საბერძნეთი 1:1 საქართველო

ფრე და 2 წაგება.
ასე დაიწყო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს საგაისო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.
ვილი სანიოლს ცუდი სტარტი გამოუვიდა, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ გუნდი მეტს იმსახურებდა. გნებავთ შვედეთში, თუნდაც თბილისში ესპანეთთან ან გუშინ საბერძნეთში.
არ გამოვიდა და ახლა ნაკრები ერთადერთი ქულის ამარაა.
სტატისტიკა კი უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი პირადად მე იმედით აღმავსებს, პირველ რიგში კი ხვიჩა კვარაცხელია. ჩემთვის ის ჩვენი ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავია!
მომდევნო შესარჩევი მატჩები საქართველოს ნაკრებს შემოდგომით ელის და იმედს ვიტოვებ, რომ იმ დროისთვის ვილი სანიოლი კიდევ უკეთ მოამზადებს გუნდს. გუშინდელი 1:1ის 5 ყველაზე საინტერესო ამბავი კი ასეთია:

1: 2 ფრე და 6 წაგება – ასეთია საქართველოს ეროვნული ნაკრების საერთო სტატისტიკა საბერძნეთის წინააღმდეგ.
ამ 8 თამაშიდან ერთი, პირველი პაექრობა, ამხანაგურია – 1996 წლის 8 მაისს ბერძნებმა იანინაში 2:1 გაიმარჯვეს.
მომდევნო 7 მატჩი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ეგიდით გაიმართა. საქართველო საბერძნეთს ევრო 2000ის და ევრო 2012ის საკვალიფიკაციო ტურნირებში, ასევე მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდა.
საინტერესოა, რომ ჯვაროსნებმა ფრედ კვლავ მეტოქის მოედანზე ითამაშეს. 2010 წლის 3 სექტემბერს, პირეოსში გამართული მატჩიც ასევე 1:1 დასრულდა.

2: საბერძნეთი ერთ-ერთია იმ 7 გუნდიდან, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მინიმუმ 5ჯერ გაეჯიბრა და ჯერ ერთხელაც ვერ აჯობა.
დანია: 2 ფრე, 3 წაგება
გერმანია: 5 წაგება
რუმინეთი: 2 ფრე, 5 წაგება
უკრაინა: 3 ფრე, 6 წაგება
იტალია: 1 ფრე, 7 წაგება
ირლანდია: 2 ფრე, 9 წაგება

3: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 252ე საერთაშორისო მატჩში 55ედ ითამაშა ფრედ. საინტერესოა, რომ ეს იყო 50ე ფრე ევროპული გუნდების წინააღმდეგ.

4: საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მე8 თამაში ვერ მოიგო – შარშან, 8 ოქტომბერს ბელარუსთან 1:0 გამარჯვების შემდეგ, ჯვაროსნებმა 4ჯერ ითამაშეს ფრედ და 4 თამაში წააგეს.
ამაზე ცუდი სერია ჩვენი გუნდის ისტორიაში 2008-09 წლებში დაფიქსირდა, როცა ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით ნაკრებმა ზედიზედ 15 მატჩში ვერ გაიმარჯვა – 4 ფრე და 11 წაგება. ეს ანტირეკორდია.

5: ალექსანდრე ჩივაძის, გოჩა ტყებუჩავას, იოჰან ბოსკამპის და ალენ ჟირესის შემდეგ ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მე5 მწვრთნელია, რომელმაც პირველი 3 თამაშიდან ერთიც ვერ მოიგო.
ანტირეკორდი ბოსკამპს ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა 5ჯერ ითამაშა და ერთხელაც ვერ გაიმარჯვა – ფრე და 4 წაგება.
გოჩა ტყებუჩავა მხოლოდ 3 მატჩში წვრთნიდა გუნდს, 2004 წელს კვიპროსის ტურნირზე და ყველა შეხვედრაში დამარცხდა.
რაც შეეხება ვილი სანიოლს, მან ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ეროვნულის ისტორიაში პირველმა ფრანგმა მწვრთნელმა ალენ ჟირესმა – საწყისი 2 თამაში წააგო და შემდეგ ფრედ ითამაშა.

2021 წლის 31 მარტი, თესალონიკი, ტუმბა. საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან მატჩის წინ. დგანან (მარცხნიდან): გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, ბუდუ ზივზივაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, გიორგი აბურჯანია. პირველ რიგში: საბა ლობჟანიძე, გურამ გიორბელიძე, ჯაბა კანკავა, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი

31 მარტი, 2021. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, შესარჩევი მატჩი, B ჯგუფი. საბერძნეთი, თესალონიკი, ტუმბა. უმაყურებლოდ
საბერძნეთი 1:1 საქართველო

გოლებ: 1:0 ოთარ კაკაბაძე (76, სკ), 1:1 ხვიჩა კვარაცხელია (78)
საბერძნეთი: ოდისეას ვლახოდიმოსი, კირიაკოს პაპადოპულოსი, გიორგოს ცაველასი, მიხალის ბაკაკისი (ჰარის მავრიასი 42), დიმიტრის გიანულისი, კოსტას ფორტუნისი, ზეკა, ანდრეას ბუხალაკისი (ემანუილ სიოპისი 87), ტასოს ბაკასეტასი (კაპ) (გიორგოს მასურასი 70), ხრისტოს ციოლისი (დიმიტრის ლიმნიოსი 46), ვანგელის პავლიდისი (გიორგოს გიაკუმაკისი 70)
მწვრთნელი: ჯონ ვან თ’სხიპი (ნიდერლანდები)
საქართველო: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე, ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია (ვაკო გვილია 74), ოთარ კიტეიშვილი (ნიკა კვეკვესკირი 84), ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე (გიორგი ქვილითაია 63), საბა ლობჟანიძე (ჯაბა ჯიღაური 84)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
გაფრთხილება: გიორგი აბურჯანია, კოსტას ფორტუნისი, ოთარ კიტეიშვილი, კირიაკოს პაპადოპულოსი, გიორგოს გიაკუმაკისი, ზეკა, ჯაბა კანკავა
მსაჯები: შიმონ მარცინიაკი; პაველ სოკოლნიცკი, მარცინ ბონეკი (პოლონეთი)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 1 აპრილი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian