რონალდუ შეუჩერებელია: 100 და 101!

კრიშტიანუ რონალდუ პირველი ევროპელია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 100 და მეტი გოლი გაიტანა!
გუშინ, უეფას ერთა ლიგის მატჩში, სტოკჰოლმის ფრენდს არენაზე პორტუგალიამ მისი დუბლით შვედეთი დაამარცხა – 2:0, ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კი მე100 და 101ე სანაკრებო გოლები მიითვალა!

ალი დაეის მსოფლიო რეკორდამდე პორტუგალიელს 8 ზუსტი დარტყმა აშორებს. ირანელმა 1993-2006 წლებში ქვეყნის პირველ გუნდში ჩატარებულ 149 მატჩში შეაგდო 109 გოლი. მხოლოდ ამ ორმა მოახერხა ნაკრებში 100 და მეტი ბურთის გატანა.

„ვიცი, რომ ბევრს ვაღიზიანებ, მაგრამ ეს არ მაღელვებს. კარგა ხანია დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. ჩემ საქმეს პირნათლად ვასრულებ და შედეგები ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა რონალდუმ მატჩის შემდეგ და დასძინა – „დაეის რეკორდთან კი ახლოს ვარ, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რომ ირანელის შედეგზე არ ვფიქრობ. რა იქნება მომავალში, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის, მე კი მხოლოდ ამას გეტყვით – გოლების გატანას ყველა შეხვედრაში ვეცდები“.

შვედეთთან გამარჯვების შემდეგ პორტუგალია A დივიზიონის III ჯგუფს ბურთების უკეთესი სხვაობით ლიდერობს. 11 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონები მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთს დაუპირისპირდებიან პარიზში. საფრანგეთმაც ორივე მატჩი მოიგო და პორტუგალიას მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება.

კრიშტიანუ რონალდუმ პირველი სანაკრებო გოლი ევრო 2004ის გახსნის მატჩში შეაგდო, სადაც მისი გუნდი ევროპის მომავალ ჩემპიონ საბერძნეთთან 1:2 დამარცხდა.

მას შემდეგ მან 7ჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი, 2016 წელს ანდორას, ხოლო შარშან ლიეტუვის ნაკრებს კი 4 გოლი გაუტანა! დუბლი კიდევ უფრო მეტი აქვს – 15.

თუ ქვეყნების მიხედვით დავითვლით, რონალდუმ 41 ნაკრებს გაუტანა, უმეტესობა, ცხადია ევროპის გუნდებია, ყველაზე ძალიან კი მისგან ლიეტუველები და შვედები დაზარალდნენ – 7-7 გოლი მიიღეს.

რონალდუს სტატისტიკის სიდიადეს რომ ხაზი გავუსვათ, ამასაც გეტყვით: 101 გოლიდან სუპერფორვარდმა მხოლოდ 17 შეაგდო ამხანაგურებში, 84 კი ოფიციალურ ტურნირებზე მოდის!

და ბოლოს: კრიშტიანუმ ფიფას და უეფას ეგიდით გამართულ 10 ტურნირში ითამაშა და ყველგან გაიტანა, რაც მსოფლიო რეკორდია!

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 სექტემბერი)
ფოტო: 
uefa.com

ka_GEGeorgian