საბერძნეთის ავტომუზეუმში

თეოდოროს ოარაგიონისი ყოფილი ავტომრბოლი, წარმატებული ბერძენი ბიზნესმენი, მანქანების მოყვარული და საბერძნეთის მოტომუზეუმის დამაარსებელია.

ავტომობილების შეგროვება მამამისმა დაიწყო, შემდეგ თვითონ გააგრძელა, 80-იანი წლების მიწურულიდან კი, როცა ავტოსპორტს საბოლოოდ ჩამოშორდა, მეტი ენთუზიაზმით მოეკიდა საქმეს და დღეს მშვენიერი კოლექციის პატრონია.

2011 წლის მარტში ათენის ცენტრში საბერძნეთის ავტომუზეუმი გაიხსნა. მუდმივმოქმედი გამოფენა ხუთსართულიან შენობაშია განთავსებული და სხვადასხვა ეპოქის 150-მდე ძალიან ლამაზ და დღეს უკვე იშვიათ ავტომობილს ითვლის.

კოლექციის ყველაზე ძვირფასი ნაწილი იმ კომპანიების მოდელებია, რომლებიც კარგა ხანია აღარ არსებობს: ფრანგული დელაჟი, იტალიური აისო, ბრიტანული სტანგელინი, ამერიკული ფრეიზერ ნეში, პეკერდი და მილერი, გერმანული ოფენჰაუზერი და ადლერი…

მათ გარდა გამოფენილია საქვეყნოდ ცნობილი ფერარის, ლამბორგინის, მაზერატის, პორშეს, მერსედეს-ბენცის, ბენტლის, როლს-როისის, ბუგატის, ასტონ მარტინის და სხვა ცნობილი ავტოკონცერნების პოპულარული მოდელები. გამორჩეული კუთხე ეთმობა საბერძნეთში წარმოებულ ავტოებს.

მანქანები თემატურადაა განთავსებული: საწყის სართულზე XX საუკუნის დასაწყისის მოდელებია, მომდევნოზე – 20-40-იანი წლების, შემდეგ 60-70-იანები…

2013 და 2014 წლებში მოტომუზეუმმა ორ თემატურ გამოფენას უმასპინძლა: ჯერ ბრიტანული ასტონ მარტინის საუკუნოვანი იუბილე აღინიშნა, შემდეგ კი იტალიური მაზერატის 100 წლის იუბილე. მუზეუმში სხვადასხვა პერიოდის 4 ასტონ მარტინი და ამავე ავტოკონცერნის კუთვნილი ლაგონდას 2 მოდელია დაცული, მაზერატი კი 6 იშვიათი ავტომობილითაა წარმოდგენილი.

მუზეუმს ხშირად სტუმრობენ საშუალო სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. ბავშვებისთვის ბილეთი უფასოა,

სტუდენტებისთვის, პენსიონრებისთვის და უნარშეზღუდულთათვის – 3 ევრო, სტანდარტულის ფასი კი 7 ევროა. სუვენირებზე არაფერს ვიტყვი, არჩევანი დიდია.

საბერძნეთის მოტომუზეუმი მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის – FIA – ოფიციალური წევრია და ამავდროულად, FIA-ს რჩეულ მუზეუმთა ჩამონათვალშია შეტანილი.

მოკლედ, თუ ათენში მოხვდებით, შეისეირნეთ. გიყვართ თუ არა ავტომობილები, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ვარიანტში ისიამოვნებთ.

საუკეთესო სურვილებით 😉

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ათენი, საბერძნეთი; 2016 წლის 8 ნოემბერი

ka_GEGeorgian