რიო 2016: 17 აგვისტო
გილოცავთ: XXXI ოლიმპიადაზე საქართველომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა! ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მსოფლიო რეკორდით მოიგო!
215 კილოგრამი ატაცში, 258 – აკვრაში, 473 – ორჭიდის ჯამში და რიო 2016-ის პირველი ოქროს მედალი საქართველოს!
ლაშა ტალახაძე ჩვენი 35-ე ოლიმპიური ჩემპიონია!
და მე-4 ქართველი ძალოსანი, რომელმაც ოლიმპიადა მოიგო! 1952 წელს, ჰელსინკში, ეს რაფაელ ჩიმიშკიანმა შეძლო. მისი ტრიუმფიდან ზუსტად ოთხი ათეული წლის შემდეგ, 1992 წელს ბარსელონაში, კახი კახიაშვილი დადგა ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი. 12 წლის შემდეგ, 2004 წელს, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე გახდა, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
და აი, გავიდა კიდევ 12 წელიწადი და მეოთხე ქართველი ძალოსანი ოლიმპიური ჩემპიონია!
ვულოცავ პირადად ლაშას!
ვულოცავ მის პირად მწვრთნელს, ავთანდილ გახოკიძეს!
ვულოცავ ნაკრების თავკაც გიორგი ასანიძეს!
ვულოცავ ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს!
ვულოცავ ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს!
და პირველ რიგში ლაშას მთავარ გულშემატკივრებს ვულოცავ – მის ოჯახს, გამორჩეულად კი მამას და პირველ მწვრთნელს, ასევე ძალოსან კობა ტალახაძეს! პირველად სწორედ მან დააყენა შვილი ოლიმპიური ოქროსკენ მიმავალ ბილიკზე!
ჩვენ, ქართული სპორტის ქომაგები ამ გამარჯვებას, ამ ტრიუმფს ოლიმპიადის გახსნის წუთიდან ველოდით.
გილოცავთ კიდევ ბევრჯერ, რადგან ძალოსანთა ნაკრებმა ლაშა ტალახაძის ოქროს მედალთან ერთად წუხელ ბრინჯაოც მოიგო – ირაკლი თურმანიძე დადგა კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე! 207 კილო ატაცში, 241 – აკვრაში, ორჭიდის ჯამში 448 და III ადგილი!
ვულოცავ ირაკლის, ვულოცავ მის პირად მწვრთნელ აბესალომ ბასილიას!
ქართული ძალოსნობის ისტორიაში ჩვენმა სპორტსმენებმა პირველად მოიგეს ერთ დღეს ოქროს და ბრინჯაოს მედლები!
ქართული ძალოსნობის ისტორიაში ჩვენმა სპორტსმენებმა პირველად მოიგეს ერთ ოლიმპიადაზე ორი მედალი!
და ბოლოს, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა ერთ დღეს 3 მედალი მოიგო! არ გამოგვრჩეს: ძალოსანთა ბრწყინვალე ასპარეზობას ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდა შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაო უსწრებდა. ქართველი ფალავანი გუშინ შესანიშნავი იყო: შემტევი და აგრესიული, რაც ასე აკლდათ მის თანაგუნდელებს. და შედეგიც სასურველი მიიღო: ოლიმპიური მედალი – ბრინჯაო!
2016 წლის 16 აგვისტო – ქართული ძალოსნობის ტრიუმფის დღე!
2016 წლის 16 აგვისტო – ქართული სპორტის ტრიუმფის დღე!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, რადგან ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლის შემდეგ, ცოდვა გამხელილი სჯობს და, გულშემატკივრები პესიმიზმმა მოგვიცვა. იყო კიდეც საამისო მიზეზი: ძიუდოისტებისგან მეტს ველოდით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები აშკარად ვერ იყვნენ სათანადოდ მზად, მარცხი მარცხს ცვლიდა და უცბად… ერთბაშად 3 ტრიუმფი!
XXXI ოლიმპიადის მე-12 საშეჯიბრო დღეს, 17 აგვისტოს საქართველოს ოლიმპიური გუნდი 5 მედლით ხვდება: ძალოსან ლაშა ტალახაძის ოქრო; ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლი; ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაო; ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაო და ძალოსან ირაკლი თურმანიძის ბრინჯაო!
5 მედალი და მე-40 ადგილი 206 ქვეყანას შორის! მშვენიერია!
