რომი: პიაცა ნავონა

პიაცა ნავონა რომის ერთ-ერთი მშვენებაა. ამ ოვალურ მოედანზე პირველად წლების წინ მოვხვდი და ერთი ნახვით შემიყვარდა.
მარადიული ქალაქის მცოდნე ხალხი ამბობს, რომ ამ მშვენიერი მოედნის სახელი სპორტს უკავშირდება. Circus Agonalis – შეჯიბრების მოედანი, ასე უწოდებდნენ ამ ადგილს ანტიკური რომის მოქალაქეები. როცა უკიდეგანო იმპერიისგან აღარაფერი დარჩა, დაპყრობილ მიწებთან ერთად circus-იც გაქრა, agonalis კი ჯერ n’agone-მ შეცვალა, შემდეგ navone-მ და ჩვენამდე navona-დ მოვიდა.

პიაცა ნავონა სამი მშვენიერი შადრევნის გამო მომწონს. თითოეული ხუთზე მეტ ფიგურას აერთიანებს და ყოველი მათგანის ფოტოგრაფირება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რადგან მგონია, რომ ისინი, გამორჩევით კი ცენტრალურის მთავარი სკულპტურები, ძალიან ლამაზია.

ოთხი მდინარის შადრევანი – ასე ეწოდება სამიდან მთავარს, რომელიც მოედნის შუაშია აგებული და ლამის ოთხი საუკუნისაა, 1651 წლით თარიღდება. ავტორმა, ჯანლორენცო ბერნინიმ ის რომის პაპს, ინოკენტი X-ს მიუძღვნა. ეს უკანასკნელი მისი თანამედროვე გახლდათ და ერისკაცობაში ჯამბატისტა პამფილად წოდებული იქვე, ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდა. პამფილების სასახლე დღეს მოედნის მშვენებაა.

შადრევნის ცენტრში აღმართულ ეგვიპტურ ობელისკს ბერნინიმ ოთხი მამაკაცის დიდი ქანდაკება შემოავლო. გზამკვლევებში ვკითხულობთ, რომ თითოეული იმ ეპოქის უდიდეს მდინარეს განასახიერებს – დუნაის, ნილოსს, განგს და რიო დე ლა პლატას. ბერნინის ჩანაფიქრით პაპის ძალაუფლება იმ მიწებზე ვრცელდებოდა, სადაც ისინი მიედინებოდნენ.

ჩემთვის ყველაზე ეფექტური განგის სიმბოლოა და მგონი, პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვისაც – ძეგლი სახით მოედნისკენაა და მას რომის შესახებ გამოცემულ ლამის ყველა ალბომში შეხვდებით.

არანაკლებია მავრის და ნეპტუნის შადრევნებიც. პირველი სამხრეთ ნაწილს ამშვენებს, მეორე – ჩრდილოეთს. თუ მზე ანათებს და ამინდიც არ დაიწუნება, სამივეს გარშემო ტურისტმრავლობაა – ყველა ეფექტურ ფოტოზე ჩალიჩობს. არადა რამდენიმე ათეული წლის წინ ასე არ იყო – შადრევნებს საავტომობილო გზა უვლიდა.

ნავონას მოედანი რამდენიმე ფილმშიც გვხვდება და ასეთთა შორის ჩემი ფავორიტია ვიტორია დე სიკას მიერ იტალიელ ლამაზმანებზე გადაღებული Ieri, Oggi, Domani (გუშინ, დღეს, ხვალ). მარჩელო მასტროიანთან ერთად მთავარ როლს სოფი ლორენი ასრულებს და მისი ერთ-ერთი გმირი, რომაელი ცელქი გოგო სახელად მარა სწორედ ნავონას მოედანზე ცხოვრობს. დედაქალაქური ისტორია ფილმის ბოლო, მესამე ნაწილია და ალბათ, ყველაზე გემრიელიც.

სწორედ ამ ფილმიდან გავიგე, რომ ნავონაზე ავტომობილებით მოძრაობა დაშვებული იყო. ჩინებულია, რომ ეს შეცდომა კარგა ხნის წინ გამოსწორდა.

ლაშა გოდუაძე
რომი, იტალია
2023
წლის 13 ივნისი

ka_GEGeorgian