რიო 2016: 7 აგვისტო

XXXI ოლიმპიადაზე პირველი მედლები გუშინ, 6 აგვისტოს გათამაშდა – სულ 12 კომპლექტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოლიმპიური გუნდი ახლოს იყო საპრიზო სამეულთან – ძიუდოისტ ამირან პაპინაშვილს ვგულისხმობ, კვარცხლბეკი მაინც მიუღწეველი გამოდგა.

პაპინაშვილმა, ვინც ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ 60კგ წონით კატეგორიაში ნაკრების პირველ ნომრად ჩამოყალიბდა, მედლისკენ სვლა კანადელი სერხიო პესოას ძლევით დაიწყო – ვაზარი და იუკო, მეორე წრეში კი ბულგარელი იანისლავ გერჩევი იპონით დაამარცხა.

1/4-ფინალში ქართველი ფალავნის მეტოქე ლონდონის ოლიმპიადის მესამეადგილოსანი, მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონი, ამ წონის ერთ-ერთი ფავორიტი იაპონელი ნაოჰისა ტაკატო გახდა. მან, თავის მხრივ, ჯერ მონაკოელი იან სიკარდი დაამარცხა იპონით, შემდეგ კი ჩეხი პაველ პეტრიკოვიც მის გზას გაუყენა.

ტაკატოს ძლევამოსილი სვლა პაპინაშვილთან დასრულდა – ამირანმა მოხდენილი ილეთით ბეჭებზე დასცა მეტოქე და სუფთად გაიმარჯვა! სწორედ ამ მოგების შემდეგ გაჩნდა მედლის მოპოვების იმედი, მაგრამ ტაკატოსთან იპონით გამარჯვება პაპინაშვილისთვის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ ტატამზე ბოლო წარმატება გამოდგა: 1/2-ფინალში ქართველი რუს ბესლან მუდრანოვთან დამარცხდა (იპონი), ბრინჯაოს მედალი კი რეპეშაჟის ფინალში უზბეკ დიუორბეკ უროზბოევთან დათმო (იუკო). მუდრანოვი, რომელთანაც პაპინაშვილი მეშვიდედ დამარცხდა (რვა პაექრობიდან), ოლიმპიური ჩემპიონი გახდა – ევროპის 3-გზის ჩემპიონმა რუსმა ფინალში ყაზახ იელდოს სმეტოვს ვაზარით მოუგო.

ლამაზად და რაც მთავარია, თავდაჯერებულად მოგებული პირველი 3 ბრძოლის გათვალისწინებით, პრიზიორთა შორის პაპინაშვილის ვერმოხვედრა ცალსახად გულდასაწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ქართველმა ძიუდოკამ მხოლოდ 2 მედალი მოიპოვა (ბრინჯაო თბილისის გრან პრიზე და გუნდური ოქრო რუსეთის ქალაქ ყაზანში, ევროპის ჩემპიონატზე), ის ახლოს იყო ოლიმპიურ ჯილდოსთან, თუმცა V ადგილს ვერ ასცდა.

აქვე გეტყვით, რომ კარიოკა არენა 2-ში ძიუდოისტთა შეჯიბრებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სხვა ოფიციალური პირებიც დაესწრნენ.

6 აგვისტოს შედგა ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის, ოლიმპიური ჩემპიონის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის ნინო სალუქვაძის ვაჟის, ცოტნე მაჭავარიანის ოლიმპიური დებიუტი – პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ცოტნემ საკვალიფიკაციო ეტაპი 574 ქულით დაასრულა. 53 მონაწილეს შორის ის 29-ე აღმოჩნდა და ფინალში ვერ მოხვდა. საუკეთესო 8 მსროლელს შორის, ანუ ფინალში შესასვლელად, ცოტნეს სულ 6 ქულა დააკლდა. არადა, მარტის დასაწყისში მან საქართველოს ჩემპიონატი პირადი რეკორდით – 580 ქულით მოიგო!

იმასაც გეტყვით, რომ ოლიმპიადის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ნინო სალუქვაძეს და ცოტნე მაჭავარიანს ვრცელი წერილი მიუძღვნა. დედა-შვილის ოლიმპიურ მიღწევაზე უკვე ბევრჯერ ითქვა, თუმცა იმდენად საინტერესო მოვლენაა, რომ მისი კიდევ ერთხელ აღნიშვნით არაფერი დაშავდება და ამიტომაც, შეგახსენებთ: ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი პირველი დედა და ვაჟი არიან, რომლებიც ერთ ოლიმპიადაზე მონაწილეობენ!

ტყვიის მსროლელთა ეს დისციპლინა კი 41 წლის ვიეტნამელმა ჰოან შუან ვინმა ოლიმპიური რეკორდით – 202,5 ქულით მოიგო! არადა, ფინალში ის მეოთხე ნომრად შევიდა – საკვალიფიკაციო ეტაპი 581 ქულით დაასრულა და 9 ქულით ჩამორჩა ჩინელ პან ვეის, ვინც საბოლოოდ ბრინჯაოს დაეუფლა.

ჰოან შუან ვინი ამ გამარჯვებისთანავე ჩაეწერა ოლიმპიადების ისტორიაში, რადგან ის გახდა თამაშების პირველი ვიეტნამელი ოქროსმედალოსანი! ეს აზიური ქვეყანა აქამდე ოლიმპიადაზე მოგებული 2 ბრინჯაოთი იწონებდა თავს.

მასპინძელთა ფავორიტთან, ფელიპე ალმეიდა ვუსთან ფინალში გამარჯვების შემდეგ შუან ვინმა განაცხადა: „ოლიმპიადის მოგება ზღაპრული შეგრძნებაა, ეს ჩემი ცხოვრების ოცნებაა, ახდენილი ოცნება! ძლიერი მეტოქე მყავდა და ამიტომ, ოქროზე არ ვფიქრობდი – მხოლოდ კარგად სროლა მინდოდა. ბედნიერი ვარ ოქროს მედალი რომ მოვიგე, ვუ კი ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრ წარმატებას მიაღწევს“. ცნობისათვის: ვერცხლის მედალოსანი ალმეიდა ვუ ოლიმპიურ ჩემპიონზე 14 წლით უმცროსია – 27 წლისაა.

ასევე გუშინ იასპარეზა მოცურავე ირაკლი რევიშვილმა. შეგახსენებთ: მან რიო 2016-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეცვალა ირაკლი ბოლქვაძე.

ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალი სტილით 400-მეტზე იასპარეზა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. 4 წუთი და 56 წამი – ეს შედეგი 50 მონაწილეს შორის 45-ე გამოდგა. ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ავსტრალიელმა მეკ ჰორტონმა მოიგო 3:41.55 წუთით.

გუშინვე გაითამაშეს პირველი მედლები ველომრბოლებმა. ინდივიდუალურ საგზატკეცილო რბოლაში 63 ქვეყნის 114 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის ახლახანს დასრულებული ტურ დე ფრანსის ბრიტანელი ტრიუმფატორი კრის ფრუმი და წლევანდელი ჯირო დ’იტალიას გამარჯვებული, იტალიელი ვინჩენცო ნიბალი. ფრუმმა პროფესიული ველოტურის ყველაზე პრესტიჟული რბოლა – ტურ დე ფრანსი – წელს მესამედ მოიგო და ბრაზილიაშიც ოქროს მედლის მთავარ კანდიდატად ჩავიდა. საპრიზო სამეულში მოიაზრებოდა ნიბალიც, მაგრამ მედალოსანთა შორის ვერც გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი მოხვდა (ფრუმი მე-12 ადგილზე გავიდა) და ვერც აპენინელი (მან რბოლა ვერ დაასრულა).

ფინიშამდე 2 კილომეტრით ადრე რბოლას ნიბალი ლიდერობდა, თუმცა ავარია შეემთხვა და ლიდერობა დაკარგა, წინ გაჭრილ პოლონელ რაფალ მაიკას კი უკანასკნელ 200 მეტრზე ბელგიელი გრეგ ვან ავერმეტი და დანიელი იაკობ ფუგლსენგი დაეწივნენ.

ოქროს მედალი ვან ავერმეტმა მოიგო – კოპაკაბანას ყურეში მოწყობილი 241,5-კილომეტრიანი ტრასა მან 6 საათში, 10 წუთსა და 5 წამში დაფარა. ვან ავერმეტის ოქროს მედალი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ის პირველი ბელგიელი ოლიმპიური ჩემპიონია 1996 წლის ატლანტის თამაშების შემდეგ.

6 აგვისტოს გათამაშებული მედლების მიმოხილვას რიოს ოლიმპიადის პირველი ოქროსმედალოსნით დავასრულებ, მით უმეტეს, რომ ტყვიის მსროლელთა ამ დისციპლინაში – პნევმატური შაშხანა ქალთა შორის – ორი ოლიმპიური რეკორდი დამყარდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე შეუდარებელი იყო ჩინელი დუ ლი – 420,7 ქულა და თამაშების პირველი რეკორდი, ფინალში კი ჩინელს ამერიკელმა აჯობა: 19 წლის ვირჯინია ტრეშერმა 208,0 ქულა დააგროვა და ოქროს მოიგო!

თუ ვიკიპედიას ვენდობით, ვირჯინია სპორტის ამ სახეობით 14 წლამდე არც დაინტერესებულა – ფიგურული სრიალი იტაცებდა, მაგრამ 5 წლის წინ, ერთ მშვენიერ დღეს, ოჯახს სანადიროდ გაჰყვა და მას შემდეგ იარაღი ხელიდან აღარ გაუშვია.

სხვა რა ვთქვა? ალბათ ის, რომ 92-წლიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიადას რაგბი დაუბრუნდა – თუნდაც 7-კაცა, მაგრამ მაინც. და არც რიო 2016-ის მსოფლიო პარტნიორის სამსუნგის კეთილი ჟესტი უნდა გამოგვრჩეს – კომპანიამ ოლიმპიადის უკლებლივ ყველა მონაწილე სპორტსმენი სპეციალურად ამ თამაშებისთვის შექმნილი მოდელით, სამსუნგ გელექსი S7-ით დაასაჩუქრა.

7 აგვისტოს ქართველთა გულშემატკივრებს ძალიან საინტერესო ამბები გველის: ვაჟ ძიუდოისტთა შორის ევროპის წლევანდელ ჩემპიონს ვაჟა მარგველაშვილს ვიხილავთ (66კგ). ის ოლიმპიადას სლოვენიელ ადრიან გომბოცთან ორთაბრძოლით იწყებს; ქალ მშვილდოსანთა ნაკრები – ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე – გუნდურის 1/8-ფინალში მექსიკას დაუპირისპირდება; პნევმატური პისტოლეტით იასპარეზებს ნინო სალუქვაძე; ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი წრის შეხვედრას გამართავს მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასთან, მოცურავე თეონა ბოსტაშვილი კი ბრასით 100 მეტრზე გაცურავს.

საუკეთესო სურვილებით, ხვალამდე!

