რიო 2016: 9 აგვისტო

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი მესამე ადგილზე გავიდა. ლონდონი 2012-ის ერთადერთი ქართველი ჩემპიონი და პირველი მედალოსანი ახლა უკვე რიო დე ჟანეირო 2016-ის პირველი ქართველი პრიზიორია!

დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიურ ისტორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადების პირველი ორგზის მედალოსანია – ოქრო და ბრინჯაო, ასეთია გორელი ფალავნის მონაგარი!

ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი 24 წლის ასაკში ყველა სპორტსმენისთვის საოცნებო ოლიმპიური მედლის ყველაზე ახალგაზრდა ორგზის მფლობელია!

თუმცა გვერდით გადავდოთ ყველა სტატისტიკური თუ ისტორიული მიღწევა და უბრალოდ ვთქვათ, რომ ლაშამ გუშინ ძალიან გაგვახარა! და მხოლოდ იმიტომ არა, რომ მან პირველი მედალი მოუტანა საქართველოს გუნდს. ეს, თქმა არ უნდა, დიდებული იყო, მაგრამ მის მედალს, თუნდაც ბრინჯაოს, განსაკუთრებულ დატვირთვას სძენდა გუშინდელი თარიღი – 8 აგვისტო, რუსეთის აგრესიის მე-8 წლისთავი. გვინდა თუ არა, ამ ამბავს გვერდს ვერ ავუქცევთ, თავის მოტყუებას კი ტკივილის მომგვრელი სიმართლისთვის თვალის გასწორება სჯობს. სპორტშიც და ზოგადად, ცხოვრებაშიც.

8 აგვისტოს, ამ სევდიან და ყველა გონიერი ქართველისთვის უსიამოვნო დღეს ლაშამ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე დადგომა შეძლო! და რაც მისი ყველა ქომაგისთვის ათმაგად სიმბოლურია, ოლიმპიური სამეულისკენ მიმავალ გზაზე ლაშამ რუსი მეტოქეც დაამარცხა! მერე რა, რომ დენის იარცევი იუკოთი იგებდა. ბრაზილიურ ტატამზე ბეჭებზე გაკრული საბოლოოდ მაინც ის აღმოჩნდა – ორთაბრძოლის დასრულებამდე 15 წამით ადრე ლაშამ სუფთა გდებით – იპონით მოიგო!

მერე კი ტატამზე ბეჭებზე გართხმული რუსი სპორტსმენის თავზე მდგარი ლაშას ის ჟესტი იყო, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა ქართველი გულშემატკივრების გონებაში. და ალალად მიხარია, რომ ეს სიმბოლური მომენტი ოლიმპიადაზე აკრედიტებულმა ფოტოგრაფმა, ოლიმპიური ჩემპიონის სეხნია ლაშა კუპრაშვილმა ისტორიას შემოუნახა!

„აქ მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩამოვედი. ჯერ კიდევ ტატამზე გასვლამდე ვიცოდი – ვისაც უნდა შევხვედროდი, ნებისმიერ მეტოქესთან მოსაგებად ვიბრძოლებდი! დანარჩენი უკვე ღმერთის ნება და ბედის საქმე იყო“, – ეს სიტყვები ლაშამ XXX ოლიმპიადის მოგების შემდეგ თქვა.

ლონდონი 2012-ის შემდეგ ოთხი წელიწადი გავიდა და ამ ხნის მანძილზე ქართველი ძიუდოკას სპორტულ კარიერაში უამრავი ახალი ამბავი მოხდა. თუნდაც ის, რომ ლაშამ ერთი წონით აინაცვლა – გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ის 66კგ-ში ჭიდაობდა, დღეს – 73-შია.

და რას ნიშნავს წონის შეცვლა და რა სირთულეებთანაა ეს დაკავშირებული, ამას სპორტული ცხოვრების მეტ-ნაკლებად მცოდნეც კარგად აგიხსნით. დასაწყისი რთული იყო: ცალკე კონკურენტებს უმკლავდებოდა და პირველ რიგში საკუთარ თავს. რიო დე ჟანეიროს საგზურიც ხომ სულ ბოლოს გაინაღდა: მაისში, ყაზახურ ალმატიში მოგებული გრან პრის შემდეგ. მანამდე ბრაზილიაში მისი გამგზავრების საკითხი დიდი კითხვის ნიშნით ბოლოვდებოდა.

თუმცა, უამრავი ცვლილების, ერთი შეხედვით დაუძლეველი აღმართის და გამოწვევის მიუხედავად, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში არ შეცვლილა ლაშას დამოკიდებულება ძიუდოსთან – ის ნებისმიერ მეტოქესთან კვლავაც ბოლომდე იბრძოდა, ტატამზე მხოლოდ მოსაგებად გადიოდა, მონდომებამ კი სასურველი შედეგიც გამოიღო.

როგორია 24 წლისა ორ ოლიმპიურ მედალს რომ ფლობ? არ მინდა გადავამლაშო ან ემოციებს აყოლილმა სიტყვები ვერ მოვზომო, მაგრამ მაინც ვიტყვი – ეს მხოლოდ ბედის რჩეულთა ხვედრია! ლაშაც ასეთი მგონია.

ოლიმპიურ ბრინჯაომდე სვლა შავდათუაშვილმა 1/16-ფინალიდან დაიწყო – კუბელ მაგდიელ ესტრადას იპონით მოუგო. 1/8-ფინალში შრილანკელ ჩამარა რეპიალაჟსაც იგივე ბედი „ეწია“. 1/4-ფინალში ქართველი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სადღეისოდ ამ წონის უპირობო ლიდერ შოჰეი ონოს გადაეყარა. თანატოლთა ორთაბრძოლა იაპონელის გამარჯვებით დასრულდა – ვაზარი. სანუგეშო წრეში ქართველმა ფალავანმა ჯერ დენის იარცევის წინააღმდეგობა დაძლია – ისევ იპონი, ბრინჯაო კი ისრაელის გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელთან, საგი აარონ მუკისთან მოიგო – კვლავ სუფთა გდება! მეოთხე გამარჯვება და მეოთხე იპონი! ოქრო კი ონომ მოიგო, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჟოვი დაამარცხა. სხვათა შორის, გუშინ კვარცხლბეკზე მდგარი ოთხივე ძიუდოკა 24 წლისა გახლდათ. ეს ისე, ინფორმაციისთვის.

„პირველ რიგში მსურს მთელ საქართველოს მივულოცო ლაშა შავდათუაშვილის დღევანდელი წარმატება! ლაშამ ყველას დაანახა თუ რამდენად თავდაჯერებული, მონდომებული და მიზანმიმართული სპორტსმენია. მან უკვე მეორე ოლიმპიადაზე შეძლო მედლის მოგება, ეს კი მის მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. მისი დღევანდელი წარმატება იმითაცაა გამორჩეული, რომ მან ჩვენს ოლიმპიურ გუნდში ძალიან დადებითი და პოზიტიური მუხტი შემოიტანა! მჯერა, რომ ეს ბრინჯაოს მედალი საქართველოს ერთადერთი ჯილდო არ იქნება და ქართველი სპორტსმენების გულშემატკივრები მალე კიდევ არაერთხელ გავიხარებთ ჩვენი ოლიმპიელების გამარჯვებით“! – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ლერი ხაბელოვთან, სეოკ-ის მაღალჩინოსნებთან, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთან და გულშემატკივართა დიდ ჯგუფთან ერთად ადევნებდა თვალს ლაშას ორთაბრძოლებს.

რიოს ოლიმპიური დღიურების დღევანდელ თავში გუშინდელ გამარჯვებაზე საუბარს ერთი საინტერესო ფაქტის მოხმობით დავასრულებ: ლაშა შავდათუაშვილი მხოლოდ და მხოლოდ მეორე ქართველი ძიუდოკაა, რომელმაც ორ ოლიმპიადაზე მოახერხა მედლის მოგება. პირველი შოთა ჩოჩიშვილი გახლდათ, ოლიმპიური თამაშების მომგები პირველი ქართველი ძიუდოისტი – მან 1972 წელს, მიუნხენში ოქრო მოიგო, 4 წლის შემდეგ მონრეალში კი მესამე იყო.

ძიუდოზე ერთსაც ვიტყვი და ამით დავასრულებ: 9 აგვისტოს კარიოკა არენა 2-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი იჭიდავებს, ოლიმპიური გუნდის მედროშე და მართლა ძალიან ძლიერი ფალავანი. მოიგებს თუ არა ავთო ოქროს? მეიმედება, თუმცა ახლა ბევრს არაფერს ვიტყვი. ჯერ გავიხაროთ და სადღეგრძელოები მერე იყოს.

გუშინდელი ამბებიდან კიდევ რამდენიმე უნდა გამოვარჩიო: წყალში მხტომელთა შორის ჩინელების დომინირება გრძელდება – ამჯერად მათ ვაჟთა შორის კოშკურაზე იპირველეს; რაგბში გათამაშებული პირველი ოქრო ავსტრალიის ქალთა ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში მეზობელი ახალი ზელანდია დაამარცხა – 24:17; უნგრელმა მოცურავემ კატინკა ჰოშუმ კი თავის ქვეყანას მეორე ოქროს მედალი მოუტანა! 6 აგვისტოს 27 წლის სპორტსმენმა კომბინირებული სტილით 400-მეტრიანი დისტანცია მსოფლიო რეკორდით მოიგო, გუშინ კი 100-მეტრზე გულაღმა გაცურვის ფინალში რეკორდის გარეშე, მაგრამ მაინც ეფექტურად გაიმარჯვა.

გუშინვე ხალხმრავლობა იყო რიო დე ჟანეიროს ხელოვნების ქალაქში – Cidade das Artes – მოწყობილ იაპონურ სახლში: მომდევნო ოლიმპიადის, ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის ხელძღვანელებმა, იაპონიის ოლიმპიური გუნდის მესვეურებმა, ასევე ტოკიოს მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებმა და იაპონიის მთავრობის წევრებმა არაერთ საპატიო სტუმარს უმასპინძლეს. შეკრების მიზანი 4 წლის შემდგომი ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების გაცნობა იყო.

იაპონური სახლის სტუმართა შორის იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახიც, რომელმაც მასპინძლებს მიმართა და თქვა, რომ ტოკიოს ოლიმპიადას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სოკ-ის წევრმა ცუნეკაზუ ტაკედამ კი, თავის მხრივ განაცხადა, რომ ტოკიო 2020 იქნება ოლიმპიადა, რომელიც არასდროს არავის დაავიწყდება.

მეორე ოლიმპიური მედლის იმედად, ხვალამდე გემშვიდობებით.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 9 აგვისტო)
ფოტო: ლაშა კუპრაშვილი და თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი www.olympic.org/rio-2016

მედალოსნები: 8 აგვისტო
7-კაცა რაგბი
გოგონები
1.ავსტრალია (1.შენონ პერი, 2.შერნი უილიამსი, 3.ნიკოლ ბეკი, 4.ჯემა ეთერიჯი, 5.ემა ტონეგატო, 6.ევანია პელიტი, 7.შარლოტ ქესლიკი, 8.ქლოე დალტონი, 9.ემი ტერნერი, 10.ალისია ქუირკი, 11.ემილი ჩერი, 12.ელია გრინი. მწვრთნელი: ტიმ უოლში)
2.ახალი ზელანდია (1.რაბი ტუი, 2.შაკირა ბეიკერი, 3.ტერინა ტე ტამაკი, 4.ნიელ უილიამსი, 5.სარა გროსი, 6.გეილ ბრაუტონი, 7.ტუილა ნათან-ვონგი, 8.კელი ბრეზიერი, 9.ჰურიანა მანუელი, 10.ტერეზა ფიცპატრიკი, 11.პორტია ვუდმენი, 12.კაილა მაკალისტერი. მწვრთნელი: შონ ჰორენი)
3.კანადა (1.ბრიტანი ბენი, 2.კაილა მოლესკი, 3.კარენ პაკუინი, 4.კელი რასელი, 5.ეშლი სტეისი, 6.ჩერიტი უილიამსი, 7.ჯენ კიში, 8.ბიანკა ფარელა, 9.ჯისლეინ ლენდრი, 10.ჰანა დარლინგი, 11.ნატაშა უოტჩემ-როი, 12.მეგან ლუკენი. მწვრთნელი: ჯონ ტეიტი)

სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები – გუნდური პირველობა
1.იაპონია (რიოჰეი კატო, კენზო შირაი, იუსუკე ტანაკა, კოჰეი უჩიმურა, კოჯი იამამურო) – 274.094 ქულა
2.რუსეთი (დენის აბლიაზინი, დავიდ ბელიავსკი, ივან სტრეტოვიჩი, ნიკოლაი კუკსენკოვი, ნიკიტა ნაგორნი) – 271.453 ქულა
3.ჩინეთი (დენ შუდი, ლინ ჩაოპანი, ლიუ იუანი, იოუ ჰაო, ჟან ჩენლონი) – 271.122 ქულა

ტყვიის სროლა
ვაჟები – პნევმატური შაშხანა (10მ)
1.ნიკოლო კამპრიანი (იტალია) – 206,1 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.შერგეი კულიში (უკრაინა) – 204,6 ქულა
3.ვლადიმირ მასლენიკოვი (რუსეთი) – 184,2 ქულა
ვაჟები – სანგარი
1.იოსიპ გლასნოვიჩი (ხორვატია)
2.ჯოვანი პელიელო (იტალია)
3.ედუარდ ლინგი (დიდი ბრიტანეთი)

ფარიკაობა
გოგონები – ხმალი
1.იანა ეგორიანი (რუსეთი)
2.სოფია ველიკაია (რუსეთი)
3.ოლგა ხარლანი (უკრაინა)

ცურვა
ვაჟები – თავისუფალი, 200მ
1.სუნ იანი (ჩინეთი) – 1:44.65წთ
2.ჩად ლე კლოსი (სამხრეთი კორეა) – 1:45.20წთ
3.კონორ დუაიერი (აშშ) – 1:45.23წთ
ვაჟები – გულაღმა, 100მ
1.რაიან მერფი (აშშ) – 51.97წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.შუ ჟიაუ (ჩინეთი) – 52.31წმ
3.დევიდ პლამერი (აშშ) – 52.40წმ
გოგონები – გულაღმა, 100მ
1.კატინკა ჰოშუ (უნგრეთი) – 58.45წმ
2.კეთლინ ბეიკერი (აშშ) – 58.75წმ
3.კაილი მასე (კანადა) და ფუ იუანჰუი (ჩინეთი) – 58.76წმ
გოგონები – ბრასი, 100მ
1.ლილი კინგი (აშშ) – 1:04.93წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.იულია ეფიმოვა (რუსეთი) – 1:05.50წთ
3.კეტი მეილი (აშშ) – 1:05.69წთ

ძალოსნობა
ვაჟები – 62კგ
1.ოსკარ ფიგუეროა (კოლუმბია) – 318კგ (142+176)
2.ეკო იული ირავანი (ინდონეზია) – 312კგ (142+170)
3.ფარხად ხარკი (ყაზახეთი) – 305კგ (135+170)
გოგონები – 58კგ
1.სუკანიასრისურატი (ტაილანდი) – 240კგ (110 ორ + 130) (ოლიმპიური რეკორდი)
2.პიმსირი სირიკაეუ (ტაილანდი) – 232კგ (102+130)
3.კუი ჰსინ-ჩუნი (ტაივანი) – 231კგ (102+129)

ძიუდო
ვაჟები – 73კგ
1.შიჰეი ონო (იაპონია)
2.რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)
3.ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) და დირკ ვან ტიშელტი (ბელგია)
*-ლაშა შავდათუაშვილი
1/16 – მაგდიელ ესტრადა (კუბა) – მოგება
1/8 – ჩამარა რეპიალაჟი (შრი ლანკა) – მოგება
1/4 – შიჰეი ონო (იაპონია) – მარცხი
რეპეშაჟი – დენის იარცევი (რუსეთი) – მოგება
III ადგილისთვის – საგი აარონ მუკი (ისრაელი) – მოგება
გოგონები – 57კგ
1.რაფაელა სილვა (ბრაზილია)
2.დორჯსურენგიინ სუმიაა (მონღოლეთი)
3.ტელმა მონტეირო (პორტუგალია) და კაორი მაცუმოტო (იაპონია)

წყალში ხტომა
ვაჟები – კოშკი (10მ), სინქრონული
1.შენ აისენი და ლი იუიე (ჩინეთი) – 496.98 ქულა
2.დევიდ ბუდია და ტილ ჯონსონი (აშშ) – 457.11 ქულა
3.ტომ დელი და დენიელ გუდფელოუ (დიდი ბრიტანეთი) – 444.45 ქულა

ka_GEGeorgian