რიო 2016: 15 აგვისტო

ქართველები XXXI ოლიმპიადაზე ასპარეზობას განაგრძობენ. სამწუხაროდ, წარუმატებლად – თამაშების ეკვატორი გადავიარეთ, თუმცა ჩვენი ოლიმპიური გუნდი კვლავ ძიუდოისტთა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების ამარაა.

14 აგვისტოს საქართველოს ძალოსანთა ნაკრების პირველმა წევრმა ანასტასია გოტფრიდმა სადებიუტო ოლიმპიადა მე-12 ადგილზე დაასრულა. მან ასპარეზობა მეორე, B ჯგუფში დაიწყო, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მედლისთვის ვერ იბრძოლებდა. B ჯგუფში, როგორც წესი, შედარებით დაბალი შედეგის მქონე ათლეტები შედიან. ანასტასიამ ატაცში 113-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, აკვრაში 135კგ დაძლია, ორი მოძრაობის ჯამში კი 248 კილოგრამი, რაც ჯგუფში მე-4 შედეგი აღმოჩნდა.

ანასტასია გოტფრიდი ოლიმპიადაზე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსნის რანგში ჩაერთო. ამ ტურნირს ივნის-ივლისში თბილისმა უმასპინძლა და მაშინ მან 256 კილოგრამი დაძლია. ეს შედეგი რომ გაემეორებინა, გოტფრიდი რიო 2016-ს მე-11 ადგილზე დაასრულებდა.

ვერ ვიტყვი, რომ მისი მე-12 ადგილი ისაა, რაზეც სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრები ოცნებობდნენ, მაგრამ არც ის იქნება სწორი, ანასტასიას გამოსვლას იმედგაცრუება ვუწოდოთ. სხვა თუ არაფერი, ის საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე გასული პირველი ძალოსანი ქალია.

და თუ ვინმეს ასპარეზობა შეიძლება შევაფასოთ უარყოფითად, პირველ რიგში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა (75კგ), რომელიც ევროპის ჩემპიონის ტიტულით კი ჩავიდა რიო დე ჟანეიროში, მაგრამ პირველივე ორთაბრძოლა დათმო – მსოფლიო პირველობის შარშანდელმა მესამეადგილოსანმა, ყაზახმა დოშჟან კარტიკოვმა აჯობა. ამ უკანასკნელს მომდევნო წრეში, 1/8-ფინალში აზერბაიჯანელმა, ბაქოში შარშან გამართული ევროპის I თამაშების გამარჯვებულმა ელვინ მურსალიევმა 5:1 მოუგო.

ოლიმპიადის დაწყების წინ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სპეციალისტები ზურაბ დათუნაშვილს ამ წონითი კატეგორიის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევდნენ. მარტის დასაწყისში, რიგაში მოგებულ ევროპის ჩემპიონატს რომ თავი დავანებოთ, ზურაბს არც საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებები აკლდა, ოლიმპიადისთვისაც გეგმაზომიერად და მონდომებით ემზადებოდა, მაგრამ რიოში მან, პირდაპირ ვთქვათ, ძალიან უსახურად იასპარეზა. შესაბამისი შედეგიც მიიღო.

დათუნაშვილის გამოსვლა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთმა სპეციალისტმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა რომან რურუამ, რომელმაც გაზეთ ლელოს განუცხადა: „ასეთი ჭიდაობით ჩვენ სასარგებლოდ შეხვედრა ვერ დამთავრდება. ზურაბ დათუნაშვილს ყაზახ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა შანსი ჩოქბჯენში, მაგრამ ვერ აქაჩა მეტოქე, ვერ დაატრიალა. დათუნაშვილს დგომშიც ჰქონდა შანსი, მაგრამ უპირატესობა ვერ მოიპოვა. ასეთი ჭიდაობით ჩემპიონი ვერავინ გახდება! ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ძლიერნი ვიყავით და დაგვჩაგრეს. არასოდეს უნდა ვიყოთ მსაჯის იმედად. პრივილეგიებს არასოდეს მოგვცემენ“.

ოლიმპიური ოქროს მედალი ამ წონაში ბოლო წლებში უძლეველ რუსს რომან ვლასოვს ხვდა წილად, რომელმაც ფინალში დანიელ მარკ მადსენს დიდი უპირატესობით აჯობა – 5:1. ვლასოვმა მეორედ მოიგო მთავარი სპორტული ტიტული. ის ლონდონშიც ჩემპიონი გახდა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ 4 წლის წინ ის ერთი კილოგრამით მსუბუქ, 74კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

დღეს კიდევ ორ ქართველ „ბერძენ-რომაელს“ ვიხილავთ: რობერტ კობლიაშვილს (85კგ) და იაკობ ქაჯაიას (130კგ).

14 აგვისტოს მედლების 22 კომპლექტი გათამაშდა, საშეჯიბრო დღის მშვენებად კი ჩოგბურთელ ენდი მარის და მძლეოსან უსეინ ბოლტს მოვნათლავ. მათ თითქმის ერთ დროს მოიგეს ოქროს მედლები – თბილისის დროით 15 აგვისტოს, გამთენიისას.

ვაჟთა საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ენდი მარი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდა. სანამ ფინალზე ვიტყვი, აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ვაჟთა ნახევარფინალური წყვილები დიდი სლემის ყველა ტურნირს დაამშვენებდა – ენდი მარიმ იაპონელ კეი ნიშიკორის სძლია, დელ პოტრომ კი ესპანელ რაფაელ ნადალს. როგორც ჩანს, ნადალთან გამარჯვებამ არგენტინელს დიდი ძალა წაართვა, რადგან ფინალში მარის წინააღმდეგ ის შედარებით უფერულად გამოიყურებოდა და მიუხედავად იმისა, რომ 4 საათი და 2 წუთი გაძლო კორტზე, შიგადაშიგ ისეთი შეცდომები დაუშვა, რაც მანამდე არ ახასიათებდა. აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიადის ფინალი, დიდი სლემის ტურნირების დარად, 3 სეტის მოგებამდე გაგრძელდა, მაშინ როცა საწყის ეტაპზე მხოლოდ 2 სეტის მოგება იყო საკმარისი.

7:5, 4:6, 6:2 და 7:5 – ამ ანგარიშით მოიგო ბრიტანელმა და 2012 წელს, ლონდონში მოგებული ტიტული დაიცვა. მარი პირველი ჩოგბურთელი ვაჟია, რომელმაც ერთეულთა შორის ზედიზედ მოიგო ოლიმპიადები!

„ჩემპიონობისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ენდიმ მაჯობა. ახლა მილოცვის მეტი არაფერი დამრჩენია – ის დიდი ჩემპიონია და გამარჯვება დაიმსახურა“, – განაცხადა დელ პოტრომ, რომელმაც ტურნირის სტარტზე მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა – მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა. სხვათა შორის, არგენტინელისთვის ეს მეორე ოლიმპიური მედალია. 2012 წელს მან III ადგილი დაიკავა და ბრინჯაოსთვის იცით ვინ დაამარცხა? მართალი ბრძანდებით: ჯოკოვიჩი!

„ამ გამარჯვებისკენ სვლა მაშინ დავიწყე, როცა მარაკანაზე დიდი ბრიტანეთის დროშით შევაბიჯე. ძალიან ამაყი ვიყავი! დღეს ჩემპიონი ვარ და ოლიმპიადის უკეთეს დაგვირგვინებაზე ვერც ვიოცნებებდი! აქ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდება, რადგან რიოში თითოეული წუთით ბედნიერი ვიყავი“, – განაცხადა აწ უკვე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ენდი მარიმ.

დიდი ბრიტანელისგან განსხვავებით, მე-7 ოქროთი გაიხარა თანამედროვეობის კიდევ ერთმა უდიდესმა სპორტსმენმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა. გუშინ მან მძლეოსანთა ოლიმპიური ტურნირის მთავარ სანახაობად აღიარებული 100 მეტრზე გარბენი მოიგო!

9.81 წამი და ზედიზედ მე-3 ტრიუმფი ამ დისციპლინაში! უსეინ ბოლტი იმ იშვიათ მძლეოსანთა შორის დადგა, რომლებმაც 3 ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს. სხვათა შორის, ასეთთა შორისაა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად აღიარებული ვიქტორ სანეევი, მეხიკოს (1968), მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიადების ჩემპიონი სამხტომში…

მე-7 ოლიმპიური ოქროს მოსაგებად 29 წლის იამაიკელ სპრინტერს 3 გარბენი დასჭირდა. საკვალიფიკაციო წრეში მან დისტაცია 10.07 წამში დაფარა, ნახევარფინალში კი სეზონის საუკეთესო შედეგი უჩვენა – 9.86 წამი.

