საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური თასი მოიგო
ტურნირი მინი-ფეხბურთში „დიპლომატიური თასი 2014“ თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდი GALAXY 2:0 დაამარცხა. III ადგილისთვის შეხვედრაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდმა 7:2 დაამარცხა შვედეთის საელჩო.
გათამაშებაში სამთავრობო უწყებების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ხსენებული 4 გუნდის გარდა მთავარი პრიზისთვის ითამაშეს: თავდაცვის სამინისტრომ; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ – HQ და FOM; გერმანიის ფედერაციის საელჩომ; ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ – Persian Gulf; იტალიის საელჩომ – ITALIA; ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ – De Zeven Provincien; შვედეთის სამეფოს საელჩომ; პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ; თურქეთის რესპუბლიკის საელჩომ; უკრაინის საელჩომ; ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩომ; ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ – US Stars Team და US Stripes Team.
ჯგუფური ტურნირის შემდეგ 1/2 ფინალები გაიმართა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდების პაექრობა ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მომავალმა ჩემპიონებმა იმარჯვეს. GALAXY-მ შვედებს სძლია.
ჯგუფურ ტურნირში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გუნდი US Stars Team 5:1 დაამარცხა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნაკრებს – FOM – 2:0 სძლია, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს გუნდი Persian Gulf-ს კი 4:0 მოუგო.
ორგანიზატორებმა ტურნირის გამორჩეულ მოთამაშეებს ინდივიდუალური პრიზებიც გადასცეს. „დიპლომატიური თასი 2014“-ის საუკეთესო ბომბარდირი 11 გოლით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდის თავდამსხმელი მიხეილ სოსელია გახდა, ტურნირის ყველაზე თავგანწირული მოთამაშის პრიზით კი მინისტრი ლევან ყიფიანი დაჯილდოვდა.
შეჯიბრება საგარეო საქმეთა სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. ტურნირი ტრადიციული იქნება და თასი გაისადაც გათამაშდება.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 11 მარტი)