რობერტო მანჩინის რეკორდი იტალიურ რეკორდამდე
რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა იტალიამ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო: ანდრეა ბელოტის დუბლით და ლორენცო პელეგრინის გოლით ერევანში 3:1 სძლია სომხეთს.
5 თამაშიდან 5 მოგებით სკუადრა აძურა ერთპიროვნულად ლიდერობს შესარჩევ ჯგუფს, თუმცა საინტერესო სხვა რამაა: მანჩინის ხელში იტალიელებმა ზედიზედ მე-6 თამაში მოიგეს, ასეთი სერია კი გუნდს ბოლოს 11 წლის წინ, 2007-08 წლებში ჰქონდა რობერტო დონადონის მოღვაწეობისას.
რობერტო მანჩინიმ სკუადრა აძურა შარშან, გაზაფხულზე ჩაიბარა. გენუის სამპდორიას ლეგენდარულ მოთამაშეს სტარტი რთული გამოუვიდა – 8 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო, მაგრამ შარშან, 20 ნოემბერს, ბელგიის ქალაქ გენკში ამერიკელებთან გამარჯვებას კიდევ 5 ტრიუმფი მიაყოლა, ყველა საგაისო ევროპირველობის შესარჩევის ეგიდით: ფინეთთან 2:0, ლიხტენშტაინთან 6:0, საბერძნეთში 3:0, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 2:1 და გუშინ ერევანში – 3:1.
იტალიის ნაკრების რეკორდი ზედიზედ 9 გამარჯვებაა და ის 1938-39 წლებით თარიღდება.
ზეგ, 8 სექტემბერს, სკუადრა აძურა ფინეთში ითამაშებს. იმ შემთხვევაში, თუ მანჩინის ბიჭებმა ის თამაშიც მოიგეს, იტალია ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირში 70-ე გამარჯვებას იზეიმებს.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 6 სექტემბერი)