როცა ხვიჩამ მარკოც მოატყუა

ეს მასალები გაძეტა დელო სპორტის 12 მარტის ნომრიდან გადავიღე. გაზეთი რამდენიმე საათის წინ გადმომცა ნეაპოლიდან დაბრუნებულმა მეგობარმა.
იტალიის ყველაზე პოპულარული სპორტული გამოცემის საკვირაო ნომერში ნაპოლი-ატალანტას დაპირისპირება მთავარი თემაა, XXVI ტურის ცენტრალურ მატჩს ოთხი გვერდი ეთმობა და ყველგან ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოები და ქება-დიდებაა.
მისი გულშემატკივრები, რომლებიც აგვისტოდან მოყოლებული ყოველი ტურის შემდეგ ვეცნობით იტალიურ პრესას, მივეჩვიეთ ასეთ გამოხმაურებას და ასევე იმასაც, რომ ხვიჩას ფოტო გაძეტა დელო სპორტის პირველ გვერდს ამშვენებს.

შაბათს, 11 მარტს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის მე-60 წუთზე კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლი ამ დღეებში ლამის ყველას პირზე აკერია. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ ცნობებს, რომ ბერგამოელთა კარში შეგდებული საოცარი ბურთით ხვიჩამ ეს აღაფრთოვანა, ის გადარია, ამას ეს თქვა, იმან – ის…

ჯუზეპე ბერგომის პაოლო დი კანიო ცვლის, ფაბიო კანავაროს – მარკო ტარდელი…

თითქოს ამას ელოდაო, ფეხბურთისგან შორს მდგომმა ნიუ იორკ თაიმსმა ვრცელი ჩანახატი მიუძღვნა ოცდაორი წლის ქართველს. სხვათა შორის უკვე მეორედ ამ სეზონში…

შედევრს ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დი ლაურენტისიც გამოეხმაურა, მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კი, რომელმაც გოლით გამოწვეული აღფრთოვანება ვერ დამალა და ხვიჩას ფინტებს და ზუსტ დარტყმას ტაში დაუკრა (ვფიქრობ, ეს მომენტი ბევრმა თქვენგანმა იხილა), თქვა, რომ კვარაცხელიამ მარადონას დონის გოლი შეაგდო.

მისი კომენტარი დასამახსოვრებელია, მაგრამ მე ყველაზე ძალიან მარკო ვან ბასტენის სიტყვები მესიამოვნა, რომელმაც ნიდერლანდურ საფეხბურთო გადაცემაში სტუმრობისას ხვიჩას გოლს დაუჯერებელი უწოდა: „თუ ვიდეოჩანაწერს რამდენიმე წამით უკან გადავახვევთ, დავინახავთ, რომ ის რვა მეტოქის გარემოცვაშია. ასეთ დროს უნებურად ფიქრობ, რომ გოლის გატანა შეუძლებელია, მაგრამ“…

რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, როცა ასე გაქებს იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლეგიონერი და თავდამსხმელი? არაფერი!

გაძეტა დელო სპორტმა ხვიჩას თამაში 8 ქულით შეაფასა, თუმცა ასეთ მაღალ ქულებს თითქოს მივეჩვიეთ კიდეც. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც სადებიუტო სეზონს ატარებს ევროპის ერთ-ერთ ურთულეს ჩემპიონატში, ატალანტასთან მატჩის წინ თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზით დააჯილდოვეს. და ასეთი რამ ბოლო შვიდ თვეში მეორედ მოხდა, პირველად კვარაცხელია აგვისტოს შედეგებით გამოარჩიეს.

თებერვალში ნაპოლის 77-ე ნომერი მართლა დიდებული იყო და გოლებს და საგოლე გადაცემებს რომ თავი დავანებო, სტაბილურად მაღალ ქულებს იღებდა:

XXI ტური, 3:0 სპეციასთან – 7 ქულა;
XXII ტური, 3:0 კრემონეზესთან – 7 ქულა;
XXIII ტური, 2:0 სასუოლოსთან – 7,5 ქულა;
XXIV ტური, 2:0 ემპოლისთან – 7 ქულა…

ამ ოთხ მატჩში ნეაპოლელთა შეფასებებს თუ თვალს გადაავლებთ, აღმოაჩენთ, რომ კვარაცხელიას გარდა ერთადერთმა დაიმსახურა 7 ან მეტი ქულა. ადვილად მიხვდებით ვინ – ვიქტორ ოსიმენმა.

ატალანტასთან თამაშის შემდეგ – ხვიჩამ ვიქტორის პასით გაიტანა ის ზღაპრული გოლი – გაძეტა დელო სპორტმა ეს ამბავიც გვამცნო: მიმდინარე სეზონში ნაპოლის 84 გოლიდან 51%, ანუ 43 ბურთი, ქართულ-ნიგერიული წყვილის აქტივშიაო…

ჩვენი ბიჭის იტალიური სერიალი 19 მარტს ტურინში სტუმრობით გაგრძელდება. შემდეგ სანაკრებო პაუზაა – ხვიჩა ბათუმში ჩავა, ოთხშაბათს კი ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურის გაფორმებას შეეცდება. გერმანიაში გამართული პირველი მერვედფინალური რაუნდის შემდეგ იტალიელები ორი უპასუხო ბურთით იგებენ. ფრანკფურტში გამართულ თამაშს სხვა მეგობარი დაესწრო, იმ მატჩის პროგრამაც ჩამომიტანა და…

ხვიჩას იმ პროგრამაში ერთი გვერდი ეთმობა, თუმცა ამაზე ხვალ იყოს.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 14 მარტი
ფოტო:
La Gazzetta Sportiva

ka_GEGeorgian