რიო 2016: 22 აგვისტო

XXXI ოლიმპიადა დასრულდა!

უამრავი რეკორდით, ძალიან დაძაბული შეჯიბრებით და ათასი საინტერესო ასპარეზობით სავსე რიო 2016 ახლა უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

ბოლო დღეს კიდევ არაერთი ჩემპიონი გამოვლინდა: ამერიკელმა კალათბურთელებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს ოლიმპიადა! ხელბურთში პეკინის და ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულ საფრანგეთის ვაჟთა ნაკრებს დანიამ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა… ვაჟ ფრენბურთელთა ტურნირი ბრაზილიელთა ტრიუმფით დასრულდა – ლონდონური ვერცხლი ოქროზე გადაცვალეს… ოლიმპიურ მედლებს წარუმატებლად, მაგრამ მაინც შეუტია ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ბოლო ორმა წევრმა – ზურაბ იაკობიშვილმა და ელიზბარ ოდიკაძემ…

21 აგვისტოს ოლიმპიური მოძრაობის კიდევ ერთ მშვენიერი თავი დასრულდა. რიო 2016-ის დახურვის საზეიმო ცერემონიის მიწურულს ოლიმპიურ ცეცხლი ხელოვნური ტროპიკული წვიმით და პოპულარული ბრაზილიელი მომღერლის მარიენე დე კასტროს მიერ შესრულებული სევდიანი ბალადით ჩაქრა…

„ბრაზილიაში სტუმრებად ჩამოვედით. დღეს გტოვებთ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. თქვენ სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩებით“! – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონიაზე, მერე კი პორტუგალიურად თქვა: Estes foram Jogos Olimpicos maravilhosos, na cidade maravilhosa! ეს იყო საოცარი ოლიმპიადა საოცარ ქალაქში!

რიო 2016-ის დამაგვირგვინებელ შოუს, ისევე, როგორც ოლიმპიადის გახსნას, ამაღელვებელი საფეხბურთო ისტორიებით საქვეყნოდ ცნობილმა მარაკანამ უმასპინძლა.

სოკ-ის პრეზიდენტის გამოსამშვიდობებელ სიტყვამდე იყო ერთა აღლუმი, რომელიც ოლიმპიური ტრადიციით, სტადიონზე საბერძნეთის ოლიმპიური გუნდის შემოსვლით დაიწყო. ბერძნების შემდეგ ბრაზილიელები გამოჩნდნენ. მათ XXXI ოლიმპიადა 7 ოქროთი, სულ კი 19 მედლით დაასრულეს. ბრაზილიის ოლიმპიური გუნდი ასეთი წარმატებული არასდროს ყოფილა!

საქართველოს გუნდის მედროშე რიო 2016-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ძალოსანთა ოქროს მსოფლიო რეკორდით მომგები ლაშა ტალახაძე გახლდათ.

ბრაზილიელების არ იყოს, XXXI ოლიმპიადა ჩვენი გუნდისთვისაც მშვენივრად დასრულდა: 7 მედლით საქართველომ 4 წლის წინ, ლონდონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში ჩემპიონობით მხოლოდ ერთხელ გავიხარეთ, რიოში კი ორჯერ: ტალახაძის ოქროს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილის ტრიუმფი მოჰყვა!

ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების შემოსვლის შემდეგ ნორვეგიელი დიჯეის კიოგოს და ამერიკელი ჯულია მაიკლსის დრო დაგდა, რამდენიმე წუთში კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყების, ოლიმპიური ინტერნეტ-ტელევიზიის პრეზენტაცია გაიმართა. 21 აგვისტოდან გულშემატკივრებს ოლიმპიადასთან და ზოგადად, ოლიმპიურ მოძრაობასთან დაკავშირებული უამრავი საინტერესო ვიდეორგოლის ხილვა ამ არხის მეშვეობით შეეძლებათ. საწყის ეტაპზე ინტერნეტ-ტელევიზია მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი…

ამას ოლიმპიადის უკანასკნელი, 306-ე დაჯილდოების ცერემონია მოჰყვა – თომას ბახმა ვაჟთა მარათონის გამარჯვებულს, კენიელ ელიუდ კიპჩოგეს გადასცა ოროს მედალი. 2 საათი, 8 წუთი და 44 წამი – ამ დროში გაირბინა კენიელმა სტაიერმა 42 კილომეტრი და 195 მეტრი. კიპჩოგეს ტრიუმფით კენიამ ისტორიული „დუბლი შეასრულა“ – ოლიმპიადების ისტორიაში მარათონი პირველად მოიგეს ერთი ქვეყნის სპორტსმენებმა. ზუსტად ერთი კვირით ადრე, 14 აგვისტოს, ქალთა მარათონის ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა ჯემიმა სუმგონგმა…

21 აგვისტო ჩვენი სპორტის ისტორიაშიც ჩაიწერა: ოლიმპიურ მარათონში პირველად იასპარეზა ქართველმა. დავით ხარაზიშვილმა 72-ე ადგილი დაიკავა – 2:20:47 საათი. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ოლიმპიური დევიზის არსს – მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება – ზედმიწევნით ზუსტად ხვდები…

ბრაზილიის კულტურის და წარსულისადმი მიძღვნილი წარმოდგენის შემდეგ ცერემონიის მომდევნო ნაწილის დრო დადგა: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიაში 4 ახალი წევრი აირჩიეს და ისინი რიო 2016-ის მოხალისეებმა თაიგულებით დააჯილდოვეს. გერმანელი მოფარიკავე ბრიტა ჰაიდერმანი, სამხრეთკორეელი მაგიდის ჩოგბურთელი სოგ-მინ რიუ, უნგრელი მოცურავე დანიელ დიურტა და რუსი ჭოკით მხტომელი ელენა ისინბაევა – ესენი არიან სოკ-ის სპორტსმენთა კომისიის ახალი წევრები.

„ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ხალხით და ქალაქით! ეს იყო ზღაპრული თამაშები და მადლობა თქვენ, რადგან ყველამ ერთად ჩავატარეთ ეს ოლიმპიადა! ის, რომ ბრაზილიამ ასეთ მშვენიერ თამაშებს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა, ჩვენი, თითოეული ბრაზილიელის დამსახურებაა! მადლობა მოხალისეებს, მომავალ დიდ ოლიმპიელებს და მადლობა სპორტსმენებს, რომლებმაც არაერთი დიდი გამარჯვებით გაგვახარეს“! – ომახიანად განაცხადა რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა კარლოს ნუზმანმა მომდევნო, XXXII ოლიმპიადის მასპინძელი ტოკიოს წარდგენის დასასრულს.

რამდენიმე წუთით ადრე, ოლიმპიური ტრადიციის მიხედვით, რიო დე ჟანეიროს მერმა ედუარდო პაესმა საზეიმოდ დაშვებული ოლიმპიური დროშა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს „დაუბრუნა“, სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა კი ის, თავის მხრივ, ტოკიოს მმართველს იურიკო კოიკეს გადაულოცა. სანახაობას ბავშვთა გუნდის შესრულებული ოლიმპიური ჰიმნი უსწრებდა.

იაპონიის სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ სტადიონის შუაგულში ამ ქვეყნის დროშა გამოისახა და XXXII ოლიმპიადისადმი მიძღვნილი წარმოდგენაც დაიწყო: პორტუგალიურ და იაპონურ ენებზე გრაფიკული ნამუშევარი „მადლობა რიო“ ამონათდა, რასაც ტოკიო 2020-ზე შექმნილი კოლაჟი მოჰყვა.

