რონალდუს ჰეთ-თრიქი და 5 ფაქტი

ევრო 2020-ის შესარჩევში პორტუგალიამ ლიეტუვა გაანადგურა, მაგრამ საგაისო ევროჩემპიონატზე თამაშის უფლება ჯერ ვერ დაიბევა. ფერნანდუ სანტუშის გუნდს ფინალურ ეტაპს ერთი გამარჯვება აშორებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ზეგ ლუქსემბურგში მიზანსაც მიაღწევს.

ბალტიისპირელებთან გუშინდელი მატჩი კი კრიშტიანუ რონალდუს ბენეფისად იქცა. სუპერფორვარდი ნაკრებს, ცოტა არ იყოს, გაგულისებული შეუერთდა. საქმე ისაა, რომ იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ რონალდუ ბოლო 2 შეხვედრაში შეცვალა, ამას კი თავდამსხმელი მიჩვეული არაა.

ლიეტუვასთან ჰეთ-თრიქის შემდეგ არაერთმა გამოცემამ დაწერა, რომ რონალდუმ საკადრისი პასუხი გასცა სარის და ყველას დაანახა, რომ პრობლემა ის კი არა, სარის არჩეული ტაქტიკაა.

მორიგი ჰეთ-თრიქის შემდეგ 5 საინტერესო ფაქტი კი ასეთია:

*-ლიეტუვის კარში გატანილი 3 გოლი რონალდუს მე-9 ჰეთ-თრიქია ნაკრების მაისურით. ის ამ შედეგით გუნდის რეკორდსმენია. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვასთან პირველ მატჩში, 10 სექტემბერს, ვილნიუსში, იუვენტუსის ფორვარდმა პოკერი შეასრულა.

*-9 სანაკრებო ჰეთ-თრიქიდან რონალდუმ მხოლოდ 2 გაიტანა 30 წლამდე, ბოლო 7 კი მას შემდეგ.

*-2019 წელს მან უკვე 13 გოლი გაიტანა ნაკრებში, რაც პირადი რეკორდის გამეორებაა. 2016 წელი მან ამდენივე ბურთით დაასრულა. 17 ნოემბერს პორტუგალია სტუმრად ეთამაშება ლუქსემბურგს და კრიშტიანუს ახალი რეკორდის დამყარების შანსი აქვს.

*-ეს მისი მე-3 სანაკრებო ჰეთ-თრიქია 2019 წელს: ლიეტუვის გარდა, უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში მან ასევე 3 გოლი გაუტანა შვეიცარიას. აქვე გეტყვით, რომ იუვენტუსის მაისურით მან წელს მხოლოდ ერთხელ შეასრულა ჰეთ-თრიქი – 12 მარტს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალში მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ.

*-მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში რონალდუ სანაკრებო ბომბარდირთა სიაში კიდევ უფრო მიუახლოვდა ირანელ ალი დაეის. აზიელმა კარიერა 109 გოლით დაასრულა, რაც ყველა დროის რეკორდია, მეორე ადგილზე მყოფი რონალდუს აქტივში კი 98 ზუსტი დარტყმაა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 15 ნოემბერი)

ka_GEGeorgian