბენჯამინ ფლეტჩერს დაეჭიდება. მიუხედავად იმისა, რომ ის მისთვის უჩვეულო წონაში ასპარეზობს, წლეულს უკვე არაერთხელ გაგვახარა: მარტის დასაწყისში, პერუში, პანამერიკის ღია პირველობა მოიგო, ერთ კვირაში კი არგენტინაში პანამერიკის ღია კონტინენტურ თასზე იპირველა. აპრილში თურქეთში გრან პრიზე იმარჯვა, მაისში კი აზერბაიჯანში გამართულ გრან სლემზე დაიკავა I ადგილი. მარტის მიწურულს, თბილისის გრან პრიზე, მას ძალიან ცოტა დააკლდა ტრიუმფამდე – III იყო. ერთი სიტყვით, ბექას დიდი იმედით ველით.
10 აგვისტოს საქართველოს ოლიმპიური გუნდის კიდევ 4 წევრი ვიხილეთ: მშვილდოსნები იულია ლობჟანიძე და ქრისტინე ესებუა, ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი და მოფარიკავე სანდრო ბაზაძე. მათგანი საწყისი ეტაპის დაძლევა მხოლოდ ბაზაძემ შეძლო.
1/32-ფინალში ქართველი „მუშკეტერის“ მეტოქე ბრაზილიელი რენცო აგრესტა გახლდათ. სანდრომ იოლად – 15:3 მოიგო. 1/16-ფინალში ის კორეელ იუნგ-ხვან კიმს დაუპირისპირდა, გუნდურში ლონდონის ოლიმპიადის ოქროსმედალოსანს. აზიის შარშანდელმა ჩემპიონმა დაძაბულ ბრძოლაში ერთი ჩხვლეტით – 15:14 გაიმარჯვა…
ცოტნე მაჭავარიანმა ამჯერად სპორტული პისტოლეტით (50მ) გაისროლა და უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე პნევმატურით – 552 ქულა და მე-15 ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპზე. ფინალში გასულ მერვეადგილოსანს მაჭავარიანი 4 ქულით ჩამორჩა.
ოქროს მედალი ამ დისციპლინის აღიარებულმა ლიდერმა, 36 წლის სამხრეთ კორეელმა ჯინ იონგ-ომ მოიგო – პეკინში და ლონდონში მოპოვებული ოლიმპიური ოქროები გაასამა! კორეელი მეოთხედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ლონდონში პნევმატური პისტოლეტითაც ოქრო მოიგო!
ჩვენმა მშვილდოსნებმა შედარებით გვიან გაისროლეს. სამბადრომოზე პირველად იულია ლობჟანიძე ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ ორი სეტის შემდეგ იულია ალეხანდრა ვალენსიას 4:0-ს უგებდა, საბოლოოდ მაინც მექსიკელმა გაიმარჯვა – 6:4.
რაც შეეხება ქრისტინე ესებუას, ის ინდოელ დეეპიკა კუმარის ლიპარტელიანის ფინალამდე რამდენიმე წუთით ადრე გაეჯიბრა – 4:6 მეტოქის სასარგებლოდ. 6 სეტიდან 2 ინდოელმა მოიგო, ერთი ქართველმა, 2 კი, მათ შორის ბოლო, ფრედ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტინემ 3 სეტში შესანიშნავად ისროლა – 29 ქულა დააგროვა, მაინც მეტოქემ იძალა.
ქართველი ტყვიის მსროლელებისთვის, მოფარიკავეებისთვის და მშვილდოსნებისთვის რიოს ოლიმპიადა 10 აგვისტოს დასრულდა.
სხვა მხრივ, XXXI ოლიმპიადა გრძელდება და თან, ძალიან საინტერესოდ: მაგალითად, ტყვიის სროლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ დისციპლინაში – ორმაგი სანგარი, ოლიმპიური ოქრო ქუვეითელმა ფეჰაიდ ალ დეეჰანიმ მოიგო და დამოუკიდებელ სპორტსმენთა გუნდის სახელით მოასპარეზე პირველი ჩემპიონი გახდა! შეგახსენებთ: საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ქუვეითის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ხელისუფლების მხრიდან მის საქმიანობაში უხეში ჩარევისთვის მოკვეთა.
იაპონელი ტანმოვარჯიშე კოჰეი უჩიმურა რიოს ოლიმპიადის 2-გზის ჩემპიონია! ორი დღით ადრე გუნდთან ერთად მრავალჭიდში მოგებულ ოქროს მან პირად პირველობაში ჩემპიონობაც დაურთო. იაპონელი ამ დისციპლინაში ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული გახლდათ, წუხანდელი ტრიუმფით კი პირველი ტანმოვარჯიშე შეიქნა ბოლო 44 წელიწადში, რომელმაც ოლიმპიური ტიტული დაიცვა!
