რონალდიადი

ერთ საინტერესო კაცს ვიცნობ, ახლო წარსულში კარგ საფეხბურთო ჟურნალსაც გამოსცემდა.
ლეო მესი შვილივით უყვარს, აღმერთებს, აი კრიშტიანუ რონალდუს კი ვერ იტანს, რონის ზღაპრული შედეგების გაგონებაც არ სურს. როცა პორტუგალიელს ვუხსენებ, ბრაზდება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

წუხელ, საფრანგეთ-პორტუგალიის საოცარ მატჩს ვუყურებდი და ბოლო წუთებზე, როცა ჯგუფის ამბავი გაირკვა, მერვედფინალისტებიც დადგინდნენ და მეტოქეებმა ბრძოლა შეწყვიტეს, სწორედ ის უფროსი მეგობარი გამახსენდა.

ევრო 2016ის შემაჯამებელი ნომერი რომ გამოსცა, გარეკანზე იცით ვისი ფოტო დაბეჭდა? ფინალში დამარცხებული საფრანგეთის და ანტუან გრიზმანის. კი, იმ ზაფხულს გრიზმანმა მართლა შესანიშნავად ითამაშა, ბომბარდირიც გახდა და საუკეთესო ფეხბურთელიც, მაგრამ თასი ხომ პორტუგალიამ მოიგო?! კრიშტიანუმაც თავის წვლილი შეიტანა ტრიუმფში, ბოლოს და ბოლოს გუნდის კაპიტანი იყო – პირველმა აღმართა მთავარი ჯილდო… იმან კიდე საფრანგეთი და გრიზმანიო. რომ ვკითხე რატომ-მეთქი, ფეხბურთი არ გესმისო.

ისე, კარგა ხანია მასთან არ მისაუბრია, მაგრამ მგონი, რონალდუზე აზრს დიდად არ შეიცვლიდა.

ჰოდა ამხელა შესავლის მერე მთავარი უნდა ვთქვა: მართლა არ მესმის, ოღონდ სხვა რამ – რატომ ეზიზღება რონალდუ გულშემატკივართა ნაწილს.

ჩემთვის მესი ყველა დროის უდიდესთა შორის დგას: პელე, მარადონა, ზიდანი… რაღაც ამბებში ლეოს მათზე წინაც დავაყენებ, მაგრამ რონალდუც ზუსტად ასეთად მომაჩნია. პორტუგალიელი დიადია და ყველა დროის საუკეთესოთა შორისაა!

და მხოლოდ ზღაპრული სტატისტიკის გამო არ ვფიქრობ ასე.

აი, წუხელ მორიგი გოლები გაიტანა, მართალია პენალტებით, მაგრამ თერთმეტმეტრიანებსაც ხომ გატანა უნდა?! და ამ გოლებით ვინ მოთვლის მერამდენე რეკორდები დაწერა:

პირველია, ვინც 20 და მეტი ბურთი შეაგდო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე…

პირველი პორტუგალიელია, რომელმაც ევროს ჯგუფის სამივე თამაშში გამოიჩინა თავი…

და რაც მთავარია: ნაკრების მაისურით 108ე და 109ე გოლები მიითვალა და მსოფლიო რეკორდსმენს, ირანელ ალი დაეის გაუთანაბრდა!

მაგრამ თავი დავანებოთ ამ გასაოცარ რიცხვებს: გახსოვთ როგორ გაიყვანა გუნდი მინდორზე, რა სახით იდგა ჰიმნზე, როგორ აგულიანებდა თანაგუნდელებს?

ასე მხოლოდ ძალიან დიდები, ნაღდი ლიდერები და შინაგანად ჩემპიონები იქცევიან. ფეხბურთის სამზარეულოში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა ყველა კაცმა იცის, რომ ასეთი ხასიათის მოთამაშე უდიდესი ფუფუნებაა და რონის მსგავს კაპიტანს ყველა, უკლებლივ ყველა გუნდი და მწვრთნელი ინატრებდა.

არადა რონალდუ 36 წლისაა!

36ის!

ამ ასაკში ბევრი ნაკრებიდან კი არა, ფეხბურთიდანაა წასული, ეს კიდე დაფრინავს და ზუსტად ისეთივე მოტივირებულია, როგორც, მაგალითად, 2003 წლის აგვისტოს იმ დღეს, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა პრემიერლიგის მატჩში შეცვლაზე შეუშვა. არ ვიტყუები, მართლა გუშინდელივით მახსოვს ის დღე…

1:2ზე პორტუგალიელთა შვიდიანი იმხელაზე ახტა და ისე დაარტყა თავით, ლორისი ვერც გაინძრა, სულ ცოტა დააკლდა მორიგ ეფექტურ გოლამდე…

ხალხი კიდე თამაშს უწუნებს და კარიერას უხურდავებს.

როგორც ჩანს, რონის სიდიადე სჭრით თვალს.

ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი.

ჩვენ დიად ჩემპიონს ვადევნებთ თვალს და მასზე ქილიკის ნაცვლად, მისი ფეხბურთით ტკბობა სჯობს.

გულახდილად კიდე: რონალდუ-მესის წლებზე გაშლილი პაექრობის მსგავსი ფეხბურთის ისტორიაში არ ყოფილა და თუ ოდესმე მსგავსს მოვესწრები, მხოლოდ გამეხარდება.

საუკეთესო სურვილებით და… ფორცა იტალია!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 24 ივნისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian