რიო 2016: 13 აგვისტო

ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ XXXI ოლიმპიადა VII ადგილზე დაასრულა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში 51.010 ქულა დაიმსახურა და ოთხი წლის წინ, ლონდონში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. გოლოვინასთვის საუკეთესო კი სადებიუტო ოლიმპიადა იყო პეკინში, 2008 წელს, სადაც ის VI ადგილზე გავიდა.

გოგონათა პირველობაში 16 სპორტსმენი მონაწილეობდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუბამ 98.285 ქულით VIII ადგილი დაიკავა და ფინალისტთა შორის უკანასკნელი შევიდა, შესაბამისად, ფინალში პირველმა იასპარეზა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან მძიმე ტრავმა სრულად ვერ მოიშუშა (ფინალშიეს იგრძნობოდა კიდეც), VII ადგილი დამაკმაყოფილებელ შედეგად უნდა ჩაითვალოს.

რიოს ოლიმპიური ოქრო კი კვლავ კანადელმა როზანა მაკლენენმა მოიგო 56.465 ქულით. კვლავ იმიტომ, რომ ის ლონდონშიც ჩემპიონი გახდა. XXX ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ჩინელი ჰე ვენა ამჯერად მე-4 იყო – ვერცხლის მედალოსან ბრაიონი პეიჯს (დიდი ბრიტანეთი) და თანამემამულე დან ლის ჩამორჩა.

ეს ახლა ითვლება, რომ საქართველო მხოლოდ საფეხბურთო ქვეყანაა, თორემ ახლო წარსულში ჩვენში არაერთი სპორტის სახეობა იყო პოპულარული და წარმატებული. თუნდაც იგივე ბატუტზე ხტომა, სადაც ქართველი გოგონები დიდი წარმატებით ასპარეზობდნენ. სპორტის ამ სახეობის პიკად გასული საუკუნის 80-90-იანი წლების შესაყარი უნდა მივიჩნიოთ, როცა მსოფლიო არენებზე რუსუდან ხოფერია ბრწყინავდა, რომლის გზა მოგვიანებით ანა დოღონაძემ გააგრძელა. ამ უკანასკნელმა წლების შემდეგ გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და  2004 წელს ათენის ოლიმპიადაც მოიგო.

რუსუდან ხოფერია, ვინც დღესდღეობით ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური მდივანია, განსაკუთრებით წარმატებული გახლდათ: 3-ჯერ იმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატში, 4-ჯერ – ევროპირველობაზე, 2-ჯერ დაეუფლა მსოფლიო თასს, 17 წლის განმავლობაში კი ვარჯიშის სირთულის მსოფლიო რეკორდი ეკუთვნოდა – 1987-2004 წლებში!

ბატუტზე მხტომელთა წარმატებული ისტორია ერთადერთი მიზნით ვახსენე. სათანადო მიდგომის და პირობების შემთხვევაში სპორტის ეს სახეობა ნელ-ნელა დაიბრუნებს წარმატებას. მით უმეტეს, რომ მას არც გულშემატკივარი აკლია და არც ნიჭიერი სპორტსმენები. და არა მარტო ბატუტზე ხტომა. ტყვიის მსროლელი დედა-შვილის, ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის ოლიმპიური გამოსვლა გავიხსენოთ – პისტოლეტიდან მათ უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე პნევმატურით, არადა, პისტოლეტით ვარჯიშისთვის საქართველოში პირობები არაა. და მშვილდოსნები? მშვენიერი სახეობაა, სადაც ქალები წლეულს ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ვაჟებს კი რიოს ოლიმპიურ ლიცენზიამდე სულ ცოტა დააკლდათ…

გუშინ ოლიმპიადა დაასრულეს ძიუდოისტებმა. ირაკლი უზნაძის გუნდის უკანასკნელი წარმომადგენელი ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) პირველივე წრეში დამარცხდა იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან.

რიოში ვაჟთა ნაკრების წევრებიდან (ვაჟა მარგველაშვილის გარდა) ყველა ქართველი დაეჭიდა იაპონელს და მათგან მხოლოდ ამირან პაპინაშვილმა (60კგ) გაიმარჯვა, როცა 1/4-ფინალში ნაოჰისა ტაკატოს სძლია. სხვები დამარცხდნენ.