წყალში მხტომელთა ტურნირზე სენსაცია მოახდინეს ჯეკ ლაუგერმა და ქრის მეარსმა, რომლებმაც 3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში იმარჯვეს. მათ ჩინელების ჰეგემონია დაარღვიეს და ამავდროულად, სპორტის ამ სახეობის პირველი ბრიტანელი ოქროსმედალოსნები გახდნენ!
ბოლოს კი ველომრბოლებზე ვთქვათ, რომლებმაც გუშინ მედლების კომპლექტი დროზე რბოლაში გაითამაშეს. ვაჟთა შორის შვეიცარიელმა ფაბიან კანჩელარამ იპირველა, რომელმაც ამ დისციპლინაში ოლიმპიური ოქრო პირველად 2008 წელს, პეკინში მოიგო.
ქალთა შორის კი კვლავ შეუდარებელი იყო ამერიკელი კრისტინ არმსტრონგი. კვლავ-თქო, იმიტომ ვამბობ, რომ ის დროზე რბოლაში პეკინის და ლონდონის ოლიმპიადების ჩემპიონიც გახლავთ. სხვათა შორის, კრისტინი, რომელსაც ხშირად შეცდომით ავადსახსენებელი ლენს არმსტრონგის მეუღლედ მოიხსენიებენ, ველოსპორტის ამ სახეობის უხუცესი ოლიმპიური ჩემპიონია – ტრიუმფის მეორე დილით, ანუ დღეს, 11 აგვისტოს… 43 წლის გახდა!
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 11 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – www.olympic.org/rio-2016
მედალოსნები: 10 აგვისტო
ველოსპორტი
ვაჟები – ინდივიდუალური რბოლა დროზე (54,5კმ)
1.ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია) – 1:12:15.42სთ
2.ტომ დუმილინი (ნიდერლანდები) – 1:13:02.83სთ
3.კრის ფრუმი (დიდი ბრიტანეთი) – 1:13:17.54სთ
გოგონები – ინდივიდუალური რბოლა დროზე (29,8კმ)
1.კრისტინ არმსტრონგი (აშშ) – 44:26.42წთ
2.ოლგა ზაბელინსკაია (რუსეთი) – 44:31.97წთ
2.ანა ვან დერ ბრეგენი (ნიდერლანდები) – 44:37.80წთ
კაიაკი და კანოე
ვაჟები – კაიაკი, სლალომი
1.ჯო კლარკი (დიდი ბრიტანეთი) – 88.53წმ
2.პეტერ კაუზერი (სლოვენია) – 88.70წმ
3.ირი პრსკავეცი (ჩეხეთი) – 88.99წმ
მაგიდის ჩოგბურთი
გოგონები
1.დინ ნინი (ჩინეთი)
2.ლი შიაოშია (ჩინეთი)
3.კიმ სონგ-ი (ჩრდილოეთი კორეა)
ნიჩბოსნობა
ვაჟები – ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი
1.კარლ შულცე, ფილიპ ვენდე, ლორიც შოოფი, ჰანს გრიუნე (გერმანია) – 6:06.81წთ
2.კარსტენ ფორსტერლინგი, ალექსანდერ ბელონოგოფი, კამერონ გირდლსტოუნი, ჯეიმს მაკრეი (ავსტრალია) – 6:07.96წთ
3.ანდრეი იამსა, ალარ რაია, ტონუ ენდრეკსონი, კასპარ ტაიმსოო (ესტონეთი) – 6:10.65წთ
გოგონები – ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი
1.ანეკატრინ თილე, კარინა ბარი, იულია ლიერი, ლიზა შმიდლა (გერმანია) – 6:49.39წთ
2.შანტალ ახტერბერგი, ნიკოლ ბოკერსი, ინგე იანსენი, კარლინ ბოუ (ნიდერლანდები) – 6:50.33წთ
3.მარია სპრინგვალდი, იოანა ლეშჩინსკა, ანგეშკა კობუსი, მონიკა სიასიუჩი (პოლონეთი) – 6:50.86წთ
სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები – მრავალჭიდი
1.კოჰეი უჩიმურა (იაპონია) – 92.365 ქულა
2.ოლეგ ვერნიაევი (უკრაინა) – 92.266 ქულა
3.მაქს უაითლოკი (დიდი ბრიტანეთი) – 90.641 ქულა
ტყვიის სროლა
ვაჟები – პისტოლეტი (50მ)
