როცა ლენონი გახსენდება…
Sgt.Pepper’s Lonely Hearts Club Band ბითლზის მე8 ალბომია, რომელიც 1967 წლის 26 მაისს გამოვიდა და მალევე ძალიან პოპულარული გახდა. ის 27 კვირის მანძილზე ნომერ პირველი იყო დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 15 კვირის განმავლობაში ეჭირა მუსიკალური რეიტინგის პირველი პოზიცია.
2003 წელს ჟურნალმა Rolling Stone ეს ალბომი ყველა დროის საუკეთესოდ აღიარა, ბრიტანული ჩარტების ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით კი BBCმ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ კრებულად მიიჩნია.
კრიტიკოსებიც ამავე აზრის არიან: თვლიან, რომ Sgt.Pepper’s Lonely Hearts Club Band ეპოქალური ალბომი იყო არა მხოლოდ ბითლზისთვის, ზოგადად მუსიკალური სამყაროსთვის.
და არა მხოლოდ მასში შესული კომპოზიციების გამო. მაგალითად ალბომის ყდით.
Sgt.Pepper’s Lonely Hearts Club Bandის ყდის ავტორები პოპულარული მხატვარი პიტერ ბლეიკი და ფოტოგრაფი მაიკლ კუპერი არიან, იდეა კი დიზაინერ რობერტ ფრეიზერის ეკუთვნის პოლ მაკარტნისთან ერთად.
ანსამბლის წევრებთან ერთად ყდაზე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანია გამოსახული, ცოცხალი და გარდაცვლილი, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი: საუკუნის მოაზროვნე ალბერტ აინშტაინი… ოკულტისტი ალისტერ ქროული… ფსიქიატრი კარლ იუნგი… მწერლები და პოეტები ლუის კეროლი, ედგარ ალან პო, ჯორჯ ბერნარდ შოუ, ოსკარ უაილდი… მსახიობები და მოცეკვავეები მარლენ დიტრიხი, ფრედ ასტერი, მერლინ მონრო, მარლონ ბრანდო…
განზრახული იყო კიდევ რამდენიმეს ფოტოს დატანა: ადოლფ ჰიტლერი, მარჩელო მასტროიანი, სოფი ლორენი, მაჰათმა განდი… სხვადასხვა მიზეზთა გამო ისინი ყდაზე ვერ მოხვდნენ.
ჯონ ლენონს იესო ქრისტეს გამოსახულებაც სურდა, მაგრამ ერთი წლით ადრე მუსკოსმა თქვა დღეს ჩვენი ანსამბლი უფრო პოპულარულია, ვიდრე იესო ქრისტეო, ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და… მოკლედ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
ალბერტ სტაბინსის შესახებ თუ გსმენიათ? დიდი ეჭვი მაქვს, რომ ნაკლებად. და საერთოდ, ვფიქრობ, ჩვენში ცოტამ თუ იცის მის შესახებ. ფეხბურთის მოყვარულ მეგობრებს რომ ვიხსენებ, არადა ასეთი ძალიან ბევრი მყავს, 4-5 კაცი მახსენდება, ვისგანაც ალბერტ სტაბინსის შესახებ მსმენია.
არადა ის Sgt.Pepper’s Lonely Hearts Club Bandის ყდაზე გამოსახული 3 სპორტსმენიდან ერთადერთი ფეხბურთელია!
ჯონ ვაისმიულერი წყალბურთელი და მოცურავე გახლდათ, 30იან წლებში ოლიმპიურ თამაშებშიც მონაწილეობდა, თუმცა საყოველთაო აღიარება ტარზანის როლის შესრულებით მოიპოვა.
სონი ლისტონი კი თაობის გამორჩეული მძიმეწონოსანი მოკრივე იყო, მსოფლიოს ჩემპიონი.
ვაისმიულერის ფოტო ზუსტად ცენტრშია, რინგო სტარის და პოლ მაკარტნის შუა.
სონი ლისტონს კი მარცხნივ დაინახავთ, თეთრ-ოქროსფერ ხალათში.
ალბერტ სტაბინსი? მისი შავ-თეთრი ფოტო მარჯვნივ, მარლენ დიტრიხის გამოსახულების უკან ჩანს.
და რით დაიმსახურა სტაბინსმა ასეთი პატივი?
Sgt.Pepper’s Lonely Hearts Club Bandის ყდის შესახებ რაც წავიკითხე, იქ ბევრი არაფერი წერია. ზოგი ვერსიით პოლ მაკარტნი ლეგენდარული დიქსი დინის ფოტოს გამოყენებას ფიქრობდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ლივერპულის მეორე კლუბის, ევერტონის სუპერვარსკვლავი გახლდათ და არ ვიცი ამის გამო თუ სხვა მიზეზით, მასზე უარი თქვა.
სტაბინსი კი II მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ლივერპულის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი იყო და 1947 წელს, როცა ენფილდროულდელებმა მეხუთედ მოიგეს ჩემპიონატი, 24 გოლიც გაიტანა.
ბითლზმა სტაბინსს Sgt.Pepper’s Lonely Hearts Club Band პირველივე დღეს უსახსოვრა ავტოგრაფებით. ის 18 წლის წინ, 28 დეკემბერს, 83 წლისა გარდაიცვალა.
ბითლზის სუპერპოპულარული ალბომის ყდა და სტაბინსი ზუსტად 40 წლის წინ მომხდარმა ამბავმა გამახსენა და დამაწერინა:
1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ იორკში, მანჰეტენში ჯონ ლენონი მოკლეს.
მუსიკოსი ხმის ჩამწერი სტუდიიდან შინ ბრუნდებოდა, როცა გადარეული თაყვანისმცემელი მაიკ დევიდ ჩეპმენი მიეპარა და 4ჯერ ესროლა. ლენონს 2 ტყვია ზურგში მოხვდა, 2 მხარში და საავადმყოფოში მალევე კი გადაიყვანეს, მაგრამ ვეღარ უშველეს.
40 წლის იყო.
სევდიანი ამბავია.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 8 დეკემბერი)