ვერცხლი – ვარლამ ლიპარტელიანი და ბრინჯაო – ლაშა შავდათუაშვილი. ასეთია ქართველ ძიუდოისტთა ნაკრების ოლიმპიური ნადავლი. 2000 წლის სინდეის ოლიმპიადის შემდეგ პირველად, ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს მედალი ვერ მოიგეს. შეგახსენებთ: 2004 წელს, ათენში ზურაბ ზვიადაური საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა; 2008 წელს პეკინში ირაკლი ცირეკიძემ მოიგო ოქრო, 2012 წელს კი ლაშა შავდათუაშვილმა.

ლონდონის ოლიმპიადისგან განსხვავებით, ძიუდოისტებმა 2 მედალი მოიგეს. იყო თუ არა ჩვენი ფალავნების ბრაზილიური გამოსვლა კარგი და მისაღები, ამას ქართული სპორტის მესვეურები გაარკვევენ, მე კი იმას გეტყვით, რაც არაერთი გულშემატკივრისგან მსმენია – ძიუდოისტებისგან ყველა ოქროს ელოდა და მეტ მედალსაც. აქედან დასკვნაც – გუნდმა ქომაგთა მოლოდინი ვერ გაამართლა.

ვაჟ ძიუდოისტთა ბოლო ოლიმპიური ოქრო კი – ახლა უკვე თამამად ვთქვათ – ლეგენდარულმა ფრანგმა გოლიათმა ტედი რინერმა მოიგო, რომელმაც ფინალში ოქრუაშვილის მძლეველი ჰარასავა დაამარცხა.

ფრანგი მეორე ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა – ის ლონდონშიც ჩემპიონი გახდა. რინერი მხოლოდ და მხოლოდ მესამეა, რომელმაც ამ წონაში ზედიზედ მოიგო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. 1984 (ლოს ანჯელესი) და 1988 (სეული) წლებში ეს იაპონელმა ჰიტოში საიტომ შეძლო, 1996 (ატლანტა) და 2000 (სიდნეი) წლებში კი ფრანგმა დავიდ დუიემ.

„კიდევ ერთო ოქროს მედალი მოვიგე და ამიტომ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღეა! ყოველი ახალი შეჯიბრი საინტერესო გამოწვევაა და მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირი ტრიუმფით დავასრულე. ოლიმპიადის წინ ტრავმირებული ვიყავი და ამდენად, ეს გამარჯვება ორმაგად ფასეულია. როგორც ჩანს, რიო დე ჟანეირო ჩემთვის ბედნიერი ქალაქია – მსოფლიო ჩემპიონატი პირველად აქ მოვიგე, 9 წლის შემდეგ კი ოლიმპიადაც! მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა“! – განაცხადა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელიც ამ წონაში აგერ უკვე 8 წელიწადია დაუმარცხებელია. ბოლოს რინერს 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადის 1/4-ფინალში აჯობეს. ეს უზბეკმა აბდულო ტანგრიევმა შეძლო. მას შემდეგ ფრანგმა 4-ჯერ ევროპის პირველობა მოიგო, 6-ჯერ კი მსოფლიო ჩემპიონატი!

ფრანგმა ქომაგებმა ტედი რინერის ტრიუმფამდეც გაიხარეს – ქალ მძიმეწონოსანთა ოქროც მათმა ფავორიტმა, ემილ ანდეოლმა მოიგო! რაც შეეხება ძიუდოს სამშობლო იაპონიას, ამ ქვეყნის გუნდმა ლონდონური ჩავარდნის შემდეგ სრული რეაბილიტაცია მოახდინა – რიოში იაპონელი ვაჟები და ქალები 11 მედალს დაეუფლნენ, ასე წარმატებით კი ოლიმპიადაზე მანამდე არცერთი ქვეყნის გუნდს უასპარეზია.

სპორტის სხვა სახეობებზეც ვთქვათ. ჩოგბურთში მეორე ოლიმპიური ოქრო მოიგო მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა. 2008 წელს, პეკინში, ის ერთეულთა შორის გახდა ჩემპიონი, გუშინ კი ვაჟთა წყვილების ტურნირი მოიგო მარკ ლოპესთან ერთად.

ესპანელებმა ფინალში რუმინეთის წარმომადგენლები ფლორინ მერგეა და ორია ტეკაუ დაამარცხეს – 6:2, 3:6, 6:4. მესამე, გადამწყვეტ სეტში რუმინელები ბრეიკ-პოინტით დაწინაურდნენ, მაგრამ ნადალი-ლოპესის წყვილმა ბოლომდე იბრძოლა, დაკარგული დაიბრუნა და ოქროც მოიგო!

ნადალი კიდევ ერთი ოქროსთვის იბრძვის – ის ერთეულთა ტურნირის ნახევარფინალშია, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩის მძლეველ არგენტინელს, ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება. მეორე ფინალისტს ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონის ენდი მარის და კეი ნიშიკორის დაპირისპირება გამოავლენს.

ტყვიის სროლაში, კონკრეტულად კი მრგვალ სტენდზე სროლაში, ამერიკელმა კიმ როდიმ ოლიმპიური რეკორდი დაამყარა, მიუხედავად იმისა, რომ ბრინჯაოს დაეუფლა. საქმე ისაა, რომ 37 წლის ქალბატონი პირველია, რომელმაც ექვს ოლიმპიადაზე მოიპოვა მედალი! დაუჯერებელია, მაგრამ ოლიმპიური ისტორია ზუსტად ამას გვეუბნება!

პირველი 3 მედალი (ოქრო 1996 და 2004 წლებში, ბრინჯაო 2000 წელს) როდიმ იმ დისციპლინაში მოიგო, რომელიც დღეს ოლიმპიადის პროგრამაში აღარაა – ორმაგ სანგარს ვგულისხმობ. მომდევნო 3 მრგვალ სტენდზე სროლაში: ვერცხლი 2008 წელს, ოქრო 2012-ში და ბრინჯაო გუშინ, რიოში.

„ათენის ოლიმპიადის შემდეგ ორმაგი სანგარი ოლიმპიური პროგრამიდან ამოიღეს. ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს სპორტი, რომ დისციპლინის შეცვლა გადავწყვიტე. 6 მედალი დაუჯერებელია, ხადახან მეც ვფიქრობ, რომ ეს სიზმარია, მაგრამ იცით, ტყვიის სროლა ყოველთვის მიყვარდა და შესაძლოა, ასეთ წარმატებას ამიტომაც მივაღწიე“, – განაცხადა 6 ოლიმპიადის ერთადერთმა მედალოსანმა ქალმა.

როდის დარად გუშინ მე-6 ოლიმპიური მედალი მოიგო კეტი ლედეკიმაც. ამერიკელ მოცურავეს საამისოდ 2 ოლიმპიადა „დასჭირდა“. გუშინ ის რიოში მეოთხედ გახდა ჩემპიონი – თავისუფალი სტილით 800 მეტრზე გაცურვა მსოფლიო რეკორდით მოიგო! ეს ლედეკისთვის ბრაზილიაში მოგებული მე-5 მედალია.

მე-5 მედალი მოიგო რიო 2016-ზე მაიკლ ფელპსმაც, თუმცა ამჯერად ვერცხლი – ბატერფლაით 100 მეტრზე ცურვაში სინგაპურელ ჯოზეფ შოოლინს ჩამორჩა. შოოლინმა ოქრო ოლიმპიური რეკორდით მოიგო, თუმცა ეს გაცურვა კიდევ ერთი ფაქტის გამოა აღსანიშნავი – ვერცხლის მედალი ერთბაშად სამმა მოცურავემ მიიღო: ფელპსმა, სამხრეთაფრიკელმა ჩად ლე კლოსმა და უნგრელმა ლასლო ჩეხმა.

რიოს ოლიმპიური დღიურების დღევანდელ თავს, ასე ვთქვათ, ოფიციალური ინფორმაციით დავასრულებ: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბრაზილიელ კოლეგას, ლეონარდო პისიანის შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის, ოლიმპიადაზე მივლინებული გიორგი ჭანიშვილის ინფორმაციით, მინისტრების შეხვედრა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ ბულვარში მდებარე ბრაზილიურ სახლში გაიმართა.

მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა შეხვედრის მიწურულს განაცხადა: ბრაზილიას უმაღლესი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზების შემდეგ, ქვეყანა ამჯერად ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ცოდნის გაზიარება, რაც ბრაზილიას დაუგროვდა სპორტული ღონისძიებების განხორციელების კუთხით, მით უმეტეს, რომ საქართველომ 2017 წელს არაერთ საერთაშორისო სპორტულ ტურნირს უნდა უმასპინძლოს. ბრაზილიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს საუბარი იყო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე, ასევე ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების ორგანიზებაზე. ბრაზილიის სპორტის მინისტრის საქართველოში საპასუხო ვიზიტისას, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს, რომელიც ქვეყნებს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროს და ეფექტურს გახდის“.

სადღეისოდ სულ ეს იყო. გუშინ ოლიმპიადაზე მძლეოსნებიც გამოჩნდნენ, თუმცა მათ შესახებ მომდევნო წერილებში.

საუკეთესო სურვილებით, ხვალამდე!


ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 13 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი www.olympic.org/rio-2016

მედალოსნები: 12 აგვისტო
ბატუტზე ხტომა
გოგონები
1.როზანა მაკლენენი (კანადა) – 56.465 ქულა
2.ბრაიონი პეიჯი (დიდი ბრიტანეთი) – 56.040 ქულა
3.ლი დანი (ჩინეთი) – 55.885 ქულა
*-ლუბა გოლოვინა
98.285 ქულა საკვალიფიკაციოში, მე-8 ადგილი
51.010 ქულა ფინალში, მე-7 ადგილი

ველოსპორტი
ვაჟები – გუნდური გამოდევნებით
1.დიდი ბრიტანეთი
(ედ კლენსი, ოვეინ დული, სტივენ ბარკი, ბრედლი უიგინსი) – 3:50.265წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.ავსტრალია
(ჯეკ ბობრიჯი, ალექსანდერ ედმონდსონი, სემ უელსფორდი, მაიკლ ჰეპბერნი) – 3:51.008წთ
3.დანია (ლასე ნორმან ჰანსენი, ნიკლას ლარსენი, ფრედერიკ მადსენი, კასპერ ფონ ვოლსაჩი) – 3:53.789წთ
გოგონები – გუნდური სპრინტი
1.ჩინეთი
(გონ ჟინჟიე, ჟონ ტიანში) – 32.107წმ
2.რუსეთი (დარია შმელევა, ანასტასია ვოინოვა) – 32.401წმ
3.გერმანია (კრისტინა ვოგელი, მირიამ ველტე) – 32.636წმ

მშვილდოსნობა
ვაჟები
1.კუ ბონ-ჩანი (სამხრეთი კორეა)
2.ჟან-შარლ ვალადონი (საფრანგეთი)
3.ბრედი ელისონი (საფრანგეთი)

მძლეოსნობა
ვაჟები – სპორტული სიარული, 20კმ
1.ვან ჟენი (ჩინეთი) – 1:19:14სთ
2.ცაი ზელინი (ჩინეთი) – 1:19:26სთ
3.დეინ ბერდ-სმიტი (ავსტრალია) – 1:19:37სთ
გოგონები – ბირთვის კვრა
1.მიშელ კარტერი (აშშ) – 20.63მ
2.ვალერი ადამსი (ახალი ზელანდია) – 20.42მ
3.ანიტა მარტონი (უნგრეთი) – 19.87მ
გოგონები – 10 000მ
1.ალმაზ აიანა (ეთიოპია) – 29:17.45წთ
2.ვივიენ შერუიო (კენია) – 29:32.53წთ
3.ტირუნეშ დიბაბა (ეთიოპია) – 29:42.56წთ

ნიჩბოსნობა
ვაჟები – ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი, მსუბუქი
1.პიერ უინი და ჟერემი აზუ (საფრანგეთი) – 6:30.70წთ
2.გარი ო’დონოვანი და პოლ ო’დონოვანი (ირლანდია) – 6:31.23წთ
3.კრისტოფერ ბრუნი და არე სტრანდლი (ნორვეგია) – 6:31.39წთ
ვაჟები – ოთხადგილიანი ცალმოსასმელიანი
1.ალექს გრეგორი, მოე სბიჰი, ჯორჯ ნეში, კონსტანტინ ლულუდისი (დიდი ბრიტანეთი) – 5:58.61წთ
2.ჯოშ ბუთი, ჯოშუა დანკლი-სმიტი, ალექსანდერ ჰილი, უილიამ ლოქვუდი (ავსტრალია) – 6:00.44წთ
3.დომენიკო მონტრონე, მატეო კასტალდო, მატეო ლოდო, ჯუზეპე ვიჩინო (იტალია) – 6:03.85წთ
გოგონები – ორადგილიანი ცალმოსასმელიანი
1.ჰელენ გლოვერი და ჰიზერ სტენინგი (დიდი ბრიტანეთი) – 7:18.29წთ
2.ჟენევიევ ბერენი და რებეკა სკოუნი (ახალი ზელანდია) – 7:19.57წთ
3.ჰედვიგ რასმუსენი და ანე ანდერსენი (დანია) – 7:20.71წთ
გოგონები – ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი, მსუბუქი
1.ილზე პაულისი და მააიკე ჰედი (ნიდერლანდები) – 7:04.73წთ
2.ლინდსი ჯენერიჩი და პატრისია ობეე (კანადა) – 7:05.88წთ
3.უან ვენი და პან ფეიონი (ჩინეთი) – 7:06.49წთ

ტყვიის სროლა
ვაჟები – შაშხანა წოლელა (50მ)
1.ჰენრი იუნგჰანელი (გერმანია) – 209,5 ქულა
2.კიმ იონგ-ჰუიუნი (სამხრეთი კორეა) – 208,2 ქულა
3.კირილ გრიგორიანი (რუსეთი) – 187,3 ქულა
გოგონები – მრგვალი სტენდი
1.დიანა ბაკოსი (იტალია)
2.კიარა კაინერო (იტალია)
3.კიმ როდი (აშშ)

ფარიკაობა
ვაჟები – რაპირა, გუნდური
1.რუსეთი
(ტიმურ საფინი, ალექსეი ჩერემისინოვი, არტურ ახმატხუზინი)
2.საფრანგეთი (ენცო ლეფორი, ჟერემი კადო, ერვან ლე პეშო, ჟან-პოლ ტონი ელისი)
3.აშშ (გერეკ მაინჰარდტი, ალექსანდერ მასიალასი, მაილს ჩემლი-უოტსონი, რეის იმბოდენი)

ცურვა – ვაჟები
ვაჟები – თავისუფალი, 50მ
1.ენტონი ირვინი (აშშ) – 21.40წმ
2.ფლორინ მანადუ (საფრანგეთი) – 21.41წმ
3.ნათან ედრიენი (აშშ) – 21.49წმ
ვაჟები – ბატერფლაი, 100მ
1.ჯოზეფ შოოლინი (სინგაპური) – 50.39წმ
2.მაიკლ ფელპსი (აშშ), ჩად ლე კლოსი (სამხრეთი აფრიკა) და ლასლო ჩეხი (უნგრეთი) – 51.14წმ
3.არ გათამაშდა
გოგონები – გულაღმა, 200მ
1.მაია დირადო (აშშ) – 2:05.99წთ
2.კატინკა ჰოშუ (უნგრეთი) – 2:06.05წთ
3.ჰილარი კალდუელი (კანადა) – 2:07.54წთ
გოგონები – თავისუფალი, 800მ
1.კეტი ლედეკი (აშშ) – 8:04.79წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.ჯეზმინ კარლინი (დიდი ბრიტანეთი) – 8:16.17წთ
3.ბოგლარკა კაპასი (უნგრეთი) – 8:16.37წთ

ცხენოსნობა
გუნდური წვრთნა
1.გერმანია (სონკე როთენბერგერი, დოროთი შნაიდერი, კრისტინა ბრიორინგ-შპრეჰე, იზაბელ ვერთი) – 81.936 ქულა
2.დიდი ბრიტანეთი (სპენსერ უილტონი, ფიონა ბიგვუდი, კარლ ჰესტერი, შარლოტ დუჟარდინი) – 78.595 ქულა
3.აშშ (ელისონ ბროკი, კეისი პერი-გლასი, სტეფენ პეტერსი, ლაურა გრეივსი) – 76.667 ქულა

ჩოგბურთი
ვაჟები – წყვილები
1.რაფაელ ნადალი და მარკ ლოპესი (ესპანეთი)
2.ფლორინ მენგეა და ჰორია ტეკაუ (რუმინეთი)
3.სტივ ჯონსონი და ჯეკ სოკი (დიდი ბრიტანეთი)

ძალოსნობა
ვაჟები – 85კგ
1.კიანუშ როსტამი (ირანი) – 396კგ (179+217) (მსოფლიო რეკორდი)
2.ტიან ტაო (ჩინეთი) – 395კგ (178+217 ორ)
3.დენის ულანოვი (ყაზახეთო) – 390კგ (175+215)
გოგონები – 75კგ
1.რიმ იონგ-სიმი (ჩრდილოეთი კორეა) – 274კგ (121+153)
2.დარია ნაუმავა (ბელარუსი) – 258კგ (116+142)
3.ლიდია ვალენტინი (ესპანეთი) – 257კგ (116+141)

ძიუდო
ვაჟები – +100კგ
1.ტედი რინერი (საფრანგეთი)
2.ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია)
3.რაფაელ სილვა (ბრაზილია) და ორ სასონი (ისრაელი)
*-ადამ ოქრუაშვილი
1/16 – ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია) – მარცხი
გოგონები – +78კგ
1.ემილ ანდეოლი (საფრანგეთი)
2.იდალის ორტისი (კუბა)
3.კანაე იამაბე (იაპონია) და იუი სონი (ჩინეთი)

ka_GEGeorgian