1.ჯინ იონგ-ო (სამხრეთი კორეა) – 193,7 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.ჰოან შუან ვინი (ვიეტნამი) – 191,3 ქულა
3.კიმ სონგ-გუკი (ჩრდილოეთი კორეა) – 172,8 ქულა
*-ცოტნე მაჭავარიანი
552 ქულა საკვალიფიკაციოში, მე-15 ადგილი; ფინალში ვერ მოხვდა
ვაჟები – ორმაგი სანგარი
1.ფეჰაიდ ალ დეეჰანი (დამოუკიდებელი ოლიმპიელი)
2.მარკო ინოჩენტი (იტალია)
3.სტივენ სკოტი (დიდი ბრიტანეთი)
ფარიკაობა
ვაჟები – ხმალი
1.არონ შილადი (უნგრეთი)
2.დერილ ჰომერი (აშშ)
3.კიმ იუნგ-ჰვანი (სამხრეთი კორეა)
*-სანდრო ბაზაძე – მე-13 ადგილი
1/32 – რენცო აგრესტა (ბრაზილია) – 15:11
1/16 – კიმ იუნგ-ჰვანი (სამხრეთი კორეა) – 14:15
გოგონები – რაპირა
1.ინა დერიგლაზოვა (რუსეთი)
2.ელიზა დი ფრანჩისკა (იტალია)
3.ინეზ ბუბაქრი (ტუნისი)
ცურვა
ვაჟები – თავისუფალი, 100მ
1.კაილ ჩელმერსი (ავსტრალია) – 47.58წმ
2.პიტერ ტიმერსი (ბელგია) – 47.80წმ
3.ნათან ედრიენი (აშშ) – 47.85წმ
ვაჟები – ბრასი, 200მ
1.დმიტრი ბალანდინი (ყაზახეთი) – 2:07.46წთ
2.ჯოშ პრენოტი (აშშ) – 2:07.53წთ
3.ანტონ ჩუპკოვი (რუსეთი) – 2:07.70წთ
გოგონები – ბატერფლაი, 200მ
1.მირეია ბელმონტე გარსია (ესპანეთი) – 2:04.85წთ
2.მადელინ გრუვსი (ავსტრალია) – 2:04.88წთ
3.ნაცუმი ჰოში (იაპონია) – 2:05.20წთ
გოგონები – თავისუფალი, 4X200
1.აშშ (ლეა სმითი, მაია დირადო, კეტი ლედეკი, ელისონ შმიტი, მისი ფრანკლინი, მელანი მარგალისი, სიერა რანგჯი) – 7:43.03წთ
2.ავსტრალია (ლეა ნილი, ემა მაკეონი, ბრონტე ბერეტი, ტემსინ კუკი, ჯესიკა ეშვუდი) – 7:44.87წთ
3.კანადა (კეტრინ სავარდი, ტეილორ რაკი, ბრიტანი მაკლინი, პენი ოლეკსიაკი, ემილი ოვერჰოლტი, კენედი გოსი) – 7:45.39წთ
ძალოსნობა
ვაჟები – 77კგ
1.ნიჯატ რაჰიმოვი (ყაზახეთი) – 379კგ (165+214 მრ)
2.ლუ შიაოჟუნი (ჩინეთი) – 379კგ (177 მრ +202)
3.მოჰამედ მაჰმუდი (ეგვიპტე) – 361კგ (165+196)
გოგონები – 69კგ
1.შიან იანმეი (ჩინეთი) – 261კგ (116+145)
2.ჟაზირა ჟაპარკული (ყაზახეთი) – 259კგ (115+144)
3.სარა აჰმედი (ეგვიპტე) – 255კგ (112+143)
ძიუდო
ვაჟები – 90კგ
1.მაშუ ბეიკერი (იაპონია)
2.ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
3.გვაკ დონგ-ჰანი (სამხრეთი კორეა) და ჩენ შუნჟაო (ჩინეთი)
*-ვარლამ ლიპარტელიანი
1/16 – კომრონშოხ უსტოპირიუნი (ტაჯიკეთი) – მოგება
1/8 – ოვინი უერა (ნაურუ) – მოგება
1/4 – ლხაგვასურენგიინ ოტგონბაატარი (მონღოლეთი) – მოგება
1/2 – გვაკ დონგ-ჰანი (სამხრეთი კორეა) – მოგება
ფ – მაშუ ბეიკერი (იაპონია) – მარცხი
გოგონები – 70კგ
1.ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია)
2.იური ალვეარი (კოლუმბია)
3.სალი კონვეი (დიდი ბრიტანეთი) და ლაურა ვარგას კოხი (გერმანია)
*-ესტერ სტამი
1/16 – ცენდ-აუუშიინ ნარანჯარგალი (მონღოლეთი) – მოგება
1/8 – კელიტა ზუპანჩიჩი (კანადა) – მარცხი
წყალში ხტომა
ვაჟები – ტრამპლინი (3მ), სინქრონული
1.ქრის მეარსი და ჯეკ ლოგერი (დიდი ბრიტანეთი) – 454.32 ქულა
2.სემ დორმენი და მაიკლ ჰიქსონი (აშშ) – 450.21 ქულა
3.ჩაო იუანი და ქინ კაი (ჩინეთი) – 443.70 ქულა