რიო 2016: საქართველო თამაშებს რეკორდით ხვდება

ერთი დღეც და XXXI ოლიმპიადა გაიხსნება, თუმცა მარაკანაზე დაგეგმილ საზეიმო ცერემონიამდე ორი დღით ადრე, რიო 2016-ის სპორტული პროგრამით გათვალისწინებული ასპარეზობები უკვე დაიწყო – ქალ ფეხბურთელთა ტურნირში I ტურის შეხვედრები გაიმართა. რა როგორ მოხდა დაწვრილებით არ აღვწერ, ამას შედეგებიდანაც შეიტყობთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოლიმპიადის მასპინძლებმა ჩინელებს 3:0 აჯობეს.

ისევე როგორც სხვა 200-ზე მეტი ქვეყნის ოლიმპიური გუნდი, თამაშებისთვის ქართველი სპორტსმენებიც ემზადებიან. შეგახსენებთ: საქართველოს ეს გუნდი ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე წარმომადგენლობითია – რიო დე ჟანეიროში 40 სპორტსმენი იასპარეზებს!

„ჩვენ ერთად დიდი საქმე გავაკეთეთ – 39 ლიცენზია მოვიპოვეთ, რაც რეკორდული მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში! ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე – რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა დავიმსახუროთ! ოლიმპიადისწინა პერიოდის სპორტული შედეგები და ჩვენი სპორტსმენების რეალური პოტენციალი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. მთავარია თითოეულმა ოლიმპიელმა სრულად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და მზადყოფნაში შეხვდეს ოთხწლეულის ყველაზე დიდ შეჯიბრებას. ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნის ღირსების დაცვა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ოლიმპიელს. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ პასუხისმგებლობით და გამარჯვების რწმენით მიემგზავრებიან რიოში“, – ეს სიტყვები ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა 23 ივლისს, დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე ოლიმპიელთა გაცილებისა და ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის დროს განაცხადა. იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ რიო დე ჟანეიროში იასპარეზებდა კიდევ ერთი, მე-40 ათლეტი – ძალოსანი ანასტაია გოტფრიდი.

ოლიმპიური გუნდი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გაამხნევეს.

„საქართველო თუნდაც იმითაა უნიკალური, რა მიღწევებიც გაგვაჩნია სპორტში. არაერთხელ მითქვამს, რომ კვადრატულ მეტრზე გადაანგარიშებით, საქართველო მართლაც გამორჩეული ქვეყანაა, რადგან შევძელით და ასეთი განსაკუთრებული მიღწევები მოვიპოვეთ. თქვენ, რიოს ოლიმპიადის მონაწილეებს, ზურგს გიმაგრებენ ის ოლიმპიელები, რომლებმაც საქართველოს სახელი ოქროს ასოებით ჩაწერეს ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში და მთელ მსოფლიოს გააცნეს ჩვენი ქვეყანა. მინდა გისურვოთ სულიერი მხნეობა, წარმატება და გამარჯვება საქართველოსთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„საქართველოს ოლიმპიური გუნდი არნახულად ბევრი სპორტსმენით წარსდგება ოლიმპიადაზე, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ უდიდესი სპორტული ტრადიციებით გამოირჩევა. სპორტი ყველა ადამიანს შთააგონებს, აძლიერებს, ბრძოლის ჟინით აღავსებს. სწორედ ეს მისია გაკისრიათ თქვენ, ჩვენო სასიქადულო ოლიმპიელებო, რომ საქართველო აღავსოთ პოზიტივით. დარწმუნებული ვარ, რიო დე ჟანეიროში არაერთხელ აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვებები და ერთად ამ წარმატებას მივაღწევთ კიდეც“, – ნათქვამი იყო პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაში.

ოლიმპიურ პარკში გამართულ ცერემონიაზე სპორტსმენთა სახელით ფიცი თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, მსოფლიოს ჩემპიონმა და საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დადო. იქვე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია ოლიმპიადის ჩემპიონთა და მედალოსანთა პრემირების შესახებ: ოქროსმედალოსნები 170 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან, ვიცე-ჩემპიონები 85 ათასი, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნებს 52 ათასი გადაეცემათ.

ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი – ძიუდოისტები, მშვილდოსნები, ტყვიის მსროლელები, მძლეოსნები, მოფარიკავეები, ბატუტზე მხტომელები, მოცურავეები, ძალოსნები და ტანმოვარჯიშეები რიო დე ჟანეიროში 26 ივლისს გაემგზავრნენ. დღეს, 4 აგვისტოს მათ მეორე ჯგუფი შეუერთდება, 6-ში კი ბრაზილიას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და ნიჩბოსნები მიაშურებენ.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ოლიმპიურ დელეგაციაში 82 კაცია. მათგან 76 ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებს, 6 კი რიო დე ჟანეიროში დაბინავდება – ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია, რევაზ ჯაველიძე და შალვა გოგოლაძე.

ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი იქნება, მისი მოადგილე კი სეოკ-ის კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი. საქართველოს ოლიმპიური გუნდის პრესატაშე მარიკა კირვალიძეა, სამედიცინო ჯგუფში კი ზურაბ კახაბრიშვილი, გიორგი ჭინჭარაული, დიმიტრი ბაღათურია, გიორგი მურცხვალაძე, გიორგი და თეიმურაზ მგელაძეები შედიან.

რიო 2016-ის გახსნის საზეიმო ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე ოლიმპიადაზე ქართველებიც გამოჩნდებიან: 5 აგვისტოს მშვილდოსანთა სარეიტინგო წრის შეჯიბრები გაიმართება და სამბადრომის სასროლეთზე ხათუნა ნარიმანიძეს, ქრისტინე ესებუას და იულია ლობჟანიძეს ვიხილავთ.

ქალ მშვილდოსანთა ნაკრებზე გულშემატკივრები დიდ იმედებს ამყარებენ და არცთუ უსაფუძვლოდ: არაოლიმპიურ, 18-მეტრიან დისტანციაზე ჩვენმა ნაკრებმა მარტში თურქეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა; აპრილში, თურქეთშივე გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ფინალში გავიდა; მაისში, ინგლისის ქალაქ ნოტინგემში, ევროპის ჩემპიონატზე კი ვერცხლი მოიპოვა! ერთი სიტყვით, ნარიმანიძე-ესებუა-ლობჟანიძის სამეულს არც გამოცდილება აკლია და არც წარმატება, ასე რომ, იმედია გოგონები მედლებისთვის იბრძოლებენ.

ეს რაც შეეხებოდათ ქართველებს, სხვა ამბებიდან კი ესპანელი ჩოგბურთელის, პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონის, მსოფლიოს მე-4 ჩოგნის რაფაელ ნადალის გუშინდელი განცხადება უნდა გამოვარჩიოთ: რაფა რიო დე ჟანეიროში სრული დატვირთვით ითამაშებს – ერთეულებშიც, წყვილებშიც და შერეულ წყვილშიც. წყვილებში მას მარკ ლოპესის მხარდამხარ ვიხილავთ, შერეულში კი როლან გაროს წლევანდელ გამარჯვებულ გარბინ მუგურსასთან ერთად.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 4 აგვისტო)
ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

ka_GEGeorgian