საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა ნოტრ დამის აღსადგენად
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი – IOC – მზად არის სანახევროდ დამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 500 ათასი ევრო გამოყოს.
„პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის (2024) ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ოლიმპიური მოძრაობა და IOC შეძრულია ხანძრით და მისი შედეგებით“, – ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის მიერ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ტონი ესტანჟისადმი გაგზავნილ წერილში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ნოტრ დამი 5 წელიწადში აღდგება.
აღსანიშნავია, რომ ტაძრის რესტავრაციისთვის საჭირო ხარჯები საკუთარ თავზე აიღო არაერთმა კერძო პირმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ და კომპანიამ.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 22 აპრილი)