საინსის მეოთხე ტრიუმფი

ამასობაში წლის პირველი ავტორალი დასრულდა: დაკარი 2024-ის მონაწილეებმა 7891 კილომეტრზე გაშლილი რბოლა 5 იანვარს დაიწყეს და გუშინ დაასრულეს. ეს ურთულესი, თორმეტ ეტაპიანი შეჯიბრება ისტორიაში 46-ედ, საუდის არაბეთში კი ზედიზედ მეხუთედ გაიმართა.

დაკარი 2024-ის დაახლოებით ხუთასამდე მონაწილემ რვა კლასში იასპარეზა, ყველაზე საინტერესო კი, როგორც ყოველთვის, ავტომობილების პაექრობა იყო. ჩემპიონობა მსოფლიო რალის ლეგენდამ, 61 წლის(!) ესპანელმა კარლოს საინსმა იზეიმა. კლასიკურ რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ისე გახდა წლევანდელი დაკარის გამარჯვებული, რომ თორმეტი ეტაპიდან ერთის მოგებაც ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ის ყოველ დღეს სტაბილური იყო და ამიტომ გაიმარჯვა. ეს მისი მეოთხე ტრიუმფია დაკარზე და თან, მეოთხე გუნდში. 2010-ში ვოლკსვაგენით გახდა პირველი, 2018-ში პეჟოსთან ერთად, 2020-ში მინი კუპერის საჭესთან, ახლა კი აუდით.

საინსი მეექვსე ეტაპის შემდეგ დაწინაურდა და პირველობა აღარც დათმო. უახლოესი მდევარი, ავტოსპორტის კიდევ ერთი ლეგენდა, კლასიკურ რალიში მსოფლიო ჩემპიონატების ზედიზედ ცხრაგზის გამარჯვებული სებასტიან ლოები (პროდრაივი) მეათე ეტაპის შემდეგ ესპანელს მხოლოდ ცამეტი წუთით ჩამორჩებოდა. მაგრამ ბოლოსწინა ეტაპზე ფრანგს ძალიან არ გაუმართლა, ძრავის ის ნაწილი გაუფუჭდა, რომლის შეცვლას საათზე მეტი მოანდომა და საინსის ჩემპიონობაც, არაოფიციალურად, სწორედ ამის შემდეგ გაირკვა. არადა, ლოებმა ხუთი ეტაპი მოიგო.

საბოლოო ჯამში ის მესამე ადგილზე გავიდა. მისი ავარიით ტოიოტას გუნდის წევრმა, ბელგიელმა გიიომ დე მევუმაც ისარგებლა, ვინც საინსს საათით და ოცი წუთით ჩამორჩა. ლოები ისტორიაში მეხუთედ დადგა დაკარის პოდიუმზე: 2017, 2022 და 2023 წლებში მეორე იყო, 2019 წელს კი, წლევანდელივით, მესამეზე გავიდა.

სამწუხაროდ, ვერც ამ დაკარმა ჩაიარა მსხვერპლის გარეშე. ესპანელი მოტომრბოლი კარლოს ფალკონი მეორე ეტაპზე დაიმტვრა, შემდეგ ხელოვნურ კომაში მოათავსეს, მაგრამ 15 იანვარს გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. ის 45 წლის იყო.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 20 იანვარი
ფოტო:
Red Bull

ka_GEGeorgian