რონის რეალი

თორმეტი წლის წინ, 2009 წლის 11 ივნისს, მანჩესტერ იუნაიტედიდან რეალში გადასულ კრიშტიანუ რონალდუს სანტიაგო ბერნაბეუზე 80 ათასი გულშემატკივარი შეეგება.
და ამით დიეგო არმანდო მარადონას ნეაპოლური წარდგენის რეკორდიც დაემხო – დიადი არგენტინელი ოცდახუთი წლით ადრე სან პაოლოზე 75 ათასმა ტიფოზიმ ჩაიხუტა.
ბევრი ტრანსფერი მახსოვს. არაერთით მსოფლიო რეკორდი დამყარდა, უმეტესობამ გაამართლა, ზოგმა – ვერ, მაგრამ არცერთი გარიგებით მოუგია კლუბს ისე, როგორც რეალმა იხეირა მანჩესტერ იუნაიტედიდან კრიშტიანუს ტრანსფერით. იხეირა კი არა, ათიანის ათიანში მოარტყა!

94 მილიონი ევრო – ეს თანხა გაიღო ფლორენტინო პერესმა სუპერფორვარდის სანაცვლოდ. და ეს იმ დროს მსოფლიო რეკორდი იყო.

მაგრამ მე დენილსონიც მახსოვს, 90ებში არნახულ თანხად რომ გადაბარგდა ბეტისში და… არ ღირს იმ ამბის მაგალითად მოშველიება. ბრაზილიელი სევილიაში, პირდაპირ ვიტყვი – ჩაფლავდა.

ამიტომაც, რონალდუს ტრანსფერი კი შთამბეჭდავი იყო, მაგრამ რისკსაც ძალიან დიდი ეთქმოდა. თუმცა ფლორენტინო პერესს ეგეთები თითქმის არასდროს შეშლია – პირველი გალაქტიკოს შესაქმნელად ლამის ნახევარი მილიარდი დახარჯა, მაგრამ უფრო მეტი მოიგო.

ლა ლიგაში დებიუტამდე კრიშტიანუ რონალდუმ ექვსი სეზონი დაჰყო პრემიერლიგაში და მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით სამასამდე მატჩი ჩაატარა.

რეალი მან ცხრა წლის თავზე, 33 წლისამ დატოვა 438 ოფიციალურ მატჩში გატანილი 450 გოლით.

ამაზე საერთოდ რა უნდა ვთქვა, არც ვიცი.

და ის თუ გახსოვთ რამდენი გადაიხადა მისმა ახალმა კლუბმა, იუვენტუსმა? ზუსტად 100 მილიონი ევრო! 100 მილიონი 33 წლის ფეხბურთელში!

რონალდუსთან ერთად რეალმა ყველაფერი მოიგო, თავად კი ათობით პრიზი ჩაიბარა ოქროს ბურთებით და ბუცებით დაწყებული ლამის ავტორიტეტთა რისხვით დასრულებული (ძველებს გემახსოვრებათ, საბჭოთა ჩემპიონატში იყო ასეთი ჯილდო).

და რაც ყველაზე გასაოცარია: სატრანსფერო ღირებულება შეინარჩუნა, წარმოუდგენლად რთული და არნახულად შთამბეჭდავი ცხრა სეზონის შემდეგ.

არცერთი კლუბი ყოფილა ერთ კაცზე დამოკიდებული ისე, როგორც რეალი პორტუგალიელზე.

2009-18 წლების რეალი ჩემთვის მხოლოდ რონალდუს რეალია.

ერთი, ძალიან დიდი, წარმოუდგენლად დიდი ვარსკვლავის კლუბი.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 11 ივნისი)

ka_GEGeorgian