ფინალში მის მთავარ კონკურენტად ამერიკელი ჯასტინ გეტლინი ითვლებოდა, 34 წლის ვეტერანი, რომელმაც 100 მეტრზე ოლიმპიური ოქრო არც მეტი, არც ნაკლები, 12 წლის წინ, ათენში მოიგო. XXX ოლიმპიადაზე, ლონდონში, ის ბრინჯაოს დაეუფლა.

ამერიკელს უკეთესი სტარტი გამოუვიდა, დისტანციის ნახევარს ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ბოლტმა, ტრადიციულად, ფინიშის სწორს იძალა და გაიმარჯვა კიდეც: იამაიკელის 9.81წამი ამერიკელის 9.89-ის საპირწონედ. კანადელი ანდრე დე გრასი მე-3 გახლდათ პირადი რეკორდით – 9.91 წამი.

7-გზის ოლიმპიური  ჩემპიონი უსეინ ბოლტი რიოში კიდევ 2 ოქროს შეუტევს: 200 მეტრზე გაირბენს, პლუს 4X100-ზე ესტაფეტაში ვიხილავთ. პეკინის ოლიმპიადიდან დაწყებული, ბოლტი ორივე დისციპლინაში დაუმარცხებელია და თუ მიზანს მიაღწევს, ყველა დროის ყველაზე ტიტულიან მძლეოსნებს, ამერიკელ კარლ ლუისს და ფინელ პაავო ნურმის გაუტოლდება. ამ ორი ლეგენდის აქტივში 9 ოლიმპიური ოქროა.

სხვა რა გითხრათ? 400 მეტრზე გარბენში გრენადელი ფავორიტი, ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი კირანი ჯეიმსი დამარცხდა – მე-2 ადგილზე გავიდა, ჩემპიონი კი სამხრეთაფრიკელი ვეიდ ვან ნიკერკი გახდა მსოფლიო რეკორდით – 43.03 წამი!


ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 15 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი www.olympic.org/rio-2016

მედალოსნები: 14 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები – RS:X (ვინდსერფინგი)
1.დორიან ვან რიისელბერგე (ნიდერლანდები)
2.ნიკ დემპსი (დიდი ბრიტანეთი)
3.პიერ ლე კოქი (საფრანგეთი)
გოგონები – RS:X (ვინდსერფინგი)
1.შარლინ პიკონი (საფრანგეთი)
2.ჩენ პეინა (ჩინეთი)
3.სტეფანია ელფუტინა (რუსეთი)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
59კგ
1.ისმაელ ბორერო (კუბა)
2.შინობუ ოტა (იაპონია)
3.ელმურატ ტასმურადოვი (უზბეკეთი) და სტიგ-ანდრე ბერგე (ნორვეგია)
75კგ
1.რომან ვლასოვი (რუსეთი)
2.მარკ მადსენი (დანია)
3.კიმ ჰეონ-ვუ (სამხრეთი კორეა) და საეიდ აბდევალი (ირანი)
*-ზურაბ დათუნაშვილი
კვალიფიკაცია – დოსჟან კარტიკოვი (ყაზახეთი) – 0:2

გოლფი
ვაჟები
1.ჯასტინ როუზი (დიდი ბრიტანეთი)
2.ჰენრიკ სტენსონი (შვედეთი)
3.მეტ კუჩერი (აშშ)

ველოსპორტი
ვაჟები – სპრინტი
1.ჯეისონ კენი (დიდი ბრიტანეთი)
2.კალუმ სკინერი (დიდი ბრიტანეთი)
3.დენის დმიტრიევი (რუსეთი)

კრივი
ვაჟები – 49კგ
1.ჰასანბოი დუსმატოვი (უზბეკეთი)
2.იუიბერხენ მარტინესი (კოლუმბია)
3.იოჰანის არხილახოსი (კუბა) და ნიკო ერნანდესი (აშშ)

მძლეოსნობა
ვაჟები – 100მ
1.უსეინ ბოლტი (იამაიკა) – 9.81წმ
2.ჯასტინ გეტლინი (აშშ) – 9.85წმ
3.ანდრე დე გრასი (კანადა) – 9.91წმ
ვაჟები – 400მ
1.უეიდ ვან ნიკერკი (სამხრეთი აფრიკა) – 43.03წმ
2.კირანი ჯეიმსი (გრენადა) – 43.76წმ
3.ლეშონ მერიტი (აშშ) – 43.85წმ
გოგონები – მარათონი
1.ჯემიმა სუმგონგი (კენია) – 2:24:04სთ
2.ეუნისე კირვა (ბაჰრეინი) – 2:24:13სთ
3.მარე დიბაბა (რუსეთი) – 2:24:30სთ
გოგონები – სამხტომი
1.კატერინ იბარგუენი (კოლუმბია) – 15.17მ
2.იუილმარ როხასი (ვენესუელა) – 14.98მ
3.ოლგა რიპაკოვა (ყაზახეთი) – 14.74მ

სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები – ტაიჭზე ვარჯიში
1.მაქს უაითლოკი (დიდი ბრიტანეთი) – 15.966 ქულა
2.ლუის სმიტი (დიდი ბრიტანეთი) – 15.833 ქულა
3.ალექსანდერ ნადური (აშშ) – 15.700 ქულა
ვაჟები – თავისუფალი ვარჯიში
1.მაქს უაითლოკი (დიდი ბრიტანეთი) – 15.633 ქულა
2.დიეგო იპოლიტო (ბრაზილია) – 15.533 ქულა
3.არტურ მარიანო (ბრაზილია) – 15.433 ქულა
გოგონები – ბჯენითი ხტომა
1.სიმონე ბაილსი (აშშ) – 15.966 ქულა
2.მარია პასეკა (რუსეთი) – 15.253 ქულა
3.ჯულია შტაინგრუბერი (შვეიცარია) – 15.216 ქულა
გოგონები – ნაირსიმაღლის ორძელზე ვარჯიში
1.ალია მუსტაფინა (რუსეთი) – 16.133 ქულა
2.მედისონ კოსიენი (აშშ) – 15.833 ქულა
3.სოფი შედერი (გერმანია) – 15.566 ქულა

ტყვიის სროლა
ვაჟები – შაშხანა 3 პოზიციიდან (50მ)
1.ნიკოლო კამპრიანი (იტალია) – 458,8 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.სერგეი კამენსკი (რუსეთი) – 458,5 ქულა
3.ალექსის რაინო (აშშ) – 448,4 ქულა

ფარიკაობა
ვაჟები – დაშნა, გუნდური
1.საფრანგეთი
(გოტიე გრუმიე, იანიკ ბორელი, დანიელ ჟერენი, ჟან-მიშელ ლუსენო)
2.იტალია (ენრიკო გაროცო, მარკო ფიჩერა, პაოლო პიცო, ანდრეა სანტარელი)
3.უნგრეთი (დეზა იმრე, გაბორ ბოშკო, ანდრაშ რედლი, პეტერ სომფაი)

ჩოგბურთი
ვაჟები
1.ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი)
2.ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)
3.კეი ნიშიკორი (იაპონია)
გოგონები – წყვილები
1.ეკატერინა მაკაროვა და ელენა ვესნინა (რუსეთი)
2.ტიმეა ბაჩინშკი და მარტინა ჰინგისი (შვეიცარია)
3.ლუსი საფაროვა და ბარბორა სტრიცოვა (ჩეხეთი)
შერეული წყვილები
1.ბეტანი მათეკ-სენდსი და ჯეკ სოკი (აშშ)
2.ვინუს უილიამსი და რაჯივ რამი (აშშ)
3.ლუსი ჰრადეცკა და რადეკ შტეპანეკი (ჩეხეთი)

ძალოსნობა
გოგონები – +75კგ
1.მენ სუპინი (ჩინეთი) – 307კგ (130+177)
2.კიმ კუკ-უანი (ჩრდილოეთი კორეა) – 306კგ (131+175)
3.სარა რობლესი (აშშ) – 286კგ (126+160)
*-ანასტასია გოტფრიდი
B ჯგუფი – 248კგ (113+135), მე-12 ადგილი

წყალში ხტომა
გოგონები – ტრამპლინი (3მ)
1.ში ტინმაო (ჩინეთი) – 406.05 ქულა
2.ჰე ზი (ჩინეთი) – 387.90 ქულა
3.ტანია კანიოტო (იტალია) – 372.80 ქულა

ka_GEGeorgian