რიო 2016: 14 აგვისტო

ოლიმპიურ თამაშებს უდიდესი სპორტსმენი დაემშვიდობა – მაიკლ ფელპსმა 13 აგვისტოს 23-ე ოქრო მოიგო და კარიერაც დაასრულა.

ფელპსმა უკანასკნელი, 28-ე ოლიმპიური მედალი თანაგუნდელებთან ერთად 4X100-ზე კომბინირებულ ესტაფეტაში მოიპოვა. ამერიკის ნაკრებმა, რომლის ღირსებას ფელპსის გარდა რაიან მერფი, კოდი მილერი და ნათან ედრიენი იცავდნენ, ოლიმპიური რეკორდით იპირველა – 3 წუთი და 27.95 წამი! ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ეს ქვეყნის 1001-ე ოლიმპიური ოქრო იყო!

„ზუსტად ასეთ დასასრულზე ვოცნებობდი. მგონი, არაფერი სჯობს სპორტიდან ოლიმპიური ოქროს მედლით წასვლას“, – განაცხადა დიდმა ჩემპიონმა ფინალიდან რამდენიმე საათში და დასძინა: „ვნერვიულობდი თუ არა? რა თქმა უნდა! მერე რა, რომ გამარჯვება და ტიტულები არ მაკლია. როცა იცი, რომ წინ მთავარი ფინალი გაქვს, ბოლოჯერ იცვამ საცურაო კოსტიუმს და კარიერის უკანასკნელი გამარჯვებისთვის ემზადები, ცხადია ნერვიულობ. ეგებ, გარეგნულად მშვიდი ვჩანდი, მაგრამ დამერწმუნეთ, ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე ერთი სული მქონდა სტარტზე დავმდგარიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ კარიერის ასე დასრულება რომ შევძელი. თუ რამეს შეიძლება ეწოდოს ახდენილი სიზმარი, ზუსტად ამას“.

31 წლის ამერიკელმა ოლიმპიურ თამაშებში 28 მედალი მოიპოვა: 23 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

28 ოლიმპიური მედალი – ეს ფენომენალური შედეგია და სავარაუდოდ, მარადიული რეკორდიც. ჩვენ კიდევ ბევრ ოლიმპიადას ვნახავთ, არაერთ დიდ გამარჯვებას მოვესწრებით, მსოფლიო თუ ოლიმპიური რეკორდების შესახებაც შევიტყობთ, მაგრამ მეეჭვება ვიხილოთ სპორტსმენი, რომელიც ამდენ ხანს იქნება ნომერ პირველი და ამდენ ჯილდოს მოიგებს.

მოქმედთა შორის ფელპსის სიახლოვეს არავინაა, თამაშების ისტორიაში კი მეორე ყველაზე ტიტულიანი ოლიმპიელი ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინაა – 1956, 1960 და 1964 წლებში საბჭოთა სპორტსმენმა 18 მედალი მოიგო, მათ შორის 9 ოქრო.

„სიტყვები არ მყოფნის… ვამაყობ მაიკლით! მას ფანტასტიკური კვირა ჰქონდა“! – ასე გამოეხმაურა ტვიტერში ფელპსის მეგობარი გოგონა ნიკოლ ჯონსონი მაიკლის გუშინდელ ტრიუმფს და სპორტთან დამშვიდობებას. განვლილი დღეების განმავლობაში ის შვილთან, მაიკლის დედასთან, დასთან და მეგობრებთან ერთად ესწრებოდა მოცურავეთა შეჯიბრებს. მათთან ერთად იყვნენ ლეგენდარული მოცურავე მარკ სპიცი და ოსკაროსანი მსახიობი მეტიუ მაკკონაჰიც.

მაიკლს თეთრი სახლიდანაც შეეხმიანნენ. „მუხლჩაუხრელი შრომა, კონცენტრაცია და ოცნებისკენ სწრაფვა – ესაა მაიკლ ფელპსის სპორტული სულის ქვაკუთხედი. ვულოცავთ მას და ამერიკის ოლიმპიურ გუნდს ზღაპრულ რეკორდს“! – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში…

ფელპსის ოლიმპიური დებიუტი 2000 წელს, სიდნეიში შედგა. მწვანე კონტინენტზე ის ამერიკის ნაკრების ერთი რიგითი წევრი იყო, რომელსაც სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ოლიმპიური თამაშების საგზური მან შესარჩევ ტურნირში ბრწყინვალე ასპარეზობით გაინაღდა, არადა, მხოლოდ 15 წლის იყო! სიდნეიში მაიკლმა ბატერფლაით 200 მეტრზე ცურვაში იასპარეზა და ფინალში მეხუთე ადგილს დასჯერდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის პირველ თამაშებზე მედალს ვერ შეწვდა, 15 წლის ფელპსი ამერიკის ოლიმპიური გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მოცურავე გახდა 1932 წლის ლოს ანჯელესის თამაშების შემდეგ.

2004 წელს, ათენში, თავის მეორე თამაშებზე მაიკლი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის სტატუსით გაემგზავრა. ანტიკური ოლიმპიადის სამშობლოში, საბერძნეთში, 19 წლის ფელპსი შეუდარებელი იყო – 6 ოქრო და 2 ბრინჯაო, 3 ოლიმპიური და 3 მსოფლიო რეკორდი!

დიდებული მარკ სპიცის შემდეგ ის გახდა პირველი მოცურავე, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე 2-ზე მეტი ინდივიდუალური გაცურვა მოიგო – 3! (სპიცმა – 4).

2008 წლის პეკინის ოლიმპიადის წინ ფელპსმა განაცხადა, რომ ჩინეთში სპიცის ყველა დროის რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდებოდა – 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე, მარკმა 7 ოქროს მედალი მოიგო, რაც იმთავითვე „მარადიულ რეკორდად“ მოინათლა.

პეკინის თამაშების წინ ფელპსი უკვე მსოფლიოს 17-გზის(!) ჩემპიონი გახლდათ. უშუალოდ ოლიმპიადის წინა წელს, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გამართულ მსოფლიო პირველობაზე მან 7 დისციპლინაში მოიგო ოქრო, მაგრამ მაინც, როგორია 8 ოლიმპიურ ოქროზე შეტევა?

თამაშების საწყისი ერთი კვირა ამერიკელი თუ არაამერიკელი ჟურნალისტები მხოლოდ ნომერ პირველ მოცურავეზე საუბრობდნენ, ის კი ოქროს ოქროზე იგებდა: ტრიუმფი თავისუფალი სტილით 200 მეტრზე; დამაჯერებელი გამარჯვებები ბატერფლაით 100 და 200 მეტრზე; ტრიუმფი კომბინირებულ გაცურვაში 200 და 400 მეტრზე…

2008 წლის 17 აგვისტოს მაიკლმა პეკინის ოლიმპიადის მე-8 ოქრო მოიგო 4X100-ზე კომბინირებულ ესტაფეტაში. მან, ბრენდან ჰანსენმა, აარონ პირსოლმა და ჯეისონ ლეზაკმა დისტანცია 3 წუთსა და 29.34 წამში გაცურეს და მეორე ადგილზე გასულ ავსტრალიელებს 1.34 წამით აჯობეს! ეს ახალი მსოფლიო რეკორდი იყო და საერთოდ, პეკინში მაიკლმა ყველა ოქრო რეკორდებით მოიგო: 7 მსოფლიო და ერთიც ოლიმპიური!

თამაშების ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამოწვევა ტრიუმფით დასრულდა – მაიკლ ფელპსი 8-ჯერ შედგა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, მის საპატივცემულოდ 8-ჯერ აღიმართა ამერიკის სახელმწიფო დროშა და 8-ჯერ აღჟერდა სახელმწიფო ჰიმნი!

მარკ სპიცის „მარადიული რეკორდი“ – 7 ოქრო ერთ ოლიმპიადაზე (მიუნხენი, 1972) – დაემხო, ტრიუმფატორმა კი თქვა: „რეკორდები გასაუმჯობესებლადაა. დღეს ჩემი მიღწევა ჟურნალისტებმა მარადიულად მონათლეს, თუმცა არ ვიცი, ასეა ეს თუ არა. უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ასეთად დარჩეს, მაგრამ არ ვიცი რა იქნება წლების შემდეგ. იქნებ გამოჩნდეს ვინმე, რომელიც მაჯობებს“.

პეკინური ტრიუმფით მაიკლ ფელპსმა სპიცს არა მხოლოდ „მარადიული რეკორდი“, მეტსახელიც წაართვა. თუ მანამდე მარკს ეძახდნენ „ზვიგენს“ – Mark the Shark – 2008 წლის შემდეგ ასეთად ფელპსი მოინათლა.

2012 წელს, ლონდონში, „ამერიკელი ზვიგენი“ კვლავ ფავორიტად ჩავიდა. 4 ოქრო და 2 ვერცხლი – ამ შედეგით დაასრულა სპორტსმენმა თავის მე-4 ოლიმპიადა. თამაშების ისტორიაში ის ყველაზე წარმატებული ოლიმპიონიკი შეიქნა: მედლების საერთო რაოდენობით – 22 – ფელპსმა ლარისა ლატინინას გადაასწრო. მოცურავეთა შორის მაიკლმა ზედიზედ მე-3 ოლიმპიადაზე მოიპოვა ყველაზე მეტი მედალი, საწყლოსნო სახეობათა საერთაშორიო ფედერციამ – FINA – კი ამერიკელი სპეციალური პრემიით დააჯილდოვა, როგორც ყველა დროის ყველაზე წარმატებული მოცურავე.

ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ მაიკლმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. თუმცა, 2014 წლის აპრილში გულმა კვლავ ცისფერი ბილიკებისკენ გაუწია – ნაკრების პირველმა ნომრებმა მსოფლიოს 2013 წლის პირველობაზე რამდენიმე დისციპლინა ჩააგდეს, ფელპსმა კი ჩათვალა, რომ გუნდს კვლავ წარმატებას მოუტანდა. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელებმა ლეგენდარული ოლიმპიელი რუსეთის ქალაქ ყაზანში, მსოფლიო ჩემპიონატზე არ იახლეს, მაიკლმა ვარჯიში და დასახული მიზნისკენ სვლა, გნებავთ – ცურვა განაგრძო. რასაც მიაღწია, დღეს ყველამ იცის.

რიო დე ჟანეიროში მაიკლი გახდა პირველი ამერიკელი მოცურავე, რომელმაც 5 ოლიმპიადაზე იასპარეზა. ეს რეკორდი, თავისთავად მნიშვნელოვანი და საამაყო, ბრაზილიაში მოგებულმა 6-მა მედალმა გადაფარა: ოქრო 200 მეტრზე ბატერფლაით და კომბინირებულით, 4X100-ზე თავისუფალ და კომბინირებულ, ასევე 4X200-ზე თავისუფალ ესტაფეტაში და ერთიც ვერცხლი – 100 მეტრზე ბატერფლაიში.

5 ოლიმპიადა!

23 ოლიმპიური ოქრო!

28 ოლიმპიური მედალი!

რიო 2016-ზე 206 ქვეყნის გუნდი ასპარეზობს. თავის ოლიმპიური მედლებით მაიკლი ამ 206 ქვეყანას შორის 32-ე ადგილზეა. ის 175 ქვეყანაზე ტიტულიანი ოლიმპიელია!

სხვა რა გინდა თქვა სპორტსმენზე, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა მსოფლიო სპორტში და თუ ძალიან ხმამაღალ ნათქვამად არ მოგეჩვენებათ, ლამის ოლიმპიური თამაშების სინონიმად იქცა?

