საფრანგეთი 7:1 უკრაინა: ჟირუ, გრიზმანი და ანტირეკორდი
7 ოქტომბერს სანაკრებო დღეები ამხანაგური მატჩებით დაიწყო: სლოვენიამ 4:0 დაიბრიყვა სან მარინო, პოლონეთმა 5:1 გაანადგურა ფინეთი, რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა იტალიამ პირველივე ტაიმში მოუთავა ხელი მოლდოვას – 5:0, საბოლოოდ კი 6:0, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ანგარიშით საფრანგეთმა გაიმარჯვა – 7:1 უკრაინასთან!
მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგური იყო, მასპინძელთა ასეთ უპირატესობას არავინ ელოდა.
ეს მეტოქეთა მე10 დაპირისპირება იყო და პირველი 2013 წლის შემდეგ. ფრანგებმა ისტორიაში მეექვსედ გაიმარჯვეს, დიდი ანგარიშით კი მესამედ.
გუშინდელ მატჩში არაერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, 7 ყველაზე გამორჩეული კი ასეთია:
1: საფრანგეთის ნაკრებმა 7 გოლი 6წლიანი შესვენების შემდეგ გაიტანა – 2014 8 ივნისს ფრანგებმა ამხანაგურ შეხვედრაში იამაიკა 8:0 დაამარცხეს.
2: ფრანგებმა I ტაიმში 4 გოლი უკრაინამდე ისლანდიას გაუტანეს ევროპის 2016 წლის 1/4ფინალში, 1 ივლისს. ის თამაში დიდიე დეშამის გუნდმა 5:2 მოიგო.
3: უკრაინის ნაკრების ისტორიაში გუშინდელი 1:7 ყველაზე მწარე მარცხია.
ძველი ანტირეკორდი 0:4 იყო. ამ ანგარიშით უკრაინელები 4ჯერ დამარცხდნენ, მათ შორის ბოლოს სექტემბერში, ესპანეთთან ერთა ლიგის მატჩში.
4: პირველი გოლის ავტორი, 17 წლის და 11 თვის ედუარდო კამავინგა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა.
მასზე პატარა მხოლოდ მორის გასტიჟერი იყო, ვინც 1914 წლის მარტში შვეიცარიას 17 წლისამ და 5 თვისამ გაუტანა.
5: უკრაინელთა წინააღმდეგ ოლივიე ჟირუმ მეასედ ითამაშა ნაკრებში და გახდა მე8, ვინც ამ ნიშნულს უწია. გუშინ ის კაპიტანი გახლდათ.
ჟირუზე მეტჯერ ქვეყნის პირველ გუნდში მხოლოდ ლილიან ტურამს (142), ტიერი ანრის (123), მარსელ დესაის (116), უგო ლორისს (116), ზინედინ ზიდანს (108), პატრიკ ვიეირას (107) და დიდიე დეშამს (103) უთამაშიათ.
6: ჟირუმ 41ე და 42ე გოლები გაიტანა ნაკრებში და ახლა ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია!
ლონდონის ჩელსის ფორვარდმა მიშელ პლატინის (41 გოლი) გადაასწრო და მხოლოდ ტიერი ანრის (51) ჩამორჩება.
7: ანტუან გრიზმანმა ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით 32ე გოლი გაიტანა და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირდა ხუთეულში შევიდა.
გრიზმანმა ზინედინ ზიდანს გადაასწრო.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 8 ოქტომბერი)
ფოტო: UEFA.com