სამხრეთი აფრიკა 2010: იგუაინი, ბებერი ბლანკო და… 2100

…სამხრეთი აფრიკა გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მასპინძელი, რომელიც ჯგუფიდან ვერ გავიდა.

…არგენტინის ნაკრები საბერძნეთთან სათამაშოდ ლეო მესიმ გაიყვანა. ის არგენტინელთა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

…კორეელთა კარში 3 გოლის გამტანი გონსალო იგუანი მხოლოდ და მხოლოდ მესამეა არგენტინის ნაკრების ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. მანამდე იგივე გილერმო სტაბილემ (1930) და გაბრიელ ბატისტუტამ (1994, 1998) შეძლეს. ბატისტუტა ერთადერთია ტურნირის ისტორიაში, რომელმაც 2 ჩემპიონატზე შეასრულა ჰეთ-თრიქი! საინტერესოა, რომ 1994 და 1998 წლებში მან 3 გოლი 21 ივნისს გამართულ მატჩებში გაიტანა.

…ინგლისის ნაკრებმა 1/8-ფინალის საგზური 23 ივნისს, სლოვენიასთან 1:0 მოგებით მოიპოვა. ზუსტად 36 წლის წინ, 1974 წლის 23 ივნისს, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ მსოფლიო ჩემპიონატზე თავის ერთადერთი გოლი გაიტანა – პოლონეთთან 1:2 წაგებულ მატჩში.

…ინგლისის ნაკრებმა ალჟირთან ფრედ 0:0 დასრულებული მატჩით ტურნირის ისტორიაში არცთუ სასიამოვნო რეკორდი დაამყარა – ყველაზე მეტჯერ, მეათედ ითამაშა უგოლო ფრე.

…საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-10 შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს და ლეგენდარული მიშელ იდალგოს რეკორდი გააუმჯობესა. ამ უკანასკნელმა 1978 და 1982 წლებში 9 მატჩში მიითვალა.

…მექსიკელმა ხავიერ ჩიჩარიტო ერნანდესმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საიუბილეო, 2 100-ე გოლი გაიტანა! ეს II ტურში, საფრანგეთის ნაკრებთან 2:0 მოგებულ მატჩში მოხდა.

…მექსიკელი კვატემოკ ბლანკო ერთადერთია ნაკრების ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს 3 ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი. ამავდროულად, 37 წლის და 151 დღისა, ის მე-3 უხუცესია ტურნირის ისტორიაში, რომელმაც გოლი გაიტანა.

…შვეიცარიის ნაკრებმა ჩილესთან 0:1 წაგებულ მატჩში მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა: ფინალურ ეტაპზე 558 წუთის მანძილზე არ გაუშვა გოლი! მანამდე რეკორდი იტალიას ეკუთვნოდა 550 წუთით.

…ჩილესთან 0:1 წაგებულ მატჩში ვალონ ბეჰრამი გააძევეს. ის შვეიცარიის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე წითელი ბარათი მიიღო.

…ჰონდურასის ნაკრები გახდა პირველი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომლის მაისურით სამმა ძმამ ითამაშა. ტრავმირებული ხულიო სესარ დე ლეონის ნაცვლად ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მესამე პალასიოსს, ჯერის უხმო. 28 წლის ჯერი პალასიოსის უმცროსი ძმები, 25 წლის უილსონი და 23 წლის ჯონი თავიდანვე იყვნენ გუნდის განაცხადში.

…აშშ-სლოვენიის ფრედ 2:2 დასრულებულ მატჩში ამერიკელთა მეორე გოლი, 87-ე წუთზე მაიკლ ბრედლიმ შეაგდო. მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად გაიტანა გოლი ფეხბურთელმა, რომლის მამაც (ბობო ბრედლი) ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

…გერმანიის ნაკრები II ტურში სერბეთთან 0:1 დამარცხდა. ეს ბუნდესგუნდისთვის პირველი წაგებაა ჯგუფურ ტურნირში 1986 წლის 13 ივნისის შემდეგ. მაშინ გერმანიას დანიამ 2:0 სძლია.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 28 ივნისი-4 ივლისი)

ka_GEGeorgian