რიო 2016: 6 აგვისტო

XXXI თამაშები დაიწყო – რიო დე ჟანეიროს ლეგენდარულ მარაკანაზე ოლიმპიური ცეცხლი აინთო! შთამბეჭდავ სანახაობას 78 ათასამდე გულშემატკივარიც დაესწრო.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი გახსნის ცერემონიის ცენტრალურ ნაწილში – ერთა აღლუმზე 81-ე ნომრად გამოჩნდა. გუნდის მედროშე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი, ევროპირველობის სამგზის ოქროსმედალოსანი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის ტრიუმფატორი და ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტი, ძიუდოკა ავთანდილ ჭრიკიშვილი გახლდათ.

ერთა აღლუმი, ოლიმპიური ტრადიციის შესაბამისად, სარბენ ბილიკზე საბერძნეთის ოლიმპიური გუნდის შემოსვლით დაიწყო, მასპინძელი ბრაზილია კი, წესისამებრ, ბოლო იყო. რაც შეეხება სხვა ქვეყნების თანმიმდევრობას, გუნდები ბრაზილიის სახელმწიფო ენის, პორტუგალიური ალფაბეტის მიხედვით გამოჩნდნენ. ამიტომაც იყო, რომ საქართველო მარაკანაზე სამხრეთ აფრიკის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ესპანეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, კორეის, ყაზახეთის, კატარის და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნის შემდეგ შემოვიდა.

ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავიც: ამერიკის შეერთებულ შტატებში ოლიმპიადის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია NBC ახორციელებს, რომლის მესვეურებმა ამერიკის გუნდის ბოლოში გადასმა მოითხოვეს, აქაოდა, ინგლისური ალფაბეტით, ამერიკას ერთ-ერთი ბოლო უწევს გამოსვლა და გუნდის ცერემონიის შუაში გამოჩენა ტელემაყურებელს დააბნევსო. სოკ-მა NBC-ს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ყველა სპორტსმენისთვის დიდი პატივია, თუმცა გამორჩეულად საამაყოა გუნდის მედროშეობა. ავთანდილ ჭრიკიშვილის გარდა გუშინ ეს პატივი ბევრ ცნობილ სპორტსმენს ხვდა წილად: ლეგენდარული ოლიმპიელი, თამაშების 18-გზის ჩემპიონი, მოცურავე მაიკლ ფელპსი ამერიკელთა მედროშე გახლდათ… წლევანდელი უიმბლდონის გამარჯვებული, ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი ერთეულთა შორის, ჩოგბურთელი ენდი მარი დიდი ბრიტანეთის ოლიმპიურ გუნდს ქართველთა შემდეგ, 82-ე ნომრად შემოუძღვა… გერმანელთა მედროშე მაგიდის ჩოგბურთელი, ყველა ტიტულის მომგები ტიმო ბოლი გახლდათ… არგენტინელების – სახელოვანი კალათბურთელი ლუის სკოლა… დანიელების – ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაკი… ესპანელების – დიდი სლემის ტურნირების 11-გზის გამარჯვებული, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი… ფრანგების – დაუმარცხებელი ძიუდოკა, ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი…

მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, გახსნის ცერემონია 170-მდე ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გადაიცა, ხოლო ტელეაუდიტორიამ 3 მილიარდს გადააჭარბა!

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, 5 აგვისტოს, მარაკანაზე გამართულ შოუს 28 ქვეყნის პირველი პირი დაესწრო, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი, ახლო წარსულში საფეხბურთო კლუბ ბოკა ხუნიორსის ხელმძღვანელი მაურისიო მაკრი; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი; იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი; ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე; მონაკოს პრინცი ალბერ II და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრეზიდენტი ბან კი მუნი.

საპატიო სტუმართა შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. ის ბრაზილიაში პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად ჩავიდა.

XXXI ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც დაესწრო, რომელიც ქართველი სპორტსმენების გასამხნევებლად რიო დე ჟანეიროში გუშინ, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად ჩავიდა. ოლიმპიადის გახსნას მათთან ერთად დაესწრო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ბარსელონის თამაშების ჩემპიონი ლერი ხაბელოვი.

„პირველ ყოვლისა, ყველას ვულოცავ თამაშების დაწყებას! უდიდესი სპორტული მოვლენა იწყება და დარწმუნებული ვარ, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება ბრაზილიის ამ ქალაქისკენ იქნება მიპყრობილი. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდი სპორტსმენთა სარეკორდო რაოდენობით წარსდგა, რაც ყველას ერთობლივი შრომის შედეგია. იმედს ვიტოვებ, რომ მონაწილეთა რაოდენობა მედლების ხარისხშიც გადაიზრდება და ჩვენი სპორტსმენები დიდი გამარჯვებებით გაგვახარებენ“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ცერემონიის დასრულების შემდეგ.

რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ XXXI ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია არ იქნებოდა ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც 2012 წელს ლონდონში და ისეთი გრანდიოზული, როგორც 2008 წელს პეკინში. მაშინვე ითქვა ისიც, რომ ცერემონიის მთლიანი ბიუჯეტი ლონდონის ოლიმპიადის გახსნის საერთო ღირებულების დაახლოებით 10%-ს თუ შეადგენდა.

სამხატვრო ხელმძღვანელმა ფერნანდუ მეირელეშმა განაცხადა: „ეკონომიკური კრიზისის გამო, თავს ფუფუნების უფლებას ვერ მივცემთ, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის გულშემატკივრებს დაუვიწყარი შოუ შევთავაზოთ“, ხოლო ცერემონიის დირექტორმა ლეონარდო კაეტანომ თქვა: „შოუ არ იქნება ძვირადღირებული, მაგრამ გპირდებით, რომ იქნება ორიგინალური და ვეცდებით სანახაობა გაჯერებული იყოს ჩვენთვის, ბრაზილიელებისთვის დამახასიათებელი შემოქმედებით, რიტმითა და ემოციით“.

მეირელეშის და კაეტანოს დაპირება გამართლდა – მარაკანამ მართლაც რომ ლამაზ, მრავალფეროვან და ემოციურ სანახაობას უმასპინძლა!

ლუის მელოდიას ნამღერი Aquele Abraco… პაულინიო და ვიოლას მიერ შესრულებული ბრაზილიის სახელმწიფო ჰიმნი… თეატრალიზებული სანახაობა – ბრაზილიის ამაზონიაში პორტუგალიელი ხალხის გამოჩენა, ევროპელების გამოჩენა და კარაველები, პარკურისტთა ჯგუფის ეფექტური შოუ, ტოპ-მოდელი ჟიზელ ბიუნდხენი და საქვეყნოდ ცნობილი მელოდია – გოგონა იპანემადან… ელზა სოარეშის შესრულებული Canto de Ossanha… რიოს ფაველების განუყოფელი ცეკვები… სამბას 12 სკოლის მიერ გაფერადებული რიოს სავიზიტო ბარათი – კარნავალი… ყველაფერი მშვენიერი იყო!

ოლიმპიადის გახსნის ეს ცერემონია კიდევ იმითაა აღსანიშნავი, რომ მასში პირველად მონაწილეობდა ტრანსგენდერი – ლეანდრა მედეიროშ სერეზო, პოპულარული მოდელი, რომელი ლეა თი-ს სახელით უფროა ცნობილი. ლეა თი ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ტონინიო სერეზოს ვაჟი გახლავთ, თუმცა მან სქესი 2012 წელს, ტაილანდში შეიცვალა…

გახსნის ცერემონიის რეჟისორების ჩანაფიქრი წარმატებული გამოდგა: მათ მაყურებელს საუკეთესო მხრით დაანახეს ერის კულტურა და ყველაფერი დადებითი, რითაც სამართლიანად ამაყობს ოლიმპიადის პირველი სამხრეთამერიკელი მასპინძელი ქალაქი!

მარაკანაზე ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი კი ვანდერლეი კორდეირუ დე ლიმას ხვდა, ვეტერან მარათონელს, ათენის 2004 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანს.

ყველა ელოდა, რომ მარაკანას ოლიმპიურ ფიალას ფეხბურთის მეფე პელე აანთებდა, მაგრამ რეჟისორებმა სხვანაირად გადაწყვიტეს. მათ დე ლიმა იმ სევდიანი ისტორიის გამო აირჩიეს, რომელიც სტაიერს 2004 წელს, ათენში გადახდა. 14 წლის წინ, ათენის ქუჩებში, ბრაზილიელი მარათონელთა შეჯიბრებას ლიდერობდა, თუმცა 35-ე კილომეტრზე, როცა უახლოეს მდევარს 25-30 წამით უსწრებდა, ერთ-ერთმა მაყურებელმა რამდენიმე წამით შებოჭა, რითაც გვარიანად შეაფერხა. საბოლოოდ დე ლიმა ფინიშთან კი მივიდა, მაგრამ მხოლოდ… მესამე ნომრად. ათენის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე, მარათონელთა დაჯილდოებისას, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დე ლიმა უდრეკი სპორტული სულის გამოვლინებისთვის პიერ დე კუბერტენის მედლითაც დააჯილდოვა. რაც შეეხება ბრაზილიელის შემაფერხებელს, ის ირლანდიელი კორნელიუს ნილ ჰორანი აღმოჩნდა, კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთილი ექსცენტრიული მღვდელი…

რიოს ოლიმპიური დღიურის დღევანდელი თავის მიწურულს ქართველ ქალ მშვილდოსნებზეც ვიტყვი – ისინი თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გამოჩნდნენ სასროლეთზე.

ჩვენი სამეულიდან საკვალიფიკაციო წრეში ყველაზე უკეთ ხათუნა ნარიმანიძემ ისროლა – 625 ქულით 34-ე ადგილი დაიკავა. ქრისტინე ესებუა 612 ქულით 45-ე იყო, ხოლო იულია ლობჟანიძე 57-ე – 594 ქულა.

ფლეი-ოფის პირველ წრეში, 1/32-ფინალში, ნარიმანიძის მეტოქე უკრაინელი ლიდია სიჩენიკოვა იქნება, ესებუა ინდოელ დეეპიკა კუმარის დაუპირისპირდება, ხოლო ლობჟანიძე – მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას.

ნარიმანიძე-ესებუა-ლობჟანიძის სამეული 1 831 ქულით ფლეი-ოფში მე-12 ნომრად შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ, პირველ წრეში – 1/8-ფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქე მექსიკა იქნება. ქალთა გუნდურში მედლები ხვალვე გათამაშდება.

დღეს კი ოლიმპიადაზე პირველ ქართველ ძიუდოისტს, ამირან პაპინაშვილს (60კგ) ვიხილავთ, მოგვიანებით დებიუტანტს, ტყვიის მსროლელ ცოტნე მაჭავარიანს, თუმცა ამაზე მომდევნო წერილში ვისაუბროთ.

მედლების იმედად, ხვალამდე.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 6 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი www.olympic.org/rio-2016

ka_GEGeorgian