როგორ დავამარცხოთ ბარსელონა?

2007-08 წლების სეზონი ბარსელონისთვის წარუმატებელი გამოდგა: ვერც ლა ლიგაში გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგასაც უსახელოდ დაემშვიდობა.
2008 წლის 5 ივნისს პირველი გუნდი ბარსელონა ბ-ს მწვრთნელს და ახლო წარსულში კლუბის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ხოსეპ გვარდიოლას ჩააბარეს.
და დაიწყო: 2008-09 წლების სეზონი ბარსამ 3 ტიტულით დაასრულა! მოიგო ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა, წლის ბოლომდე კი მონაგარს ესპანეთის და ევროპის სუპერთასები და კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ჯილდოც დაუმატა.
2009-10 წლების სეზონში ბარსელონამ პრიმერადივიზიონის უძლიერესი გუნდის სახელი შეინარჩუნა, რამდენიმე თვეში კი ზედიზედ მეორედ აღმართა ქვეყნის სუპერთასი.
2010-11 წლების სეზონში დუბლი მიითვალა: ზედიზედ მესამედ მოიგო ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა კი ერთწლიანი შესვენების შემდეგ.
ამ ზაფხულს გვარდიოლამ კიდევ 2 ტიტულით გაამდიდრა საკლუბო მუზეუმი: ესპანეთის სუპერთასი მესამედ, ევროპისა კი მეორედ მოიგო.
3 სეზონში ბარსელონამ 12 ტიტული აღმართა!

ხოსეპ გვარდიოლას საოცარი გუნდის სტატისტიკა 2008-11 წლებში ასეთია: 183 ოფიციალური მატჩი, 132 გამარჯვება, 34 ფრე და მხოლოდ 17 მარცხი. დაუჯერებელია ბურთების შეფარდებაც: 448-133!
რა უნდა ვთქვათ? ალბათ ის, რომ პეპის ბარსელონა დაუმარცხებელია. როცა გუნდი საშუალოდ 11 შეხვედრაში ერთხელ აგებს, მას სწორედ რომ უძლეველს უწოდებენ.
მაგრამ განა ეს ახალი ამბავია? ბევრი აღიარებს, რომ ეს ბარსა ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო გუნდია. ტიტულები და სტატისტიკური მონაცემები იქით იყოს, გვარდიოლას ბარსა ძალიან შთამბეჭდავიცაა! აკი იხუმრეს კიდეც: ნახატი რომ იყოს, ლუვრში გამოფენდნენო…
დღეს ბარსელონას დამარცხება წარმოუდგენელია, მაგრამ განვლილ 3 სეზონში კატალონიელთა მეტოქეებმა 17-ჯერ მაინც გაიხარეს. ვერ გეტყვით, კამპ ნოუს ჯადოქრებმა დაისვენეს თუ მეტოქემ იპოვა მათი კარის გასაღები, მაგრამ ფაქტია: გვარდიოლას გუნდმა 17-ჯერ წააგო.
ტაბულა მათ რჩევებს გაგაცნობთ, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ბარსასთან გამარჯვებაში.

ჟოზე მოურინიუ (2010 წელს ინტერთან ერთად ლიგის ნახევარფინალში მოუგო ბარსას, გაზაფხულზე კი მისმა რეალმა თასის ფინალში იმარჯვა)
როცა ასეთ გუნდს ეთამაშები, ხვდები, რომ გიპირისპირდება ის, რაც საუკეთესოა ფეხბურთში. და თუ გსურს, რომ ასეთ მეტოქეს სძლიო, მინდორზე ყველაფერი უნდა დატოვო. თუ საჭიროა, სისხლიც დაღვარო! როცა ინტერთან ერთად ვითამაშე კამპ ნოუზე, ბიჭებს მხოლოდ დაცვაში თამაში დავავალე – მხოლოდ 0:1 წავაგეთ, სამაგიეროდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით. მერე თქვეს, მოურინიუმ კარში „ავტობუსი“ ჩააყენაო… გაზაფხულზე, ესპანეთის თასის ფინალშიც იგივე ტაქტიკა ავირჩიე და შესვენებაზე გასახდელში ვიხუმრე, ახლა კარში თვითმფრინავი გვიდგას, გოლს ვეღარ გაგვიტანენ და ჩვენ უნდა შევაგდოთ-მეთქი… მოკლედ, თუ გსურთ ბარსას სძლიოთ, კარში ბოინგი ჩადგით!

პოლ სქოულზი (მისი გოლით მანჩესტერ იუნაიტედმა ბარსას 2008 წელს ლიგის ნახევარფინალში მოუგო)
ამ ბარსელონას რომ მოუგოთ, ძალიან უნდა გაგიმართლოთ!

კიკე სანჩეს ფლორესი (მისმა ატლეტიკომ 2010 წლის თებერვალში პრიმერადივიზიონში 2:1 გაიმარჯვა)
ბარსა შეტევას მთელ მოედანზე შლის, მინდვრის ყველა სანტიმეტრს იყენებს და თუ აჰყევი, ადვილად წააგებ. იმ მატჩში მათთვის სივრცის შეზღუდვა ვცადეთ, ძალიან მოვინდომეთ და გამოგვივიდა. ასეთ გუნდს როცა უპირისპირდები, მხოლოდ დაცვის საიმედო თამაშის იმედად არ უნდა იყო – ყველამ მაქსიმალურად კარგად უნდა ითამაშოს. მათ შორის სათადარიგოებმაც! სხვანაირად არაფერი გამოვა.

ბარსელონა

2009 წლის 28 აპრილი, ბარსა ლონდონის ჩელსისთან მატჩის წინ. დგანან (მარცხნიდან): ერიკ აბიდალი, იაია ტურე, რაფაელ მარკესი, ჟერარ პიკე, სამუელ ეტოო, ვიქტორ ვალდესი. პირველ რიგში: ლეო მესი, ტიერი ანრი, დანი ალვეში, ანდრეს ინიესტა, ჩავი

რობინ ვან პერსი (ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მისმა არსენალმა 2:1 მოიგო, ჰოლანდიელმა კი ერთი გოლი გაიტანა)
ბარსელონასთვის მხოლოდ ჩვენ არ მოგვიგია – ფანებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს! გულშემატკივრების შემხედვარე, მეგონა, რომ მოედანზე თორმეტნი ვიყავით!

პეპე მელი (მისმა ბეტისმა თასის მეოთხედფინალში ბარსას 3:1 მოუგო)
გასაგებია, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ბარსას წარმატების მთავარი საიდუმლო, მაინც ჩავი მგონია. იმ შეხვედრაში მას ორი პერსონალური მეურვე მივუჩინეთ – ერთი წამით არ შორდებოდა, მეორე კი საჯარიმოსთან მოახლოებისას უშლიდა ხელს. ჩავიმ ვეღარ დაარიგა ჩვეული პასები, განაპირა მცველებიც იშვიათად ერთვებოდნენ შეტევაში – უფრო ცენტრალურების დახმარება უწევდათ და არც ბარსას ნახევარდაცვა იყო ისეთი აქტიური, როგორც სხვა მატჩებში. დანარჩენი ტაბლოზე დაიწერა.

მანოლო ხიმენესი (2010 წლის იანვარში მისმა სევილიამ თასის მატჩი კამპ ნოუზე 2:1 მოიგო)
ბარსელონის წინააღმდეგ შენი გუნდის ყველა ფეხბურთელი ვალდებულია იყოს: მშვიდი, დინჯი, კონცენტრირებული, ძლიერი, სულგრძელი, მიზანდასახული და რაც მთავარია, მომთმენი! თუ რომელიმე მოატყუეს, გაღიზიანდა და საკუთარი თავის კონტროლი დაკარგა, უმალ უნდა შეცვალო. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდიც გატყდება და მერე დატკბი ბარსას თამაშით, რამდენიც გინდა.

ესტებან ვიგო ბენიტესი (გასული სეზონის დასაწყისში მისმა ერკულესმა კამპ ნოუზე იმარჯვა)
მთავარი მაინც სრული კონცენტრაციაა, 90 წუთის მანძილზე ყველამ მაქსიმალურად ზუსტად უნდა ითამაშოს. რაც შეეხება ტაქტიკას, ვიცოდით, რომ მათი განაპირა მცველები ხშირად ერთვებიან შეტევაში და ამიტომაც, გრძელი პასებით ვცდილობდით ჩვენი გარემარბების შეტევაში ჩართვას. ამან გაამართლა და უფრო სწრაფადაც ვუტევდით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ფორვარდებს ვალდესის კართან მიახლოება არ უჭირდათ.

ყურბან ბერდიევი (ყაზანის რუბინის თავკაცი. 2009 წლის ოქტომბერში მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში კამპ ნოუზე 2:1 მოიგო. მას შემდეგ ბარსა ლიგაზე შინ არ დამარცხებულა)
ბარსელონას უამრავი თამაშის ჩანაწერი ვნახე, ათასი სქემა შევადგინე და ორი საინტერესო რამ შევნიშნე – პირველი: ჩავი და ინიესტა ძალიან იშვიათად ჩადიან საკუთარ საჯარიმოსთან, თუ ერთ-ორ შემთხვევას არ ჩავთვლით, ასეთი რამ თითქმის არც ხდება. როცა ასეთი ნახევარმცველები უკან არ იხევენ, მცველებსა და შუახაზელებს შორის სივრცე ჩნდება და ჩვენც სწორედ მოედნის ეს მონაკვეთი გამოვიყენეთ შეტევების დასაწყებად; მეორე: ბარსას ცენტრალური მცველები ერთმანეთისგან საკმაოდ შორს დგანან. კამპ ნოუზე ამით ორჯერ ვისარგებლეთ!

და რას ფიქრობს ჩავი? ბარსას კაპიტანი, კლუბის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი და რეკორდსმენი ოფიციალური მატჩების (586) მიხედვით, თვლის:
თუ ჩვენი დამარცხება გსურთ, ფეხბურთი გვეთამაშეთ. მხოლოდ ასე თუ შეძლებთ გამარჯვებას. ანტი-ფეხბურთით კი შორს ვერ წახვალთ – შეიძლება ერთხელ ფეხი დაგვიცდეს, მაგრამ სეზონის ბოლოს პირველები მაინც ჩვენ ვიქნებით!

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011)

ka_GEGeorgian