რობერტის ლიგა

2020 წელს, როცა ბაიერნმა ყველას გადაუარა და შინ თუ გარეთ ყველაფერი მოიგო, რობერტ ლევანდოვსკი მთავარი ბომბარდირი გახდა 55 გოლით. პოლონელი იმდენად აღემატებოდა ყველას, მჯეროდა, რომ ოქროს ბურთი მისი გახდებოდა, მაგრამ ფრანს ფუტბოლმა იმ წელს საერთოდ გააუქმა გამოკითხვა.
ბავარიელები შარშანაც ძალიან ძლიერები იყვნენ და პოლონელმაც არანაკლებ შთამბეჭდავად ითამაშა – 48 გოლით დახურა სეზონი, 11 ბურთიც ნაკრებში გაიტანა (ყველა ოფიციალურში). ზედიზედ მეოთხედ მოიგო ბუნდესლიგის ბომბარდირის ტიტული, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდიც გააუმჯობესა…
როგორ დასრულდა შარშანდელი ოქროს ბურთი, კი გეცოდინებათ – ფრანგებმა რაღაც ახალი ტიტული მოიგონეს ლევანდოვსკის დასამშვიდებლად, მთავარი ჯილდო კი პარიზში გადაბარგებულმა არგენტინელმა ჩაიხუტა.
2020 წლის გადაწყვეტილება ხომ აბსურდი იყო და შარშანდელი ამბავიც ფრანს ფუტბოლის ერთ-ერთი დიდი მინუსი მგონია. არადა ფიფამ, უორლდ სოკერმა და კიდევ რამდენიმე სოლიდურმა გამოცემამ ლევანდოვსკი ზედიზედ მეორედ დაასახელა წლის ფეხბურთელად.

და ეს სამართლიანი რომაა, ბაიერნის მთავარმეგოლე მატჩიდან მატჩამდე ამტკიცებს. გუშინ მაგალითად, მორიგი ჰეთ-თრიქი შეასრულა ლიგაში და კვლავ ფანტასტიკურ სტატისტიკაზე გავიდა – სეზონის ბოლომდე ორ თვეზე ცოტა ნაკლებია დარჩენილი, რობერტმა კი უკვე მე40, 41ე და 42ე გოლები შეაგდო!

კი, მესმის რომ გუშინ ორჯერ პენალტის ნიშნულიდან გაიხარა, მაგრამ ეს დეტალია საოცარ ამბავში, რასაც 35 თამაშში 42 გოლი ჰქვია!

ლევანდოვსკი მერვე სეზონს ატარებს ბაიერნში და ზედიზედ მეშვიდე სეზონია მინიმუმ 40 გოლი გააქვს, ბოლო სამ სეზონში კი სულაც უფრო მეტი ბურთია მის აქტივში, ვიდრე მატჩი.

ასეთი სტაბილურობით ახლო წარსულში მხოლოდ ლეო და კრიშტიანუ გამოირჩეოდნენ (ფეხბურთის ისტორიაში – ძალიან ცოტა) და მათ ოქროს ბურთს ზედიზედ გადასცემდნენ, პოლონელისთვის კი ეს პრესტიჟული ჯილდო ჯერაც სანატრელია. თუ რატომ, ვერ ვხვდები. და ეს ამბავი, როგორც ზემოთ შევნიშნე, ფრანგული გამოცემის შეცდომა მგონია. რაღაც ვერაა რიგზე საყველიეში…

ეს სტატისტიკები კი გუშინდელი 7:1ის შემდეგ გაავრცელა უეფამ:

1: ლევანდოვსკიმ მატჩის დაწყებიდან 23 წუთში შეასრულა ჰეთ-თრიქი და ეს ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდია!
პოლონელმა იტალიელი მარკო სიმონეს მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 1996 წელს, მილანის მაისურით, ნორვეგიის რუსენბორგი 24 წუთში 3ჯერ დასაჯა.

2: ბაიერნის ბომბარდირმა 12 წუთში შეასრულა ჰეთ-თრიქი და ეს მეოთხე საუკეთესო შედეგია ისტორიაში.
რობერტმა ასევე 12 წუთში გაუტანა 3 გოლი ბელგრადის ცრვენა ზვეზდას, 2019 წლის 26 ნოემბერს.

3: ლევანდოვსკიმ მე5 ჰეთ-თრიქი შეასრულა ლიგაში და ამ შედეგით მხოლოდ ტურნირის ორ საუკეთესო ბომბარდირს, კრიშტიანუ რონალდუს (8) და ლეო მესის (8) ჩამორჩება.

4: პოლონელმა მიმდინარე გათამაშებაში მეორედ გაიტანა 3 გოლი (2 ნოემბერს ლისაბონის ბენფიკა დაამწუხრა) და ამით კრიშტიანუ რონალდუს (2016-17), ლეო მესის (2011-12, 2016-17), ლუის ადრიანოს (2014-15) და მარიო გომესის (2011-12) მიღწევა გაიმეორა.
რეკორდი რონალდუს ეკუთვნის, ვინც 2015-16 წლების სეზონში 3ჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი.

5: რონალდუს და მესის შემდეგ ლევანდოვსკი მხოლოდ მესამეა, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 85 გოლი გაიტანა (104 მატჩში). პროცენტული მაჩვენებლით პოლონელი ორივეზე წინ დგას – საშუალოდ 0.82 გოლი თამაშში (რონალდუ – 0.77, მესი – 0.81).

6: რობერტმა მესამედ შეაგდო ლიგის ერთ სეზონში 10 ან მეტი გოლი: 2012-13 წლებში, დორტმუნდის ბორუსიაში თამაშისას – 10, 2019-20 წლების გათამაშებაში – 15, ახლა უკვე 12 აქვს.

7: პოლონელი მე8 სეზონს ატარებს მიუნხენურ გრანდში და ზედიზედ მეშვიდედ გააქვს მინიმუმ 40 გოლი. გუშინდელის შემდეგ მის აქტივში 35 ოფიციალურ მატჩში შეგდებული 42 ბურთია.
პირადი რეკორდი 2019-20 წლების სეზონში დაამყარა, როცა 47 თამაშში 55ჯერ გამოიჩინა თავი.

8: 2019-20 წლების სეზონიდან დაწყებული რობერტს იმაზე მეტი გოლი გააქვს ბაიერნის მაისურით, ვიდრე თამაშობს – 55 (47 მატჩში), 48 (40) და 42 (35).

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 9 მარტი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian