რიო 2016-ის გამოძახილი: წიგნების პრეზენტაცია ოლიმპიურ კომიტეტში

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს 3 გამოცემის – ქართველები რიოში, ლაშა ტალახაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალისტებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, ვეტერან სპორტსმენებს და გულშემატკივრებს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ხსენებული წიგნების რედაქტორმა ელგუჯა ბერიშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონებმა ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უმასპინძლეს.

„ქართული სპორტისთვის 2016 წელი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა და მიხარია, რომ განვლილი 12 თვე ამ 3 ლამაზი გამოცემით შეჯამდა. მსურს მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორებს მშვენიერი წიგნებისთვის და ვისურვებ მომდევნო, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ოლიმპიურ გამოცემებს კიდევ არაერთი წიგნი შეემატოს“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

მანვე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპონსორები და მხარდამჭერები, ის ორგანიზაციები, რომლებმაც განვლილ ოლიმპიურ ციკლში სეოკ-ს სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიეს, სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

„ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ასეთი წესი აქვს: ყოველი ოლიმპიური ციკლი შესაბამისი გამოცემით უნდა შეჯამდეს. ფოტოალბომი ქართველები რიოში ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენელთა გამოსვლას, თამაშების დღეებს ეძღვნება, ოქროსმედალოსნების შესახებ დაწერილი წიგნები კი ჩვენი ოლიმპიური სერიიდანაა, რომელიც ახლა უკვე 36 წიგნს ითვლის! აქვე ვიტყვი, რომ უკვე ვმუშაობთ ფილმებზე, რომლებიც ლაშა ტალახაძესა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მიეძღვნებათ, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა.

ფოტოალბომში „ქართველები რიოში“ ოლიმპიადაზე აკრედიტებული ფოტოკორესპონდენტების თამარ ყულუმბეგაშვილის და ლაშა კუპრაშვილის გადაღებული ფოტოებია თავმოყრილი.

„ლაშა ტალახაძის“ ავტორი სპორტული ჟურნალისტი ოთარ მაღლაკელიძეა. მისთვის ეს მეოთხე წიგნია სერიიდან „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“. რაც შეეხება „ვლადიმერ ხინჩეგაშვილს“, მისი ავტორი ჟურნალისტი ვასილ ბალახაძეა, რომლისთვისაც ეს პირველი წიგნია.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 20 დეკემბერი)

ka_GEGeorgian