რონალდუს ეფექტი

კრიშტიანუ რონალდუს ეფექტი – ასე უწოდეს ექსპერტებმა 2018-19 წლების სეზონის შემდეგ დაჯამებულ მონაცემებს, რომელიც იუვენტუსის, როგორც ბრენდის ცნობადობის არნახულ ზრდაზე მიუთითებს.
იტალიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ერთი წლის წინ, ივნისში შეიძინა. საფეხბურთო საზომებით ვეტერანი თავდამსხმელის სანაცვლოდ რეალისთვის გადახდილი 100 მილიონი ევრო ბევრს გადაჭარბებული ეჩვენა, მაგრამ იმთავითვე ცხადი იყო, რომ პორტუგალიელი მხოლოდ გუნდის გაძლიერებისთვის არ გადაიბირეს – იუვეს მესვეურებს, ანიელის და კომპანიას, გაცილებით შორსმიმავალი ჩანაფიქრი ამოძრავებდათ. ერთი წლის თავზე მათი ნაბიჯის სისწორე რიცხვებით დადასტურდა.

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კონსალტინგურმა კომპანია დელიოტმა რონალდუს პირველი იტალიური სეზონი შეისწავლა და შთამბეჭდავი დასკვნა გააკეთა – მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ნანატრი ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, კომერციულ ასპარეზზე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ფეხბურთელში გადახდილი თანხა სანახევროდ უკვე ამოიღო.

დელოიტის ინფორმაციით, რონალდუს შეძენის შემდეგ იუვენტუსი ყველაზე პოპულარულ კლუბთა ხუთეულში დამკვიდრდა 423 მილიონი გულშემატკივრით. იუვენტუსი ამ მხრივ მეოთხეა და მხოლოდ რეალს, ბარსელონას და მანჩესტერ იუნაიტედს ჩამორჩება. რონალდუმდე იუვე ამ სიის ათეულს აგვირგვინებდა.

ძალიან გაიზარდა კლუბის პოპულარობა სოციალურ ქსელშიც, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე – 32,9 მილიონი გამომწერით იუვემ მანჩესტერ იუნაიტედი ჩამოიტოვა და ახლა მესამეა რეალის და ბარსელონის შემდეგ.

კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერიდან ერთი წლის თავზე გაყიდული მაისურების რაოდენობამ მილიონ 315 ათასი შეადგინა – არნახული რიცხვი იუვესთვის! თუმცა ამ მიმართულებით იტალიის ყველაზე პოპულარულ კლუბს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი – მეათეა და საგრძნობლად ჩამორჩება სიის ლიდერ მანჩესტერ იუნაიტედს (4 950 000).

თვალსაჩინო ზრდაა ლიცენზირებული პროდუქციის გაყიდვით მიღებულ თანხებშიც. თუ 2017-18 წლების სეზონში, რონალდუმდე, იუვემ 27,79 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, პორტუგალიელის სადებიუტო, 2018-19 წლების სეზონი გუნდმა 44.02 მილიონით დახურა.

„კრიშტიანუ რონალდუ ბრენდია და იუვენტუსმა ერთი წლის წინ სწორედ ბრენდი შეიძინა და არა მხოლოდ უმაღლესი დონის თავდამსხმელი. კომერციული თვალსაზრისით ორივემ მოიგო – პორტუგალიელი სხვა ასპარეზზე გავიდა, იუვენტუსმა კი ახალ სიმაღლეზე აინაცვლა“, – ნათქვამია დელოიტის დასკვნაში.

კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსს ოფიციალურად 2018 წლის 10 ივლისს შეუერთდა. კონტრაქტით გათვალისწინებული 4 სეზონიდან პირველი პორტუგალიელმა 43 მატჩში შეგდებული 28 გოლით, სკუდეტოთი და იტალიის სუპერთასით, ასევე სერია ა-ს ყველაზე სასარგებლო მოთამაშის ტიტულებით დაასრულა.

მიმდინარე სეზონში 34 წლის თავდამსხმელი კვლავ ჩინებულია – 8 მატჩში უკვე 4 გოლი მიითვალა.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 17 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian