როლან გაროს ქალთა ფინალის წინ: 5 საინტერესო ფაქტი

რამდენიმე საათში როლან გაროს ქალთა ტურნირის უკანასკნელი მატჩი გათამაშდება: 23 წლის ავსტრალიელი ეშლი ბარტი 19 წლის ჩეხ მარკეტა ვონდრუშოვას დაუპირისპირდება.
ჩეხს კარიერაში ერთადერთი ტიტული აქვს მოგებული, ავსტრალიელის აქტივში კი 4 გამარჯვებაა.
ფინალიწინა 5 საინტერესო ფაქტი კი ასეთია:

1: ლუსი საფაროვას შემდეგ (2015) მარკეტა ვონდრუშოვა პირველია, რომელიც ფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდა. იმ შემთხვევაში თუ ჩეხმა გადამწყვეტი მატჩიც სეტის წაუგებლად მოიგო, ბელგიელი ჟუსტინ ენენის (2007) შედეგს გაიმეორებს.

2: ბოლო 30 წლის განმავლობაში მარკეტა ვონდრუშოვა მხოლოდ მე-4 ფინალისტია, რომელიც როლან გაროს დაწყების წინ საუკეთესო ოცეულს მიღმა იყო. პირველი წრის მატჩამდე თინეიჯერ ჩეხს რეიტინგის 38-ე საფეხური ეკავა.

3: თუ ვუნდრუშოვა ფინალს მოიგებს, ის საფრანგეთის ღია პირველობის პირველი თინეიჯერი გამარჯვებული გახდება ხორვატი ივა მაიოლის შემდეგ (1997).

4: ფინალში გამარჯვებით ეშლი ბარტი რეიტინგში II ადგილამდე აღზევდება. 1976 წლის შემდეგ ის პირველი ავსტრალიელი ქალი გახდება, ვინც ამას მოახერხებს.

5: ეშლი ბარტის და მარკეტა ვონდრუშოვას ფინალისტობით ყველა შემთხვევაში გაგრძელდება სერია, რომელიც როლან გაროზე 2016 წელს დაიწყო ესპანელი გარბინე მუგურუსას ტრიუმფით. სერია შემდეგში მდგომარეობს: ტურნირის ჩემპიონთათვის როლან გარო დიდი სლემის პირველი ტურნირი იყო. 2017 წელს საფრანგეთის ღია პირველობა ელენა ოსტაპენკომ მოიგო, შარშან კი სიმონა ჰალეპმა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 8 ივნისი)

ka_GEGeorgian