დამერწმუნეთ, მაიკლ ფელპსზე, ამ მართლაც უდიდეს სპორტსმენზე, ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ სადღეისოდ ამას ვიკმარებ. მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუშინდელმა ტრიუმფმა სხვათა არანაკლები მიღწევები დაჩრდილა, პროფესიული პასუხისმგებლობა მავალდებულებს რიო 2016-ის რამდენიმე ჩემპიონზე ორი სიტყვა მაინც ვთქვა.

დიდი ბრიტანელი სტაიერი მო ფარა, ვინც ლონდონი 2012-ის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა გამარჯვების აღმნიშვნელი ჟესტით, პირველი ბრიტანელი მძლეოსანია, რომელმაც 3 ოლიმპიური ოქრო მოიგო! 4 წლის წინ ის 5 და 10 ათას მეტრზე რბენაში გახდა ჩემპიონი, გუშინ კი 10-კილომეტრიან დისტანციაზე გაიმარჯვა! თუ 33 წლის მო ფარა მეორე დისციპლინაშიც პირველი იქნება, ფინელი ლასე ვირენის (მიუნხენი, 1972 და მონრეალი, 1976) შედეგს გაიმეორებს.

გერმანელმა კრისტოფ ჰარტინგმა 68.37 მეტრზე გაისროლა ბადრო და… ოჯახს მეორე ოლიმპიური ოქრო მოუტანა! ოჯახს იმიტომ, რომ ლონდონში ბადროს მტყორცნელთა შორის ჩემპიონი მისი ძმა, მსოფლიოს 3-გზის ოქროსმედალოსანი რობერტი გახდა. რობერტ ჰარტინგმა რიოს საგზური ზურგის ტრავმის გამო ვერ მოიპოვა. თუმცა, ბრაზილიაში უმცროსი ძმა ჩავიდა და… ჩემპიონიც გახდა!

ბოლოს კი რიო 2016-ის ერთ-ერთი სენსაციის ავტორსაც ვახსენებ: 22 წლის პუერტორიკოელმა ჩოგბურთელმა მონიკა პუიხმა ერთეულთა ტურნირის ფინალში გერმანელი ანგელიკ კერბერი დაამარცხა – 6:4, 4:6, 6:1 – და ისტორიაში პირველი პუერტორიკოელი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

პუიხი ასევე პირველი განუთესავი ოლიმპიური ჩემპიონია კერბერის თანამემამულე შტეფი გრაფის შემდეგ. გრაფმა ოქროს მედალი 1988 წელს სეულში მოიგო, როცა ჩოგბურთი თამაშების სპორტულ პროგრამაში დაბრუნდა.

14 აგვისტოს ოლიმპიური ოქროსთვის ბრძოლას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები და ძალოსანთა გუნდის წევრები იწყებენ. საჭიდაო ხალიჩაზე ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს ვიხილავთ (75კგ), ქალ ძალოსანთა შორის კი ივლისში თბილისში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანს, ანასტასია გოტფრიდს (+75კგ).

მათ შესახებ 15 აგვისტოს წერილში.

ოლიმპიური მედლის იმედად, ხვალამდე!

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 14 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – www.olympic.org/rio-2016

მედალოსნები: 13 აგვისტო
ბატუტზე ხტომა
ვაჟები
1.ვლაძისლავ ჰაჩაროვი (ბელარუსი) – 61.745 ქულა
2.დონ დონი (ჩინეთი) – 60.535 ქულა
3.გაო ლეი (ჩინეთი) – 60.175 ქულა

ველოსპორტი
გოგონები – კეირინი
1.ელის ლიგტლი (ნიდერლანდები)
2.ბეკი ჯეიმსი (დიდი ბრიტანეთი)
3.ანა მეარესი (ავსტრალია)
გოგონები – გუნდური გამოდევნებით
1.დიდი ბრიტანეთი
(კეტი არჩიბალდი, ლაურა ტროტი, ელინორ ბარკერი, ჯოანა როუსელ შენდი) – 4:10.236წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.აშშ
(სარა ჰამერი, კელი კეტლინი, ქლოე დიგერტი, ჯენიფერ ვალენტე) – 4:12.454წთ
3.კანადა (ელისონ ბევერიჯი, ჟასმინ გლესერი, კირსტი ლეი, ჯორჯია სიმერლინგი) – 4:14.627წთ