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 7 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი www.olympic.org/rio-2016

მედალოსნები: 6 აგვისტო
ველოსპორტი
ვაჟები – საგზატკეცილო ველორბოლა (241,5კმ)
1.გრეგ ვან ავერმეტი (ბელგია) – 6:10:05სთ
2.იაკობ ფუგლსენგი (დანია) – 6:10:05სთ
3.რაფალ მაიკა (პოლონეთი) – 6:10:10სთ

მშვილდოსნობა
ვაჟები გუნდური
1.სამხრეთი კორეა
(კიმ-ვოო ჟინი, კუ ბონ-ჩანი, ლი სეუნგ-იუნი)
2.აშშ (ბრედი ელისონი, ჯეიკ კამინსკი, ზაკ გარეტი)
3.ავსტრალია (ალეკ პოტსი, რაიან ტიეკი, ტეილორ უორსი)

ტყვიის სროლა
ვაჟები – პნევმატური პისტოლეტი (10მ)
1.ჰოან შუან ვინი (ვიეტნამი) – 202,5 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.ფელიპე ალმეიდა ვუ (ბრაზილია) – 2020,1 ქულა
3.პან ვეი (ჩინეთი) – 180,4 ქულა
*-ცოტნე მაჭავარიანი
574 ქულა საკვალიფიკაციოში, 29-ე ადგილი. ფინალში ვერ მოხვდა
გოგონები – პნევმატური შაშხანა (10მ)
1.ვირჯინია ტრეშერი (აშშ) – 208 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.დუ ლი (ჩინეთი) – 207 ქულა
3.იუი სილინი (ჩინეთი) – 185,4 ქულა

ფარიკაობა
გოგონები – დაშნა
1.ემეზე შაში (უნგრეთი)
2.როზელა ფიამინგო (იტალია)
3.სუნ იუივენი (ჩინეთი)

ცურვა
ვაჟები – თავისუფალი, 400მ
1.მეკ ჰორტონი (ავსტრალია) – 3:41.55წთ
2.სუნ იანი (ჩინეთი) – 3:41.68წთ
3.გაბრიელე დეტი (იტალია) – 3:43.49წთ
*-ირაკლი რევიშვილი
4:00.56წთ საკვალიფიკაციოში, 45-ე ადგილი. ფინალში ვერ მოხვდა
ვაჟები – კომპლექსური, 400მ
1.კოსუკე ჰაგინო (იაპონია) – 4:06.05წთ
2.ჩეიზ კელიში (აშშ) – 4:06.75წთ
3.დაია სეტო (იაპონია) – 4:09.71წთ
გოგონები – კომპლექსური, 400მ
1.კატინკა ჰოშუ (უნგრეთი) – 4:26.36წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.მაია დირადო (აშშ) – 4:31.15წთ
3.მირეია ბელმონტე (ესპანეთი) – 4:32.39წთ
გოგონები – თავისუფალი, 4X100
1.ავსტრალია
(ემა მაკეონი, ბრიტანი ელმსლი, ბრონტე კემპბელი, კეიტ კემპბელი) –  – 3:30.65წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.აშშ
(სიმონე მანუელი, ები ვაიცაილი, დანა ვოლმერი, კეტი ლედეკი) – 3:31.89წთ
3.კანადა (სანდრინ მეინვილი, შანტალ ვან ლანდეგემი, ტეილორ რაკი, პენი ოლეკსიაკი) – 3:32.89წთ

ძალოსნობა
გოგონები – 48კგ
1.სოპიტა ტანასანი (ტაილანდი) – 200კგ (92+108)
2.სრი ვაჰუიუნი აგუსტიანი (ინდონეზია) – 192კგ (85+107)
3.ჰირომი მიუიაკე (იაპონია) – 188კგ (81+107)

ძიუდო
ვაჟები – 60კგ
1.ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)
2.იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
3.ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) და დიუორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)
*-ამირან პაპინაშვილი
1/16 – სერხიო პესოა (კანადა) – მოგება
1/8 – იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი) – მოგება
1/4 – ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) – მოგება
1/2 – ბესლან მუდრანოვი (რუსეთი – მარცხი
III – დიუორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი) – მარცხი
გოგონები – 48კგ
1.პაულა პარეტო (არგენტინა)
2.ჯეონგ ბო-კეიონგი (სამხრეთი კორეა)
3.ამი კონდო (იაპონია) და გალბადრახინ ოტგონცეცეგი (ყაზახეთი)

ka_GEGeorgian