რიო 2016: 19 აგვისტო

ძალიან გვინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა: ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ სადებიუტო ოლიმპიადა V ადგილზე დაასრულა.

39.817 წამი – ამ დროში დაფარა 200-მეტრიანი დისტანცია ქართველმა კანოისტმა. ჩემპიონი კი 39.279 წამით უკრაინელი იური ჩებანი გახდა, ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული ამავე დისციპლინაში. ჩებანმა რიოს ოქრო ოლიმპიური რეკორდით მოიგო.

მე თუ მკითხავთ, ზაზა ნადირაძის ოლიმპიადაზე მოხვედრა უკვე წარმატებაა. მით უმეტეს – ფინალში გასვლა. და როცა გავაცნობიერეთ, რომ ამ მართლა მონდომებულ ახალგაზრდას ნიჩბის კარგად მოსმა შეძლებია, მედალიც „მოგვინდა“. ხშირად ხდება ხოლმე ასე, სულ ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ვიღაც ჩვენიანს რაღაც კარგად ეხერხება…

გულდასაწყვეტია, რომ ქართველი სპორტსმენის და მასთან ერთად ყველა მისი გულშემატკივრის ოცნება არ ახდა. თუმცა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ნანახმა ნათელი მომავლის იმედით აღგვავსო.

ჯერ წამი რა არის და წამის 189 მეათასედი რა იქნება? მაგრამ აღმოჩნდა, რომ დიდი დროა. ზაზას სწორედ ამ 189 მეათასედით აჯობა მე-3 ადგილზე გასულმა ბრაზილიელმა ისაკიაშ კეირუშ დუშ სანტუშმა. მე-2 კიდევ ერთი ტიტულიანი კანოისტი, ბოლო წლებში ამ დისციპლინის ერთ-ერთი ლიდერი, უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილი, თუმცა რიოში აზერბაიჯანის სახელით ჩასული ვალენტინ დემიანენკო იყო.

ვინც 200 მეტრზე კანოისტთა სპრინტს თვალი ადევნა, დამეთანხმება, რომ ზაზას სტარტი არ გამოუვიდა – მცირედით შეყოვნდა, რამაც საბოლოო ჯამში დააღალატა კიდეც. ქართველმა კი შეძლო დისტანციის შუაში ჩამორჩენის აღმოფხვრა, მაგრამ მცირე შეცდომამ უკანასკნელ მეტრებზე იჩინა თავი. ფინიშთან მიახლოებულ ნადირაძეს ზუსტად ის ძალა დააკლდა, რაც ტრასის შუაში დახარჯა.

ამავე აზრისაა კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავაც, რომელმაც გაზეთ ლელოს განუცხადა: „ფინალურ გაცურვაში ისევ ძველმა პრობლემამ იჩინა თავი – ზაზამ სტარტი დააგვიანა და დაწინაურებულთა დასაწევად დიდი ენერგია დახარჯა. მართალია ფინიშამდე ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩუნებდა, მაგრამ 200-მეტრიანი სპრინტერული დისტანცია დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას არ იძლევა. სამწუხაროდ, ეს ასეა. ყველაფრის მიუხედავად, ზაზამ სადებიუტო ოლიმპიადაზე შესანიშნავად იასპარეზა. ვიტყვი იმასაც, რომ ოპერაციის გამო მას რამდენიმე თვე გაუცდა და ვარჯიში, ფაქტიურად, თებერვალში განაახლა და მიუხედავად იმისა, რომ ძალა არ დაუშურებია, უწინდელ ფიზიკურ კონდიციას მაინც ვერ მიუახლოვდა. და მაინც: ზაზას სახით ჩვენ ღირსეული მებრძოლი გვყავს და დარწმუნებული ვარ, მომდევნო შეჯიბრებში ის უკეთესი შედეგებით გაგვახარებს“.

ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვები ჰაერზე თქმული რომ არაა, ამას ზაზას წლევანდელი შედეგებიც მოწმობს. რიო 2016-ის სალიცენზიო ტურნირში, რომელიც მაისის შუა რიცხვებში გერმანიის ქალაქ დუისბურგში გაიმართა, ზაზამ II ადგილი დაიკავა, 14-17 ივლისს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე კი III იყო.

ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ – ვარჯიში. ქართული სპორტის აღმოჩენას ახლა სწორედ მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება. მან ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა: არ დაიზაროს, უფრო მოინდომოს, საქმე მოთმინებით აკეთოს და მჯერა 4 წლის შემდეგ, ამომავალი მზის ქვეყანაში, ჩვენ სპორტის ამ სახეობაში მედლის რეალური კანდიდატი გვეყოლება. პირველად მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადის შემდეგ. 44 წლის წინ ფოთელმა ვიქტორ კრატასიუკმა მოიგო ოქრო – გახსოვთ ალბათ, ამის შესახებ დღიურის წინა თავში უკვე დავწერე.

დღეს კი ზაზასთვის და მისი გუნდისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. რომ არა ამ ბიჭის მონდომება, მწვრთნელების – ნიკოლოზ გირდას და კახა ლომიშვილის ძალისხმევა, 18 აგვისტოს ფინალისთვის, ეგებ, სასხვათაშორისოდ გვეცქირა, მაგრამ არა! გუშინ, თბილისის დროით 16:23 საათზე, ლამის მთელი ქვეყანა ტელეეკრანს მიუჯდა პატარა ქართული სასწაულის მოლოდინში. მერე რა, რომ მედალს სხვა შეწვდა. ზაზა ნადირაძემ შეძლო და ძალიან ბევრნი გაგვაერთიანა, ნიჩბოსნისგან კი ამას, დარწმუნებული ვარ, უკიდურესად ვიწრო წრის გარდა, არავინ ელოდა. ჰოდა, ამიტომაც: მადლობა ზაზა ნადირაძეს და მის გუნდს!

18 აგვისტოს მშვენებად კი კიდევ ერთხელ იქცა დედამიწის ყველაზე სწრაფი ადამიანი, იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი – მან 200 მეტრზე გარბენი მოიგო და მერვედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!

19.78 წამი – ამ დროში ჩაიქროლა ბოლტმა. მართალია იამაიკელი საკუთარ მსოფლიო რეკორდს – 19.19 წამი (ბერლინი, 2009 წელი) – „ძალიან“ ჩამორჩა, მაგრამ ის ერთადერთი იყო, რომელმაც დისტანცია 20 წამზე ნაკლებ დროში დაფარა.

უსეინ ბოლტი ერთადერთი 8-გზის ოლიმპიური ჩემპიონია სპრინტში!

უსეინ ბოლტი ერთადერთი 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონია 100 მეტრზე!

უსეინ ბოლტი ერთადერთი 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონია 200 მეტრზე!

ბოლტი ლეგენდაა! გულისწადილის ასასრულებლად იამაიკელს უკანასკნელი ოლიმპიური გარბენი რჩება – 4X100-ზე ესტაფეტა, სადაც მისი გუნდი ფავორიტია. თუ იამაიკელებმა პეკინსა და ლონდონში მოგებულ ოქროებს რიოში გამარჯვებაც დაურთეს, ბოლტი პირველი მძლეოსანი გახდება, ვინც 3 სხვადასხვა დისციპლინაში ზედიზედ 3 ოლიმპიადას მოიგებს!

და მძლეოსნობაში მე-3 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდება ფინელი სტაიერის პაავო ნურმის და ამერიკელი კარლ ლუისის შემდეგ.

„მსურს უკვდავთა შორის მომიხსენიონ! მინდა, რომ მუჰამედ ალის და პელეს გავუტოლდე“! – ეს სიტყვები 29 წლის სპორტსმენმა მძლეოსანთა ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა. ჩემი აზრით, ის უკვე ყველა დროის ყველაზე დიადებს შორისაა. ჩვენ შეგვიძლია არაერთი დიდი მძლეოსანი გავიხსენოთ: იგივე ნურმი, სერგეი ბუბკა, ლუისი, მაიკლ ჯონსონი, ჩვენი ვიქტორ სანეევი, მაგრამ როცა ფენომენებზე ვისაუბრებთ, ბოლტი ერთ-ერთი პირველი უნდა ვახსენოთ. ამაზე, ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით.

ოლიმპიადის 8-გზის და მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონმა უკვე განაცხადა, რომ კარიერას ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ლონდონში დაასრულებს. მძლეოსნობაში მსოფლიოს მე-16 ჩემპიონატი 2017 წლის 4-13 აგვისტოს გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება, დიდებული კარიერისთვის წერტილის დასასმელად კი ამაზე უკეთესი ადგილი და ტურნირი, ვეჭვობ რომ მოიძებნოს. აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე ბოლტი 2009 წლიდან დომინირებს სამივე საყვარელ დისციპლინაში. მას შემდეგ ერთადერთხელ ვერ მოიგო ოქრო – 2011-ში, სამხრეთკორეულ დაეგუში, როცა 100 მეტრზე ფინალურ გარბენში ნაადრევი სტარტის გამო მოხსნეს. ყველა სხვა შემთხვევაში ის პირველი იყო!

მძლეოსანთა გუშინდელი შეჯიბრიდან ამერიკელი ეშტონ ჯეიმს იტონის გამარჯვებას გამოვარჩევ. 28 წლის ათლეტმა ათჭიდში ზედიზედ მეორე ოლიმპიადა მოიგო! მძლეოსნობის ამ რთულ და ძალიან საინტერესო დისციპლინაში იტონი 2012 წლიდან დაუმარცხებელია – 3-ჯერ მოიგო ჭერქვეშა მსოფლიო ჩემპიონატი, 2013 და 2015 წლებში კი ღია არენებზე მსოფლიო პირველობების ოქრო.

ბრიტანელმა ალისტერ ბრაუნლიმაც მეორედ გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებში. იტონის არ იყოს, მანაც ლონდონში დაწყებული ძლევამოსილი სვლა განაგრძო, თუმცა სპორტის სხვა სახეობაში: რთულ, მომქანცველ და საინტერესო ტრიატლონში.
ტრიატლონი, გეცოდინებათ, 3 ნაწილისგან შედგება: 1,5 კილომეტრზე ცურვა, 43კმ-იანი ველოგარბენი და სირბილი 10 კილომეტრზე. ადვილი მისახვედრია, თუ რა ძალისხმევას მოითხოვს ტრიატლონი სპორტსმენისგან. მიუხედავად ამისა, 28 წლის ბრაუნლი ზედიზედ მეორე ოლიმპიადაა უძლეველია. ფინიშის ხაზი მან 1:45:01 საათში გადაკვეთა. გამარჯვებულს 7 წამით ჩამორჩა უმცროსი ძმა ჯონათანი, რომელიც XXX ოლიმპიადაზე მე-3 იყო.

რიო და ჟანეიროს სპორტულ არენებზე დღეს ჩვენი გუნდის კიდევ 3 წევრს ვიხილავთ: მხატვრულ ტანვარჯიშში სალომე ფაჟავას, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (57კგ) და წლევანდელი ევროპირველობის ბრინჯაოს პრიზიორს იაკობ მაქარაშვილს (74კგ).

ქართველ ფალავნებზე ხვალ ვისაუბროთ, დღევანდელ წერილს კი იაპონელი მოჭიდავე ქალის კაორი იჩოს გუშინწინდელი ისტორიული მიღწევით დავასრულებ: მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონი იჩო პირველი ქალია, რომელმაც პირად პირველობაში 4 ოლიმპიადა მოიგო!

ჩვენი სპორტსმენების წარმატების იმედად, ხვალამდე გემშვიდობებით!

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 19 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი www.olympic.org/rio-2016

მედალოსნები: 18 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები – 49
1.პეტერ ბერლინგი და ბლეირ ტაკი (ახალი ზელანდია)
2.ნათან უტერიჯი და ლეინ იენსენი (ავსტრალია)
3.ერიკ ჰეილი და თომას პლიოსელი (გერმანია)
გოგონები – 49 FX
1.მარტინე გრაელი და კაენა კუნცე (ბრაზილია)
2.ალექსანდრა მელოუნი და მოლი მიჩი (ახალი ზელანდია)
3.იენა მაი ჰანსენი და კატია სალსკოვ-ივერსენი (დანია)

ბადმინტონი
გოგონები – წყვილები
1.მისაკი მაცუმოტო და აუიაკა ტაკაჰაში (იაპონია)
2.ქრისტინა პედერსენი და კამილა რიტერ იული (დანია)
3.იუნგ კიუნგ ეუნი და სინ სეუნგ-ჩანი (სამხრეთი კორეა)

ბალახის ჰოკეი
ვაჟები
1.არგენტინა (1.ხუან მანუელ ვივალდი, 2.გონსალო პეილატი, 4.ხუან იგნასიო ხილარდი, 5.პედრო იბარა, 7.ფაკუნდო კალიონი, 8.ლუკას რეი, 10.მატიას პარედესი, 11.ხოაკინ მენინი, 12.ლუკას ვილა, 14.ლუკა მასო, 16.იგნასიო ორტისი, 17.ხუან მარტინ ლოპესი, 19.ხუან მანუელ სალადინო, 20.ისიდორო იბარა, 22.მატიას რეი, 24.მანუელ ბრუნეტი, 26.აგუსტინ მასილი, 27.ლუკას როსი; მწვრთნელი: კარლოს რეტეხი)
2.ბელგია (4.არტურ ვან დორენი, 7.ჯონ-ჯონ დომენი, 8.ფლორენ ვან ობელი, 9.სებასტიენ დოკიე, 10.სედრიკ შარლიე, 12.გოტიე ბოკარი, 15.ემანუელ სტოკბროქსი, 17.თომას ბრილსი, 19.ფელიქს დენოიე, 21.ვინსენ ვანაში, 22.სიმონ გოგნარი, 25.ლოიკ ლუპაე, 27.ტომ ბოონი, 28.ჟერომ ტრუიენსი, 29.ელიოტ ვან ტრაიდონკი, 32.ტანგი კოსინსი; მწვრთნელი: შეინ მაკლეოდი)
3.გერმანია (1.ნიკოლას იაკობი, 2.მათიას მიულერი, 3.ლინუს ბუტი, 6.მარტინ ჰანერი, 7.მორიც ტრომპერცი, 8.მათს გრამბუში, 10.ქრისტოფერ უესლი, 12.ტიმ ჰერცბრუხი, 13.ტობიას ჰაუკე, 15.ტომ გრამბუში, 17.ქრისტოფერ რური, 20.მარტინ ცვიკერი, 21.მორიც ფიურსტე, 23.ფლორიან ფუქსი, 27.ტიმურ ორუზი, 29.ნიკლას ველენი; მწვრთნელი: ვალენტინ ალტენბურგი)

თავისუფალი ჭიდაობა
გოგონები – 53კგ
1.ჰელენ მარულისი (აშშ)
2.საორი იოშიდა (იაპონია)
3.ნატალია სუნუშინი (აზერბაიჯანი) და სოფია მატსონი (შვედეთი)
გოგონები – 63კგ
1.რისაკო კავაი (იაპონია)
2.მარია მამაშუკი (ბელარუსი)
3.ეკატერინა ლარიონოვა (ყაზახეთი) და მონიკა მიხალიკი (პოლონეთი)
გოგონები – 75კგ
1.ერიკა ვიებე (კანადა)
2.გიუზელ მანიუროვა (ყაზახეთი)
3.ჟან ფენლიუ (ჩინეთი) და ეკატერინა ბუკინა (რუსეთი)

კაიაკი და კანოე
ვაჟები – კანოე, 200მ
1.იური ჩებანი (უკრაინა) – 32.279წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ვალენტინ დემიანენკო (აზერბაიჯანი) – 39.493წმ
3.ისაკიაშ კეირუშ დუშ სანტუში (ბრაზილია) – 39.628წმ
*-ზაზა ნადირაძე – 39.817წმ, მე-5 ადგილი
საკვალიფიკაციო – 41.423წმ, მე-4 ადგილი I ჰიტში
ნახევარფინალი – 40.146წმ,
I ადგილი მე-3 ნახევარფინალში
ვაჟები – ორადგილიანი კაიაკი, 200მ
1.სოლ კრავიოტო და კრისტიან ტორო (ესპანეთი) – 32.075წმ
2.ლაიამ ჰითი და ჯონ შოფილდი (დიდი ბრიტანეთი) – 32.368წმ
3.აურიმას ლანკასი და ედვინას რამანაუსკასი (ლიეტუვა) – 32.382წმ
ვაჟები – ორადგილიანი კაიაკი, 1 000მ
1.მაქს რენდშმიდტი და მარკუს გროსი (გერმანია) – 3:10.781წთ
2.მარკო ტომიჩევიჩი და მილენკო ზორიჩი (სერბეთი) – 3:10.969წთ
3.კენ უოლესი და ლეხლენ ტამე (ავსტრალია) – 3:12.593წთ
გოგონები – კაიაკი, 500მ
1.დანუტა კოზაკი (უნგრეთი) – 1:52.494წთ
2.ემა იორგენსენი (დანია) – 1:54.326წთ
3.ლიზა კერინგტონი (ახალი ზელანდია) – 1:54.372წთ

კრივი
ვაჟები – 81კგ
1.ხულიო სესარ ლა კრუსი (კუბა)
2.ადილბეკ ნიაზიმბეტოვი (ყაზახეთი)
3.მატიო ბოდერლიკი (საფრანგეთი) და ჯოშუა ბუაცი (დიდი ბრიტანეთი)

მძლეოსნობა
ვაჟები – 200მ
1.უსეინ ბოლტი (იამაიკა) – 19.78წმ
2.ანდრე დე გრასი (კანადა) – 20.02წმ
3.კრისტოფ ლემეტრი (საფრანგეთი) – 20.12წმ
ვაჟები – 400მ თარჯრბენი
1.კერონ კლემენტი (აშშ) – 47.73წმ
2.ბონიფაცი მუჩერუ ტუმუტი (კენია) – 47.78წმ
3.იასმანი კოპელო (თურქეთი) – 47.92წმ
ვაჟები – ბირთვის კვრა
1.რაიან კრუზერი (აშშ) – 22.52მ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ჯოი კოვაჩი (აშშ) – 21.78მ
3.ტომას უოლში (ახალი ზელანდია) – 21.36მ
ვაჟები – ათჭიდი
1.ეშტონ იტონი (აშშ) – 8 893 ქულა (ოლიმპიური რეკორდის გამეორება)
2.კევინ მაიერი (საფრანგეთი) – 8 834 ქულა
3.დემიენ უორნერი (კანადა) – 8 666 ქულა
გოგონები – 400მ თარჯრბენი
1.დალილა მუჰამადი (აშშ) – 53.13წმ
2.სარა პეტერსენი (დანია) – 53.55წმ
3.ეშლი სპენსერი (აშშ) – 53.72წმ
გოგონები – შუბის ტყორცნა
1.სარა კოლაკი (ხორვატია) – 66.18მ
2.სუნეტე ვილჟოენი (სამხრეთი აფრიკა) – 64.92მ
3.ბარბორა შპოტაკოვა (ჩეხეთი) – 64.80ნმ

პლაჟის ფრენბურთი
ვაჟები
1.ალისონ ჩერუტი და ბრუნო ოსკარ შმიდტი (ბრაზილია)
2.დანიელე ლუპო და პაოლო ნიკოლაი (იტალია)
3.ალექსანდერ ბრაუერი და რობერტ მეეუვსენი (ნიდერლანდები)

ტაეკვონდო
ვაჟები – 68კგ
1.აჰმად აბუგაუში (იორდანია)
2.ალექსეი დენისენკო (რუსეთი)
3.ხოელ გონსალესი (ესპანეთი) და ლი დაე-ჰოონი (სამხრეთი კორეა)
გოგონები – 57კგ
1.ჯეიდ ჯონსი (დიდი ბრიტანეთი)
2.ევა კალვო (ესპანეთი)
3.ჰედაია მალაკი (ეგვიპტე) და კიმია ალიზადე (ირანი)

ტრიათლონი
ვაჟები
1.ალისტერ ბრაუნლი (დიდი ბრიტანეთი) – 1:45.01სთ
2.ჯონათან ბრაუნლი (დიდი ბრიტანეთი) – 1:47.07სთ
3.ჰენრი შოემანი (სამხრეთი აფრიკა) – 1:45.43წთ

წყალში ხტომა
გოგონები – კოშკი (10მ)
1.რენ ქიანი (ჩინეთი) – 439.25 ქულა
2.სუ იაიჟიე (ჩინეთი) – 419.40 ქულა
3.მეგან ბენფეიტო (კანადა) – 389.20 ქულა

ka_GEGeorgian