როგლიჩის ზღაპრული სამიანი
წლის ბოლო გრან ტური ვუელტა სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩის გამარჯვებით დასრულდა!
უკანასკნელი, XXI ეტაპი სპრინტერული ფინიშით დამთავრდა – გამარჯვება 23 წლის ნიდერლანდე ფაბიო იაკობსენს ხვდა წილად, გენერალურ კლასიფიკაციაში კი როგლიჩის უპირატესობა თუმც მცირედით შემცირდა, მაინც შთამბეჭდავი აღმოჩნდა – სლოვენიელმა II ადგილზე გასულ ვეტერან ესპანელ ალეხანდრო ვალვერდეს 2.16 წამით აჯობა. III ადგილი კიდევ ერთმა სლოვენიელმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდის 20 წლის წევრმა ტადეი პოგაჩარმა დაისაკუთრა. მანვე მოიგო ახალგაზრდა მრბოლთა ჩათვლა.
„ბედნიერი ვარ, დაუვიწყარი დღეა! მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის და ქომაგების გახარება შევძელი“, – განაცხადა ჯამბო ვისმას 29 წლის ტრიუმფატორმა.
ის პირველი სლოვენიელია, რომელმაც ყველა გრან ტურის – ჯირო დ’იტალია, ტურ დე ფრანსი, ვუელტა – მოგება მოახერხა. როგლიჩი X ეტაპის შემდეგ დაეუფლა საერთო ჩათვლის ლიდერის წითელ მოსასხამს და ის ბოლომდე შეინარჩუნა.
ვუელტას უკანასკნელი ეტაპი ერთი საინტერესო ფაქტითაც გამოირჩა: ესპანელმა ხესუს ესკუერამ ტრასის შუაში მეგობარ გოგონას ხელი სთხოვა და ეს უკანასკნელიც დათანხმდა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 16 სექტემბერი)