სანახაობის კულმინაციად ვიდეორგოლში იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს გამოჩენა იქცა, რომელიც პოპულარული კომპიუტერული თამაშის მარიოს მხიარულ სუპერგმირად გადაიქცა და ტოკიოდან პირდაპირ მარაკანას შუაგულში ამოყო თავი! გულწრფელად ვიტყვი – მშვენიერი გადაწყვეტილება იყო!

აღმოაჩინე ხვალინდელი დღე – ასეთია ტოკიო 2020-ის დევიზი, რომელიც მარაკანაზე თამაშების ემბლემასთან ერთად ვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ სოკ-ის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაში სპორტის 5 ახალ სახეობას ვიხილავთ: ბეიზბოლს/სოფტბოლს, კარატეს, სპორტულ მეკლდეურობას, სერფინგს და სკეიტბორდინგს.

შემდეგ ისევ თომას ბახის და კარლოს ნუზმანის ჯერი დადგა: სოკ-ის პრეზიდენტმა რიო დე ჟანეიროს, ოლიმპიური თამაშების უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის, ოლიმპიური თასი გადასცა. ჯილდო, რომელიც თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელმა, ფრანგმა ბარონმა პიერ დე კუბერტენმა ზუსტად 110 წლის წინ დაამზადა.

თავისი სიტყვის დასასრულს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა XXXI ოლიმპიადა დახურულად გამოაცხადა და კიდევ ერთი ლამაზი ოლიმპიური ტრადიციით, მსოფლიო ახალგაზრდებს 4 წელიწადში მომდევნო ოლიმპიადაზე, ტოკიოში შეხვედრისკენ მოუწოდა.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ რიო 2016-ის დახურვის ცერემონია მრავალფეროვანი ბრაზილიური ცეკვებით, სიმღერებით და სანახაობით გაგრძელდა, სულ ბოლოს კი იყო ის, რითაც ასე პოპულარულია ბრაზილია – სამბას კარნავალი.

ძნელი დასაჯერებელია, რომ სამმა კვირამ ასე სწრაფად გაირბინა. თუმცა, ოლიმპიადების დღეებში ყოველთვის ასეა – როცა საინტერესო სანახაობას თვალს ადევნებ, დრო სწრაფად გარბის.

რაც იყო, იყო, მომავალ ოლიმპიურ შეხვედრამდე 2020 წელს, ტოკიოში!

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 22 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – www.olympic.org/rio-2016

მედალოსნები: 21 აგვისტო
ველოსპორტი
ვაჟები – ქროსქანთრი (34.52კმ)
1.ნინო შურტერი (შვეიცარია) – 1:33:28სთ
2.იაროსლავ კულჰავი (ჩეხეთი) – 1:34:18სთ
3.კარლოს კოლომა ნიკოლასი (იტალია) – 1:34:51სთ

თავისუფალი ჭიდაობა
ვაჟები – 65კგ
1.სოსლან რამონოვი (რუსეთი)
2.ტოღრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)
3.ფრანკ ჩამიზო (იტალია) და იხტიორ ნავრუზოვი (უზბეკეთი)
*-ზურაბ იაკობიშვილი
1/8 – ამას დანიელი (ნიგერია) – 2:1
1/4 – ფრანკ ჩამიზო (იტალია) – 3:4
ვაჟები – 97კგ
1.კაილ სნაიდერი (აშშ)
2.ხეთაგ გაზიუმოვი (უკრაინა)
3.ალბერტ სარიტოვი (რუმინეთი) და მაგომედ იბრაგიმოვი (უზბეკეთი)
*-ელიზბარ ოდიკაძე
1/8 – გიორგი კეტოევი (სომხეთი) – 8:1
1/4 – მაგომედ იბრაგიმოვი (უზბეკეთი – 6:1
1/2 – კაილ სნაიდერი (აშშ) – 4:9
III – ალბერტ სარიტოვი (რუმინეთი) – 0:10

კალათბურთი
ვაჟები
1.აშშ
(4.ჯიმი ბატლერი, 5.ლევინ დურანტი, 6.დეანდრე ჯორდანი, 7.კაილი ლოური, 8.ჰარისონ ბარნსი, 9.დემარ დეროუზენი, 10.კაირი ირვინგი, 11.კლეი თომპსონი, 12.დემარკუს კაზენსი, 13.პოლ ჯორჯი, 14.დრეიმონდ გრინი, 15.კარმელო ენტონი; მწვრთნელი: მაიკ კრჟიჟევსკი)
2.სერბეთი (4.მილოშ ტეოდოშიჩი, 5.მარკო სიმონოვოჩი, 7.ბოგდან ბოგდანოვიჩი, 9.სტეფან მარკოვიჩი, 10.ნიკოლა კალინიჩი, 11.ნემანია ნედოვიჩი, 12.სტეფან ბირცევიჩი, 13.მიროსლავ რადულიცა, 14.ნიკოლა იოკიჩი, 15.ვლადიმირ შტიმაცი, 24.სტეფან იოვიჩი, 25.მილან მაცვანი; მწვრთნელი: ალექსანდარ ჯორჯევიჩი)
3.ესპანეთი (4.პო გასოლი, 5.რუდი ფერნანდესი, 6.სერხიო როდრიგესი, 7.ხუან კარლოს ნავარო, 8.ხოსე კალდერონი, 9.ფელიპე რეიესი, 10.ვიქტორ კლავერი, 14.ვილი ერნანგომესი, 21.ალექს აბრინესი, 23.სერხიო ლული, 44.ნიკოლა მიროტიჩი, 79.რიკი რუბიო; მწვრთნელი: სერჯიო სკარიოლო)

კრივი
ვაჟები – 52კგ
1.შახობიდინ ზოიროვი (უზბეკეთი)
2.იუელ ფინოლი (ვენესუელა)
3.უ ჟიანუანი (ჩინეთი)
*-ვერცხლის მედალოსანი მიშა ალოიანი (რუსეთი) დოპინგზე ჩავარდა და დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
ვაჟები – 64კგ
1.ფაზლიდინ გაიბნაზაროვი (უზბეკეთი)
2.ლორენსო სოტომაიორი (აზერბაიჯანი)
3.ვიტალი დუნაიცევი (რუსეთი) და არტიომ არუთუნიანი (გერმანია)
ვაჟები – +91კგ
1.ტონი იოკა (საფრანგეთი)
2.ჯოი ჯოისი (დიდი ბრიტანეთი)
3.ფილიპ ჰრგოვიჩი (ხორვატია) და ივან დიჩკო (ყაზახეთი)
გოგონები – 75კგ
1.კლარისა შილდსი (აშშ)
2.ნუჩკა ფონტინი (ნიდერლანდები)
3.დარიგა შაკიმოვა (ყაზახეთი) და ლი ქიანი (ჩინეთი)

მძლეოსნობა
ვაჟები – მარათონი
1.ელიუდ კიპჩოგე (კენია) – 2:08:44სთ
2.ფეუისა ლილესა (ეთიოპია) – 2:09:54სთ
3.გალენ რაპი (აშშ) – 2:10:05სთ
*-დავით ხარაზიშვილი – 2:20:47სთ, 72-ე ადგილი 

მხატვრული ტანვარჯიში
გუნდური მრავალჭიდი
1.ესპანეთი (სანდრა აგილარი, არტემი გავესუ, ელენა ლოპესი, ლურდეს მოედანო, ალეხანდრა კუერედა) – 35.749 ქულა
2.რუსეთი (ვერა ბირიუკოვა, ანასტასია ბლიზნიუკი, ანასტასია მაქსიმოვა, ანასტასია ტატარევა, მარია ტოლკაჩევა) – 55.516 ქულა
3.ბელარუსი (ანა დუძენკოვა, მარია კაბოდინა, მარია კაციაკი, ვალერია პიშელინა, არინა ციცილინა) – 35.433 ქულა

ფრენბურთი
ვაჟები
1.ბრაზილია
(1.ბრუნო რეზენდე, 3.ედერ კარბონერა, 4.უოლეს დე სოუზა, 7.ვილიამ არჟონა, 10.სერჟიუ სანტუში, 12.ლუის ფელიპე ფორტელესი, 13.მაურისიუ სოუზა, 14.დუგლას სოუზა, 16.ლუკას საატკამპი, 17.ევანდრო გუერა, 18.რიკარდო ლუკარელი, 19.მაურისიო ბორხეს სილვა; მწვრთნელი: ბერნარდუ რესენდე)
2.იტალია (3.დანიელე სოტილე, 4.ლუკა ვეტორი, 5.ოსმანი ხუანტორენა, 6.სიმონე ჯიანელი, 7.სალვატორე როსინი, 9.ივან ზაიცევი, 10.ფილიპო ლანძა, 13.მასიმო კოლაჩი, 14.მატეო პიანო, 15.ემანუელე ბირარელი, 16.ოლეგ ანტონოვი; მწვრთნელი: ჯანლორენცო ბლენჯინი)
3.აშშ (1.მეტიუ ანდერსონი, 2.აარონ რასელი, 3.ტეილორ სენდერი, 4.დევიდ ლი, 7.კავიკა შოჯი, 8.უილიამ პრიდი, 9.მერფი ტროი, 10.თომას იეშკე, 11.მიკა ქრისტენსონი, 17.მაქსველ ჰოლტი, 20.დევიდ სმიტი, 22.ერიკ შოჯი; მწვრთნელი: ჯონ სპერო)

ხელბურთი
ვაჟები
1.დანია
(1.ნიკლას ლანდინ იაკობსენი, 3.მადს ქრისტიანსენი, 5.მადს მენსა ლარსენი, 6.კასპერ ულრიხ მორტენსენი, 15.იესპერ ნიოდესბო, 16.იანიკ გრინი, 17.ლასე სვენ ჰანსენი, 19.რენე ტოფტ ჰანსენი, 21.ჰენრიკ მიოლგაარდი, 22.კასპერ სიონდერგაარდი, 23.ჰენრიკ ტოფტ ჰანსენი, 24.მიკელ ჰანსენი, 25.მორტენ ოლსენი, 27.მიქაელ დამგაარდი; მწვრთნელი: გუდმუნდურ გუდმუნდსონი)
2.საფრანგეთი (8.დანიელ ნარსისე, 12.ვინსენ ჟერარი, 13.ნიკოლა კარაბატიჩი, 14.კენტინ მაე, 15.მატიო გრებილი, 16.ტიერი ომეიერი, 17.ტიმოთი ნგუესანი, 19.ლუკ აბალო, 20.სედრიკ სორაინდო, 21.მიქაელ გიგუ, 22.ლუკა კარაბატიჩი, 23.ლუდოვიკ ფაბრეგასი, 27.ადრიენ დიპანდა, 28.ვალენტინ პორტე; მწვრთნელი: კლოდ ონესტა)
3.გერმანია (3.უვე გენშაიმერი, 6.ფინ ლემკე, 7.პატრიკ ვიენცეკი, 9.ტობიას რაიხმანი, 10.ფაბიან ვიედე, 12.სილვიო ჰაინევეტერი, 13.ჰენდრიკ პეკელერი, 17.შტეფენ ვაინჰოლდი, 19.მარტინ შტრობელი, 24.პატრიკ გროეცკი, 25.კაი ჰაფნერი, 33.ანდრეას ვოლფი, 35.იულიუს კუნი, 47.ქრისტიან დისინგერი, 95.პოლ დრუქსი; მწვრთნელი: დაგურ სიგურდსონი)

ka_GEGeorgian