დასამალი არაფერია: ოლიმპიადის დაწყებამდე, როცა ჩვენი სპორტის მესვეურები მედლებზე ბჭობდნენ, ოქროს კანდიდატთა შორის ლაშა ტალახაძესაც მოიაზრებდნენ. 22 წლის ძალოსანმა ბრწყინვალედ მოიპოვა რიო დე ჟანეიროს თამაშების ლიცენზია: შარშან, ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ახლახანს კი, ნორვეგიაში, ევროპის უძლიერესი ძალოსნის წოდება მოიგო!
ასეთი წარმატების შემდეგ მისგან, ცხადია, ყველა ოქროს ელოდა. მათ შორის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეც, რომელმაც ბრაზილიაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე თქვა: „ევროპის ჩემპიონატზე ლაშამ ფენომენალური შედეგი აჩვენა – ნორვეგიაში ატაცში ევროპის რეკორდი გააუმჯობესა, ორჭიდის ჯამში კი თავის საუკეთესო მაჩვენებელს გადააჭარბა! ამის გათვალისწინებით, რიოს ოლიმპიადაზე მისი ფავორიტობა გამოიკვეთა. რიოში ლაშას ნებისმიერი ხარისხის ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა შეუძლია, თუმცა, გულშემატკივარს ეს არ აკმაყოფილებს – მას უნდა, რომ მედალი უმაღლესი სინჯისა იყოს! ამიტომ, ვეცდებით მათი მოლოდინი გავამართლოთ და ოლიმპიადაზე ოქროსთვის ვიბრძოლოთ. მით უმეტეს, რომ ლაშას რიოში გამარჯვება ნამდვილად ხელეწიფება“.
ოლიმპიური ჩემპიონობის ლაშასაც ეიმედებოდა. ფარულად, მაგრამ მაინც: „მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ვეცდები უმაღლესი სპორტული ტიტულიც მოვიპოვო“, – მოკლედ მოჭრიდა ხოლმე დროგამოშვებით.
და ბიჭიც ოლიმპიურ ოქროს მედალს შეწვდა!
ოლიმპიურ ოქროს მსოფლიო რეკორდით!
22 წლის ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
22 წლის ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
22 წლის ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია!
22 წლის ლაშა ტალახაძე მსოფლიოს რეკორდსმენია!
ძალოსანთა ემოციური, დრამატული და ბრწყინვალედ დასრულებული შეჯიბრის შემდეგ ძნელია მშვიდი გონებით გუშინდელი ასპარეზობის გახსენება, მაგრამ მაინც ვთქვათ: ლაშას მთავარ კონკურენტად ირანელი ბეჰდად სალიმი მოიაზრებოდა, ლონდონის ოლიმპიადის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, აზიის თამაშების 2-გზის და აზიის ჩემპიონატის 4-გზის გამარჯვებული, მართლა ძალიან ძლიერი ძალოსანი. პირველი მოძრაობის – ატაცის შემდეგ სწორედ ის ლიდერობდა შეჯიბრს, თან მსოფლიო რეკორდით – 216 კილოგრამით.
ლაშამ ასპარეზობა სალიმის წინ დაიწყო. პირველ ცდაზე 205 კილოგრამი დაძლია, მესამე, უკანასკნელ ცდაზე კი 215-კილოგრამიან შტანგასაც მოერია. ეს მსოფლიო და შესაბამისად, ოლიმპიური რეკორდი იყო! თუმცა, ლაშას შემდეგ შტანგასთან ბეჰდად სალიმი მივიდა და 216 კილო დაძლია. მსოფლიო რეკორდის ავტორადაც ის ჩაიწერა.
ატაცის დასრულებისას ირაკლი თურმანიძე 207 კილოგრამით მე-4 გახლდათ: სალიმის და ტალახაძის გარდა სომეხ გორ მინასიანსაც ჩამორჩებოდა. ამ უკანასკნელმა 210-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა.
დაიწყო აკვრა და მედლების კანდიდატებიც გამოიკვეთნენ. ლაშა ერთ-ერთი ბოლო გამოჩნდა ფიცარნაგზე – 242 დაძლია! მის შემდეგ შტანგასთან სალიმი მივიდა, რომელსაც 3 კილოგრამით მეტი ჰქონდა შეკვეთილი. ირანელი შტანგას დაეჭიდა და… ვერ მოერია! ის კიდევ ორჯერ მივიდა, მაგრამ ორივე ცდა გააფუჭა. მისთვის ოქროს მედლისთვის ბრძოლაც იქვე დასრულდა.
ლაშა კი ჯერ 247-ს მოერია და ოქროს მედალი გაინაღდა, პირველ ადგილზე დამკვიდრებულმა კი ორჭიდში მსოფლიო რეკორდსაც შეუტია: 258 კილოგრამი, ორჭიდის ჯამში 473 და მსოფლიო რეკორდი!
მერე იყო ჩემპიონის შეძახილი, გიორგი ასანიძის და ლაშა ტალახაძის ჩახუტება იქვე, შტანგასთან და ფიცარნაგზე საქართველოს დროშით ავარდნილი ჩვენი ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი! 2004 წლიდან დაწყებული, კახაბრიშვილი ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს ერთ-ერთი პირველი ულოცავდა გამარჯვებას და ეს ლამაზი ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა.
ლაშა ტალახაძე რიო 2016-ის პირველი ჩემპიონია!
ლაშა ტალახაძე ოლიმპიადის მომგები მე-4 ქართველი ძალოსანია!
ლაშა ტალახაძე 35-ე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია!
გილოცავთ!
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 17 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – www.olympic.org/rio-2016
მედალოსნები: 16 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები – ფინი
1.ჯილ სკოტი (დიდი ბრიტანეთი)
2.ვასილი ჟბოგარი (სლოვენია)
3.ქელებ პეინი (აშშ)
შერეული ეკიპაჟი – ნაკრა 17
1.სანტიაგო ლანხე და სესილია კარანსა საროლი (არგენტინა)
2.ჯეისონ უოტერჰაუსი და ლიზა დერმენინი (ავსტრალია)
3.თომას ზაიაცი და ტანია ფრენკი (ავსტრია)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
66კგ
1.დავორ შტეფანეკი (სერბეთი)
2.მირან ჰარუთინიანი (სომხეთი)
3.შმაგი ბოლქვაძე (საქართველო) და რასულ ჩუნაიევი (აზერბაიჯანი)
*-შმაგი ბოლქვაძე
1/8 – ტერო ვიალიმიაკი (ფინეთი) – 3:0
1/4 – ომიდ ნორუზი (ირანი) – 2:0
1/2 – დავორ შტეფანეკი (სერბეთი) – 0:7
III – ტომოჰირო ინუე (იაპონია) – 1:0
98კგ
1.არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
2.იუსმანი ლუხო (კუბა)
3.ჩენქ ილდემი (თურქეთი) და ღასემ რეზაეი (ირანი)
*-რევაზ ნადარეიშვილი
1/8 – ელის გური (ბულგარეთი) – 2:3
ველოსპორტი
ვაჟები – კეირინი
1.ჯეისონ კენი (დიდი ბრიტანეთი)
2.მათიის ბიუხლი (ნიდერლანდები)
3.აზიზულჰასნი ავანგი (მალაიზია)
გოგონები – სპრინტი
1.ქრისტინა ვოგელი (გერმანია)
2.ბეკი ჯეიმსი (დიდი ბრიტანეთი)
3.კეტი მერჩენტი (დიდი ბრიტანეთი)
გოგონები – ომნიუმი (ექვსჭიდი)
1.ლაურა ტროტი (დიდი ბრიტანეთი) – 230 ქულა
2.სარა ჰამერი (აშშ) – 206 ქულა
3.ჟოლინ დ’ოორი (ბელგია) – 199 ქულა
კაიაკი და კანოე
ვაჟები – კანოე, 1 000მ
1.სებასტიან ბრენდელი (გერმანია) – 3:56.926წთ
2.ისაკიაშ კეირუშ დუშ სანტუში (ბრაზილია) – 3:58.529წთ
3.ილია შტოკალოვი (რუსეთი) – 4:00.963წთ
ვაჟები – კაიაკი, 1 000მ
1.მარკუს ვალცი (ესპანეთი) – 3:31.447წთ
2.იოზეფ დოსტალი (ჩეხეთი) – 3:32.145წთ
3.რომან ანოშკინი (რუსეთი) – 3:33.363წთ
გოგონები – კაიაკი, 200მ
1.ლიზა კერინგტონი (ახალი ზელანდია) – 39.864წმ