მძლეოსნობა
ვაჟები – 10 000მ
1.მო ფარა (დიდი ბრიტანეთი) – 27:05.17წთ
2.პაულ ტანუი (კენია) – 27:06.04წთ
3.ტამირატ ტოლა (ეთიოპია) – 27:06.26წთ
ვაჟები – სიგრძეზე ხტომა
1.ჯეფ ჰენდერსონი (აშშ) – 8.38მ
2.ლუვო მანუონგა (სამხრეთი აფრიკა) – 8.37მ
3.გრეგ რუზერფორდი (დიდი ბრიტანეთი) – 8.29მ
ვაჟები – ბადროს ტყორცნა
1.კრისტოფ ჰარტინგი (გერმანია) – 68.37მ
2.პიოტრ მალახოვსკი (პოლონეთი) – 67.55მ
3.დანიელ იასინსკი (გერმანია) – 67.05მ
გოგონები – 100მ
1.ელეინ თომპსონი (იამაიკა) – 10.71წმ
2.ტორი ბოუი (აშშ) – 10.83წმ
3.შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) – 10.86წმ
გოგონები – შვიდჭიდი
1.ნაფისატუ თიამი (ბელგია) – 6 810 ქულა
2.ჯესიკა ენის-ჰილი (დიდი ბრიტანეთი) – 6 775 ქულა
3.ბრიანე თისენ იტონი (კანადა) – 6 653 ქულა

ნიჩბოსნობა
ვაჟები – წყვილმოსასმელიანი
1.მეჰე დრისდეილი (ახალი ზელანდია) – 6:41.34წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.დამირ მარტინი (ხორვატია) – 6:41.34წთ
3.ონჯეი სინეკი (ჩეხეთი) – 6:44.10წთ
ვაჟები – რვაადგილიანი ცალმოსასმელიანი
1.სკოტ დურანტი, ტომ რენსლი, ენდრიუ ტრიგს ჰოჯი, მეტ გოტრელი, პიტ რიდი, პოლ ბენეტი, მეტ ლენგრიჯი, უილ სეჩი, ფილენ ჰილი (დიდი ბრიტანეთი) – 5:29.63წთ
2.მაქსიმილიან მუნსკი, მალტე იაკშიკი, ანდრეას კუფნერი, ერიკ იოჰანესენი, მაქსიმილიან რაინელტი, ფელიქს დრაჰოტა, რიხარდ შმიდტი, ჰანს ოციკი, მარტინ ზაუერი (გერმანია) – 5:30.96წთ
3.კაი ჰენდრიქსი, რობერტ ლიუკენი, ბოაზ მეილინკი, ბუდევინ როელი, ოლივიერ ზიგელაარი, დირკ უიტენბოგაარდი, მეხიელ ვერსლუისი, ტონე ვიეტენი, პეტერ ვიერსუმი (ნიდერლანდები) – 5:31.59წთ
გოგონები – წყვილმოსასმელიანი
1.კიმ ბრენენი (ავსტრალია) – 7:21.54წთ
2.ჯინევრა სტოუნი (აშშ) – 7:22.92წთ
3.დუან ჟინლი (ჩინეთი) – 7:24.13წთ
გოგონები – რვაადგილიანი ცალმოსასმელიანი
1.ემილი რიგენი, კერი სიმონდსი, ამანდა პოლკი, ლორენ შმეტერლინგი, ტესა გობო, მეგან მუსნიკი, ელი ლოგენი, ამანდა ელმორი, კეტლინ სნაიდერი (აშშ) – 6:01.49წთ
2.კეტი გრივსი, მელანი უილსონი, ფრენსის ჰაუტონი, პოლი სუონი, ჯესიკა ედი, ოლივია კარნეგი-ბრაუნი, კარენ ბენეტი, ზოი ლი, ზოი დე ტოლედო (დიდი ბრიტანეთი) – 6:03.98წთ
3.როქსანა კოგიანუ, იოანა სტრუნგარუ, მიჰაელა პეტრილა, იულიანა პოპა, მადალინა ბერესი, ლაურა ოპრეა, ადელინა ბოგუში, ანდრეა ბოჯიანი, დანიელა დრუნჩეა (რუმინეთი) – 6:04.10წთ

ტყვიის სროლა
ვაჟები – ჩქაროსნული პისტოლეტი (25მ)
1.კრისტიან რაიცი (გერმანია) – 34 (ოლიმპიური რეკორდის გამეორება)
2.ჟან კიკამპო (საფრანგეთი) – 30
3.ლი იუიეონი (ჩინეთი) – 27
ვაჟები – მრგვალი სტენდი
1.გაბრიელე როზეტი (იტალია)
2.მარკუს სვენსონი (შვედეთი)
3.აბდულა არ რაშიდი (დამოუკიდებელი ოლიმპიელი)

ფარიკაობა
გოგონები – ხმალი, გუნდური
1.რუსეთი
(ეკატერინა დიაჩენკო, იულია გავრილოვა, იანა ეგორიანი, სოფია ველიკაია)
2.უკრაინა (ოლგა ხარლანი, ალინა კომაშჩუკი, ოლენა კრავაცკა, ოლენა ვორონინა)
3.აშშ (მონიკა აკსემიტი, იბტიჰაჯი მუჰამადი, დაგმარა ვოზნიაკი, მარიელ ზაგუნისი)

ჩოგბურთი
გოგონები
1.მონიკა პუიხი (პუერტო რიკო)
2.ანგელიკ კერბერი (გერმანია)
3.პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი)

ცურვა – ვაჟები
ვაჟები – თავისუფალი, 1 500მ
1.გრეგორიო პალტრინიერი (იტალია) – 14:34.57წთ
2.კონორ ჯეგერი (აშშ) – 14:39.48წთ
3.გაბრიელე დეტი (იტალია) – 14:40.86წთ
ვაჟები – კომბინირებული, 4X100
1.აშშ
(რაიან მერფი, კოდი მილერი, მაიკლ ფელპსი, ნათან ედრიენი, დევიდ პლამერი, კევინ კორდესი, ტომ შილდსი, ქელებ დრესელი) – 3:27.95წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.დიდი ბრიტანეთი
(ქრის უოკერ-ჰებორნი, ადამ პიტი, ჯეიმს გაი, დანკან სკოტი) – 3:29.24წთ
3.ავსტრალია (მიჩ ლარკინი, ჯეკი პეკერდი, დევიდ მორგანი, კაილ ჩელმერსი) – 3:29.93წთ
გოგონები – თავისუფალი, 50მ
1.პერნილე ბლუმი (დანია) – 24.07წმ
2.სიმონე მანუელი (აშშ) – 24.09წმ
3.ალექსანდრა გერასიმენია (ბელარუსი) – 24.11წმ
გოგონები – კომბინირებული, 4X100
1.აშშ
(კეთლინ ბეიკერი, ლილი კინგი, დანა ვოლმერი, სიმონე მანუელი, ოლივია სმოლიგა, კეტი მეილი, კელსი უორელი, ები ვაიცაილი) – 3:53.13წთ
2.ავსტრალია (ემილი სიიბომი, ტეილორ მაკეონი, ემა მაკეონი, კეტი კემპბელი, მედისონ უილსონი, მადელინ გრუვსი, ბრიტანი ელმსლი) – 3:55.00წთ
3.დანია (მიე ნილსენი, რიკე მიოლერ პედერსენი, ჯანეტ ოტესენი, პერნილე ბლუმი) – 3:55.01წთ

ძალოსნობა
ვაჟები – 94კგ
1.სოჰრაბ მორადი (ირანი) – 403კგ (182+221)
2.ვაძიმ სტრალცოვი (ბელარუსი) – 395კგ (175+220)
3.აურიმას დიდჟბალისი (ლიეტუვა) – 392კგ (177+215)

ka_GEGeorgian