როცა შვიდი ნულის ტოლია

„ძალიან კარგად ვიცი ვინ მოიგო ტურ დე ფრანსი შვიდჯერ. ჩემმა მეგობრებმაც იციან ეს და ყველამ, ვისაც კი ვეჯიბრებოდი. წლების მანძილზე მამოწმებდნენ, მაგრამ არცერთ ანალიზს დადებითი პასუხი არ ჰქონია. როცა საჭირო იყო, ყოველთვის გავდიოდი დოპინგ-კონტროლს. თუ სისხლი იყო საჭირო, ვაბარებდი. დავიღალე, მომბეზრდა! დღეიდან ბრძოლას ვწყვეტ – ამერიკის დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს (USADA) გადაწყვეტილებას სასამართლოში აღარ გავასაჩივრებ“, – ეს განცხადება ლეგენდარულმა ამერიკელმა ველომრბოლმა ლენს არმსტრონგმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე 23 აგვისტოს გამოაქვეყნა.

24 აგვისტოს USADA-მ არმსტრონგს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ველოსპორტის საერთაშორისო კავშირს (UCI) ურჩია 1998 წლის 1 აგვისტოდან დაწყებული ამერიკელი ველომრბოლის ყველა შედეგი გააუქმოს, ტიტულები კი ჩამოართვას.

ლენს არმსტრონგმა ტურ დე ფრანსი 1999-2005 წლებში მოიგო. ის ერთადერთია, რომელმაც 7-ჯერ გაიმარჯვა საფრანგეთში და რაც მთავარია, ზედიზედ! ამერიკელმა კიდევ არაერთი რბოლა მოიგო, 2000 წელს კი სიდნეის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

„ეს შავი დღეა ამერიკის სპორტის ისტორიაში. ყველა, ვისაც ველორბოლა უყვარს, ჩვენი გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია, მაგრამ ის მხოლოდ ერთი მიზნით მივიღეთ: ახალგაზრდა სპორტსმენებმა არმსტრონგის მაგალითი უნდა გაითვალისწინონ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დოპინგით ასპარეზობა დამღუპველია და ასეთი გამარჯვებები დროებითია,“ – განაცხადა USADA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევის ტეგარტმა 24 აგვისტოს.

დოპინგი ველორბოლის თანამდევია: არაერთი სპორტსმენი ამხილეს აკრძალული მედიკამენტების გამოყენებაში, რის გამოც ზოგს დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, ბევრს ტიტული ჩამოართვეს. აქამდე არმსტრონგი უდანაშაულობის დამტკიცებას ახერხებდა.

ლენს არმსტრონგი

დოპინგს შეწირული ტიტულები… ამერიკელის 7 ფრანგული ტრიუმფი განულდა

1999 წელს მას ორგანიზმში აკრძალული კორტიკოსტეროიდი აღმოუჩინეს, თუმცა მან და მისმა გუნდმა – US Postal – დაამტკიცეს, რომ ნივთიერებას ის საცხი შეიცავდა, რომელსაც ათლეტი ექიმების ოფიციალური ნებართვით იყენებდა.

2005 წელს გაზეთმა ეკიპმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელისგან 1999 წელს აღებულ დოპინგ-სინჯში ერითროპოეტინი (EPO) აღმოჩნდა. UCI-მ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა, მაგრამ ლენსი უდანაშაულოდ სცნო.

2011 წლის მაისში, ტელეკომპანია CBS-ის ტელეშოუში – 60 წუთი – არმსტრონგის ყოფილმა თანაგუნდელმა ტაილერ ჰემილტონმა განაცხადა, რომ ლენსი წლების განმავლობაში იყენებდა აკრძალულ ნივთიერებებს.

ჰემილტონის აღიარების შემდეგ USADA-მ მასალების მოძიება დაიწყო: განვლილ თვეებში ველომრბოლის არაერთი მეტოქე, მწვრთნელი თუ თანაგუნდელი დაიკითხა, უამრავი სამედიცინო დოკუმენტი გადაიხედა, საბოლოოდ კი, 14 ივნისს სააგენტომ ტურ დე ფრანსის 7-გზის გამარჯვებული დოპინგსაწინააღმდეგო წესების ხუთი პუნქტის დარღვევაში დაადანაშაულა:

1) აკრძალული ნივთიერებების (ერითროპოეტინი, ტესტოსტერონი, კორტიკოსტეროიდი) გამოყენება და რბოლების პერიოდში სისხლის გადასხმა;
2) ხსენებული ნივთიერებების და სისხლის გადასხმისთვის აუცილებელი მოწყობილობების შენახვა;
3) აკრძალული ნივთიერებებით ვაჭრობა და მათი გავრცელება;
4) სხვა სპორტსმენების ჩართვა დანაშაულში;
5) დოპინგსაწინააღმდეგო წესების დარღვევის დამალვა.

ჩამოართმევენ თუ არა არმსტრონგს ტურ დე ფრანსზე მოგებულ ტიტულებს? ეს მხოლოდ ტურის პატრონის, Amaury Sport Organisation-ის გადასაწყვეტია. ჯერჯერობით ამერიკელი კვლავ 7-გზის ტრიუმფატორად რჩება.

რაც შეეხება 2000 წელს მოგებულ ოლიმპიურ მედალს, მის ბედს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს. სხვათა შორის, ახალხანს სოკ-მა დოპინგის გამოყენებაში მხილებულ ტაილერ ჰემილტონს 2004 წელს, ათენში მოგებული ოქრო ჩამოართვა…

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012)

ka_GEGeorgian