2.მარტა ვალჩუკიევიჩი (პოლონეთი) – 40.279წმ
3.ინა ოსიპენკო-რადომსკა (აზერბაიჯანი) – 40.401წმ
გოგონები – ორადგილიანი კაიაკი, 500მ
1.გაბრიელა შაბო და დანუტა კოზაკი (უნგრეთი) – 1:43.687წთ
2.ფრანცისკა ვებერი და ტინა დიცე (გერმანია) – 1:43.738წთ
3.ბეატა მიკოლაიჩუკი და კაროლინა ნაია (პოლონეთი) – 1:45.207
კრივი
ვაჟები – 60კგ
1.რობსონ კონსეიშაუ (ბრაზილია)
2.სოფიანე უმია (საფრანგეთი)
3.ლაზარო ალვარესი (კუბა) და დორჯნიამბუუგიინ ოტგონდალაი (მონღოლეთი)
მაგიდის ჩოგბურთი
გოგონები – გუნდური
1.ჩინეთი (ლიუ შივენი, დინ ნინი, ლი შიაოშია)
2.გერმანია (ჰან იუნი, პეტრისა სოლია, შან შიაონა)
3.იაპონია (აი ფუკუჰარა, მიმა იტო, კასუმი იშიკავა)
მძლეოსნობა
ვაჟები – 110მ თარჯრბენი
1.ომარ მაკლეოდი (იამაიკა) – 13.05წმ
2.ორლანდო ორტეგა (ესპანეთი) – 13.17წმ
3.დმიტრი ბასკუ (საფრანგეთი) – 13.24წმ
ვაჟები – სამხტომი
1.კრისტიან ტეილორი (აშშ) – 17.86მ
2.უილ კლეი (აშშ) – 17.76მ
3.დონ ბინი (ჩინეთი) – 17.58მ
ვაჟები – სიმაღლეზე ხტომა
1.დერეკ დრუინი (კანადა) – 2.38მ
2.მუტაზ ესა ბაშიმი (კატარი) – 2.36მ
3.ბოჰდან ბონდარენკო (უკრაინა) – 2.33მ
გოგონები – 1 500მ
1.ფაით ჩეპნგეტიჩ კიპუეგონი (კენია) – 4:08.92წთ
2.გენზებე დიბაბა (ეთიოპია) – 4:10.27წთ
3.ჯენიფერ სიმპსონი (აშშ) – 4:10.53
გოგონები – ბადროს ტყორცნა
1.სანდრა პერკოვიჩი (ხორვატია) – 69.21მ
2.მელინა რობერტ-მიშონი (ჩინეთი) – 66.73მ
3.დენია კაბალიერო (კუბა) – 65.34მ
მხატვრული ცურვა
დუეტები
1.ნატალია იშჩენკო და სვეტლანა რომაშინა (რუსეთი) – 194.9910 ქულა
2.უან შუეშენი და სუნ ვენიანი (ჩინეთი) – 192.3688 ქულა
3.იუკიკო ინუი და რისაკო მიცუი (იაპონია) – 188.0547 ქულა
სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები – ორძელზე ვარჯიში
1.ოლეგ ვერნიაევი (უკრაინა) – 16.041 ქულა
2.დენილ ლეივა (აშშ) – 15.900 ქულა
3.დავიდ ბელიავსკი (რუსეთი) – 15.783 ქულა
ვაჟები – ღერძზე ვარჯიში
1.ფაბიან ჰამბუხენი (გერმანია) – 15.766 ქულა
2.დენილ ლეივა (აშშ) – 15.500 ქულა
3.ნილ უილსონი (დიდი ბრიტანეთი) – 15.466 ქულა
გოგონები – თავისუფალი ვარჯიში
1.სიმონე ბაილსი (აშშ) – 15.966 ქულა
2.ალექსანდრა რაისმანი (აშშ) – 15.500 ქულა
3.ემი ტინკლერი (დიდი ბრიტანეთი) – 14.933 ქულა
ცურვა
ვაჟები – მარათონი (10კმ)
1.ფერი ვეერტმანი (ნიდერლანდები) – 1:52:59.8წთ
2.სპირიდონ გიანიოტისი (საბერძნეთი) – 1:52:59.8წთ
3.მარკ-ანტუან ოლივიე (საფრანგეთი) – 1:53:02.0წთ
ძალოსნობა
ვაჟები – +105კგ
1.ლაშა ტალახაძე (საქართველო) – 473კგ (215+258) (მსოფლიო რეკორდი)
2.გორ მინასიანი (სომხეთი) – 451კგ (210+241)
3.ირაკლი თურმანიძე (საქართველო) – 448კგ (207+241)
წყალში ხტომა
ვაჟები – ტრამპლინი (3მ)
1.საო იუანი (ჩინეთი) – 547.60 ქულა
2.ჯეკ ლოგერი (დიდი ბრიტანეთი) – 523.85 ქულა
3.პატრიკ ჰოსდინგი (გერმანია) – 498.90 ქულა